Monthly Archives: ოქტომბერი 2011

ბრძოლა

სტანდარტული

   თავი ასტკივდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, დაიღალა…
   კარგახანია ასე აღარ მოსვლია. ცხოვრების უაზრობამ, მონოტონურობამ სულიერად გატეხა. რამდენიმე დღეა წესიერად აღარ სძინავს. გამოთიშული დაყიალობს ქუჩაში.  მის მოძრაობაში ხალისის ნატამალსაც ვერ შეამჩნევ. უგერგილოდ მიაბიჯებს თავჩახრილი. აზრებს თავს ვერ უყრის, კონცენტრაცია უჭირს ერთ საგანზე. საკუთარ რაობას ჩაუღრმავდება და უფრო უკვდება გული. ხვდება, არავინ არაა, არაფერს წარმოადგენს, სიტყვა არ ეთქმის არაფერში. როგორღაც ახერხებს სიცოცხლის ძაფს ჩაეჭიდოს, არარაობის შეგრძნებას გაუმკლავდეს. ჯერ-ჯერობით გამოსდის. ალბათ, ოდესმე გატყდება ფიზიკურადაც. “მეგობარი მაინც მყავდეს, ისეთი, რომ მიმახრჩოს და ეს მტკივნეული ცხოვრება შემიმოკლოს”- ფიქრობს თავისთვის, და სადღაც გულისსიღრმეში უხარია კიდეც, რომ მსგავს ადამიანს ჯერ არ გადაჰყრია.
   მაინც მიხოხავს ეკლიან ბილიკზე…
   გვირაბის ბოლოს უკუნი ეგულება.

ნაპერწკალი

სტანდარტული

   მოწყვეტით ჩაეშვა ტყავის რბილ სავარძელში. გვერდით ექიმები ისხდნენ და პაციენტზე ჭორაობდნენ. წინა ღამის ნაქეიფარი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ზედმეტად ბევრი არაყი დალია და ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გულმა და კუჭმა ანატომიური ადგილები გაცვალეს. სტომაქში საოცარი არეულობა იგრძნობოდა, ცოტაც და პირში სოდის გემოს იგრძნობდა, შემდეგ კი ნერწყვდენა აუტყდებოდა. უცებ, კვლავ  მოუარა საოცარმა ჟინმა. ხმა მის ირგვლივ მინავლდა, სიტყვები გაურკვეველი გახდა, გამოსახულება გაუფერულდა. მან იცოდა, ეს რასაც ნიშნავდა…
   ჩანთიდან კონსპექტის ქსერო-ასლი ამოიღო. გადაატრიალა და სუფთა გვერდს დააცქერდა. საწერკალამი ნერვიულად აათამაშა ხელში. “მიდი, რაღას უცდი?”- ჰკითხა წარმოსახვას. ტვინში რაღაცამ თითქოს ციალი დაიწყო…
   “გურამი კორიდორში ბოლთას სცემდა. ნერვიულად დააბოტებდა აქეთ-იქით. მარცხენა ხელს მტკივან მუხლზე იკიდებდა. სახრის ტკივილს ჭკუიდან გადაჰყავდა ახალგაზრდა კაცი.
   “აქამდე როგორ მოვედი? რა დაემართა ჩემს ახალგაზრდულ სულს? სად გაქრა ის მხნეობა, ენერგია, ციბრუტივით რომ ატრიალებდა, აწ უკვე ლეშად ქცეულ, ჩემს კუნთმაგარ სხეულს?”
   ვინც მას ადრე იცნობდა, კარდინალურ ცვლილებას ადვილად შეამჩნევდა. ერთდროს ყველა თავყრილობის სულისჩამდგმელი, დაუცხრომელი მოქეიფე, პირველი დამრტყმელი, ახლა ისე მომჩვარულიყო, სიბრალულს იმსახურებდა…”
   ექიმებმა ჭორაობა შეწყვიტეს. მათ მზერას ის სხეულით გრძნობდა. ერთი ოდნავ წინ წამოიწია, რომ ოკრობოკრო ნაწერი გაერჩია. არ ესიამოვნა…
   ლექტორი დაინახა, მისკენ რომ მოემართებოდა. ფურცლები დაკეცა და თეთრი ხალათის ჯიბეში ჩაიდო.
-როგორ ხარ, ლიპარტელიანი?
-არამიშავს, პატივცემულო.
-როგორაა შენი საქმე?
-ცუდად…
-არა, ძალიან ცუდად! მერე? რას აპირებ?
-არ ვიცი…- თავი დახარა.
“ჩემს იდიოტიზმზე შეგიძლია იცინო”- აკუტაგავას სიტყვები მოუვიდა ანაზდად თავში. მიხვდა, ზედგამოჭრილად შეეფერებოდა ეს ფრაზა.
   ლექტორმა გზა განაგრძო. ჭორიკანა ექიმები ამჯერად თვალებით ბურღავდნენ მის მოკუნტულ სხეულს. სოდის გემო იგრძნო, ნერწყვმა დენა დაიწყო. ” როგორც იქნა!”- გაიფიქრა და საპირფარეშოსკენ წალასლასდა…

Jealous Guy- უსისხლო ბრძოლის ქრონიკები. ნაწილი 1.

სტანდარტული

მოკლედ, დავიწყე! მთელი დღეა ამის დაწერა მინდა, მაგრამ გადავდე, გადავდე და აჰა!  ეს დღეც გასრულდა. სხვა დროს სიზარმაცეს დავაბრალებდი, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. ყველამ იცის, რომ როცა რაიმე, ან ვინმე ზედმეტად გიყვარს, მის შესახებ დაწერა რთულია. აქ ირთვება თვითკრიტიკის, წინააღმდეგობის ჭინკა, და სულაც შედევრი რომ შექმნა, მაინც უკმაყოფილო დარჩები.

1941 წლის 9 ოქტომბერი. ლივერპული.

დღე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო.

დიახ, მეგობრებო! სწორედ ამ ბავშვმა გააკეთა ეს.  დაიბადა მაშინ, როცა მთელი ინგლისი მასიურად იბომბებოდა, და სწორედ ამიტომაც იყო ალბათ რომ მთელი ცხოვრება ომს, დამყაყებულ აზროვნებას და თვით ღმერთსაც ებრძოდა. იბრძოდა უსისხლოთ. სიტყვით და მისი მუსიკით. პაციფისტობა კი სულში ჰქონდა თანშობილად.
გაიზარდა ბიჭი… მერე რაც იყო, ყველამ იცის.

მე ამ ბრძოლის ქრონიკებს შემოგთავაზებთ, ჩემეული ხედვით.

1963 წლის 4 ნოემბერი

“ბითლები” მართავენ კონცერტს დედოფლისთვის  ბუკინგემის სასახლეში…

შეიძლება ყურადღება არ მიგიქცევიათ ჯონის სიტყვებისთვის, რასაც ის სიმღერის დაწყებამდე ამბობს. “For our last number, I’d like to ask your help. Would the people in the cheaper seats clap your hands. And the rest of you, if you’ll, just rattle your jewelry.” (ბოლო ნომრისთვის მინდა დახმარება გთხოვოთ. ვინც უბრალო სკამზე ზის ტაში დაუკარით.) დანარჩენებმა, უბრალოდ, გააჟღარუნეთ თქვენი სამკაულები)

ეს იყო პირდაპირი დაცინვა არისტოკრატიისადმი, სახეში გალაწუნება უშუალოდ დედოფლისთვის.  აქ ჩანს ლენონისეული დაუდეგარი სულის პირველი გამობრწყინება. სახეზე დააკვირდით ამ დროს, როგორ ეშმაკურად იღიმის! 🙂

1966 წლის 4 მარტი.

“London Evening Standard”-ში იბეჭდება ინტერვიუ “ბითლზთან”…

“Christianity will go. It will vanish and shrink. I needn’t argue about that; I’m right and I’ll be proved right. We’re more popular than Jesus now; I don’t know which will go first—rock ‘n’ roll or Christianity. Jesus was all right but his disciples were thick and ordinary. It’s them twisting it that ruins it for me”.

“ქრისტიანობა გაქრება. ეს უდავოა. ეს სიმართლეა და დადასტურდება კიდეც. ამჟამად ჩვენ იესოზე მეტად პოპულარულები ვართ. პირველი როკ-ენ-როლი გაქრება, თუ ქრისტიანობა, არ ვიცი. იესო ნორმალური იყო, მაგრამ მისი მიმდევრები- მსუქნები და ჩვეულებრივები. სწორედ მათი ხრიკები აფუჭებს ყველაფერს.”

ბევრი შემეწინააღმდეგება, ბევრიც კი გინებას დამიწყებს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჯონმა სრული სიმართლე თქვა. “ბიტლზი” მაშინ ღმერთს აჭარბებდა, ამას კი ხალხი ამტკიცებდა საკუთარი საქციელით. ამის დასტურია ჯონის სიტყვები: “ჩვენს ბოლო ტურში ხალხს მოჰყავდა ბრმა და დასახიჩრებული ბავშვები და მათი დედები გვთხოვდნენ: “აკოცე, იქნებ აეხილოს თვალები”. ჩვენ არ ვართ უგულოები!”

ზოგი იტყვის, რომ ლენონის მიზანი, ამ სიტყვებით, მეტი პოპულარობის მოპოვების მცდელობა იყო. არ მქონია, ამ აზრის მქონე ხალხი კარგად ერკვეოდეს “ბიტლზის” შემოქმედებაში და 60-იანი წლების მუსიკალურ კულტურაში. თუ ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ ისტორიას. ამ სიტყვება “ხოჭოებს” პოპულარობა მოუტანა,  განსაკუთრებით ამერიკაში?

რაღაც ზედმეტად ცნობილი მომენტი მომაგონდა მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან… ახლა კი ჩემი დავალება თქვენ: იპოვეთ 10 განსხვავება.

სურათი 1.

სურათი 2

 1966 წლის 9 ნოემბერი.

ჯონი შეხვდა იოკოს Indica Gallery-ში. ეს ალბათ გადამწყვეტი მომენტი იყო მის ცხოვრებაში. “ბითლზის” დაშლას სულ იოკოს ვაბრალებდი, მაგრამ რაც უფრო კარგად ჩავუღრმავდი ჯგუფში შექმნილ იმდროინდელ სიტუაციას, მივხვდი, რომ ეს ასე არაა. ისეთი ორი გენია, როგორიც ლენონი და მაკარტნი იყვნენ ერთად ვერ იარსებებდნენ.
“ამდენხანს თუ იყვნენ ერთადო?”- იკითხავს მკითხველი. კი ბატონო, ასე იყო, მაგრამ ყველა იზრდება და იცვლება, მოგვწონს ეს თუ არა. თუ არ გჯერათ დააკვირდით “ხოჭოების” საწყის და ბოლო პერიოდის სიმღერებს. კონტრასტი აშკარაა. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ჰიპური მოძრაობის განვითარებაც იმ პერიოდში. ჯონი ხომ თანშობილი პაციფისტი გახლდათ! ჯონი რადაც იქცა, “ბიტლზის” შემდეგ, მეტწილად ონოს დამსახურებაა.

1968 წლის  11 ნოემბერი.

ამერიკაში მზის სინათლე იხილა ალბომმა Unfinished Music No 1: Two Virgins.

ჯონისა და იოკოს ეს ერთობლივი  ნამუშევარი, წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით, არაფრისმომცემია. მთავარი ალბომის გაფორმება გახლდათ.


                                                              ალბომის წინა მხარე

ალბომის უკანა მხარე



   ხვდებით, ეს რამხელა პროვოკაციაა? 
   მე თუ მკითხავთ ამით ლენონმა დაარღვია ყველა არსებული საზოგადოებრივი დოგმა, გაექცა ხალხის გონებაში ჩაბუდებულ და დადგენილ უაზრო ჩარჩოებს და დადგა მათზე მაღლა. მან ამით გამოხატა ხელოვანის სრული თავისუფლება.


1969 წლის 25 მარტი. დილის 9 საათი.

   ჯონი და იოკო, Amsterdam Hilton-ში, იწყებან აქცია- პერფორმანსს სახელწოდებით bed-in for peace.

   ეს გახლდათ რადიკალური პროტესტი ყბადაღებული ვიეტნამისვიეტნამის ომის წინააღმდეგ. ლენონის სიტყვა, უკვე აღარ არის უბრალოდ ჰაერში გათქმული ბგერები. მას უკვე ათიათასობით პაციფისტი ისმენს და ითვალისწინებს. ის ხდება სულისჩამდგმელი, მედროშე, იდეური მმართველი ჰიპებისა, მილიტარიზმთან ბრძოლაში. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეიქმნათ, ჯონის იმდროინდელ აზროვნებაზე, საინტერესო ფილმს გთავაზობთ.



1969 წლის 1-2 ივნისი.

ჩაიწერა პაციფისტური მოძრაობის ჰიმნი Give Peace A Chance

ამას ჩემი კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება.

პრე-ბლოგერული პოსტები

სტანდარტული

   უაზრო სათაურია, რადგანაც არანაირი ბლოგერი მე არა ვარ, მაგრამ რაც თავში პირველად მომივიდა, ის დავწერე. მაშინ, როცა ეს ავტობიგრაფიული ჩანახატები იქმნებოდა, კომპიუტერი არ მქონდა, ხოლო ბლოგი რა იყო, ამის შესახებ ზედმეტად ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ისეთი ტიპის ნაწერი, რომლზეც დიდი ხანი ფიქრობ. ესაა სპონტანური გამოფრქვევა ემოციებისა, რასაც იმ მომენტში განვიცდიდი, ერთი ამოსუნთქვით დაწერილი მინი პოსტები. მათი არსებობა არც გამახსენდებოდა რომ არა გრაფინია, რომელიც უკვე მეორედ ხდება ჩემი ინსპირატორი. მადლობა მას ამისთვის. მაშ ასე, ვიწყებ საკუთარი სულის გაშიშვლებას…

***

   ცხოვრების შუა კლოუნადაზე შემომაღამდა, მაგრამ არ არსებობს პროფესია “ყოფილი ჯამბაზი.” კლოუნი მუდამ კლოუნად რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე, მიუხედავად იმისა, სიცილის ნიღბით მალავდა თუ არა ცრემლებს. მეც ჯამბაზი ვარ. მუდამ ყბედი და მოცინარი, მაგრამ გულის სიღრმეში- მელანქოლიკი და კარჩაკეტილი. როცა თავთან მარტო ვრჩები, მაშინ აღმოვაჩენ ხოლმე, თუ როგორი მარტოსული ვარ. ამიტომაც ვცდილობ, მარტო არ დავრჩე, უამრავი სისულელე ვილაყბო, ვიტინგიცო და ვიჯამბაზო. თანაც ამ დროს დიდად ბედნიერი ვარ. მაშ, წინ, ახალი უმსგავსობისკენ!

1.09.2008.

***

   დღესაც ჯამბაზობაში გავატარე დრო! კი, ეს შეიძლება სასაცილოა, მაგრამ როდემდე? სერიოზული მხოლოდ ლექტორებთან ვარ, ისე კი -კლოუნი. არადა ჩემი ცივი გული ვერავინ გაათბო. არც მე მივილტვი ამისკენ. თითქოს გაორება მჭირს: თან ბედნიერი, თან უბედური.
   არცერთ გოგოს არ ძალუძს ჩემი მოთოკვა, მეც არავის ვეძალები. ბერბიჭად მინდა დავრჩე. მე არც ლამაზი ვარ, არც სიმპათიური, იუმორის გრძნობაც არ მაქვს. გოგოს წიგნების მეტზე ვერაფრზე ველაპარაკები.
   მაგრამ, მე ჯამბაზი ვარ! ჩემ ნამდვილ სახეს კლოუნის მოცინარი ნიღაბით ვმალავ. იმედია, წლების მერე ამ ნიღაბს ქირურგის პირბადე შეცვლის. მე ვიქნები ყველასთვის ცოდნისა და პროფესიონალიზმის განსახიერება, მაგრამ ვერავინ დაინახავს ნიღაბის მიღმა არსებულ ჩემ სულს. მაშ, გამიცანით, ეს მე ვარ, ორსახა ადამიანი, ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე. რა მინდა? არაფერი. ვინ მინდა? არავინ. ვინ ვარ? პრინციპში არავინ.

4.09.2008

***

   ხვალ კონფერენციაზე მივდივარ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ბეჯითი მოსწავლის იმიჯი შევიქმნა. არა! უბრალოდ მაინტერესებს. შემდეგ, ალბათ, მე და გელა ჩვენს ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვანთ და პირველკურსელებისთვის მიმართვას დავწერთ. რისთვის გვინდა ეს კლოუნადა? ისე უბრალოდ. გვსურს ჩვენი ჭკუის ხალხი მოვძებნოთ. იმის განცდა, რომ რაღაც საინტერესოს აკეთებ, სასიამოვნოა. თავს საქმიან ადამიანად წარმოვიდგენ, მაგრამ ეს ხომ დროისა და სიტყვების უაზრო კარგვაა? მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსიამოვნებს. თითქოს იუმორისტები ვართ. დამცინავი და თვითირონიული ტონი გვაქვს. ვცდილობთ დოგმებსა და ჩარჩოებს გავექცეთ. ჩვენი განვლილი გზის შეფასებას ვახდენთ. რატომ? არ ვიცი. რაღაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამიგროვდა ამ ბოლო დროს. არაუშავს, დრო ყველაფერს გასცემს პასუხს.

5.09.2008

***

   არ ვიცი რატომ ვწერ! მაგრამ, რაღაც მაიძულებს დავწერო! იქნებ ეს შინაგანი ხმაა? იქნებ იმიტომ ვაკეთებ ამას, რომ გულისსიღრმეში მინდა ეს ,ჩემ გარდა, სხვამაც წაიკითხოს? არვიცი!!! დამღალა ერთფეროვნებამ, მაგრამ იმის სურვილიც არ მაქვს, სიახლე ვეძებო. ყოველდღიურობის რუტინას მივეჩვიე. მინდა უკეთესი გავხდე, მაგრამ სიახლეების მეშინია! ვცდილობ ცხოვრება გავილამაზო, მაგრამ ეს უსუსრ მცდელობად მეჩვენება. უბედური არ ვარ, მაგრამ თავს უბედურად რატომ ვთვლი?
   ბავშვობის სურათებს ვათვალიერებ და ეს, თითქმის, მამშვიდებს. არ მეგონა, ის უდარდელი დრო თუ მომენატრებოდა, როცა არანაირი ვალდებულება არ გაკისრია. მეც მეტი რა შემიძლია? მხოლოდ ის, რომ ბავშვობა გავიხანგრძლივო. მარგებს კი ეს საქციელი?

19.03.2009.

სამწუხაროდ მეტი ჩანაწერი არ შემომრჩა. არ მახსოვს, დავკარგე, თუ დავწვი. ალბათ, ერთიც და მეორეც. “ჩემს იდიოტიზმზე შეგიძლიათ იცინოთ”

გზა, რომელიც ავირჩიე

სტანდარტული

   დღეს სალიმ მითხრა:  “არ ხარ ხელმოცარული!  ან ცხოვრების მიზანი გჭირდება ან სიყვარული შენ და სხვანაირად იფიქრებ :)” სიყვარული რომ ყველას გვჭირდება, გენიოსებმა თავის დროზე გვითხრეს და ეს აქსიომა თითოეულმა ჩვენგანმა იცის. აი ცხოვრების მიზანი კი…
   გზა, რომელსაც ვირჩევთ განაპირობებს მთელ ჩვენს ცხოვრებას. იგი რომ ია-ვარდით ფენილი რომ არა არის, ამასაც ვხვდებით (ან გვეუბნება მაინც ვინმე) როდის ვხვდებით: რა გვინდა, რისთვის გავჩნდით, და რა არის ჩვენი მიზანი?
   ბავშვობიდან ყველა ამას მეუბნებოდა, ნაცნობიც და უცნობიც, შენი თითების პატრონი ან ქირურგი უნდა გახდე, ან პიანისტიო. მშობლებმა ყურად იღეს ეს შეგონება და სამუსიკო სასწავლებელს მიაბარეს ჩემი თავი. ტანჯვის შვიდმა წელმა განვლო და… მხოლოდ მხოლოდ მას მერე შემიყვარდა პიანინო. დღეს იგი ჩემი კარგი მეგობარია.
   როდის დადგა ჭეშმარიტების მომენტი? ახლაც ნათლად მახსოვს ის ღამე…
   ბებო მაშინ ცოცხალი იყო. 1995 წელს ინსულტი დაემართა, ხალხურად რომ ვთქვათ “წნევამ დაარტყა”. მას შემდეგ მარცხენა მხარე სრულად წაერთვა. 1 დღე მახსოვს მხოლოდ შორეული მოგონებებიდან, როცა ბებო ორივე ფეხით და ჯოხის გარეშე მოძრაობდა. სუნთქვა მას შემდეგ უჭირდა, რაც ახალგაზრდობაში ვირუსული ინფექციის გამო ძლიერი ბრონქოსპაზმი დაემართა და ტრაქეოტომია დასჭირდა. ამას დაუმატეთ ხანგამოშვებით ასთმური შეტავებიც. მოკლედ, მძიმე სურათი იხატება.
   დეიდა ექიმი მყავს. რაიონულ საავადმყოფოში თერაპევტია. ღამის მორიგეობები მაშინაც და ახლაც საკმაოდ ხშირად აქვს. ბაბუას გარდაცვალების შემდეგ, მორიგეობის ღამეს მასთან ვრჩებოდი. ბებოს მარტო არ ვტოვებდით. რატომ მარტო, დეიდას ოჯახი ხომ ჰყავსო, იკითხავს დაკვირვებული მკითხველი.  დეიდაჩემმა მთელი პირადი ცხოვრება მედიცინას და მშობლებს შესწირა, ვერადავერ “გამონახა დრო” გათხოვებისთვის, თუმც მთხოვნელები არ აკლდნენ…
   ასე იყო იმ საკრალურ ღამესაც… უცნაურმა ხმამ გამაღვიძა. უცნაურმა, მაგრამ ასე ნაცნობმა… ასთმური შეტევისას ადამიანის სუნთქვის ხმა თუ ვინმეს გაგიგონიათ, მიხვდებით, რა განცდას იწვევს იგი ადამიანში. წამოვვარდი, ბებო საწოლში წამოვაჯინე. რადგანაც ეს სცენა უკვე ნანახი მქონდა მოქმედების გეგმა უმალ დავსახე. 

წესი პირველი: თუ რამე მოხდა მაშინვე დამირეკე!
წესი მეორე: გახსოვდეს პირველი წესი!
                                                                        (დეიდაჩემის შეგონებებიდან)

   ახლა წარმოიდგინეთ, რა დროს ხდება მოქმედება. 2000 წლის ადრეული გაზაფხულია. მეოთხე კლასის მოსწავლე ვარ, სულ რაღაც 9 წლის. შუქი ხშირად ქრება, დაყაჩაღება-დაუთოვება გაუგონარი ცნებები არ გახლავთ, მობილური ქსელი ჯერ კიდევ ახალფეხადგმულია. მობილური აპარატი საოცრად ძვირია და ანტიკვარულ იშვიათობას წარმოადგენს. აგურისხელა Ericssonი ადამიანის სიმდიდრეზე და ფუფუნებაზე მიუთითებს. ხაზის ტელეფონი კი საშინლად ურევს. საავადმყოფო აქვეა, ასიოდ მეტრში, მაგრამ ღამის 4 საათზე არ გინდა ხმა მიაწვდინო ვინმეს, თუ ტელეფონი არ მუშაობს?


“სასწრაფოს რომ დავურეკო, სანამ ისინი მანოს ნახავენ და ის აქეთ გამოიქცევა, 5-8 წუთი მაინც გავა. ეს კი საკმაოდ დიდი დროა”- გავიფიქრე. შემდეგი მოქმედებები კი დროში ისე გაწელილად მომეჩვენა, თითქოს შენელებულ კადრს ვუყურებდი ტელევიზორში. არაფერზე არ ვფიქრობდი, მექანიკურად მომართული რობოტივით ვმოქმედებდი.


გახსოვდეს, ინჰალატორს ვასუნთქებთ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ჩაისუნთქავს!
                                                               (დეიდის სიტყვა, თქმული ადრე, მშვიდ ვითარებაში)

სპრეის ვასუნთქებ, ცოტა უშველა. ერთხელაც კიდევ… უკვე თავისუფლად სუნთქავს.

რახანაც ბებო ნაოპერაციებია, შესაძლოა სპაზმი ბოლომდე არ მოიხსნას!
                                                                  (ნათქვამი იქვე)

ვეძებ მომცრო ამპულას, რომლის დასახელება ახლა აღარ მახსოვს. 

“ვიცი შპრიცი სადაც დევს. 5 მილიგრამიანი მჭირდება. სპირტიანი ბამბა და რეზინის ზორტიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მინახავს ვენაში ნემსის გაკეთება, ამიხსნეს, რატომ უნდა გამოვწიო დგუში უკან, როცა ნემსს ვენაში შევიყვან. თუ სისხლი შპრიცში არ შემოვიდა, მეორეჯერ უნდა ვცადო. აჰა, ესეც ამპულა!”

ვხსნი შპრიცს, ვარგებ ნემსს, ამპულას თავს ვახერხავ, ვტეხავ. უფერო სითხე შპრიცში შემყავს, ზედმეტ ჰაერს გარეთ ვუშვებ. მარცხენა ხელით ბებოს მარჯვენა მაჯას რეზინის ზორტს ვუჭერ, ვენა მუქად ამოიბერა. კბილით ვაძრობ დამცავს ნემსს, თლილ თავს ქვემოთა მხარეს ვაქცევ. ვენას ზემოდან მოვექეცი, მცირე ბიძგი და თითქოს არარაობაში ამოყო ნემსის წვერმა თავი. დგუშს უკან ვწევ… მუქი სისხლი შემოიჭრა შპრიცში… 

ყურმილისკენ მივდივარ…

შიში არ მქონია, ხელი არ ამკანკალებია, პულსიც კი არ შეცვლილა. მანოს მოსვლის შემდეგ წარმოვიდგინე, რომ ვენაში ვერ მოვხვდი და დარეკვა დროზე ვერ მოვახერხე. მერე ამიტანა შიშმა…

ის განცდა, რაც ნემსის გაკეთების შემდეგ დამეუფლა, არ შეიძლება რამეს შევადარო. ეს იყო საოცარი სიამოვნების, კმაყოფილების, სიხარულის ნაზავი. გააზრება იმისა, რომ ვიღაცას სიცოცხლეს უნარჩუნებ, გავიწყებს ყველაფერ უარყოფითს. ადამიანის სიცოცხლის დაცვა- ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ამ ტვირთის ზიდვა დიდი პატივია.

ამჟამად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, მეხუთე კურსზე ვსწავლობ. პიანისტობასა და ქირურგობას შორის არჩევანი სწორედ იმ ღამეს გავაკეთე.