Monthly Archives: მაისი 2011

ჩემზე ამბობენ…

სტანდარტული

ფრაზები, კითხვები და ზოგადი შეხედულებები ჩემზე.

დედა:

აღარ ვართ შენი მოკითხვით! არ აიღო ტელეფონი და არ დაგვირეკო!
საჭმელი გაქვთ რაიმე?
ოთახი თუ დაალეგე? არც გეკითხები, ვიცი არ გამოხვეტავდი.
რა დროს ძილია?
რატომ ხარ ასეთი ინდიფერენტული?
ზოგადი შეხედულება: უწესრიგო, უპასუხისმგებლო.

მამა:

როგორი ამინდია მაქეთ?
მამიდაშენთან იყავი გასული? თინასთან? ზაზასთან? ხო, არ გახვიდე და არ გინდოდეს არავინ! არც სანათესაოდან და არც სამეგობროდან!
თმა შეიჭერი, თუ კიდევ ისე გაქვს გაბუძგული?
ზოგადი შეხედულება: ვის დაემსგავსა ასეთი უხასიათო და ჩაკეტილი!

ძმა:

PSP-ის დისკები ხომ არ გინახავს ინტერნეტში?
ზოგადი შეხედულება: სულ მეჩხუბება და მიყვირის. 

დეიდა:

რამდენ ღერს ეწევი დღეში, დეიდა?
რატომ ხარ სეთი გამხდარი?
ზოგადი შეხედულება: უპატრონოდაა ბავშვი მიტოვებული.

ლექტორები:

რატომ აგვიანებ?
შეგიძლია, მაგრამ არ აკეთებ!
რამეს ხომ არ მაიმუნობ? წამალს ხომ არ “ეთამაშები”?
ზოგადი შეხედულება: არაპუნქტუალური, მძინარა, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი.

მეგობრები:

გუშინ რატომ არ იყავი?
კიდევ გძინავს, ბიჯო?
სად ხარ აქამდე? 1 საათია გელოდები!
მალე მოდი, ოღონდ შენი დროით არა!
შენ სრული ბედნიერებისთვის მარტო ყოფნა გჭირდება, ოღონდ სამყაროსგან სრულიად იზოლირებული რომ იყო!
მთელი ეს დღეები მარტო იყავი? ვერ დარეკავ მერე და ვერ იტყვი, გამოვიდოდი.
მოკლედ შენგან ზარს და მესიჯს ვერ ეღირსება კაცი!
რატომ არ ინდომებ, დიტო?
შენ რომ გინდოდეს, ყველა საგანში ფრიადი გეყოლება.
“ნაოშნიკებს” რომ გაიკეთებ, ჩვენთან აღარ ხარ მერე!
“ბიტლზის” გარდა, ტელეფონში გაქვს რამე?
იან ტიერსენი ვინაა?
ნამდვილი “ამელი”-ს მანიაკი ხარ!
კინოს ყურების მეტს, აკეთებ რაიმეს?
დღეში მინიმუმ 1 ფილმი? ბოდიში შენთან! 🙂
დიტ, “ჰაუსი-“ს ახალი სერია დაიდო!
რაიმე კარგი კინო არ იცი, რომ ვნახო?
ძალიან გამხდარი ხარ, უნდა ჭამო!
მომშორდი, შე უწმინდურო!
შენნაირი გარყვნილი აზრების მქონე კაცის მნახველი არ ვარ!
კიდევ კომპიუტერთან ათენებ, შე პათოლოგო? წადი, დაიძინე!
ზოგადი შეხედულება: არაპუნქტუალური, ნიჭიერი-ზარმაცი, უმოტივაციო, კინომანიაკი, “მკვდარი” ბიტლომანი, ჯონ ლენონის ფანი, ათეისტი.

თუ რაიმეს დაამატებთ, დიდად დამავალებთ! ნუ დაიზარებთ, კომენტარი შეგიძლიათ ანონიმურად დატოვოთ.

სიზმარი

სტანდარტული

    მძიმედ წამოიწია საწოლიდან. ფანჯრისკენ გაიხედა, მაგრამ მზის სხივებს თვალი ვერ მოჰკრა. თავი ბალიშზე დადო და გვერდზე გადაბრუნდა. მუხლები ისე მოხარა, რომ კვირისტავებით ნიკაპს მიეყრდნო. მარცხენა ხელი წვივებზე შემოივლო, მარჯვენა- ბალიშ-ქვეშ ამოდო. ასე იწვა თვალდახუჭული ოციოდ წუთი, მაგრამ ვერ იქნა და ძილი ვერ შეიბრუნა. ზურგზე გადმობრუნდა და მთელ სიგრძეზე გაიშოტა. ფეხები დაჭიმა, ხელები საბნიდან ამოჰყო და ძლიერად გაიზმორა. უცებ წამოხტა. ზედმეტად სწრაფად მოუვიდა, თავბრუ დაეხვა და თვალებში ლურჯმა ვარსკვლავებმა დაუწყეს თამაში. გული მოეწურა, თითქოს სადღაც შიგნით ცივად შეუბერეს სულიო. დაბარბაცდა და ფეხი ტუმბოს მიატყა.
    -უუუხ, მოგიტ…!- გულიანად შეიკურთხა, მაგრამ არ ტკივილი არ დამცხრალა. საწოლ-ქვეშ ფლოსტები მოძებნა. ჩაჰკრა ფეხი და სწრაფად გაიქცა სააბაზანოსკენ ტრუსების ამარა…
     რამდენიმე წუთში უკვე კომპიუტერის ეკრანს მიჯდომოდა. გაყვითლებულ თითებს შორის მბოლავი სიგარეტი მოექცია, მეორე ხელს კი, ეკრანის ანთებას მოწყურებული, კლავიატურაზე ათამაშებდა. თითებით ისეთ რიტმს გამოსცემდა, თითქოს ცხენს მიაჭენებსო ჩორთით. ტელეფონმა დაურეკა. ეკრანს დახედა და გული მოეწურა. მევალე ახსენებდა თავს. ამ ტიპის უკვე 2500 მართებდა. “რეკოს და იყოს, მაგის დედაც ….”- ჩუმად შეიგინა. ეკრანს მიაცქერდა და ყვითელ მელას დაუწყო ძებნა. გული აუჩქარდა, პირში სიტკბო იგრძნო. საოცრად მოუნდა ნერწყვის გადაყლაპვა, მაგრამ ვერ შეძლო. L-ს დააწვა. საიტის მისამართი თვითონ ამოუგდო კომპიუტერმა. “ოღონდა ახლა არ მიმატოვო, ოღონდ ახლა არა და მამის სულს ვფიცავარ მეტს აღარ ვითამაშებ. ნახევარს შენ შემოგწირავ, დანარჩენით ვალებს გავიტუმრებ და მერე რაც დამრჩება..” წამით გული გაუჩერდა, ასე მოეჩვენა. საოცარმა სიმხურვალემ დაუარა ფეხისგულებში. ხელები აუკანკალდა. კოლოფი აიღო და სიგარეტი ამოიღო. რამდენჯერმე ჩამოჰკრა სანთებელას. უცებ წამოდგა და კედელს შეახეთქა. აფეთქების ხმამ შეაკრთო, წამით მოეშვა. თითქოს მარიონეტი ყოფილიყოს, რომელსაც ეს-ესაა ძაფები გადასჭრეს, მოწყვეტით დაეცა იატაკზე. მოიხარა, მოიბუზა, თავი მუხლებში ჩარგო. ემბრიონივით გაშეშებულმა რამდენიმე წუთი დაჰყო. “მე აქ არა ვარ! მე არ ვარსებობ! ეს ყოველივე უბრალოდ სიზმარია და უნდა გავიღვიძო! უნდა გავიღვიძო უნდა გავიღვიძო”. ამ ბოლო ფრაზას დაუსრულებლივ იმეორებდა და იმეორებდა.
     ტელეფონის ზარმა გაოაფხიზლა. “სვავი გრძნობს ლეშის სუნს!”- წამოდგა და ეკრანს დახედა. ახლაც მევალეს ზარს ელოდა. რამდენიმე წამი ყოყმანობდა, მაგრამ მაინც უპასუხა.
-ხო, დედა, როგორ ხარ?
-აღარ ვარ შენი მოკითხვით მოკლედ!
-კარგი ახლა, ნუ დაიწყებ…
-ბიჭო, რა მოგივა, რომ “ტრუპკა” აიღო და მოხუც დედას დაურეკო?
-ოოო, ხო იცი დედა, აქეთ სამსახური, იქით პროექტი….
-რა პროექტი? იცოდე, ახლაც თუ წინანდელივით მატყუ…
-არა დე, მამის საფლავს გეფიცები! პროექტში ჩავერთე, გითხარი წინაზე, მარა დაგავიწყდა ალბათ…ხიდის რესტავრაციას ვიწყებთ და მენეჯერად დამნიშნეს, გუშინ ვიყავი ობიექტზე და…
-გუშინ კი არა, გოგამ გიკითხა წუხელი! სადაა, ვნერვიულობო. უფროსი ეჩხუბაო, სამსახურში იშვიათად ჩნდებოდაო და ერთხელ ნასვამიც მისულხარ! ჩემი სიცოცხლე დაიფიცე, რამეს ხო არ მიმალავ?
-გოგამ რა იცის, მაგ დედამ…,-წამით მიხვდა რომ დედას ესაუბრებოდა და ხველა აუტყდა.
-რაო?
-არაფერი დედა, ცოტა გავცივდი და მახველებს. გოგამ რა იცის მეთქი. გაბრაზებულია ჩემზე, მაგის მაგივრად რომ დამნიშნეს და ახლა ჭორებს მივრცელებს.
-რა ვიცი შვილო შეწუხებული კი ჩანდა და…
-კაი რა, დედა! არ იცი ვინცაა? ვისი შვილიცაა?
-მოკლედ არ ვიცი რა მოგიხერხო რა! სულ წადი ხელიდან!
-დაიწყო ისევ! რა უნდა მომიხერხო, ბავშვი კი აღარ ვარ, ადამიანო! მივხედავ როგორმე ჩემ თავს.
-ჰმ, ბავშვი! ბავშვი მაღირსა შენი და მერე მომკლა თუნდაც. ის გოგო ნახე, ციურიმ რომ გაგაცნო ქორწილზე?
-ოოო, კაი ახლა! შემეშვი!
-კაი შვილო, კაი!
-გული რას გიშვება შენ?
-უჰ, კაი გამახსენე. წამალი დამიმთავრდა დედი. ამომირბენინე დღეს შენ კაიკაცობას!
     ამ სიტყვების გაგონებაზე ტუჩზე იკბინა ბიჭმა. ნაკბენს ენა გადაუსვა და მარილიანი მოტკბო გემო იგრძნო. ტელეფონი მარჯვენიდან მარცხენა ხელში გადაიტნა. სარკესთან მივიდა, საკუთარ თავს შეხედა. გუპარსავ წვერზე ხელი გადაისვა, ხელისგული პირზე მიიფარა. ძლიერად მოუჭირა ტუჩებს, უნდოდა მთელი ძალით ეღრიალა, მარამ კვნესა აღმოხდა მხოლოდ ფილტვებს.
-ალო! ფუ, ალო! გურამ არ გესმის? ალო! ალო!
-ხო დედა, მესმის!
-სად გაქრი, ბიჭო? მეგონა გაითიშა.
-არსად, აქ ვარ.
-ხომ მიყიდი, დედა? მე ფული არაღ მაქვს და პენსიას დააგვიანდება ჯერ. 25-ში მიწევს აღება.
-გიყიდი, დედა.
-კაი, შვილო. აღარ მოგაცდენ, სამახურში არ დაგაგვინდეს.
-კაი, დე. აბა, საღამომდე.
    ტელეფონი ყურიდან არ მოუცილებია. რამდენიმე წუთი ასე იდგა ყველასგან მიტოვებული და ზუმერს უგდებდა ყურს…
    

Power To The People- გუშინ და დღეს

სტანდარტული

იმ დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ. უჟმური ამინდი იდგა და სულაც არ მეხალისებოდა მეორე კორპუსში მისვლა ქიმიის გულისგამაწვრილებელი ლექციის მოსასმენად. სახლში ვიჯექი და პრესას ვათვალიერებდი. ეს ის ბედნიერი დრო გახლდათ ჩემს ცხოვრებაში, როცა ტელევიზორი არ მქონდა. გაფუჭებული კი არ იყო, საერთოდ არ მქონდა. არ მესმოდა გაუთავებელი ყაყანი პოლიტიკაზე, მყუდროებას არ მირღვევდა ხორხე-ენრიკესა და ლუსიას მრავალტანჯული სიყვარულის ისტორიები. ფეხბურთის ყურება გვაკლდა ერთადერთი, მაგრამ ამასაც ვიტანდით როგორღაც. ახლა საერთოდ აღარ ვუყურებ ფეხბურთს, ტელევიზორს მითუმეტეს.
ხოდა, იმას ვამბობდი, ჟურნალს ვკითხულობდითქო, და მობილურმა დარეკა. Deda- ეწერა ეკრანს. “იცის, რომ ახლა ლექციაზე უნდა ვიყო, ნეტა რა უნდა?”
მცირე ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე.
– სად ხარ?
-სად ვიქნები? უნივერსიტეტში, ქიმიაზე. რა იყო?
-არაფერი.
გათიშა.
“რა ხდება ნეტა? არასოდეს არ მირეკავს ხოლმე ასე მოკლედ. ან რა უნდოდა საერთოდ? ხომ არ ჩამოვიდა გაუფრთხილებლად და ფანჯარაში მდგომს ხომ არ მომკრა თვალი?”
კვლავ მობილურის ზარი. Mama
-სად ხარ?
-რა იყო, უნივერსიტეტში ვარ. რა მოხდა, დედიკომ დამირეკა წეღან და…
-ლექციების მერე პირდაპირ სახლში წადი!
-რა არი აღარ იტყვი ადამიანო? ხო მშვიდობაა?
-არაფერი არ არი! სახლში წადი პირდაპირ!
ეს უკვე რაღაც არ მომწონს. ბებიას რომ რამე მოსვლოდა, პირდაპირ მეტყოდა. “სახლში წადი პირდაპირ!”- უცნაურად ჟღერს. სხვაგან გახვევა არ მყვარებია არასდროს…
-რაღაცა ხდება, რატი!
-რა უნდა ხდებოდეს? მოიცა, მირეკავენ!- ტელეფონის ასღებად გავიდა რატი თავის ოთახში.
კვლავ დედაჩემმა დამირეკა,
-რა ხდება ხალხო, აღარ მეტყვით? ცალკე გიამ დამირეკა, ცალკე ახლა შენ, ბებია ხო კარგადაა?
-ბებია კარგადაა. აქცია დაარბიეს, არეულობაა. პირდაპირ სახლში წადი იცოდე.
-დაარბიეს? მერე ჩემთან რა გინდა? რომელი მომიტინგე მე მნახე?
-არეულობაა ქუჩაში. შეიძლება ურესიც მოხდეს.
-უარესი რა უნდა მოხდეს?- ვკითხე ისე, თორემ  პასუხი ისედაც ვიცოდი.
-რა მოხდა 91-ში? დროზე მიდი სახლში!
-კაი, ჰო! მივალ სახლში და დაგირეკავ…
-რატი, აქცია დაურბევიათ!
-ვიცი, ხო! დედაჩემმა მითხრა და სახლში მიდი მალეო!
-შენც, ბიჯო?- გამეცინა მე.
-ისეთი რა უნდა ყოფილიყო, ა?
-რავი მე?- მხრები ავიჩეჩე.
რამდენიმე საათის შემდეგ კომპიუტერის სათამაშოდ ჩავედით ეზოში. “ფლეისთეიშენზე” ფეხბურთის თამაში გვიყვარდა. დღეს არ “ვმაზავდით”.
მაღაზიიდან გავდიოდით გვერდით ოთახში, სადაც “სონები” იყო. ხალხი კუთხეში, ჭერთან ახლოს მიკიდებულ ტელევიზორს გაფაციცებით მიშტერებოდა. “ალბათ აქციის კადრებია”-გავიფიქრე.
-რა ხდება?
-ხალხი დაარბიეს!
-რატი, გაიგონე?
-მოდი კაცო, ჩავრთე უკვე.
-მოვალ, ხო!
ნახევარი საათის შემდეგ…
-გაიგე ტო?
-რა, ძმობას გაფიცებ?
-“იმედი” დაარბია სპეცნაზმმა. ვიღაცეები დაუბრედიათ კიდე!
-კაი ატრაკებ ეხა! რა დაბრიდეს, რეებს ბაზრობ?
-დაბრედვით არ ვიცი ტო, მარა კომენდატურის თუ რაღაცის საათიაო და რაღაცა მაგ პონტში.
-კომენდანტის საათი?- საუბარში ჩავერთე გვერდით მოთამაშეებს და ახლად შემოსულ ბიჭს შევხედე.
-ხო რა! დაჟე, ეს სამი დღე დასვენების პონტში გამოცხადდა!
-ვაა! რატი, ხვალ არ ვსწავლობთ!
-მერე?
-რა მერე? 1 საათი კიდევ დავამატოთ დროს. ხვალისთვის სამეცადინო არ გვაქვს!
-მიდი მაგისიც…
7 ნოემბრის უჟმური ღამე იდგა…

21 მაისს, გუშინწინ, ბაზალეთიდან ვბრუნდებოდით. სამეცნიერო კონფერენცია გვქონდა. თამარ მეფის ხიდთან გაჩერდა ჩვენი “მარშუტკა”. დავინახეთ, როგორ ჩაიარა წყლის ჭავლის მანქანამ, შემდეგ ორმა სამხედრო ავტომ, ერთზე წითელი ჯვრით. შემდეგ კი ამას მოჰყვა პატარა ყვითელი სამგზავრო ავტობუსების კოლონა, უნიღბო სპეცრაზმელებით ბოლომდე გაჭედილი.
“ალბათ კიდევ ტელევიზიის მისასვლელი გადაკეტეს. თან იქვე პოლიციის შენობაა, რომელიც სტრატეგიულ ობიექტად ითვლება. მასთან 20 მეტრზე ახლოს აქციის ჩატარება კანონდარღვევაა! ვიღაცეებს დასცხებენ”-გავიფიქრე, ხმამაღლა კი წავიმღერე:
Power to the People,
Power to the People…
-ვინაა ეს პროვოკატორი? დაჯექი კაცო, არ დაგვიჭირონ!- გაეცინათ წინა რიგებში გოგონებს.
-ჯონ ლენონის სიმღერის ტექსტის პერიფრაზირებისთვის თუ დამიჭერენ კარგად ყოფილა საქმე!- გამეცინა და სიმღერა განვაგრძე…
სიმღერა უცებ მომენტმა მოიტანა, მინდოდა დაძაბული სტუდენტების ყურადღება სხვა რამეზე, ხელოვნებაზე გადამეტანა. ხოლო თუ რას ვფიქრობ ამჟამად შექმნილ მდგომარეობაზე, რომელსაც “რევოლუციას” უწოდებს ოპოზიცია,  აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ! შემდეგ კი ჭეშმარიტად რევოლუციურ და ნამდვილად ადამინთა ბედზე მზრუნველ მომიტინგეთა ჰიმნს მოუსმინეთ.

ხელოვნება, რომელიც გცვლის. კინო

სტანდარტული

ძალიან მრცხვენია ამ თემაზე საუბარი! თითქოს შავ ლაქად მიჰყვება იგი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ მას ვერავინ ამჩნევს! მხოლოდ მე ვიცი და ამის წაკითხვის შემდეგ თქვენც გახდებით ამ საიდუმლოს თანამონაწილენი.
იყო დრო, როცა ჰომოსექსუალიზმი და ზოგადად ჰომოსექსუალები ჩემში უკიდურეს აგრესიას იწვევდნენ. მე მათ, როგორც ადამიანებს, არ აღვიქვამდი. ზოგადად სიტყვა “გეი” არ არსებობდა ჩემთვის, “პიდარასტი”- იცოცხლე. ამ სიტყვას თან მოვაყოლებდი აუცილებლად გინების კორიანტელს და ეს ორი ისე შეეზარდა ერთურთს ჩემს შეგნებაში, რომ ცალ-ცალკე მათი არსებობა წარმოუდგენელი გახდა. მე იმ იშვიათ გამონაკლისს ვეკუთვნოდი, რომლებიც “პიდარასტების პარადის” ჩატარების მომხრეები იყვნენ, თუმცა ნამდვილ მომხრეთა მიზეზებისგან განსხვავებით, მე ჩემი მიზეზები მქონდა.
“როგორ არ გამოჩნდება ხალხი, ვინც დაავლებს ხელს ჯოხს, კასტეტს და ამ უმსგავსოთა ხროვას კარგად გაასილაქებს? მე კი აუცილებლად მათ შორის ვიქნები და საკუთარ გასაკეთებელს, ვალს მოვიხდი მომავალი თაობებისა და ერის წინაშე!”- ასეთი აზრები ტრიალებდა თავში კარგა ხნის განმავლობაში…
გავიდა დრო და  ოდნავ დააშოშმინდა ჩემი ჰომოფობი გონება, თუმცა გინება და დამცირება სქესობრივი უმცირესობისა ვერ მოვიშალე. ხმამაღლა თუ არა გულში მაინც შევუკურთხებდი ხოლმე და ეს შვებას მგვრიდა! (რაოდენ ლაჩრული, არაკაცური იყო ჩემი საქციელი თქვენვე განსაჯეთ. მე კი  ამას საკმაოდ გვიან  მივხვდი!)
ასე გაგრძელდებოდა ალბათ კარგა ხანს, მითუმეტეს თუ საზოგადოებაც ხელს გიწყობს! ხედავ, რომ არავინაა მათი დამცველი და ყველა თელავს თითოეულ ასეთ ინდივიდს. ვინც გაბედა და ხმა ამოიღო მათ დასაცავად, მასაც “პიდარასტის”, “თაობის გამრყვნელის”, “ეკლესიის შეურაცმყოფელის” იარლიყი მიაკერეს. ამის შემდგომ, რათქმაუნდა, ბრბომ ისიც გათელა დაუნანებლად.
ერთ საღამოსაც, ნამდვილ სინემას დანატრებული, ბლოგებზე დავძვრებოდი და საკბილოს ვეძებდი. სწორედ ერთ-ერთ  ბლოგზე წავაწყდი ამ ფილმის შესახებ მოკლე რევიუს.

“პიდარასტების პროპაგანდა!”- ჩავილაპარაკე და ფილმის გადმოწერა დავიწყე, რათა შემდგომ მეთქვა: “გაქვთ ნანახი ეს ფილმი? მაგის გადამღების ცისფერი დედა მოვ….”
სურათის დასაწყისში ნათქვამმა ფრაზამ, “ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე” მიმახვედრა, რომ “ჰეფი ენდის” იმედი არ უნდა მქონოდა.
” ალბათ ასეც უნდა იყოს! ვიღაც ჯიგარი ალბათ დაბრიდავს ამ პიდარასტს და ვსიო! მერე იქნება მორალის კითხვა, თუ რა ცუდია ჰომოფობი საზოგადოება. ჰომოფობი ვარ, ვინმეს რამე პრობლემა აქვს?”- გავიფიქრე და ყურება განვაგრძე…

ფილმის დასრულების შემდეგ გაშეშებული ვუყურებდი ჩამქრალ ეკრანს. იმ მომენტში მე მივხვდი, თუ რა ტკივილს განიცდის თითოეული მათგანი, როცა ჩვენ მათ ვკლავთ! დიახ, ვკლავთ ჩვენი ზიზღით, ჩვენი ამრეზილი მზერით, გადაკვრით ნათქვამი დაცინვით. მივხვდი, თუ რაოდენ უსუსური ვყოფილვარ, როცა ჰომოფობობა მეამაყებოდა…
წამით გავიაზრე, რომ საზოგადოებაც ისევე გახელებით ცდილობს დაიბანოს ხელი, როგორც ამას მთავარი გმირი ცდილობს ერთ მომენტში, როცა გეის ჩამოართვა ხელი, რათა მოიცილოს ის ჭუჭყი, რასაც თვითონ ჰომოსექსუალიზმს უწოდებს.
მე  ვცდილობ დაგანახოთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენმა ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი მოკლას ადამიანი. და თუ სადმე მოისმენთ, ან წაიკითხავთ, რომ ვიღაც ახალგაზრდამ თავი მოიკლა მისდამი ჰომოფობური დამოკიდებულების გამო, დაფიქრდით, იქნებ ეს სწორედ თქვენ ჩაიდინეთ თქვენივე გაუაზრებელი ზიზღით…

P.S. 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა.

საჯარო ბოდიში გრაფინიას!

სტანდარტული

ბოდიშს ვუხდი გრაფინიას! მერამდენედ დავპირდი ახალ პოსტს და ვერ დავახვედრე! მაპატიე სალ, ვერ მოვასწარი დაწერა, თან არ მინდა რომ უბრალო გამომივიდეს და თან დროც ვერ გამოვნახე საკმარისი! უახლოეს ხანში დავწერ! (დროს აღარ დავაკონკრეტებ!)