Monthly Archives: ივნისი 2011

სტუდენტის ერთი დღე, ანუ ჩემი ყოვედღიური რუტინა [ნაწილი I]

სტანდარტული

თვალებდახუჭული ვიღებ მობილურს და “ბუძილნიკ”-ს ვთიშავ, აქვე გავიფიქრებ, რომ აუცილებლად შევცვლი მაღვიძარას მელოდიას. თბილად ვეხვევი და ძილს ვაგრძელებ. კიდევ კარგი, თანამედროვე Alarm-ებს ასეთი ფუნქცია აქვს: გათიშავ და რამდენიმე წუთში კიდევ რეკავს:) 3 წუთიანი ინტერვალით რამდენჯერმე დარეკვის შემდეგ სწრაფად ვდგები, რადგანაც უკვე დამაგვიანდა. ტრუსების ამარა გამოვრბივარ და მაშინვე სიგარეტს ვეძებ. მოვუკიდებ, ჩამოვჯდები და ვფიქრობ: “აი, დასრულდეს ეს კურაციაც, მოვიშორო ეს საგანი და დავანებებ თავს! საერთოდ რატომ ვეწევი?” გამოცდაზეც კი რომ მაგვიანდებოდეს, ეს დაწყევლილი რიტუალი მაინც უნდა შევასრულო. 3-4 წუთში ვბრუნდები საძინებელში და ვცდილობ იქ შექმნილ ქაოსში გავერკვე. ტანსაცმლის ძებნაში ვპოულობ მობილურის დამტენს, რომელსაც დაძინებამდე თითქმის 1 საათი ვეძებდი, კრიალოსანს, სათამშო ცეპს, ო’ჰენრის მოთხრობათა კრებულს, მშრალ წებოს, სიგარეტის კოლოფს, რომელიც ფერფლითაა სავსე. ეს ყოველივე არეულა ჭუჭყიან ტანსაცმელთან, რომელთა გარეცხვაც უკვე მერამდენედ გადავდე. მაშინვე პირობას ვდებ, რომ აუცილებლად გავრეცხავ, როგორც კი სახლში დავბრუნდები. ვიცმევ სუფთა ტანსაცმელს, რასაც პირველს წავაწყდები და მერე მახსენდება, რომ სააბაზანოში არ გავსულვარ. მალე გამოფხიზლებული, სველი შუბლით და თმით სარკის წინ ვდგავარ. მოვალეობის მოხდის მიზნით ვისწორებ თმას და ბაკენ-ბარდებს. ვიკეთებ საათს, რომელიც გაჩერებულია და დაქოქვას საჭიროებს, ვიკეთებ ყურსასმენებს და გავდივარ. ვკეტავ კარს და ზარს ვაძლევ. (კიდევ ერთი გაუცნობიერებელი ჩვევა, რომელიც ვერ მოვიშალე) საათს ვიხსნი, ვასწორებ. ჩავრბივარ კიბეებზე და მაშინვე “პოპულში” შევდივარ. იციან რაც მინდა, ამიტომაც არფერს მეკითხებიან, არც მე ვითხოვ რამეს. ფულს ვაძლევ და ისინიც ხურდას ხმამაღლა მომაწვდიან სიგარეტთან ერთად. გამოვდივარ თუ არა, ვხსნი და ნაგავს იქვე მდგარ ყუთში ვყრი. კოლოფს ჯიბეში ვიდებ და ტელეფონს ვიღებ და Playlist-ს ჩამოვყვები. ამ ბოლო დროს ძირითად პოლ მაკარტნის RAM-ს შევეჩვიე და შესაბამისად…

გაჩერებაზე ტრანსპორტის მოლოდინში ვფიქრობ: “სახლის კარი დავკეტე თუ ღია დავტოვე? ხომ არ ავბრუნდე? მეზარება…” არასოდეს არ ვბრუნდები შესამოწმებლად ისე მივდივარ უნიში. გზად ვფიქრობ რა მიზეზი ვთქვა ლექტორთან დაგვიანების გასამართლებლად. (რამოდენიმე “მარგალიტი” ჩემი ფიქრებიდან: დილით წნევა მქონდა და ვერ მოვედი… მეგობარს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი… დავეცი და ფეხი ვიღრძე… “მარშუტკა” ავარიაში მოყვა და გადაბრუნდა… სახლიდან გამოსვლისას ბანდიტურმა დაჯგუფებებმა სროლა ატეხეს და მე “პერესტრელკაში” მოვყევი… სახლთან დამხვდნენ და მესროლეს…) ლექტორის წინ კი ყოველთვის ვამბობ: გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს, ჩამეძინა, ტრანსპორტმა დაიგვიანა.

Advertisements

U-Torrent-ობა დღეს

სტანდარტული

მოკლედ რა ხდება. ახლახანს ჩავრთე კომპიუტერი და აღმოვაჩინე, რომ Torrent საიტები დაბლოკილა. მიზეზი კი არც მეტი, არც ნაკლები “აგვისტოს 5 დღე”!
ამ ფილმზე კინო-თეატრში წასვლა მას შემდეგ გადავიფიქრე, რაც გოგი გვახარიასეული განხილვა წავიკითხე. ამას დაემატა მეგობარი კინომანების შეფასებები და გადაწყვეტილებაც გავამყარე. ნამდვილად არ მაქვს ზედმეტი 10 ლარი უაზრობაში გადასაყრელად, მითუმეტს, რომ  “ბოევიკები” ნამდვილად არ ზის ჩემს კინო გემოვნებაში. რასაც ვიწერთ დღეს: პროგრამებს, თამაშებს, ფილმებს, მუსიკას- ყველაფერი პირატულია! რა, არ იცოდით ამის შესახებ? თუ ლიცენზირებული გნებავთ, გადაიხადეთ ბატონო ფული! მაგრამ არის კი დღევანდელობაში ამის საშუალება? მოკლედ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს…
ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ფილმის “პირატული” ვერსიის გადმოწერას, თანაც ორიგინალში. სამწუხაროდ, იმდენი ინგლისური არ ვიცი, მაგრამ, პრინციპში რა აზრი აქვს? მაქსიმუმ ერთ თვეში ყველა ტელეკომპანია აჩვენებს საზეიმოდ ამ საოცრებას. ( არ გეჩვენებათ, “ბრჭყალები” არ გამომიყენებია!) რათქმაუნდა სუბტიტრებით და უბრალო ერს საშუალება მოგვეცემა კიდევ ერთი ჰოლივუდური “ჰიტი” წავიკითხოთ.
დღეს არც ტორენტის გამოყენებას არ ვაპირებდი, მაგრამ აკრძალვამ პროტესტის გრძნობა გამიჩინა. არ მინდა ბატონო მე თქვენი “აგვისტოს 5 დღე”, ეგებ სხვა რამეს ვეძებ! რა, არა მაქვს უფლება? ახლა სურვილი მაქვს პრინციპულად გადმოვწერო ჰარლინის “შედევრი” და შემდეგ წავშალო, ისე რომ ერთი კადრიც კი არ ვნახო! მიზეზი მარტივია, ამ ფილმის ნახვა ისევ შემქმნელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ხომ შეიძლება, კომპიუტერის ეკრანზე ნანახმა არ დამაკმაყოფილოს და დიდი ეკრანისკენ გავწიო? (მეტი არაა ჩემი მტერი!!!)
კიდევ კარგი, არსებობს ხალხი, ვინც სხვაზე ზრუნავს და ამ U-Torrent-ობის ჟამს არ ივიწყებს თანამოძმეთ! აქ და აქ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
I Love

ბარიგა

სტანდარტული

-ალო!
-რავა ხარ ბრატ? გურამა ვარ!
-ააა, ხო! რავა ხარ გურამ?
-ისე რა… ცუდად! საქმე მაქვს შენთან! გცალია დღეს?
-რა საქმე?
-კაი რას გამოიშტერებ თავს! რა საქმე უნდა მქონდეს მე შენთან?
-ხო არ უბერავ? რა ქარაგმებით ბაზრობ?
-ე ბიჯო, არ მინდა ტელეფონში ბაზარი! იტოგში, გცალია, თუ არა?
-ეეე! ხო, მცალია. ამო!
   ტელეფონი გათიშა და დივანზე მოისროლა. აბაზანისკენ წაჩანჩალდა. გაუპარსავ სახეს მოკრა თვალი სარკეში. “რას გავხარ, შე ჩემა?”- ჩაილაპარაკა და ონკანი მოუშვა.
   ცოტა ხნის შემდეგ უკვე სავარძელში იჯდა და გაზეთს ათვალიერებდა. “მოვა ახლა და დაიწყებს ისევ თავისებურად: “ძმურად, მიშველე, ხო იცი ძმა ხარ… მაგანაც გაატრაკა რა!” შეამჩნია, რომ ნახევარი გვერდი უკვე წაეკითხა, მაგრამ  წაკითხულიდან აღარაფერი ახსოვდა. “რას ვკითხულობდი? ოხ, გურამ შენი …”- შეიკურთხა და გაზეთი მოისროლა. პულტს დაუწყო ძებნა, მაგრამ ასეთ დომხალში ვერსად მიაგნო. “არა რა! ჩემი გამოსწორება არ იქნება!”
   ზარის ხმა მოესმა. ზანტად წამოიწია სავარძლიდან და იატაკზე დაგდებულ გაზეთს დასწვდა. დაკუჭა და ნაგვის ურნაში ისე ისროლა, როგოც ბურთი კალათში. ააცილა. დაგორგალებული გაზეთი ახლა სამზარეულოს მაგიდის ქვეშ აღმოჩნდა. “ფუ შენი, რა თარს ფეხზე ვარ!”
-ვა, ზდაროვა ბრატ! რავა ხარ?
-ნარმალნა! თავად?
-აუ, ცუდად ტო! უნდა მიშველო!
   “დაიწყო!”-გაიფიქრა და ამოიხვნეშა.
-მიდი, იბაზრე!
-უსაფრთხოა?- იკითხა გურამმა და არეული ოთახი მელიას თვალებით მოათვალიერა.
-არ აგაწნა ბიჭო! რაებს ბაზრობ დაუკვირდი!
-აუ, იზვინი, რა! ხო იცი რო ლომკისას იზმენა მაქვს! არ გაგიტყდეს, ხო იცი, ჩემი ძმა ხარ!
-მიდი ჰა! ამოალაგე დროზე რა გინდა! გასასვლელი ვარ.
-კაროჩე, წინაზე რო მომეცი გახსოვს? კიდე მინდა ერთი ზახოდი.
-რა მოგეცი აბა?
-გურამ რჩეულიშვილის “მუნჯი ახმედა და ზღვა”. აუ, რა გამისწორდა იცი?
-ე ძმაო, ეგ ვის არ გაუსწორდება?
-გაქვს კიდე, რჩეულიშვილის რამე?
-ეგ ძმაო რედკი ვეშია. წინა საუკუნისაა რაც არ უნდა იყოს.
-ეგ მინდა მეც, თორე არ გავკარი “საიდუმლო სირობას”!
-ბიჯო გადამრევ შენ! გაქვს წაკითხული, რომ აგინებ?
-არა ტო! არ გამისწორებს ვიცი!
-თუ არ იცი, ნურც აგინებ! კარგ მთქმელს- კარგი გამგონეო!
-დამიწყე ახლა მორალი! ამათაც რა ვუთხარი, სათავეში რო ზიან! ხელოვნებას კაცი აკრძალავდა? გამომაშტერა ამ სერიალებმა  და პოლიტიკურმა თოქ-შოუებმა!
-“სხედან”, და არა “ზიან? ნუ იტყვი, აკრძალვამდე ხო ატალახებდი ბიბლიოთეკის კარებს!
-კაი რა! გაიგე, ვახტანდა რო დაიჭირეს?
-როდის? რაზე?
-რაზე დაიჭერდენ? გამსახურდიას “დიონისოს ღიმილი” უშოვია სადღაც და წაკითხვის მერე დაწვა დავიწყებია! ფაქტით ხელში დაიჭირეს რა. აღიარებაში თქვა: 15-ჯერ წავიკითხე და რომ მომცეთ კიდევ ამდენჯერ წავიკითხავო!
-ეჰ, გამსახურდია.. მიჩვევა იცის კი. წიგნს რა უქნეს?
-რას უზამდნენ? საჯაროდ დაწვეს!
-უხხხხ, მე მაგათი უწიგნარი დედა …
-კაი ჰო! ნუ აიჭრები!
-რა? შენ იცი რა არის საერთოდ “დიონისოს ღიმილი”? იცი??? მე ვიცი! 16 წლის ვიყავი პირველად რომ წავიკითხე და მისი სუნი ახლაც მახსოვს! ასეთი წიგნის განადგურება ქვეყნის წინაშე ჩადენილი ცოდვაა!
-ეგეთი მაგარია ვითომ?- წარბი ასწია გურამმა.
-ე, მაგარი ის სიტყვა არაა. გენიალურია, გენიალური.
-მოკლედ გაქვს ჩემთვის რაიმე? ვკვდები კაცი!
-ა, ჰო! მაქვს. “ალავერდობა”. საოცარი რამაა. მოგცემ და წაიღე. ნელა წაიკითხე და დაუფიქრდი. ცოტას დაგგრუზავს, მაგრამ აქ რაღაცას მაინც მოგიმატებს!-თქვა და საფეთქელზე მიიკაკუნა თითი.
-აქ დამელოდე, მოვძებნი და მოგცემ. შენ ამასობაში რაც მოსაცემი გაქვს შეამოწმე.
    სააბაზანოსკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. უნიტაზის “ბაჩონკას” თავი მოახრახნა და იატაკზე დადო. ცელოფნის პარკი ფრთხილად ამოიღო ცივი წყლიდან და წვეთები ხელით მოაშორა. ფაქიზად შეხსნა ზონარი და ფურცლები ამოიღო. სწრაფად გადახედა და საჭირო რაოდენობა შეარჩია. დანარჩენები უკან შეინახა, თავი მოუკრა პარკს და კვლავ წყალში ჩაუშვა.
-აჰა, ესეც რჩეულიშვილი. გახსოვდეს, რაც გითხარი! აბა, სანაცვლოდ?
-აჰა, რეზო ინანიშვილის “მირანდუხტ” მაქვს შენთვის.
-ვა, ოქრო ხარ! ბავშვობის მერე არ წამიკითხავს.
-მაგარი მოთხრობაა, თან კარგადაა შენახული! მოკლედ, ერთი გოგოა, მირანდუხტი ჰქვია და…
-სტოპ! გაგიჟდი? რას აკეთებ?
-ა, ხო! ბოდიში. ისე, არ გენანება რჩეულიშვილის გაცვლა?
-მისმინე, თუ ეს მოთხრობა ვინმეში მაინც რაღაცას გააღვიძებს, გამოაფხიზლებს და ღირეულს შემატებს აზროვნებას, მზად ვარ მთელი ჩემი ბიბლოთეკა სულ უფასოდ დავარიგო. რა გინდა ძმაო, ვიღაც ბინძური ბუკინისტი არ გეგონო, ხელოვნებას რომ ფულზე ყიდის და მერე წყნარად იძინებს. წიგნს, ფირფიტას, კინო-ლენტას რომ ყიდი, უკეთესს რას ყიდულობ? მე სანაცვლოდ კვლავ წიგნებს ვითხოვ, ანუ მე ვცვლი, ხელოვნება მოძრაობაში მომყავს და ვცდილობ ერთი მფეთქავი ძარღვი მაინც შევუნარჩუნო. სადღაა ახლა ჩემისთანა ხალხი?
-ხოდა, ამიტომ გეუბნები ჩემი ძმა ხართქო! კიდე რა გაქვს, რომ ვიცოდე წინასწარ?
-გოდერძი ჩოხელის მთლიანი წიგნი მაქვს!
-კაი ეხლა, ნუ ღადაობ!
-წადი შენი, რას გებაზრები…
-კაი, მართლა? იცოდე, ჩემამდე ვინმეს თუ მისცემ დაგიჭერ და…
-ჰო, კაი,კაი ახლა! ჯასტინ ბიბერი არ დამაჭრა ყურებზე!
-კაი, გავვარდი მე. ერთი სული მაქვს, სახლში როდის განვმარტოვდები. სპასიბა კი არადა, მადლობა!
-წარმატებები.
    თვალი ჩააყოლა, კიბეზე როგორ ჩარბოდა და გულის ჯიბეში შენახულ ფურცლებზე როგორ დაედო ხელი გურამს. გაეღიმა და ოთახში დაბრუნდა.
   “ერთხელაც გაუქმდება კანონი “ხელოვნების აკრძალვის” შესახებ, და მერე ისე იქნება, როგორც მანამ. მთელ ხმაზე ჩავრთავ ბიტლზს, ლენონს, მაკას, ჰარის, ბეთჰოვენს, ყველაფერს რაც კი არსებობს. მზის ჩასვლისას წავიკითავ სელინჯერს სანაპიროზე, გვიან ღამით ვუყურებ ლარს ფონ ტრიერის, ჯარმუშის, ოძუს, გას ვან სანტის ფილმებს. ეჰ, როდის მოვა ის დრო? მანამდე ისევ ხელოვნების გავრცელებით უნდა გავიტანო თავი. მერე რა, რომ სანაცვლოდ მოტანილ წიგნებს ვერ შეჭამ? მთავარი ის ხომ არაა, კუჭს აივსებ თუ არა? სანამ წიგნი მაქვს, ყველაზე მდიდარი მათხოვარი ვიქნები მთელს დედამიწაზე.”
    სავარძელში მოთავსდა, მაგიდაზე ორად გადაკეცილ ფურცლების დასტას დასწვდა და დაიწყო: “მაღაზიაში სამი განყოფილება იყო, სამი გამყიდველი მუშაობდა, ორი ქალი- მარო და მარგალიტა, ერთიც კიდევ კაცი, გერონტი….”