ხელოვნება, რომელიც გცვლის. ლიტერატურა.

სტანდარტული

   პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო. დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისკენ, ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.
   შიოდა.
   ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა; უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.
   შიოდა.
   რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.
   ახლა შუა ველზე მიკუნტრუშებდა.
   შიოდა.
   უცებ იგრძნო რაღაც.
   ტკივილი?-არა.
   რაღაც და გათავდა.
   ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:
   -მამა, ფეხები მომეყინა,-თქვა ბიჭმა.
   -ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით,- დაამშვიდა მამამ.
                                                                                                                           1957 წ.
 

  მეოთხე კლასში ვიქნებოდი, დაახლოებით, ეს მოთხრობა რომ წავიკითხე. იმდენად რეალური და იმდენად შემაძრწუნებელი მეჩვენა, რომ მაშინვე დავიფიცე:  “არასდროს არაფერზე ვინადირებთქო”
    ფიცი სამიოდ წელიწადში გადამავიწყდა. მეგობრებმა “კისტის თოფი” ვითხოვეთ მეზობლისგან და შემოდგომაზე გვიანობამდე შემორჩენილ ფრინველებს დავერიეთ. აზარტი (უფრო მეტად კი თავის გამოჩენის სურვილი) იმდენად დიდი იყო, რომ ეს მოთხრობა არც კი გამხსენებია.
     ახლაც მახსოვს ის წუთები… ვენახის გაჭიმულ მავთულზე ჩიტს მოვკარი თვალი. ღობესთა ზურგით იჯდა და იბუზებოდა. გამოცდილი მონადირეებივით მივეპარეთ უკნიდან. დავუმიზნე და სუნთქვა შევიკავე… ჩიტი ადგილიდან არ გარყეულა. ის-ის იყო, რომ ყველამ დაცინვა დამიპირა, ერთიანად მოწყდა მავთულიდან და მიწას დაენარცხა…
     ახლაც ყურებში მიდგას ის ყიჟინა, რაც ჩვენ იქ ავტეხეთ. ვინმე იფიქრებდა, ლომი მოინადირეს ბიჭებმაო. მაშინვე გადავძვერით ღობეზე და ჩიტს ვეცით. წამოვწიე თუ არა, თავი გვერდზე გადაუვარდა. ფართოდ გახელილი თვალები უაზროდ გაშტერებოდა, ნახევრად ღია პირიდან კი ლალივით წითელი სისხლი მოსდიოდა…  ასე მეგონა ჩემი გულისცემა ყველას ესმოდა ირგვლივ… ჩიტი ლუკმადაც არ ღირდა, ამიტომ იქვე დავტოვეთ. ჩემმა “გამარჯვებამ” საცოდავ არსებაზე სხვებს სტიმული მისცა და იმ დღეს მთელი უბანი ავიკლეთ. ზოგმა 4 მიითვალა, ზოგმა 5, ზოგმა მხოლოდ 2. სახლში წასვლას ვაპირებდი, როცა მსხლის ხეზე შეყუჟულ შაშვს მოვკარი თვალი. ისე იჯდა, მხოლოდ გულისპირი და თავი უჩანდა. თითქოს ქურდულად თვალს გვადევნებდა…
     რახანაც პირველმა მე დავინახე, სროლის უფლებაც მე მქონდა. თანაც ხომ იცით, ერთხელ თუ ააცილე, მეორედ სროლას აზრი აღარ აქვს. შაშვი მაშინვე გაფრინდება. პრინციპში, “კისტით” შაშვს მხოლოდ მაშინ ესვრიან, თუ მის მოკვლაში დარწმუნებულნი არიან. “კისტის ტყვიით” დაჭრილ შაშვს ფრენა კიდევ შეუძლია და რა აზრი აქვს? სადღაც მოკვდება, მაგრამ შენ არ შეგრჩება.
     რომ გითხრათ ისეთი ჩუბინი ვარ ტყვიას ტყვიაში ვაჯენთქო, ტყუილი გამომივა. მაგრამ, იმდენად მომინდა თავის გამოჩენა მეგობრების წინაშე, რომ წარმოვიდგინე როგორ იტყოდნენ “სნაიპერი ხარ რა შე ჩემა!”, სროლა გადავწყვიტე.
     საკმაოდ შორი მანძილი იყო, ტყვიას ძალა ეყოფოდა თუ არა არავინ იცოდა, მაგრამ ამპარტავნება ადამიანს ყველაფერს შეაძლებინებს.
     დამიზნება… სუნთქვის შეკავება… და მეგობრების შეძახილები…
     ოოო, რა საოცრად გავიმართე მხრებში, როცა ხიდან ისარივით ჩამოვარდნილ შაშვს ვუყურებდი. ალბათ ასეთი სახე მქონდა: “ნუ, ახლა, ეს ხომ თავისთავად ასე უნდა ყოფილიყო, როცა მე ვისვრი!”
    სახლში მიტანა ვერ გავბედე, ვიფიქრე წამეჩხუბებიანთქო. მეგობარს ვაჩუქე ნანადირევი.
შინ დაბრუნებულს გული დამიმძიმდა, ცუდად გავხდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეულში რაღაც დაცოცავდა და გულს მილიკავდა. მაშინვე წიგნებს მივაშურე. ეს ერთართი სამყაროა, სადაც პასუხებს ვეძებ და სადაც სრულიად თავისუფალი ვარ. ბედის ირონია არაა?! გურამ რცეულიშვილის მოთხრობები მომხვდა ხელში. სარჩევს დავუწყე თვალიერება და გაუცნობიერებლად დათუნას კითხვა დავიწყე.
    მას შემდეგ ნადირობა შემძულდა…

Advertisements

4 responses »

  1. რისი თქმა მინდოდა და ვერ მოვაღწიე: მატეო ფალკონეზე წავედი თავიდან-მეთქი, მაგრამ მერე უცებ მივხვდი რომ ცრუ გამოძახილი იყო მოგონებათა და ასოციაციათა :Dარადა ვიღაცას აშკარად მაგონებდა, ხოდა მერე დათუნას რო მოვკარი თვალი, დავმშვიდდი 😀

  2. სკოლის "კლასგარეშე" საკითხავში ეწერა ეს პატარა მოთხრობა. გახსოვს ის ფარატინა წიგნები? "ინტელექტის ასამაღლებლად და სიტყვათა მარაგის გასაზრდელად" რომ უნდა წაგვეკითხა? (ჩემი მასწავლებლის სიტყვები გამახსენდა)

  3. აჰა, როგორ არ მახსოვს. მაგისთვის არასდროს ეცალა ჩემს მასწავლებელს თითქმის 😀 მაგრამ გვავალებდა, გვქონოდა და კარგსაც შვრებოდა. ხანდახან, რო გაახსენდებოდა, ვაიდა არ გქონოდა მიტანილი წიგნნი 😀 ლექსების სიყვარული მაქედან ვისწავლე მე :d

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s