Monthly Archives: აპრილი 2011

მოკვდავი უკვდავის შეგონება

სტანდარტული

   თუ დავყრუვდები, შევძლებ ვიბრაციით დავინახო მუსიკა!
   თუ დავრმავდები, შევძლებ ყნოსვით გავარჩიო ნახატები ერთმანეთისგან! თითებით წავიკითხავ წიგნს!
   თუ დავმუნჯდები, საუკეთესო მომღერლად გადავიქცევი, რადგანაც კიდევ მახსოვს მელოდიის მომაჯადოებელი ძალა.
   ხელებს მომაჭრი? სულაც არ მჭირდება ისინი, რომ პიანინოზე “მთვარის სონატა” დავუკრა!
   მარტო ჩამკეტავთ? გონებაში დავწერ პიესას და ყველა როლს თავად მოვირგებ.
   გიჟად გამომაცხადებთ? ჩემს სამყაროში ყოველთვის იქნება ხელოვნების ნაპერწკალი!
   ტვინს გამომირეცხავთ? ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ, რადგანაც საშუალებას მომცემთ თავიდან შევიგრძნო ყველაფერი, როგორც მაშინ, პირველად!
   სანამ ერთი ნეირონიც კი იმუშავებს ჩემს თავში, ყოველთვის შევძლებ ცხოვრებით დატკბობას!
   მომკლავთ? ახალი სამყაროს შესაცნობად მოვემზადები და კვლავ ცოდნას მივიღებ!
   და თუ მე, ერთ ციდა ადამიანს შემიძლია ეს, რატომ იბრმავებ, იყრუებ და იმუნჯებ თავს? როგორ გძინავს, როცა წუთის სიცოცხლე გაქვს, და ამდენი წიგნი, ამდენი ფილმი, ამდენი ჰანგი, ამდენი ნახატი არ განგიცდია? არ გიტირია იმის გამო, რომ ეს ყოველივე ამოუწურავია და შენ უძლური ხარ ბუნების კანონის წინაშე? როგორ შეგიძლია ბედნიერად ჩათვალო თავი შენს პატარა, გამოგონილ და ილუზიურ სამყაროში, სადაც სიტყვა “ხელოვნება” მხოლოდ ლექსიკონში ამოკითხულ დეფინიციას წარმოადგენს? როგორ აღზრდი ქვეყნისთვის სასიქადულო მომავალს, როცა “სამშობლო” შენთვის რუკაზე ორ ზღვას შუა მდებარე მიწის ნაგლეჯია? თუ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა, წერეთელი, ჯავახიშვილი, რუსთაველი შენთვის მხოლოდ ქუჩების დასახელებაა? როცა შენი ცხოვრების აზრად სატელევიზიო გადაცემები და სერიალები ქცეულა, ხოლო მსოფმხედველობას Facebook-ის სტატუსები გიყალიბებს?
    შენ ცოცხალი მკვდარი ხარ და მე შენზე ასჯერ  უფრო ცოცხალი ვიქნები ოთხ ფიცარში მომწყვდეული!
    და სანამ შენი სული ხრწნას დაიწყებს, გაათავისუფლე გონება ბორკილებისაგან! გადაფურცლე წიგნის გაცრეცილი გვერდები, მოირგე ყურსასმენები, შეისუნთქე კინოს მტვერი, დააპურე თვალი ფერთა სიუხვით… უბრალოდ იცოცხლე!
    ხელოვნება როცა მოკვდება და გადაშენდება, მაშინ მოვკვდები მეც. ფიქრობ, რომ ტყუილა წაიკითხე ეს ყოველივე? მე შენ ახლახანს მარადიული სიცოცხლის ელექსირი მიგასწავლე!
    რას კარგავ? უბრალოდ სცადე!

Advertisements

ერთგული როსინანტი

სტანდარტული

    ჩემი პირველი მოგონება, სულ-სულ პირველი, მას უკავშირდება. პირიდან მიკროსკოპული ზომის ძვალი გამოვიღე და გადავაგდე. შემდეგ კუდში ძლიერად მოვქაჩე, ჩემსკენ მოვათრიე, ზურგზე მოვაჯექი…
    პაკუსა, ჩემთვის- პაქსუ, ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახლდათ. საშუალო ზომის, ჟღალი, უხვად დახუნძლული ბეწვით და კეთილი თვალებით გამოირჩეოდა. ავი არასდროს ყოფილა, თუმცა უცხოს არავის მიელაქუცებოდა. ჩემი გაჩენის შემდეგ კი ნამდვილ “კეთილ სამარიტელად” იქცა. “საწყალი, რას უძლებდა შენს ხელში!”- ამ ფრაზას მეტყვიან ხოლმე, როცა პაკუსაზე ჩამოვარდება საუბარი. “დაიჟინებდი, როსინანტიაო და მოაჯდებოდი ზურგზე, მასაც დაყავდი აქეთ-იქეთ, შენ კი იძახდი- დადეეექ! და ჩალის შუბით ხელში დაანავარდებდი ეზოში.” შეიძლება თქვათ, მერე რა, ძაღლი ძაღლია და სხვა არაფერი, მაგრამ ასე არაა. პაკუსა ჩემი ბავშვობისთვის ძაღლზე მეტი იყო. ის იყო ერთგული და უღალატო მეგობარი, რომელიც ყველაფერს იტანდა ჩემგან და მისი ღრენა არასდროს გამიგონია ჩემს მიმართ. ხშირად მნახავდით, როგორ ვიკვლევდი მის პირის ღრუს და ვუთვლიდი კბილებს, როგორ დამყავდა ორ ფეხზე მდგომი, როგორ ვასხამდი მძინარეს წყალს… ეს საოცრად თბილი მოგონებებია შორეული ბავშვობიდან…
      შემდეგ იყო გაჭირვების და ავტომატების ჟღრიალის ხანა. პურის ფქვილის ვალები მაღაზიებში და 15 წუთით შუქის მოსვლას დანატრებული უფროსების სახეები. საჭმელი ისედაც ცოტა იყო და ამიტომაც პაკუსასაც მოუწია რამდენიმე კილო დაეკლო, თუმცა არასდროს დაუჩივლია ამის გამო. საკვების მოსაპოვებლად საბუდარს და მეზობლის წიწილებს არ შეჩვევია. იდგა და ელოდა პატრონის მიერ მოწოდებულ ლუკმას. რაოდენ მშიერიც არ უნდა ყოფილიყო, აგდებულ პურს არ დაიჭერდა და თავს ცირკის მსახიობად არ გაიხდიდა. დინჯად აიღებდა ულუფას და კუდის ქიცინით თვალს მოეფარებოდა… არასოდეს არ ჭამდა, თუ თვალს ადევნებდი. ალბათ ამიტომაც, ჩვენი სადილობისას არასოდეს იჯდა კარში ნერწყვმომდგარი პირით და არ უყურებდა სუფრას.
      ყურები არ ჰქონდა პაქსუს. “ქალებისთვის ჩხუბში მოაჭამეს ძაღლებმაო”- იტყოდა მამაჩემი და ეცინებოდა საკუთარ სიტყვებზე. ვერ ვხვდებოდი, რა იყო სასაცილო, გაკვირვებული მხრებს ვიჩეჩავდი. მალევე მივხვდი რასაც გულისხმობდა მამა…
      ერთხელაც პაკუსამ სახლში მაკე ძუ ძაღლი მოიყვანა. ერთ ფინიას ძლივს ვინახავდით და ახლა მუცელგაბერილი მაწანწალაც დაგვემატა. უფროსებმა სცადეს სახლიდან გაეგდოთ, მაგრამ პაკუსამ ახლოს არ მიაკარა არავინ. საჭმელიც კი თვითონ მიჰქონდა მასთან. ცოლი მოიყვანათქო- ვთქვი ერთხელ, რამაც სიცილი გამოიწვია ყველაში. ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეიძლება, რომ ძაღლსაც ჰყავდეს ოჯახი და შვილები. ჩემს წარმოდგენაში ოთხფეხა მეგობარი დიდად არ განსხვავდებოდა ჩემგან. ძუმ ლეკვები მოიგო, რომლებიც  რათქმაუნდა დააჩუქეს. კიდევ რამდენიმე დღე იყო ჩვენთან და ერთი დილითაც სახლიდან წასული დაგვხვდა მაწანწალა. ასე მოამშობიარა პაკუსამ ჩვენთვის სრულიად უცხო ძაღლი…
        წლები გადიოდა, მე უკვე სკოლაში წავედი და პაკუსაც მარტო დარჩა. მოთამაშე არავინ ჰყავდა. იწვა მოწყენილი კარის წინ, ტილოზე, და ჭიშკარს გასცქეროდა. ასაკი მოემატა. ოჯახის წევრების საერთო აზრით, მას უკვე 16 წელი უსრულდებოდა. “ძალიან დაბერდა”- დააყოლებდა ბებია და მეგონა, რომ მეც 16 წლის ასაკში პაქსუსავით მოხუცი ვიქნებოდი. საკუთარი ბინა არასდროს ჰქონია. სულ კარის წინ იწვა ზამთარ-ზაფხულ. მეტად ცივი ზამთარი დაიჭირა იმ წელს. მამამ ერთ დღეში გაუკეთა ჯიხური და ეზოში დადგა, დაათბუნა, ეგებ აქ მაინც გაითბოს ბებერი ძვლები პაკუსამო. მაგრამ პაკუსა კვლავ ცივ ტილოზე იწვა ჯიუტად… მაშინ მივხვდი, თუ რას ნიშნავს: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
       დაძინებისას სახლის კარს ღიას ვტოვებდით, ეგებ შემოვიდეს შემოსასვლეში და იქ მაინც დაიძინოს, ცოტა გათბება მაინცო, მაგრამ კვლავ უშედეგოდ…
       თანდათან კბილები დაკარგა, ცოტა თვალსაც დააკლდა, მაგრამ კვლავაც მოსიყვარულე და ისეთივე თბილი იყო, როგორც ადრე. ხვრინვას უმატა და ხანდახან ისეთ ტონალობებშუ ადიოდა, რომ თვითონვე ეღვიძებოდა საკუთარ ხვრინვაზე… სახლში ყოველთვის კეთდებოდა ცხელი წვნიანი პაქსუსთვის. ყველა ეფერებოდა, ალბათ უფროსები ხვდებოდნენ, მე კი რა მესმოდა? ჩემი როსინანტი უკვდავი მეგონა…
       “ახალ წელს მეკვლედ უნდა დავიბედოთო”- გადაწყდა ერთხმად ოჯახში. რა არ გავაკეთეთ 14 იანვრის დილას, მაგრამ ფეხი ვერ შემოვადგმევინეთ კარში. ბოლოს მამამ ხელის კვრით შემოაგდო სულ რამდენიმე წამით, მეტ ხანს არ გაჩერდა…
         თოვლი მოვიდა და ვიღას ახსოვდა რაიმე ამ ქვეყნად? დილიდან დაღამებამდე ციგას დავაქროლებდი ეზოში მეზობლის ბავშვებთან. პაკუსასთან სათამაშოდ აღარ მეცალა… ერთ საღამოსაც რაღაც სიწყნარე ჩამოწვა ოჯახში. არავინ ხმას არ იღებდა, ყველა დამუნჯდა თითქოს. მომწყინდა საშინლად. შუქიც არ იყო, რომ ტელევიზორი ჩამერთო. გარეთ გავედი და ავტეხე ძახილი: “პაქსუ, პაქსუ, პაქსუ!!! პაკუსა, პაკუსა”! ის არ გამოქცეულა კუდის ქიცინით და მომღიმარი სახით… მამამ დამიძახა და მითხრა:” შენ ახლა დიდი ბიჭი ხარ, და გაიგებ: პაკუსა ამ დილით ვნახე ეზოს ბოლოს მკვდარი. უკან ეზოში დავკრძალეთ, შენ რომ სასრიალოდ იყავი წასული მაშინ…”
          ისეთი შეგრძნება დამეუფლა (და ახლაც ეს განცდა მაქვს!), რომ იმ დღეს ჩემი ბავშვობაც პაკუსასთან ერთად მოკვდა და მშობლებმა ის ღრმად დამარხეს მიწაში ჩემს ერთგულ როსინანტთან…

         P.S. პაკუსა ერთადერთი ცხოველია ოჯახის მთელი არსებობის მანძილზე, რომელიც საოჯახო ფოტო-ალბომში საპატიოდ არის წარმოდგენილი, როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი და განუყოფელი ნაწილი.

მომღიმარი "ფრიცი"

სტანდარტული

9 მაისი ახლოვდება, ჩემთვის კი იგი სევდანარევ ზეიმად აღიქმება. ვუყურებ ომის მოხუც ვეტერანებს და გული სითბოთი და მწუხარებით მევსება. როგორი ამაყები არიან ისინი ამ დღეს! ალბათ მთელი წელი ელიან ისინი ზეიმს, რათა ვინმემ მაინც გაიხსენოს მათი ამაგი და თუნდაც უბრალოდ მადლობა უთხრას. ბაბუაჩემი, ლადო ივანიჩი, როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ელოლიავებოდა საკუთარ მედლებს და ყოველთვის მეუბნებოდა: “ბაბუ, მედალს ფასი არ აქვს, თუ მას დამადასტურებელი საბუთი არ ახლავს! პრინციპში, მედალს არც მასთან ერთად არ აქვს ფასი! მთავარია კარგი ადამიანი იყო გინდ მედლით, გინდ მის გარეშეო.” მაშინ ვერ ვხვდებოდი ზუსტად ამ სიტყვების არსს, ახლა კი მესმის…
ხშირად ვეკითხებოდი ფრონტის ამბებს, თუმცა ბაბუ ამ დროს ხანს რას მოიმიზეზებდა, ხან რას. არ უყვარდა საკუთარი ცხოვრების სისხლიანი პერიოდის გახსენება. ჩემი ძირითადი კითხვა კი მაინც ასეთი იყო: “ბაბუ, რამდენი “ნემენცი” მოკალი?” არასოდეს არ უპასუხია ჩემთვის ამ კითხვაზე. ერთხელაც, როცა გული გავუწვრილე ამ შეკითხვით, მან ასეთი ისტორია მიამბო…
“წვრთნების შემდეგ ყირიმში გამანაწილეს “პეხოტაში”. არ მითქვამს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, თორე კანცელარიაში გამიშვებდნენ. ჟურნალისტები საერთოდაც არ მიჰყავდათ ომში, ბაბუ, მაგრამ მე მოხალისედ ჩავეწერე. მაშინ ასე იყო საჭირო ქვეყნისთვის. პოლკში ახლი მისული ვიყავი, ამიტომაც სერჟანტმა მე და კიდევ ერთი ჩემნაირი სხვა პოლკში გაგვგზავნა წერილის წასაღებად. წერილს მივიტანდით და უკან დავბრუნდებოდით. საკმაოდ ბევრი ვიარეთ. ნახევარ დღეს მოვუნდით უკან დაბრუნებას. პოზიციაზე დაბრუნებულებს არცერთი ჯარისკაცი ცოცხალი არ დაგვხვდა. ავიაციას დაუბომბავს თურმე იქაურობა. სანგრებში დავდიოდით, ეგებ ცოცხალი გვენახა ვინმე. ამ დროს “ფრიცების” თვითმფრინავის ხმა გავიგონე. დაბლა მოფრინავდა, რომ თუ კიდე ცოცხალი იყო ვინმე ბოლო მოეღო. მაშინვე “პულიმიოტს” ვეცი, ბაბუ, და დავუმიზნე. გამოვკარი “კუროკს”, მაგრამ არ გავარდა. დამინახა “ნემეცმა”და ჩემსკენ გამოფრინდა. ისე დაბლა მოფრინავდა რომ სახე დავინახე, ულვიშიანი, არწივის ცხვირიანი გერმანელი იყო. ეღიმებოდა ჩემზე. გადამიფრინა თავზე,  წრე გააკეთა და უკან გაფრინდა.  გავბრაზდი და ისავ იარაღს ვეცი, ამგრამ მერე ვიფიქრე, ამ სასაკლაოზე ვიღაცამ დამინდო, ახლა რომ ვისროლო და ჩამოვაგდო, მერე რა ნამუსით ვიცხოვროთქო. მთავარი ის კი არაა, ბაბუ, რამდენ კაცს მოკლავ ომში, მთავარია რამდენს გადაარჩენ შენი კაცობით და სინდისი თუ სუფთა ჩამოგყვება სახლშიო”
მეტჯერ მისთვის ფრონტის ამბები არ გამომიკითხავს…

რამდენად მართალია ეს ისტორია, ამაზე ფიქრს დიდად არ შევუწუხებივარ, სიმართლე რომ გითხრათ

ალცჰაიმერი და მე

სტანდარტული

    ალცჰაიმერის დაავადება, ანუ “სკლეროზი” როგორც მას ვუწოდებთ, ყველას გაგიგიათ ალბათ. მე არ დაგიწყებთ იმის ახსნას, თუ რა ბიოქიმიური დეგენერატიული ცვლილებები მიდის თავის ტვინში, უბრალოდ მოგიყვებით, რა მოსდის ადამიანს. თუ ფიქრობთ, რომ ეს შემეცნებით-სამეცნიერო პოსტია, იმედი გაგიცრუვდათ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ კითხვა! უბრალოდ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი მინდა გავიხსენო.
    არც თუ ისე დიდ ოჯახში გავიზარდე. დედასთან, მამასთან უმცროს ძმასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი 14 წელი. ბავშვობიდან ბევრი ლამაზი სურათის გახსენება შემიძლია, თუმცა მნიშვნელოვანია მტკივნეულ ეპიზოდებს შევეხოთ. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ბებომ “რაღაცეების” დავიწყება დაიწყო. ეშლებოდა სახელები, დღეები, უახლესი მოვლენები. ექიმმა გვითხრა, რომ პროცესი დაიძრა, და მას უკან ვერ დავაბრუნებდით. დამიჯერეთ, სასიკვდილო განაჩენივით ისმის ეს სიტყვები. როგორც მომავალ ექიმს, მესმოდა სიტუაციის მთელი სიმძიმე და აზრს ნელ-ნელა ვეგუებოდი, თუმცა გაძლება ძალიან გამიჭირდა… თუ არ გამოგიცდით (და ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ!), ვერ მიხვდებით რას ვამბობ. მოხუცი ამ ვერაგი დაავადების დროს დიდ ბავშვს ემსგავსება. მაგალითად, უეცრად იწყებს ტირილს არარსებული საფრთხის გამო. უსმენ, ამშვიდებ და ხვდები, რომ ეს ტირილი ქვეცნობიერად ადამიანის მიერ საკუთარი თავის დატირება უფროა. მუდმივად თვალს ადევნებ, რომ სადმე არ წავიდეს, არ გაგეპაროს, ან ტკბილეული არ მოიპაროს, ან რაიმე ღირებული ნივთი არ გადააგდოს. თავიდან უძლებ ამ ყოველივეს, მერე კი ბრაზდები. აი, აქ უშვებ ფატალურ შეცდომას! და მე ამას ყოველდღე ვნანობ!  ვნანობ ჩემს მიერ ხმამაღლა წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას. ვერ ვიტან საკუთარ თავს, როცა საკუთარი გაბრაზების ეპიზოდებს ვიხსენებ და ყოველთვის პატიებას ვითხოვ, თუმცა უკვე გვიანაა. არავის არ არის შემწყნარებელი…
     ეს საწყის ეტაპზე იყო ასე. შემდეგ სახლიდან წავედი და სასწავლებლად დეიდასთან გადავედი. მოვშორდი გამაწამებელ ყოველდღიურობას, რამაც საშუალება მომცა საკუთარ საქციელზე დავფიქრებულიყავი. არდადეგებზე შინ დაბრუნებული ვცდილობდი ბებოს მოვლა მთლიანად საკუთარ თავზე ამეღო და ძალას და ნებისყოფას არ ვზოგავდი. მისთვის კი მე ამ დროს უფროს შვილად გადავიქეცი. “ფრიდონ”- მეძახდა ნაზიკო ბებო და ვხვდებოდი ვის ეკუთვნოდა ეს მიმართვა- მე თუ ჩემ ძმას, რომელსაც ფრიდონი ჰქვია. მიწევდა ბებოსთვის ამეხსნა, რომ მე პირველ კლასში არ ვარ, რომ პიონერთა შეკრებაზე არ მივდივარ. აი, ასეთ რაღაცას ივიწყებს დაავადებული, თუმცა რაღაც ფაქტები ყოველთვის უშეცდომოდ იცის. შეიძლება ბებიას არ ახსოვდა, რა ჭამა დილით, თუმცა შეეძლო “ვეფხისტყაოსნიდან” საზეპიროები ეთქვა, ან ილიას სამწერლობო მოღვაწეობის კრიტიკაში დამხმარებოდა. წლების განმავლობაში სკოლაში ლიტერატურის მასწავლებლობამ ეს კვალი დატოვა მასზე.
     შემდეგ ჩავაბარე და თბილისში გადმოვედი. ბებოს მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდა. მან აღარ იცოდა ვინ იყო, საათობით ელოდა სამსახურში წასულ მეუღლეს, რომელის 1982 წელს გარდაიცვალა. ტიროდა ყველაფერზე და ეს გაცილებით მძიმე საყურებელი გახდა, თუმცა ვუძლებდით. იმის ახსნამ აზრი დაკარგა, რომ მე მე ვარ და უკვე უნივერსიტეტში ვსწალობ. მე უკვე ფრიდონი ვიყავი და გაკვეთილები ყოველთვის ნასწავლი მქონდა, პიონერ-ხელმძღვანელობასაც კარგად ვითავსებდი და საზაფხულოდ გაგრაში მივდიოდი ბანაკში. რა განცდა გეუფლება ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავ ადამიანს? ვერ გეტყვით, არ მახსოვს და არც მინდა მახსოვდეს. ერთია გონებრივი მდგომარეობა, მეორეა ფიზიკური. მოხუცი დაძაბუნებული და გამოფიტულია. ყველაფრის შეხსენება სჭირდება და არც უნდა დაიზაროთ. არ უნდა ითაკილოთ არაფერი მის მოვლაში, რადგანაც დასაცინი აქ არაფერია. და მეც ვაკეთებდი…
     მთელი პირველი კურსი კამერით ხელში გავატარე: ვიღებდი ყველაფერს რაც ირგვლივ ხდებოდა და ბებოს ერთხელაც არ გადავუღე სურათი… თითქოს მრცხვენოდა მისი… ახლაც ვერ ვხვდები, ადამიანი ასეთი შეუგნებელი როგორ უნდა იყოს, როგორც მე ვიყავი მაშინ.
    საგაზაფხულოდ აღდგომაზე ჩავედი შინ. ბებომ გამომკითხა უნივერსიტეტის ამბები, სტუდენტური ცხოვრების შესახებ, მითხრა, რომ მედიცინას მთელი გულისყურით უნდა მოვეკიდო და რომ კარგი ექიმი უნდა გავხდე. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა იმ მომენტში. ბებო უცებ ისეთი გახდა როგორც ადრე, ჩემს პატარაობაში. დიდხანს ვისაუბრეთ გულთბილად და მე წამოვედი…
    შემდეგ იყო გამოცდები. სესიები. არაფრისთვის არ მეცალა. სახლიდანაც არ დამირეკეს რამდენიმე დღის განმავლობაში. როგორც ყოველთვის მეც არ შევიწუხე თავი. ანატომიის გამოცდის წინა დღეს მამაჩემის მამიდამ, თინა ბებომ დამირეკა: “დიტო ბებო, ხო იცი რომ ნაზიკო ბებო აღარ არის?”

დARTყმა

სტანდარტული

დიდხანს ელოდა “ყვითელ რაშს”(როგორც თვითონ უწოდებდა) წვიმაში მდგომი.  გაუმართლა, ავტობუსი ნახევრადცარიელი მოვიდა. სწრაფად აირბინა და საფულე გადახდის აპარატს დაადო. ბილეთი ჩამოხია და იქაურობას თვალი მოავლო. კართან ახლოს მოთავსდა განაპირა სკამზე. ასე უფო კარგად შეეძლო მგზავრთა სახეებს დაკვირვებოდა. მთლად ამინდის ბრალი არ უნდა ყოფილიყო მათი ქუში სახეები. ეს ცოტა არ იყოს თრგუნავდა ახალგაზრდას. ამიტომაც მყისვე ფანჯრისკენ გადაჯდა და სველ გზას დაუწყო ყურება. ესეც მოსწყინდა. ზოგადად წვიმა არ უყვარდა.
ისედაც დაძაბული იყო. ცალკე ეს ამინდი, ცალკე გაკაპასებული ქალების ჩხუბი დილით, რომელსაც სამარშუტო ტაქსში შეესწრო. გაოცებული უყურებდა სახე გადაშლილ არსებებს, ასე უმოწყალოდ რომ ლანძღავდნენ ერთმანეთს სრულიად არაფრის გამო. უკვირდა გარშემომყოფთა ინდიფერენტული დამოკიდებულება.  ზოგიერთი სეირის მაცქერალის  სახეზე დანახულმა ღიმილმა კი კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ქალების წიოკი ჯენტლმენმა მძღოლმა ჩააცხრო რეპლიკით: “გავაჩერებ ახლა და მოგიტყნავთ ყველაფერს თუ არ გაჩერდებით!” “დაუჯერეთ, “ისპალნიწელია”!- სიცილით ამოიხრიალა ვიღაცამ უკნა სკამიდან. საოცარი რეაქცია მოჰყვა ამას მოჩხუბრებში. მყისვე ყურებად იქცნენ, ეს ხომ არ მოგვესმაო. მძღოლმა ჩამოვარდნილი სიჩუმით ისარგებლა და სიბრძნე გაგვიზიარა: “ასე უნდათ მაინცდამაინ ამ ჩამოთრეულებს”. ეს კი ნამდვილად ვერ აიტანეს სახეალეწილმა “მანდილოსნებმა”,  მყისვე გააჩერეს “მარშუტკა” და პროტესტის ნიშნად დემონსტრაციული წყევლა-კრულვით ჩავიდნენ ქუჩაში.
ამის გახსენებამ უფრო მოუჟამა გუნება. გულის ჯიბეში შენახული ყურსასმენები ხელის სწრაფი მოძრაობით მოირგო  და მოხერხებულად მოკალათდა. . . ჯიბეზე ხელი დაიდო და თითებით Play- ის ღილაკი მოძებნა შარვლის გარედან. დააწვა და თვალები დახუჭა, სკამის საზურგეს მიეყრდნო.
“დაიწყო!”- გაიფიქრა და უმალ სწაფი, ენერგიული მუხტი გადმოიღვარა ყურსასმენიდან,  გულისკენ წავიდა. თითქოს მკერდი გათბა და სისხლი რაღაც ძალიან ცხელით დაიმუხტა. სითბო ფეხებისკენ დაიძრა და გაყინულ ტერფებს საშუალება მისცა რითმს არ ჩამორჩენოდნენ. ჩუმად აჰყვა თავიდან დრამს, ტუჩებით კი სიმღერის ტექსტის გამეორება დაიწყო. ამ ყველაფერს კი ისე აკეთებდა, რომ ვერცერთი მგზავრი ვერ ამჩნევდა იმ ენერგიას, რაც ახლა მისგან მოდიოდა. მხოლოდ წუთნახევარი გაგრძელდა ეს ჩუმი რევოლუცია მის ორგანიზმში.
“სოლო!”- დაიყვირა უცებ და ფეხზე წამიჭრა. მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები მუცელთან ისე დაიჭირა, თითქოს მედიატორით უკრავდა, მარჯვენა ხელით კი აკორდების აღება დაიწყო. მიხედავად იმისა, რომ დაკვრა არ იცოდა, მთელი მონდომებით ამოძრავებდა ხელებს წარმოსახვით გიტარაზე. ის ამ მომენტში მიხვდა, რომ დაანგრია საზოგადოების მიერ დაწესებული ყველა ნორმა, დაამსხვრია ყოველგვარი ჩარჩო, რას მას ზღუდავდა და სადღაც გულის სიღრმეში წამით შერცხვა, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო როკ-ენ-როლის მაგიური ენერგია, ეს ფიქრებიც წამსვე დაივიწყა. საკუთარმა პროტესტმა მიძინებული და ჩუმი გარესამყაროს მიმართ ძალა შეჰმატა და მთელი სხეულით გადაეშვა მუსიკის მორევში.
Hey, New York City! Allright, New York City!- აჰყვა ვოკალს მთელი ხმით. ეს იყო გულიდან წამოსული ძახილი, რომელმაც ფოლადივით გაჰკვეთა წარმოსახვითი ფარი, რომლის ქვეშაც იმალებოდა ავტობუსს შეფარებული ხალხი. გამოაფხიზლა მათი მიძინებული სულები და აიძულა, სულ რამდენიმე წამით მაინც მოესმინათ მუსიკა, რომელიც მხოლოდ მას ესმოდა ამ წამში.
“ვინაა? გიჟია თუ რა? რამ გააცოფა, რა აღრიალებს?”- ეკითხებოდნენ ერთმანეთს გაკვირვებული სახეებით. ზოგიერთი ღიმილით ადევნებდა თვალს. უკანა სკამებზე ჩამწკრივებული 12-13 წლის ბიჭ-ბუჭები წინ გამოვარდნენ ფაცი-ფუცით და მობილურებს დაავლეს ხელი.
“აუ ხვალ ამას ავტვირთავ! ხალხს ვაპრიკოლებ!”- თითოეულს ეს უტრიალებდა თავში. ერთმა ჭკვიანმა სათაურიც კი მოიფიქრა წამში! “აუ, ადმინ, პირველ გვერდზე დადე რა! მაგარი კაიფია! :D:D:D:D LoL:D:D:D. წამსვე მოიხიბლა თავისი გონებამახვილობით და გაეცინა.
“ჩვენ დროს სულ სხვა ახალგაზრდობა იყო! წესიერი, მორიდებული, ზრდილი”…- წამოიწყო მოხუცმა ბებომ წინა რიგში.
მძღოლმა უკანა ხედვის სარკეში შეავლო ბიჭს თვალი და უბრალოდ გაეღიმა. “კაია, რო არაფერს ამტვრევს ეს შობელძაღლი!”- გაიფიქრა და ფანჯრიდან ვიღაცას გასძახა: ” სად იყურები შე ოჯახაშენებულო, ვერ ხედავ რომ…”
ახალგაზრდა ამასობაში გიტარიდან დრამზე გადაერთო და უმოწყალოდ დასცხო წარმოსახვითი ჯოხები არარსებულ, მაგრამ მისთვის ასე რეალურ თეფშებს. დაელოდა კიდევ ერთ სოლოს და ამჯერად საქსაფონს დასწვდა. წელში მოიდრიკა, სახე ლამის გულზე მიიბჯინა და წამსვე ისე გასწორდა და გაიდრიკა წელში, ტანმოვარჯიშეებსაც შეშურდებოდათ. ტექსტაც არ ივიწყებდა, მთელი ხმით მღეროდა, თუმცა ექსტაზში იმდენად შესულიყო, რომ საკუთარი ხმა არც  კი ესმოდა. ის ამ მომენტში ვერ ხედავდა საზოგდოების ნაღები წარმომადგენლების სახეზე გამოსახულ ირონიას თუ დაცინვას. ის ახლა სულ სხვაგან იყო. აქედან სადღაც შორს, ძალიან შორს… სადაც არ არსებობს არავითარი შეზღუდვა, პრობლემა თუ აგრესია… სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს და პატივს მიაგებენ. იქ, სადაც ყველას ერთი საზრუნავი აქვს: ხელოვნება და სიყვარული, თუმცა იქ ეს ორი ცნება ერთმანეთის იდენტურია და სინონიმებად გამოიყენება.
“ახლა კი, კლავიატურის დროა! ვნახოთ, რა შეუძლია პიანინოს, რამდენად მოახერხებს მსმენელის მონუსხვას”- თქვა უმისამართოდ და საოცარი სისწრაფით აამოძრავა თითები… ეს იყო ფანკიც, ჯაზიც და ყველაფერიც მისთვის. ამის გაფიქრებაზე სახე გაებადრა და ხალხს გახედა. მისი მზერა ამბობდა: “ნახეთ, რა სუფთად და სწრაფად შევასრულე! არ ვარ აპლოდისმენტების ღირსი?” ამასობაში სიმღერაც დამთავრდა და იძულებული გახდა გაჩერებულიყო. წარმოსახვითი სამყაროდან უეცრად დაენარცხა მიწას. წააწყდა რა ირონიას, უცებ შეცბა და დაუცველი გახდა…
მაშინ კი იფეთქა სიცილმა. ეს არ იყო ჯანსაღი, ჭეშმარიტი სიცილი. ეს იყო დაცინვის ნიაღვერი, რომელიც დაატყდა თავს ახალგაზრდას და მიწაში ჩაძრომა მოანდომა.  ბრბო ხომ ექსპერტია წაქცეულისათვის წიხლის დარტყმის საკითხში.
და უეცრად თვითონაც ყველაფერს მიხვდა და სიცილი აუტყდა, ოღონდ ეს უფრო სიმწრის სიცილს ჰგავდა. ბიჭის ამგვარმა რეაქციამ ყველა გააკვირვა. ზოგიერთებმა გვერდზე მჯდომებს გადაულაპარაკეს: “ხო გეუბნებოდი?”- და ისტერიკული სიცილი განაგრძეს.
-რა გაცინებს შე უბედურო, რა?- მიმართა მოხუცმა კაცმა ახალგაზრდას.
-მე თქვენზე მეცინება!
-რა გვჭირს შენი სასაცილო, ბიჭო?- დაუძაბა შუახნის მამაკაცმა, კუბოკრულ ზედაში გამოწყობილმა
-სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! თქვენ მე დამიცნით ჩემი არასაზოგადოებრივი საქციელის გამო, არადა არასდროს დაფიქრებულხართ, ვინ ადგენს ამ დოგმებს? ისევ თქვენ! რა არის თქვენი ცხოვრება? სხვა არფერი თუ არა მუდმივი ერთფეროვნება და ცრუ ზრუნვა ერთურთზე, ხოლო რა წამს ვინმე თქვენზე წინ წავა რაღაც დოზით, მაშინვე ხატზე გადასცემთ და მიწაზე დაანარცხებთ. თქვენ მუსიკას მხოლოდ უსმენთ! გესმით, მხოლოდ უსმენთ! მე კი მას შევიგრძნობ მთელი არსებით და ბედნიერი ვარ! როდის აჰყვეით მელოდიას ჩემსავით, როდის იგრძენით ბოლოს ხელოვნება ასე ახლოს? ოდესმე გიტირიათ იმის გამო, რომ კომპოზიცია მთავრდება და გული გწყდებათ, რომ პირველად არ უსმენთ მას!? გქონიათ განცდა, რომ ხელოვნება გაკეთილშობილებთ და ამ დროს გინდათ ულევი სიყვარული გასცეთ? არა? ხოდა ამიტომაც ვიცინი! მე მეცოდებით, რამეთუ ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და არც კი იცით რას კარგავთ. ის დრო, რასაც უაზრო კამათს ანდომებთ პოლიტიკაზე, ლიტერატურას რომ დაუთმოთ, მიხვდებით რაოდენ უსახურია ეს წვრილმანი პრობლემები თქვენს ირგვლივ და უეცრად იგრძნობთ ძალას მათთან საბრძოლველად. დამცინეთ, ნუ მოგერიდებათ, სხვისი შეხედულებების მონა მაინც არა ვარ. მე სრული თავისუფლება მაქვს მუსიკის შეგრძნებისას და მას თქვენი ქილიკი ფრთებს ვერ დაუმსხვრევს.
ავტობუსი გაჩერდა. ბიჭმა ჩანთა გაისწორა და კიბეებზე ჩაირბინა. ავტობუსში გამეფებული სიჩუმე ყურში ცუდად მოხვდა. ყურსასმენები მოირგო და კვლავ Play-ის ღილაკს დაუწყო ხელით ძებნა.

P.S. ალბათ ისიც გაინტერესებთ, რას უსმენდა ახალგაზრდა იმ დროს! აჰა ბატონო…

P.P.S. უცენზურო გამონათქვამისათვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ მინდოდა საზოგადოებაში გამეფებული სიტუაცია მთელი სიმწვავით შეგეგრძნოთ…