მაღვიძარა

სტანდარტული

    დახუთული ავტობუსიდან სწრაფად ჩამოვიდა. მძღოლის მოცემული ხურდა არც დაუთვლია ისე ჩაიყარა ჯიბეში. საოცრად მოუნდა სიგრილე. მზეც რა ულმობლად აჭერდა… დამცავი სათვალეც ვერ შველოდა. შუბლი მოიჩრდილა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა მიწისქვეშა გადასასვლელისკენ. ცოტა სული მოითქვა. ამ მეტად უცნაური კონსტრუქციის გვირაბში წვრილ ვაჭრებს დახლები მოეწყოთ. რას არ ნახავდით აქ, დაწყებული ყანწებიდან, დამთავრებული ჩვილთა ტანსაცმლით.
      -შარვალი ხო არ გინდა დედი? კაი შარვლები მაქ!-მიაძახა გამყიდველმა.
      მისი ხმა არც გაუგია. როგორც ყოველთვის, ახლაც ყურსასმენები ეკეთა. გამუდმებით ასე იყო. თითქოს ეს ქვეყნიერება ყელში ჰქონდა ამოსული და სხვაგან ეძებდა შვებას. მიდიოდა და არაფერს აქცევდა ყურადღებას. ერთი ესაა, გამოფენილ გასაყიდებს ყოველთვის ხელს გადაავლებდა. აწყდებოდა გამყიდველთა ეჭვიან თვალებს და გუნებაში იცინოდა. ტყავის ქურთუკსა და სარკისებურ სათვალეში ნამდვილ ჯიბგირს ჰგავდა.
      მეზობელს მოჰკრა თვალი. 70 წლამდე მოხუცი ამ გვირაბში ფეხსაცმელს ჰყიდდა. უზურგო სკამზე ჩამომჯდარიყო მხცოვანი, თავი ჩაექინდრა და დიდრონ სათვალეს წმენდდა.
     -ეგებ გავასწრო-გაიფიქრა ბიჭმა და ნაბიჯს აუჩქარა. თან სახე მარჯვნივ მიაბრუნა, თითქოს დახლებზე გამოფენილ კედებს ათვალირებდა.
     “რატომ მოვიქეცი ასე? ჯემალი ბაბუა ყოველთვის თბილად მხვდებოდა. მივსულიყავი, გადამეკოცნა. სირცხვილია… ერთხელ ისეთი სალამანდრები მომყიდა 3 წელი მეცვა. ისიც იმიტომ გავიხადე, რომ იდეურად მოძველდა… რა ჯანდაბა მჭირს?”
     ამ ფიქრებით ამოვიდა გვირაბიდან. მისკენ მომავალ ბოშა გოგოს უარის ნიშნად ხელი გაუქნია, თუმცა არც ამჟამად გაუგია რას ეუბნებოდნენ. ღრმად ჩაისუნთქა თბილი ჰაერი და ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. აჟივლებულმა ბავშვებმა გვერდით ჩაუქროლეს. ერთმა გამეტებით გაჰკრა მხარი.
     -უხხხ!-აღმოხდა უცებ და გაქცეულ გოგო-ბიჭებს თვალი გაადევნა. “დავიჯერო ასეთი უჩინარი ვარ?”
      ჩამოვარდნილი ყურსასმენი გაისწორა. სასიამოვნო, სევდიანი ჰანგები იფრქვეოდა ამ პატარა ჯადოსნური მოწყობილობიდან
      “მართლაც და რა არის ხელოვნება? ესაა ეკლიანი გზა, რომელიც ყოველი ადამინისათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ერთეული თუ შეუდგება მას. დღევანდელ დღეს არავის აღარ აინტერესებს მუსიკა, მხატვრობა. წიგნები წაუკითხავთ ასე თუ ისე მშობლების ძალდატანებით. რათქმაუნდა, დედა ვერ აიტანს, რომ მისმა შვილმა არ იცოდეს ვინ იყო ბიძია თომა. სულაც არ აინტერესებს, ბავშვი რამდენად ჩასწვდა ნაწარმოების აზრს, რამდენად გაიაზრა  რასობრივი და სოციალური უთანასწორ… თუმცა ამდენს შეიძლება ასეთი დედაც ვერ ხვდება… დღეს? დღეს წიგნი და პიანინო ოთახის დეკორატიულ ნაწილებად იქცა. ქალები- ტელევიზორთან სერიალებში დაკარგულები, კაცები უფროსის ქვისლის ძმის ქორწილში ცლიან ყანწებს, ბავშვები კი კომპიუტერთან GTA-ს მიშტერებულები სხედან. ნამდვილი თანამედროვე ოჯახური იდილიაა. მერე უკვირთ, შვილი 15-17 წლის ასაკში თანაკლასელს რომ დაჭრის. რა არის გასაკვირი? ადამიანი ხომ ჭკვიანი მაიმუნის სახეობაა? მაიმუნი კი რასაც ხედავს, იმას იმეორებს გაუაზრებლად.”- ამ ფიქრებით მიადგა ხიდს.
     “ხიდზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები”- წაიკითხა წითელი წარწერა. მის ქვეშ მახვილი თვალი გაარჩევდა წვრილად მიწერილ მეორე გაფრთხილებას: “ხიდზე გადასვლა სახიფათოა სიცოცხლისათვის”
    -ისა…-წარმოთქვა უნებურად,  როცა ხიდის დამცავ ჯებირზე აცოცებულ წყვილს მოჰკრა თვალი. გოგო უკვე თითქმის გადამძვრალიყო, ერთი ხელით კაბას იჭერდა, მეორე კი დამცავ ბარიკადს აქეთ მყოფი ბიჭისთვის ჩაეჭდო.
    -მკითხე რამე, ბრატ?-გამოსძახა უცნობმა, ისე რომ გოგსთვის ხელი გაუშვია.
     -არა… არაფერი… ისა… რომელი საათია?
     -მაჯაზე დაიხედე, ბრატ!- გაიკრიჭა უცნობი.
     – გაჩერებულია!-რაც ენაზე მოადგა ის მიაყოლა და საათიან მაჯაზე ხელი მოისვა.
     -არ ვიცი ძმა, მობილური არ მაქვს…
     – მადლობა.
      კინაღამ გული აერია. სწრაფად მობრუნდა და იქაურობას გაეცალა.
      ამ დიალოგმა და ახალგაზრდა წყვილის უმეცრებამ საზიზღარ ხასიათზე დააყენა.
      ტელეფონი ამოიღო. ეკრანს დახედა.
       “დაჯდა. რატომ არ დავტენე? ახლა რაღას მოვუსმინო? არადა ,ისე როგორ გავძლებ?”
      ყურსასმენები თითებზე დაიხვია და ქურთუკის ჯიბეში შეინახა.
      უგემოვნოდ შეღებილ კედლებს თვალი მოავლო. ამან კიდევ უფრო დათრგუნა. ნაბიჯს მოუმატა.
      “რატომ არა ვარ მხატვარი, რომ დიდი, ძალიან დიდი ფუნჯი მქონდეს? არცერთ კედელს არ დავტოვებდი მოუხატავს. სულ ავაჩახჩახებდი აქურობას. ეგებ ამან მაინც გამოაფხიზლოს ხალხი? აი, ამ კედელზე ყვავილნარი კარგი იქნებოდა… იასამანი და ჟასმინი-საოცარ ჰარმნიას შექმნიდნენ, იქეთ იადონს, ან მოლაღურს მივახატავდი, აი აქ კი…
       უეცრად სახტად დარჩა. იქ, სადაც ახლა შვლის დახატვა უნდოდა წარწერა დახვდა:  YveLaze DzeRski SaStavi: NikuSHa, BacHoOo, BegLarR, KirPICHa, NaJaXa…
       გარინდებული უყურებდა კედელზე შავად წაწერილ ასოებს. “ეს რა უბედურებაა? აქ ხომ შვლის ნუკრის დახატვა მინდ… უხხ”- ვიღაცამ კვლავ  მხარი გაჰკრა.
       მკლავგაყრილმა გოგონებმა ჩაიცინეს და გზა განაგრძეს
       -უკაცრავად!- დაადევნა ბიჭმა. “რომ ვარსებობ!”- ეს კი გონებაში დაამატა ნათქვამ ფრაზას.
        უხალისოდ განაგრძო გზა. ცდილობდა კვლავ ხელოვნებისა და თანამედროვე ადამიანის ურთიერთობაზე ეფიქრა, მაგრამ აზრებს თავი ვერ მოუყარა.
        ამასობაში პარკს მიადგა. გამორთულ შადრევანთან ახლოს დაჯდა ძელსკამზე და აუზში ჩაყრილ ხის ტოტებს დაუწყო თვალიერება. მალე ესეც მოსწყინდა. ახლა საზურგეზე გადაშალა ხელები, ოდნავ ჩაცოცდა და ფეხები ბილიკზე გაშხლართა. მზე უმოწყალოდ ანათებდა, თუმცა ესიამოვნა თბილი სხივები. თვალები დახუჭა,  წარმოიდგინა, რომ სანტა-ესპერანსას ერთ-ერთ პლაჟზე წევს საცურაო კოსტუმში გამოწყობილი და მზეს ეფიცხება. “ახლა ქარიანების სანაპირო პირდაპირ მისწრება იქნება. უკაცრიელ სანაპიროს არაფერი შეედრება, როცა ასეთ მოჟამულ ხასიათზე ხარ”. ახლა ზღვის ტალღების ხმა ჩაესმა ყურში… ნელ-ნელა მოდუნდა და ძილ-ბურანში ჩაიძირა. “ახლა ვითომ ისე ვწევარ, თითქოს ფეხები სველ ქვიშაში მიდევს და ტალღები კოჭებამდე მწვდება”-გაიფიქრა და საოცარი შვება იგრძნო. “ეს ალბათ კიბორჩხალა დამეჯახა ტერფზე! სწრაფად უნდა ამოვწიო ფეხი, რომ მარწუხის ჩავლება ვერ მოასწროს”- გაიფიქრა და მუხლები მოხარა…
      მწარედ შეცდა… ეს არ იყო თეთრი კიბორჩხალა. ეს  შუა ხნის ქალბატონი გახლდათ, რომელიც მის ფეხს წამოედო და კინაღამ “კისრის კინჩხი” მოიტეხა.
      -რას გაშხლართულხარ აქ? კინაღამ დავეცი! მეტი ზრდილობა არ გაგაჩნია?
      -ისა… უკაცრავად ქალბატონო! ვერ შემამჩნიეთ?- ხმა დაიბოხა, რომ მეტი სერიოზულობა და ასაკი მისცემოდა.
       -რა უნდა დამენახა? ჩემი გასაჭირი არ მყოფნის? უFF…-თქვა შავოსანმა დედაკაცმა და გზა განაგრძო.
        გულში წვა იგრძნო ბიჭმა. საოცრად ზედმეტად ჩათვალა თავი დედამიწაზე.
        “ვინმეს უნდა დავურეკო! ახლა საუბარი მჭირდება! სასწრაფოდ!”- მობილური ამოიღო და ბატარეის ნიშნულის ბოლო ხაზს იმედით დახედა.
        “ოღონდ ახლა არ გაითიშოს, ოღონდ ახლა არა!-იმეორებდა და ნერვიულად აწვებოდა კლავიატურას.
         -ალო!
         -მარი, რავა ხარ? მიცანი?
         -კი ბიჭო, როგორ არა! სად ხარ? ასე უნდა დაკრგვა?
         – ხო რა ვიცი… აქ ვარ, პარკში. 2 საათში უკან უნდა დავბრუნდე, სწავლა მაქვს… შეგიძლია გამოხვიდე?
         -ბიჭო, ახლა დაქალთან ერთად ვარ სალონში და ვერ მოვახერხებ…
         -დათო საითაა? შენი ძმა?
         -კომპიუტერთანაა ალბათ! მაგის ამბავი ხო იცი… აირბინე ჩვენსას…
         -არა, ვერ მოვასწრებ. თან რაღაც ვერ ვარ ხასია…
         გამწარებულმა მოიშორა ტელეფონი ყურიდან და ჩამქვრალ ეკრანს დახედა. უსიცოცხლოდ ჩაიდო ჯიბეში და გახევდა.
         “რა ვქნა? როგორ გამოვაფხიზლო ხალხი? როგორ ვუთხრა, რომ მე აქ ვარ, მათ შორის! როგორ ვაიძულო, რომ ჩაუფიქრდნენ საკუთარ საქციელს? თავს ხომ არ მოვიკლავ, რომ… ისე, ეს კარგი იდეაა! წარმოიდგინე, გამოვალ აქ, შუა პარკში, და დავიყვირებ: ” ხალხო, ეს მე ვარ. მე უზომოდ მიყვარდა ლიტერატურა და პოეზია! დავდიოდი თქვენს შორის და ხელოვნების ნაპერწკალს ვეძებდი, მაგრამ ტკივილის მეტი ვერაფერი ვნახე. ახლა კი ბანანათევზების დასაჭერად წავალ!” შემდეგ ბოთლით ბეზინს გადავისხამ და საკუთარ გვამს ცეცხლს წავუკიდებ. უფროსებმა შეიძლება ვერ გამიგონ, მაგრამ აქ მოთამაშე პატარებს ეს სამუდამოდ ჩაებეჭდებათ გონებაში. იქნებ, ერთი მათგანი შემდეგ დაუფიქრდეს ჩემს საქციელს და თავის თავს ჰკითხოს: “რატომ მოიკლა იმ გიჟმა თავი? რა წერია ასეთი ამ დამტვერილ წიგნებში, ასე უხვად რომ გვიწყვია “ზალაში”? შემდეგ კი გადმოიღოს ერთ-ერთი მათგანი და გადაფურცლოს. ერთი პწკარიც რომ წაიკითხოს, ჩავთვლი, უაზროდ არ მომკვდარვარ!
          ამ ფიქრებს მოეცვა მისი დაღლილი გონება, როცა პარკში კაცის სასიამოვნო ბარიტონი გაჟღერდა. ყური მიუგდო და გაოგნდა. ეს რაღაც საოცრება იყო… ხმა რუპორიდან ლადო ასათიანის ლექსს საქართველოში გადმოსცემდა. განსაკუთრებით გულზე მოხვდა სიტყვები:   

“თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს

ერთი იმედით: სიცოცხლე მარად

გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. “

       გუნებაში გაიმეორა ეს სიტყვები. “ბრძოლა? განა ულმობელ ცხოვრებასთან ბრძოლაში არ მარცხდება თვითმკვლელი? განა ის გამოჰკრავს ხოლმე საფეთქელზე მიბჯენილი იარაღის სასხლეტს თითს? არა, ეს ცროვრების და ტანჯვის უგრძნობი კიდური აკეთებს ამას. ეს სწორედ რომ ისაა დამნაშავე! აქ ზედმეტია სუსტი ნერვების ადამიანის დადანაშაულება. არადა როგორ გვიყვარს მისი გაქირდვა!”
       ფეხზე წამოდგა. სული შეეხუთა და თვალებში დაუბნელდა. რადენიმე წამს ასე იდგა, რომ არ წაქცეულიყო. ნელა გადაკვეთა პარკი და გასასვლელს მიაშურა. მტკიცედ გადაწყვიტა ნებისმიერ ფასად გამოეფხიზლებინა საზოგადოება. ის-ის იყო, ქუჩაზე უნდა გასულიყო, რომ იმავე რუპორმა ჩუმად ჩაილაპარაკა:

“რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.”

        ღიმილით მიბრუნდა გამაძლიერებლისკენ. “ჩემს აზრებს კითხულობ, მეგობარო?” კვლავ გზისკენ მიბრუნდა და  ქუჩის გადაღმა ძველი წიგნების ბაზრობას მოჰკრა თვალი. ” Art Is a Answer”- ლენონის სიმღერიდან სახეცვლილი ფრაზა მოუვიდა თავში.
     -ეგ არის!- ჩაილაპარაკა და ქუჩაზე გადაირბინა…

Advertisements

5 responses »

  1. თვითმკვლელობას ყურადღების მიქცევის მიზნით სჩადიანო-ამბობენ, მაგრამ იმას კი არავინ უფიქრდება, რაზე გვაქცევინებენ თვითმკვლელები ყურადღებას. სათაური რა მაგრად გაქვს შერჩეული. და ეს ადამიანების დეფიციტი კიდე :(ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი – როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება!'' არასდროს, ილია! ძილი ხომ ტკბილია?!ხო, კიდე, ,ზალას' 'ჰოლი' ჰქვია დღეს :d

  2. მე მიყვარს ძილი, ოღონდ დრო მენანება :)ასეთი კარგი პოსტი ბოლოს როდის წავიკითხე აღარ მახსოვს, მგონი არც წამიკითხავს.თვითმკვლელობით გამოფხიზლებული არავინ მინახავს, მაგას სახეში გარტყმა სჯობს.კედლებზე ბევრი იასამანი ხატე ❤ "მართლაც და რა არის ხელოვნება? ესაა ეკლიანი გზა, რომელიც ყოველი ადამინისათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ერთეული თუ შეუდგება მას. დღევანდელ დღეს არავის აღარ აინტერესებს მუსიკა, მხატვრობა. წიგნები წაუკითხავთ ასე თუ ისე მშობლების ძალდატანებით. რათქმაუნდა, დედა ვერ აიტანს, რომ მისმა შვილმა არ იცოდეს ვინ იყო ბიძია თომა. სულაც არ აინტერესებს, ბავშვი რამდენად ჩასწვდა ნაწარმოების აზრს" წიგნები იკითხეთ ხალხო!- ვიყვიროთ მთელი ხმით!

  3. "ზალა" სპეციალურად მაქვს გამოყენებული!:) თვითმკვლელობის ამგვარი სახე საზოგადოებისთვის სახეში გარტყმა მგონია. წიგნები! წიგნები! წიგნები!:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s