ალცჰაიმერი და მე

სტანდარტული

    ალცჰაიმერის დაავადება, ანუ “სკლეროზი” როგორც მას ვუწოდებთ, ყველას გაგიგიათ ალბათ. მე არ დაგიწყებთ იმის ახსნას, თუ რა ბიოქიმიური დეგენერატიული ცვლილებები მიდის თავის ტვინში, უბრალოდ მოგიყვებით, რა მოსდის ადამიანს. თუ ფიქრობთ, რომ ეს შემეცნებით-სამეცნიერო პოსტია, იმედი გაგიცრუვდათ, შეგიძლიათ შეწყვიტოთ კითხვა! უბრალოდ ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი მინდა გავიხსენო.
    არც თუ ისე დიდ ოჯახში გავიზარდე. დედასთან, მამასთან უმცროს ძმასთან და ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი 14 წელი. ბავშვობიდან ბევრი ლამაზი სურათის გახსენება შემიძლია, თუმცა მნიშვნელოვანია მტკივნეულ ეპიზოდებს შევეხოთ. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა ბებომ “რაღაცეების” დავიწყება დაიწყო. ეშლებოდა სახელები, დღეები, უახლესი მოვლენები. ექიმმა გვითხრა, რომ პროცესი დაიძრა, და მას უკან ვერ დავაბრუნებდით. დამიჯერეთ, სასიკვდილო განაჩენივით ისმის ეს სიტყვები. როგორც მომავალ ექიმს, მესმოდა სიტუაციის მთელი სიმძიმე და აზრს ნელ-ნელა ვეგუებოდი, თუმცა გაძლება ძალიან გამიჭირდა… თუ არ გამოგიცდით (და ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ!), ვერ მიხვდებით რას ვამბობ. მოხუცი ამ ვერაგი დაავადების დროს დიდ ბავშვს ემსგავსება. მაგალითად, უეცრად იწყებს ტირილს არარსებული საფრთხის გამო. უსმენ, ამშვიდებ და ხვდები, რომ ეს ტირილი ქვეცნობიერად ადამიანის მიერ საკუთარი თავის დატირება უფროა. მუდმივად თვალს ადევნებ, რომ სადმე არ წავიდეს, არ გაგეპაროს, ან ტკბილეული არ მოიპაროს, ან რაიმე ღირებული ნივთი არ გადააგდოს. თავიდან უძლებ ამ ყოველივეს, მერე კი ბრაზდები. აი, აქ უშვებ ფატალურ შეცდომას! და მე ამას ყოველდღე ვნანობ!  ვნანობ ჩემს მიერ ხმამაღლა წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას. ვერ ვიტან საკუთარ თავს, როცა საკუთარი გაბრაზების ეპიზოდებს ვიხსენებ და ყოველთვის პატიებას ვითხოვ, თუმცა უკვე გვიანაა. არავის არ არის შემწყნარებელი…
     ეს საწყის ეტაპზე იყო ასე. შემდეგ სახლიდან წავედი და სასწავლებლად დეიდასთან გადავედი. მოვშორდი გამაწამებელ ყოველდღიურობას, რამაც საშუალება მომცა საკუთარ საქციელზე დავფიქრებულიყავი. არდადეგებზე შინ დაბრუნებული ვცდილობდი ბებოს მოვლა მთლიანად საკუთარ თავზე ამეღო და ძალას და ნებისყოფას არ ვზოგავდი. მისთვის კი მე ამ დროს უფროს შვილად გადავიქეცი. “ფრიდონ”- მეძახდა ნაზიკო ბებო და ვხვდებოდი ვის ეკუთვნოდა ეს მიმართვა- მე თუ ჩემ ძმას, რომელსაც ფრიდონი ჰქვია. მიწევდა ბებოსთვის ამეხსნა, რომ მე პირველ კლასში არ ვარ, რომ პიონერთა შეკრებაზე არ მივდივარ. აი, ასეთ რაღაცას ივიწყებს დაავადებული, თუმცა რაღაც ფაქტები ყოველთვის უშეცდომოდ იცის. შეიძლება ბებიას არ ახსოვდა, რა ჭამა დილით, თუმცა შეეძლო “ვეფხისტყაოსნიდან” საზეპიროები ეთქვა, ან ილიას სამწერლობო მოღვაწეობის კრიტიკაში დამხმარებოდა. წლების განმავლობაში სკოლაში ლიტერატურის მასწავლებლობამ ეს კვალი დატოვა მასზე.
     შემდეგ ჩავაბარე და თბილისში გადმოვედი. ბებოს მდგომარეობა სულ უფრო დამძიმდა. მან აღარ იცოდა ვინ იყო, საათობით ელოდა სამსახურში წასულ მეუღლეს, რომელის 1982 წელს გარდაიცვალა. ტიროდა ყველაფერზე და ეს გაცილებით მძიმე საყურებელი გახდა, თუმცა ვუძლებდით. იმის ახსნამ აზრი დაკარგა, რომ მე მე ვარ და უკვე უნივერსიტეტში ვსწალობ. მე უკვე ფრიდონი ვიყავი და გაკვეთილები ყოველთვის ნასწავლი მქონდა, პიონერ-ხელმძღვანელობასაც კარგად ვითავსებდი და საზაფხულოდ გაგრაში მივდიოდი ბანაკში. რა განცდა გეუფლება ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავ ადამიანს? ვერ გეტყვით, არ მახსოვს და არც მინდა მახსოვდეს. ერთია გონებრივი მდგომარეობა, მეორეა ფიზიკური. მოხუცი დაძაბუნებული და გამოფიტულია. ყველაფრის შეხსენება სჭირდება და არც უნდა დაიზაროთ. არ უნდა ითაკილოთ არაფერი მის მოვლაში, რადგანაც დასაცინი აქ არაფერია. და მეც ვაკეთებდი…
     მთელი პირველი კურსი კამერით ხელში გავატარე: ვიღებდი ყველაფერს რაც ირგვლივ ხდებოდა და ბებოს ერთხელაც არ გადავუღე სურათი… თითქოს მრცხვენოდა მისი… ახლაც ვერ ვხვდები, ადამიანი ასეთი შეუგნებელი როგორ უნდა იყოს, როგორც მე ვიყავი მაშინ.
    საგაზაფხულოდ აღდგომაზე ჩავედი შინ. ბებომ გამომკითხა უნივერსიტეტის ამბები, სტუდენტური ცხოვრების შესახებ, მითხრა, რომ მედიცინას მთელი გულისყურით უნდა მოვეკიდო და რომ კარგი ექიმი უნდა გავხდე. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა იმ მომენტში. ბებო უცებ ისეთი გახდა როგორც ადრე, ჩემს პატარაობაში. დიდხანს ვისაუბრეთ გულთბილად და მე წამოვედი…
    შემდეგ იყო გამოცდები. სესიები. არაფრისთვის არ მეცალა. სახლიდანაც არ დამირეკეს რამდენიმე დღის განმავლობაში. როგორც ყოველთვის მეც არ შევიწუხე თავი. ანატომიის გამოცდის წინა დღეს მამაჩემის მამიდამ, თინა ბებომ დამირეკა: “დიტო ბებო, ხო იცი რომ ნაზიკო ბებო აღარ არის?”

Advertisements

3 responses »

  1. დამბურძგლა.ყოველთვის გვიან ვხვდებით ადამიანები ჩვენს შეცდომებს, ან თუ დროზე მივხვდით გამოსწორებას არ ვცდილობთ, დასანანია.

  2. მოვედი კომენტარის დასატოვებლად. ვნახე და წავიკითხე, ამას წინათ, სანამ რაიონში წავიდოდი და ვეღარ დაგიკომენტარე. დიდ კომენტარებს არ მადებინებს და ამოტომ ორ ნაწლად გავყავი 😀 it's THE first one.

  3. საერთოდ,მე რასაც ვფიქრობ და გადმოვაფრქვევ, ესაა რომ ადამიანები თავისებურად გვიყვარს, სხვადასხვანაირად, ნივთებივით. ძველ ნივთებს ჰგვანან მოხუცები. თასვისი ადგილი რომ აქვთ ან კარადის თავზე, ან ,,სერვანდში'' ან სხვენზე, ანაც სანაგვეზე. და თითოეულმა ამათგანმა თავისებურად იცის მონატრება. და რაც უფრო ახლოს გაქვს, არასოდეს ვფიქრობთ, რომ ერთ დღეს შეიძლება მოგპარონ, ან შემთხვევით გადმოგივარდეს, ან გადაგიგდონ… დღესაც არ მჯერა, ბაბუა რომ აღარ მყავს. სულ იმ იმედით ჩავდივარ, რომ ჭიშკართან დამხვდება თავისი ხუმარა ენით და მოჭუტული თვალებით:( and the second one

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s