ერთხელ სანაპიროსთან

სტანდარტული

    სანაპიროზე იწვა და აქაფებულ ზღვას გასცქეროდა. წვრილად ცრიდა და პლიაჟზე თითქმის მარტო იყო. სხვაგვარად არ შეეძლო. სანატორიუმში ვერ მოისვენა და ჩვეულ ადგილს მიაშურა. ეს უძირო სივრცე ასაზრდოებდა. ბევრჯერ შეჭიდებია აზვირთებულ ტალღებს და ნაპირზე გამარჯვებული გამოსულა. მაგრამ ახლა სულ სხვა იყო. წინაღამის ნამთვრალევს ძალა აღარ შერჩენოდა. იდაყვს დაყრდნობილი გაშხლართულიყო და არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ ენერგიას იღებდა აღელვებული ტალღებისგან.
     თითქმის მითვლემილი კივილმა გამოაფხიზლა. ჯებირებთან ახლოს რუსის გოგო სიმწრით იქნევდა ხელებს.
    “ალბათ ძარღვი გაენასკვა! ახლა წყალში შესვლა იქნებოდა”?- გაიფიქრა და ტანსაცმლიანად გადაევლო პირველ ტალღას. როგორც ყოველთვის, ახლაც მძიმე ფეხსაცმელი ეცვა, მაგრამ რკინასავით სხეული ვერაფერს გრძნობდა. ენერგიულად მოუსვა  ხელები წყალს და წინ გაიჭრა. პირველად არ მიდიოდა სიცოცხლის გადასარჩენად. სიკვდილთან ბრძოლა ცხოვრების სტლილად ექცა. რამდენჯერ ჩახედა უძირო თვალებში და მაინც გადარჩა. არაფერზე არ ფიქრობდა, მხოლოდ გოგონას მოქანავე ხელებს აკვირდებოდა.
    “მთავარია მივუსწრო, არ უნდა ჩაიძიროს, მთავარია მივუსწრო!”- იმეორებდა გუნებაში.
     ამასობაში ჯებირთან ხალხიც მოგროვდა.
    -“არიქა, უშველე! Давай, давай!”- ესმოდა ხმები.
    – “ძალიან ძლიერი ღელვაა, ვერ გამოაღწევს!”-ეუბნებოდა მოხუცი ქალი ძველ მეზღვაურს.
     -“კარგად ვიცნობ! მოახერხებს! ძლიერია და ახალგაზრდა!” დაჯერებით იმეორებდა მოხუცი მეთევზე
     გოგოს უკვე ბოლო ძალები გამოლეოდა, უხილავი ძალა ფსკერისკენ ექაჩებოდა. სუნთქვა დაუმძიმდა, თვალზე ლიბრი გადაეკრა, მხოლოდ მისკენ გამოწვდილ ხელს მოჰკრა თვალი და ქანცგაწყვეტილმა გონება დაკარგა.
    ძლიერად წაავლო ხელი გოგონა სიფრიფანა მკლავს ვაჟმა. თავისკენ მოიზიდა და გულზე მიიკრა. თავი უკან გადაუწია, ჭორფლიან სახეზე ჩამოშლილი ქერა თმა მარცხენა ხელის წრიული მოძრაობით გვერდზე გადასწია. ყური ცხვირზე დაადო. ასე არასდროს სიამოვნებია ქალის ნაზი სუნთქვა ლოყაზე…
     -“ცოცხალია!” გასძახა ჯებირზე მგომებს. თუმცა ხმა ვერ მიაწვდინა. სამაშველო ვერტმფრენის ხმამ დაახშო მისი ყვირილი.
     თოკის კიბით მაშველი დაეშვა წყალში.
      “ცოცხალია! ცოცხალია!”- იმეორებდა ვაჟი.
      “რა ეგონა წყალში რო შემოდიოდა?”- ღვარძლიანად ჩაილაპარაკა მაშველმა.
      “ორივეს ვერ აგწევთ, თოკი ვერ გაუძლებს. ცოტა მოცდა მოგიწევს. ხო გაუძლებ?”-ჩაიდუდღუნა აფხაზმა.
      ვაჟმა კანკალალით დაუქნია თავი. მაშველმა ცერი მაღლა შემართა. ვერტმფრენმა ათიოდ მეტრით აიწია და ნაპირისკენ გაქანდა.
    -“აქეთ, აქეთ!”- ყვიროდნენ ჯებირიდან. “ცოტა მოიწიე და ჩვენ ამოგიყვანთ!”
     ვაჟს გაეღიმა, ადგილიდან არ დაძრულა. გაყინულ წყალში განაგრძობდა ხელების მოსმას.
     მკლავებში ტკივილი იგრძნო, თითები მოეკრუნჩხა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.
     -“ვერ მაჯობებ, მაინც ვერ მაჯობებ!”- იმეორებდა გულში.
      ვერტმფრენის დანახვამ ბოლო ძალაც წაართვა.
     -“უნდა დავანებო თამბაქოს თავი, რა დღეში ჩამაგდო!”- გაეღიმე გუნებაში.
     თოკის კიბე ზუსტად მის წინ დაეშვა. მოეჭიდა, ერთიორად დამძიმებული ტანი ძლივს აიწია.
      “ცოტა მაღლა უნდა ავიდე, თორემ კუნთი თუ გამიშეშდა და გადმოვარდი, ბიჭებს დავაღალატებ. აკი მითხრა ვაჟამ, უშენოდ მთაში ლაშქრობას რა გემო აქვსო”
       ლაშქრობამ არხოტი და ყალყზე შემდგარი ცხენები გაახსენა. ო, როგორ მოუნდა ახლა სალამურას ოფლიან ყელს რომ მოფერებოდა. დამძიმებული ფეხი თოკის შემდეგ საფეხურს დაადგა და მთელი ტანით აიწია…
                                                  მაშველი დ. აჩბას პატაკიდან.
      სამაშველო ოპერაციის შესრულებისას მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. სამაშველო თოკი გაწყდა და დაზარალებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვითხოვ დამატებით ძალებს ცენტრიდან გვამის მოძებვნისათვის.
23 აგვისტო. ქ. გაგრა.
1960 წ.

ამ შფოთიან დღეს დაკარგა საქართველომ 26 წლის გურამ რჩეულიშვილი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s