Monthly Archives: მარტი 2011

მე- ხედვა გარედან

სტანდარტული

  
მითვლემილს უეცრად გაფხიზლებს ჩოჩქოლი. თვალი მაშინვე მინიტორისკენ გაგირბის და ხვდები, რომ ეს-ესაა სიკვდილმა ჩამოიხედა დედამიწაზე და აქ მოვიდა, პირდაპირ შენს წინ. სწრაფად დგები და ექრთნის დავალებას არც ელოდები, ისე გარბიხარ ექიმების საორდინატოროსკენ.
     როგორც ყოველთვის, ბოლომდე მისვლას ვერ ასწრებ, რადგანაც მას არასდროს სძინავს ღრმად. შუა დერეფანში შეეჩეხები და აჩქარებით ეუბნები: “…ძეს ასისტოლია აქვს. CPR-ი დავიწყეთ.” ექიმი ხმას არ იღებს. შედის თუ არა დარბაზში, ყველას თვალი მისკენ მიიქცევა.
     -“ადრენალინი ცენტრალურში, დეფი მოამზადეთ, ტემპი არ დააგდოთ!” მისი გონება ამ დროს სრულიად ნათელი და საღია. სიციცხლის დამცველი სიკვდილთან ბრძოლაში ებმევა.
      -“შეეცვალე!”- წააწყდები მის მზერას და საწოლისკენ ინაცვლებ. ახლა შენი დროა შავ აჩრდილს აღუდგე წინ. ის კი ალბათ ამ დროს სადღაც იქვეა და ჩუმად იცინის, შეიძლება დასასრულს წინასწარ ხედავს. მასავით წინასწარ ხედავს ექიმიც.
     “დინამიკაში დამძიმდა, ბოლო საათებია ტემპერატურამ აუწია 37დან 39მდე, დამწევმა არ იმოქმედა. თანაც ასაკი, თანაც ასეთი დიაგნოზი…” მაგრამ მან უნდა განაგრძოს.
       “ერთი, ორი, სამი, ოთხი”… ითვლი ისე, რომ შენი ბუტბუტი ყველას ესმის. იდაყვში გაშლილი ხელებით მთელი ძალით აწვები, თვალებით მონიტორს უყურებ. “ნორმალური სიღრმეა, კარგად მიყვები”
       -“ოცდაცხრა, ოცდაათი. ჩაასუნთქე!”
        “რითმი?”
       – “ასისტოლია!”.
        -“ვაგრძელებთ! 3 წუთი გავიდა?”- კითხულობს ექიმი
        ექრთანი თავს უქნევს და დოზას კათეტერში უშვებს…
        ისევ დაწოლა, ისევ მონიტორი, ისევ რაღაცის იმედი…
        ასეთ დროს არაფერზე ფიქრობ. პაციენტი შენთვის ადამიანი აღარ არის. ის უბრალოდ მულაჟია. ისეთივე როგორზეც პრაქტიკა გაიარე, ოღონდ უფრო დახვეწილი, შეიძლება ითქვას სრულყოფილიც.
        დახედავ მის სახეს და გიკვირს: “რა ჯანდაბა მჭირს? ადამიანუობის აღარაფერი შემრჩა?”
        მხრებში წვას გრძნობ, იდაყვები გტკივდება, მონიტორზეც ზეწოლების სიღრმემ იკლო.
       “შემეცვალე!”- ამბობ უმისამართოთ.
       ზურგს უკან სუნთქვას იგრძნობ და გვერდზე დგები.
       “ერთი, ორი, სამი, ოთხი”… ახლა სხვა იწყებს ბურდღუნს.
        “რითმი მაჩვენეთ!”- ისმის ექიმის ბრძანება.
         ყველა ჩერდება და მონიტორს აცქერდება.
         “ფიბრილაცია”- წამოსცდება ახლად მოსულ პრაქტიკანტს.
          “საწოლს მოშორდით! წაუსვი! ვმუხტავ!”
          ყრუ ხმა გესმის და პაციენტის გულ-მკერდი ოდნავ მაღლა იწევა.
          “ვაგრძელებთ!”
           თითებს აჯვარედინებ და ისევ იწყებ.
           “ერთი, ორი, სამი, ოთხი”… ისევ ასისტოლია….
            “დრო?”-საათს დახედავს ექიმი
            “20 წუთი!”-მოისმის პასუხად
            “აზრი არ აქვს! გაჩერდი!”
            შეშდები და უკან იხევ. ხვდები რომ წააგე…
            “გარდაცვალების დრო 03:53. ისტორიაში შეიტანეთ.  პატრონების ნომერი ვის აქვს? მომეცი!”- ტელეფონს იღებს და კლავიატურას აწკაპუნებს. შემდეგ საორდინატოროში გადის.
           “მოგეხმარო?”
           “იყოს, გოგები აქ არიან.”
            ვერაფერს ვერ გრძნობ, არაფერზე არ ფიქრობ. თავისუფალ სკამზე ჯდები….
           15-20 წუთში თვალებაწითლებული ქალი შემოდის, გვერდით გაფითრებული კაცი მოჰყება. ქალი საწოლისკენ მიდის, კაცი კი ექიმს ესაუბრება. ხმა არ გესმის, მაგრამ ხვდები ექიმის სიტყვებს. ხმა რა საჭიროა? ყველაფერი მის სახეზევე იკითხება. მამაკაცი თავს ხრის, ექიმი მხარზე ადებს ხელს…
          ქალი საწოლთან მოთქვამს, რაღაცას ლუღლუღებს. ქვითიში არჩევ სიტყვებს: “ვერ მოგისწარი დედა…”
          კიდევ არაფერს გრძნობ. თითქოს აქ ხარ და თან სხვაგან დაფრინავ. გიკვირს, ასეთი როგორ გახდი, რომ არაფერზე არ გიტოკდება ნერვები. საკუთარ გულისცემას უსმენ. საოცრად მშვიდი და წყნარია. და გიხარია, რომ ფეთქავს, რომ არ იღლება.
          ქალი კი ისევ ტირის…
          “თუ არ გჭირდები გავალ!”- ყურში უჩურჩულებ ექრთანს, რომელიც მოკუმული პირით და წყლიანი თვალებით უყურებს სურათს.
          სუფთა ჰაერზე გამოდიხარ, ღრმად ისუნთქავ. კოლოფიდან სიგარეტს იღებ. გრძნობ როგორ ჩავიდა ბოლი ფილტვებში. “2 საათია არ მომიწევია”- გაიფიქრებ და უფრო ვნებიანად მოქაჩავ. “კურილკაში” მდგომ უსახურ სკამზე წამოწვები და გაიფიქრებ: “რამ შემცვალა? თუ თავიდანვე ასეთი ვიყავი?”
         ნიკოტინი ამ აზრებსა გაგიფანტავს. იღებ ტელეფონს, ყურსასმენს ირგებ, თვალებს ხუჭავ და უსმენ: Let it be, Let it be..
         ნელნელა იძირები მელოდიაში…

ხელოვნება, რომელიც გცვლის. ლიტერატურა.

სტანდარტული

   პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო. დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისკენ, ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.
   შიოდა.
   ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა; უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.
   შიოდა.
   რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.
   ახლა შუა ველზე მიკუნტრუშებდა.
   შიოდა.
   უცებ იგრძნო რაღაც.
   ტკივილი?-არა.
   რაღაც და გათავდა.
   ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:
   -მამა, ფეხები მომეყინა,-თქვა ბიჭმა.
   -ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით,- დაამშვიდა მამამ.
                                                                                                                           1957 წ.
 

  მეოთხე კლასში ვიქნებოდი, დაახლოებით, ეს მოთხრობა რომ წავიკითხე. იმდენად რეალური და იმდენად შემაძრწუნებელი მეჩვენა, რომ მაშინვე დავიფიცე:  “არასდროს არაფერზე ვინადირებთქო”
    ფიცი სამიოდ წელიწადში გადამავიწყდა. მეგობრებმა “კისტის თოფი” ვითხოვეთ მეზობლისგან და შემოდგომაზე გვიანობამდე შემორჩენილ ფრინველებს დავერიეთ. აზარტი (უფრო მეტად კი თავის გამოჩენის სურვილი) იმდენად დიდი იყო, რომ ეს მოთხრობა არც კი გამხსენებია.
     ახლაც მახსოვს ის წუთები… ვენახის გაჭიმულ მავთულზე ჩიტს მოვკარი თვალი. ღობესთა ზურგით იჯდა და იბუზებოდა. გამოცდილი მონადირეებივით მივეპარეთ უკნიდან. დავუმიზნე და სუნთქვა შევიკავე… ჩიტი ადგილიდან არ გარყეულა. ის-ის იყო, რომ ყველამ დაცინვა დამიპირა, ერთიანად მოწყდა მავთულიდან და მიწას დაენარცხა…
     ახლაც ყურებში მიდგას ის ყიჟინა, რაც ჩვენ იქ ავტეხეთ. ვინმე იფიქრებდა, ლომი მოინადირეს ბიჭებმაო. მაშინვე გადავძვერით ღობეზე და ჩიტს ვეცით. წამოვწიე თუ არა, თავი გვერდზე გადაუვარდა. ფართოდ გახელილი თვალები უაზროდ გაშტერებოდა, ნახევრად ღია პირიდან კი ლალივით წითელი სისხლი მოსდიოდა…  ასე მეგონა ჩემი გულისცემა ყველას ესმოდა ირგვლივ… ჩიტი ლუკმადაც არ ღირდა, ამიტომ იქვე დავტოვეთ. ჩემმა “გამარჯვებამ” საცოდავ არსებაზე სხვებს სტიმული მისცა და იმ დღეს მთელი უბანი ავიკლეთ. ზოგმა 4 მიითვალა, ზოგმა 5, ზოგმა მხოლოდ 2. სახლში წასვლას ვაპირებდი, როცა მსხლის ხეზე შეყუჟულ შაშვს მოვკარი თვალი. ისე იჯდა, მხოლოდ გულისპირი და თავი უჩანდა. თითქოს ქურდულად თვალს გვადევნებდა…
     რახანაც პირველმა მე დავინახე, სროლის უფლებაც მე მქონდა. თანაც ხომ იცით, ერთხელ თუ ააცილე, მეორედ სროლას აზრი აღარ აქვს. შაშვი მაშინვე გაფრინდება. პრინციპში, “კისტით” შაშვს მხოლოდ მაშინ ესვრიან, თუ მის მოკვლაში დარწმუნებულნი არიან. “კისტის ტყვიით” დაჭრილ შაშვს ფრენა კიდევ შეუძლია და რა აზრი აქვს? სადღაც მოკვდება, მაგრამ შენ არ შეგრჩება.
     რომ გითხრათ ისეთი ჩუბინი ვარ ტყვიას ტყვიაში ვაჯენთქო, ტყუილი გამომივა. მაგრამ, იმდენად მომინდა თავის გამოჩენა მეგობრების წინაშე, რომ წარმოვიდგინე როგორ იტყოდნენ “სნაიპერი ხარ რა შე ჩემა!”, სროლა გადავწყვიტე.
     საკმაოდ შორი მანძილი იყო, ტყვიას ძალა ეყოფოდა თუ არა არავინ იცოდა, მაგრამ ამპარტავნება ადამიანს ყველაფერს შეაძლებინებს.
     დამიზნება… სუნთქვის შეკავება… და მეგობრების შეძახილები…
     ოოო, რა საოცრად გავიმართე მხრებში, როცა ხიდან ისარივით ჩამოვარდნილ შაშვს ვუყურებდი. ალბათ ასეთი სახე მქონდა: “ნუ, ახლა, ეს ხომ თავისთავად ასე უნდა ყოფილიყო, როცა მე ვისვრი!”
    სახლში მიტანა ვერ გავბედე, ვიფიქრე წამეჩხუბებიანთქო. მეგობარს ვაჩუქე ნანადირევი.
შინ დაბრუნებულს გული დამიმძიმდა, ცუდად გავხდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეულში რაღაც დაცოცავდა და გულს მილიკავდა. მაშინვე წიგნებს მივაშურე. ეს ერთართი სამყაროა, სადაც პასუხებს ვეძებ და სადაც სრულიად თავისუფალი ვარ. ბედის ირონია არაა?! გურამ რცეულიშვილის მოთხრობები მომხვდა ხელში. სარჩევს დავუწყე თვალიერება და გაუცნობიერებლად დათუნას კითხვა დავიწყე.
    მას შემდეგ ნადირობა შემძულდა…

ერთხელ სანაპიროსთან

სტანდარტული

    სანაპიროზე იწვა და აქაფებულ ზღვას გასცქეროდა. წვრილად ცრიდა და პლიაჟზე თითქმის მარტო იყო. სხვაგვარად არ შეეძლო. სანატორიუმში ვერ მოისვენა და ჩვეულ ადგილს მიაშურა. ეს უძირო სივრცე ასაზრდოებდა. ბევრჯერ შეჭიდებია აზვირთებულ ტალღებს და ნაპირზე გამარჯვებული გამოსულა. მაგრამ ახლა სულ სხვა იყო. წინაღამის ნამთვრალევს ძალა აღარ შერჩენოდა. იდაყვს დაყრდნობილი გაშხლართულიყო და არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ ენერგიას იღებდა აღელვებული ტალღებისგან.
     თითქმის მითვლემილი კივილმა გამოაფხიზლა. ჯებირებთან ახლოს რუსის გოგო სიმწრით იქნევდა ხელებს.
    “ალბათ ძარღვი გაენასკვა! ახლა წყალში შესვლა იქნებოდა”?- გაიფიქრა და ტანსაცმლიანად გადაევლო პირველ ტალღას. როგორც ყოველთვის, ახლაც მძიმე ფეხსაცმელი ეცვა, მაგრამ რკინასავით სხეული ვერაფერს გრძნობდა. ენერგიულად მოუსვა  ხელები წყალს და წინ გაიჭრა. პირველად არ მიდიოდა სიცოცხლის გადასარჩენად. სიკვდილთან ბრძოლა ცხოვრების სტლილად ექცა. რამდენჯერ ჩახედა უძირო თვალებში და მაინც გადარჩა. არაფერზე არ ფიქრობდა, მხოლოდ გოგონას მოქანავე ხელებს აკვირდებოდა.
    “მთავარია მივუსწრო, არ უნდა ჩაიძიროს, მთავარია მივუსწრო!”- იმეორებდა გუნებაში.
     ამასობაში ჯებირთან ხალხიც მოგროვდა.
    -“არიქა, უშველე! Давай, давай!”- ესმოდა ხმები.
    – “ძალიან ძლიერი ღელვაა, ვერ გამოაღწევს!”-ეუბნებოდა მოხუცი ქალი ძველ მეზღვაურს.
     -“კარგად ვიცნობ! მოახერხებს! ძლიერია და ახალგაზრდა!” დაჯერებით იმეორებდა მოხუცი მეთევზე
     გოგოს უკვე ბოლო ძალები გამოლეოდა, უხილავი ძალა ფსკერისკენ ექაჩებოდა. სუნთქვა დაუმძიმდა, თვალზე ლიბრი გადაეკრა, მხოლოდ მისკენ გამოწვდილ ხელს მოჰკრა თვალი და ქანცგაწყვეტილმა გონება დაკარგა.
    ძლიერად წაავლო ხელი გოგონა სიფრიფანა მკლავს ვაჟმა. თავისკენ მოიზიდა და გულზე მიიკრა. თავი უკან გადაუწია, ჭორფლიან სახეზე ჩამოშლილი ქერა თმა მარცხენა ხელის წრიული მოძრაობით გვერდზე გადასწია. ყური ცხვირზე დაადო. ასე არასდროს სიამოვნებია ქალის ნაზი სუნთქვა ლოყაზე…
     -“ცოცხალია!” გასძახა ჯებირზე მგომებს. თუმცა ხმა ვერ მიაწვდინა. სამაშველო ვერტმფრენის ხმამ დაახშო მისი ყვირილი.
     თოკის კიბით მაშველი დაეშვა წყალში.
      “ცოცხალია! ცოცხალია!”- იმეორებდა ვაჟი.
      “რა ეგონა წყალში რო შემოდიოდა?”- ღვარძლიანად ჩაილაპარაკა მაშველმა.
      “ორივეს ვერ აგწევთ, თოკი ვერ გაუძლებს. ცოტა მოცდა მოგიწევს. ხო გაუძლებ?”-ჩაიდუდღუნა აფხაზმა.
      ვაჟმა კანკალალით დაუქნია თავი. მაშველმა ცერი მაღლა შემართა. ვერტმფრენმა ათიოდ მეტრით აიწია და ნაპირისკენ გაქანდა.
    -“აქეთ, აქეთ!”- ყვიროდნენ ჯებირიდან. “ცოტა მოიწიე და ჩვენ ამოგიყვანთ!”
     ვაჟს გაეღიმა, ადგილიდან არ დაძრულა. გაყინულ წყალში განაგრძობდა ხელების მოსმას.
     მკლავებში ტკივილი იგრძნო, თითები მოეკრუნჩხა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.
     -“ვერ მაჯობებ, მაინც ვერ მაჯობებ!”- იმეორებდა გულში.
      ვერტმფრენის დანახვამ ბოლო ძალაც წაართვა.
     -“უნდა დავანებო თამბაქოს თავი, რა დღეში ჩამაგდო!”- გაეღიმე გუნებაში.
     თოკის კიბე ზუსტად მის წინ დაეშვა. მოეჭიდა, ერთიორად დამძიმებული ტანი ძლივს აიწია.
      “ცოტა მაღლა უნდა ავიდე, თორემ კუნთი თუ გამიშეშდა და გადმოვარდი, ბიჭებს დავაღალატებ. აკი მითხრა ვაჟამ, უშენოდ მთაში ლაშქრობას რა გემო აქვსო”
       ლაშქრობამ არხოტი და ყალყზე შემდგარი ცხენები გაახსენა. ო, როგორ მოუნდა ახლა სალამურას ოფლიან ყელს რომ მოფერებოდა. დამძიმებული ფეხი თოკის შემდეგ საფეხურს დაადგა და მთელი ტანით აიწია…
                                                  მაშველი დ. აჩბას პატაკიდან.
      სამაშველო ოპერაციის შესრულებისას მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. სამაშველო თოკი გაწყდა და დაზარალებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვითხოვ დამატებით ძალებს ცენტრიდან გვამის მოძებვნისათვის.
23 აგვისტო. ქ. გაგრა.
1960 წ.

ამ შფოთიან დღეს დაკარგა საქართველომ 26 წლის გურამ რჩეულიშვილი

პროლოგი(ვით)

სტანდარტული

მოგესალმებით ეკრანს მაცქირალო Friend-ებო. თქვენს უმრავლესობას ახლა Facebook-ი ჩახურული აქვს და ბევრი გულის სიღრმეში ფიქრობს: “რა ჯანდაბად ვკითხულობ ამ ბოდვას, სჯობს ჩემი Wall-ი შევამოწმო, ეგებ რამე სიახლე დაიდოო” ნუ მოგერიდებათ, შეამოწმეთ, ჩემი წერილი არსად გაგექცევათ.
უკვე მოიცალეთ? ძალიან კარგი.
ხანდახან დგება მომენტები, როცა გინდა საკუთარი ფიქრები, ემოციები სხვებს გაუზიარო. სწორედ ამიტომაც შეიქმნა სოციალური ქსელი. (ცუკერბერგი კი გამდიდრდა ჩვენნაირების ხარჯზე:) ვფიქრობ ბევრი დამიგროვდა სათქმელი და ამიტომაც ვაკეთებ ბლოგს. მე არ მოგახვევთ თავს ჩემ წარმოდგენებს, არ ჩავერთვები თქვენთან პოლიტიკურ პოლემიკაში, არ გიპასუხებთ კითხვაზე: “სტალონე მოერევა, თუ შვარცნეგერი?” მაგრამ დიდი სიამოვნებით ვეცდები დაგანახოთ სამყარო, ისეთად, როგორც მე ვხედავ, სხვა კუთხით გაჩვენოთ ფილმები, გაგრძნობინოთ მუსიკა, აღმოგაჩენინოთ ახალი სივრცეები ლიტერატურულ სამეფოში, გამოგზაუროთ ფერთა ქვეყანაში და თუ ოდნავ მაინც დაგაინტერესეთ ხელოვნებით, ან რაიმე შევცვალე თქვენს გემოვნებაში (უკეთესობისკენ, რათქმაუნდა!) ჩათვალეთ, რომ მიზანს მივაღწიე.
ხანდახან დავწერ ჩემი განცდების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის რომ განვიტვირთო. ისე, თქვენც გირჩევთ ემოციების გადატანას ფურცელზე ან ეკრანზე. განტვირთვის კარგი საშუალებაა. თუ ეს იდეა არ მოგწონთ, ან საკუთარი გრძნობების აფიშირება გიჭირთ, შეგიძლიათ უბრალოდ ასე მოიქცეთ: დფგფგაგგეროგეოსდჯფო0იუტერჯკსდნფვლოკერ0იოტ ანუ უაზროდ გააჭენოთ თითები კლავიატურაზე.
რაც შეეხება ბლოგის სახელს : Imaginepepperland
Pepperland-ი The Beatles-ის მიერ შექმნილი წარმოსახვითი სამყაროა და  John Lennon-ის Imagine  ყველას გაქვთ მოსმენილი. ამ წარმოსახვით სამყაროში კი ისე ვგრძნობ თავს, როგორც… არა, ზოგჯერ უკეთაც კი, ვიდრე საკუთარ სახლში.
ასე რომ, მოკალათდით Yellow Submarine-ში და შემოცურეთ ჩემს სამყაროში, Pepperland- ში!