Monthly Archives: ნოემბერი 2011

სიყვარულის მუსიკა

სტანდარტული

როცა პირველად “ამელი” ვნახე და იან ტიერსენს მოვუსმინე, მივხვდი, რომ სწორედ ესაა კომპოზიტორი, რომელიც ახალ სამყაროში გიღებს კარს. მას შემდეგ ფრანგულ მოტივებზე აწყობილი მუსიკა ჩემი თანამდევი გახდა. მისი შემოქმედების საწყისი კომპოზიციები, უბრალოდ საოცრებაა, თუმცა მათი მოსმენა გარკვეულ მდგომარეობაში შემიძლია, ანუ “ბიტლზი”-საგან განსხვავებით, რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია დავუგდო ყური, იანის მელოდიას განწყობა სჭირდება. ან ძალიან ბედნიერად უნდა გრძობდე თავს, ან უნდა გტკიოდეს რაღაც, ყრუდ, გულში. მისი კომპოზიციებიც შესაბამისად დავალაგე ჩემ Playlist-ში.

ამას რომ ვუსმენ, ვერც კი ვიტყვი, რას განვიცდი. ეს გრძნობა ყველაფერზე მაღლა დგება. ხან რას ვხედავ, ხან რას. ძირითადად მუსიკოსების მარში და ფერადი ფურცლების წვიმა მიდგება თვალწინ. ასევე მახსენდება შარშანდელი ზამთარი, თოვლის ფიფქებში რომ ვცეკვავდი ღამით ქუჩაში. ლამპიონების მოყავისფრო განათება, ჯანსაღი, წმინდა ჰაერი და სასიამოვნო ღრჭიალი ფეხებქვეშ. საოცარი განცდა იყო…

როდესაც ეს ვნახე და მოვისმინე, სიამოვნებისგან კანკალი ამივარდა. უცებ თითქოს დედამიწიდან გავფრინდი სადღაც შორს… ასეთი კი მხოლოდ “ხოჭოების” მოსმენისას მემართება.

ესეც მოწყენილობის ჟამს…

მე ტიერსენთან ერთად ვიყავი კიოლნში, მეც დავაბოტებდი კოჭამდე თოვლში უმიზნოდ…

მასთან ერთად გავიჭედე ტეხასში. და მაშინ იანმა მხოლოდ ჩემთვის იმღერა…

ოსტინში მეც ექსტაზში ჩავვარდი.

ეს გახლდათ მსოფლიო ტური, როცა წარადგინეს ახალი ალბომი Dust Lane. მინდა გითხრათ, რომ მე სხვანაირ მუსიკას ველოდი, ისეთს, როგორიც “ამელი”-შია, ან “Good Bye Lenin!”-ში. თუმცა, მივხვდი, რომ ეს კომერციული გათვლა იყო, რადგანაც წინანდელი მუსიკით Live გამოსვლები გაძნელებული იყო. გულისფანცქალით ველოდებოდი ახალ ალბომს “Skyline”,  თუმცა მანაც იმედები გამიცრუა…

მთელი ალბომიდან მხოლოდ რამდენიმე ტრეკი ამოვიჩემე.

წუხელ კი მოხდა საოცრება! ვიპოვე ისეთი ჯგუფი, რომელიც იანთან ერთად განაგრძობს ჩემ გაბედნიერებას…

სამწუხაროდ, ეს გენიალური შვედური ჯგუფი დაიშალა, მაგრამ მათ მიერ დატოვებული 3 ალბომი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას კიდევ დიდხანს გააფერადებს…

ამჯერად  “დეტექტივებზე” მეტს არ დავწერ, მათ ცალკე პოსტი დაიმსახურეს:)

 

 

 

 

Advertisements

ცხროვრება, როგორც Reality Show

სტანდარტული

-გაიგე? რაღაც გადაცემა იწყება ტელევიზორში! ხალხი თურმე ერთ სახლში იცხოვრებს და 24 საათის განმავლობაში კამერებით დააკვირდბიან!

-მერე. ვინ აიტანს ამას?

-ვინც აიტანს, სწორედ ის მოიგებს.

( ფრაზები ახლო წარსულის მოგონებებიდან)

როცა ე.წ. “Reality Show”-ების ბუმი დადგა ჩვენ ქვეყანაში, ხალხი ეკრანებს მიეჯაჭვა. იყო საუბრები მეორე დღეს ნანახზე, გაგონილზე, კეთდებოდა პროგნოზები და ადამიანები მათვის უცხო პირების ცხოვრებას საჯაროდ განიხილავდნენ. არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი, აღურიცხავი… რას იზამ? კამერები ტუალეტშიც კი დაემონტაჟებინათ რეჟისორებს, რათა უმცირესი დეტალიც კი არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა.

დღეს კი ჩვენ თვითონ ვართ Reality Show-ს მონაწილენი. გაიხედეთ ირგვლივ, ყველგან კამერაა. დაწყებული მაღაზიიდან, გაგრძელებული ქუჩით და უნივერსიტეტით. დასვენება რომ გინდოდეს პარკში, იქაც კი “ყოვლისმხედველ თვალს” ვერ დაემალები. დაცულობის შეგრძნებას ტოვებსო, გამიგონია, მე კი პირიქით, პირადი ცხოვრების დაუცველობის გრძნობას მეუფლება. ვიცი, ვიღაც მაკვირდება, თვალს არ მაცილებს და საჭიროების შემთხვევაში “იქ” წარადგენს ფოტო-ვიდეო მასალას “სადაც საჭიროა”. მიუხედავად იმისა, რომ გუნებაში არაფერი მსგავსი არ მიდევს. იმას კი არ ვამბობ, რომ საერთოდ მოვხსნათ და გავაქროთ ყველაფერი, არა ბატონო, მაგრამ სადღაც ხომ მაინც უნდა იყოს ადგილი, სადაც თავისუფლად ამოისუნთქავ?

ისე, ხანდახან წარმოვიდგენ მის სახეს, ვინც ამ ყველაფერს უყურებს… რამდენი უცხო ირევა მის მზერაში, რამდენს უკვე სცნობს, აკვირდება, იძიებს, უყვარს და ეზიზღება. ალბათ იმ დიდ ოთახში, სადაც უზარმაზარ მონიტორზე ირევიან ადამის შვილნი, სადღაც, კუთხეში პატარა კამერაც ჰკიდია…

ასე რომ, დილით მოწესრიგდით და ისე გამოდით ქუჩაში, კამერას გაუღიმეთ და ხელი დაუქნიეთ, ან შუა თითი უჩვენეთ…

გახსოვდეთ, Big Brothesr Is Watching You!

P.S. ამ პოსტის დაწერა აზრად არ მომივიდოდა თავში, რომ არა ორი მოხუცის საუბარი, რომელთაც აღნიშნეს, რომ მალე სადარბაზოებში კამერებს დაამონტაჟებენ. ჭორია ეს თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს…

Free As A Bird- ანუ შიში

სტანდარტული

უშიშარი არავინაა ქვეყნად. “თვით ძია ვასოც” კი.

-არა, ასეთი დასაწყისი არ ვარგა! პირდაპირ თქვი სათქმელი!

-მერე, სხვანაირად რომ გაიგონ?

-ხოდა იყავი ეგრე, სხვის შეხედულებებზე დამოკიდებული.

 

ჩემ შიშს სახელი არ აქვს. ის მოულოდნელ მოდის ჩემთან და ასევე სწრაფად მიდის. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, ალბათ სწორედ ამიტომაც ვერ ვკურნავ მას. დღეს, ძმაკაცმა ფროიდზე და ბავშვობის დროინდელ კომპლექსებზე ჩაილაპარაკა რაღაც. ზუსტ პერიფრაზს ვერ ვაკეთებ, ისე მისკდება თავი. ასე იცის, ლუდის თრობიდან გამოსვლამ.

არის პერიოდი, როცა არავინ არ მინდა ირგვლივ, საერთოდ არავინ. არავის ვწერ, არ ვურეკავ. ვარ მარტო და მთელი ღამით “სიმპსონებს” ან ფილმებს  ვაკვდები. სიგარეტი რომ არ მქონდეს საყიდელი, გარეთაც არ გავიდოდი, ალბათ. ასე გრძელდება გარკვეული პერიოდი და მერე ყველაფერი იცვლება. კალაპოტში ვდგები.

შევეცდები ქვეცნობიერს ჩავწვდე და ამ უაზრო ქმედების ახსნა ვიპოვო.

საბოლოოდ იმ აზრამდე მივდივარ, რომ ჩემი ასეთი მდგომარეობა, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მიმართ შიში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაღიზიანებს ხალხის მასის ყურება და მასში გათქვეფა. სწორედ ამისგან თავდასაცავად თვითიზოლირებას ვცდილობ, ფიზიკურად და გონებრივად. არა, ჩემთვის ცუდი საზოგადოებას არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არც კარგი დამოკიდებულება მახსენდება მოცემულ მომენტში. იქნებ, ეს შიში, სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი “მე”-სადმი თრთოლვა? იქნებ, ხალხს არც არაფერი დანაშაული არ მიუძღვის ჩემ წინაშე? უფრო ღრმად უნდა წავიდე საკუთარ ფსიქიკაში.

ბავშვობა ისეთივე მქონდა, როგორც ბევრ 90-იანელს. არც ვშიმშილობდი, არც თავზე გადამდიოდა. უბრალოდ ესაა, რომ ჩემგან ყოველთვის საუკეთესოს მოელოდნენ. სწავლას არავინ მაძალებდა, სიამოვნებისთვის ვსწავლობდი, მაგრამ ამან შექმნა ჩემ ირგვლივ მოსაზრება, რომ “დიტომ ეს უნდა იცოდეს!” სწორედ ამიტომაც, ერთგვარად ვიკისრე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და მივყევი საკუთარი პიროვნების დახვეწას. სწორედ ამ პასუხისმგებლობამ გამიჩინა ჩემდა უნებური შიში ხალხის წინაშე. შიში იმისა, რომ რამე არასწორად არ გავაკეთო. არადა, ცხოვრებისეული შეცდომები რომ არა, ადამიანის მენტალური განვითარება ერთ წერტილზე გაიყინებოდა. სწორედ კაზუსები გვაყალიბებს პიროვნებებად. მე კი ვცდილობდი, არაფერი არ შემშლოდა. სწორედ აქ შემეშალა ალბათ.

გადავიქეცი “მექანიკურ ფორთოხლად”. ვამბობდი იმას, რაც ყველასთვის მისაღები იყო. ჩემი აზროვნება ზუსტად იმეორებდა ბრბოს ფიქრების კონტურებს. ძნელია, განვითარდე, როცა არავინაა ირგვლივ, ვინც საწინააღმდეგოს გეტყვის და შეგეკამათება. არა, საკუთარი აზრი გამაჩნდა, ოღონდ მის გამოთქმამდე აუცილებელი იყო ყველაფერი შემესწავლა ობიექტის ირგვლივ. მაგალითად, საუბარი იყო ლენინზე. მე სანამ რამეს ვიტყოდი, აუცილებელი იყო მის შესახებ ყველაფერი მცოდნოდა, დაწყებული მისი ბავშვობიდან, დამთავრებული მისი ფილოსოფიური მოძღვრებებით და შეხედულებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრის გამოთქმისგან თავს ვიკავებდი. აქ ჩნდებოდა შიში იმისა, რომ ვიღაც “ჩამჭრიდა” ჩემი არასრული ცოდნის გამო. ამას ემატებოდა იმის გააზრება, ვისთან მქონდა საუბარი და პირადად ის როგორ იყო განწყობილი პერსონის მიმართ.

როცა არ იცი, ან უნდა ისწავლო, ან შეეჩვიო ამ აზრს. მე კი, თუ სწავლის საშუალება არ არსებობდა, ვცდილობდი პირში წყალი ჩამეგუბებინა. ბოლო პერიოდში კი თვითიზოლაციას მივმართავ. გავდივარ ქუჩაში და ასე მგონია, რომ ვალდებული ვარ, ვიღაცის წინაშე რაღაცით. ეს საშინელი აკვიატება მოსვენებას არ მაძლევდა, ამიტომაც დავიწყე გაქცევა. გამოვიკეტე ჩემ სამყაროში.

ადამიანთან ურთიერთობისას 5 წუთი მჭირდება მისი აზროვნების შესაფასებლად. თუ მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა უსიამოვნოა (რაც ჩემ შემთხვევაში საკმაოდ ხშირია), გავრბივარ. სწორედ ამიტომაც მიჭირს კონტაქტების დამყარება, მეგობრების შეძენა. ალბათ ეს განაპირობებს, რომ უცხოს პირველი არასდროს ვეცნობი. საშინელება კი ისაა, რომ არც კი ვცდილობ შეცვლას. უცნობებთან სრულიად თავისუფალი მხოლოდ ერთ ადგილას ვარ, საავადმყოფოში. პაციენტებთან საუბარი და მათი თანაგრძნობა საოცარ სიამოვნებას მანიჭებს, მიუხედავად მათი აზროვნებისა. ხომ გაქვთ, ხანდახან შეგრძნება, რომ “მშობლიურ სახლში იმყოფებით”, სრულიად დაცული, კომფორტში მოქცეულნი? მე ეს განცდა კლინიკაში მეუფლება, სხვაგან არსად. თქვენ წარმოიდგინეთ არც კინოთეატრში, თუმცა ეს ცალკე თემაა და ამაზეც დავწერ მოგვიანებით.

მენტალური ცვლილებები კი ჩემში მაინც მოხდა. მუსიკა, კინო, ლიტერატურა- ჩემი მასწავლებლები! ოღონდ აქაც გაჩნდა ერთგვარი დისკომფორტი. მე ხომ არ შემიძლია ყველაფერი წავიკითხო, ყველაფერი ვიცოდე? ე.ი. ჩემი ცოდნა არასაკმარისია. თუმცა დროთა განმავლობაში ესეც შეიცვალა, მხოლოდ კინოს მიმართ დარჩა ძველებური განწყობილება. “ბიტლზი”-ს მოსმენის შემდეგ, მე მივხვდი, რომ სხვა არანაირი მუსიკა არ მჭირდება ბედნიერებისათვის. ასეც ვაგრძელებ ყოფას, მაგრამ არ გეგონოთ, რომ სხვას არაფერს არ ვუსმენ მიზანმიმართულად. უბრალოდ, თუ არ მომეწონა მელოდია, ვთიშავ და ეგაა. აი, “სინემაში”, მუსიკისგან განსხვავებით, ცოტა მეჭედება… აქ საკუთარ საქციელს ლოგიკას ვერ ვუძებნი. აქ ვცდილობ იდეალური ვიყო. ვუყურო ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც. ისეთ ფილმებსაც კი, რომელთა ცქერისას დისკომფორტს განვიცდი. ბოლომდე ჩავათავებ და მერე გონებაში ვაჯამებ. არადა, ხომ შეიძლება, უბრალოდ გამოვრთო?

ამ ყველაფრის დაწერა უბრალო შემთხვევამ გადამაწყვეტინა. რამდენიმე დღის წინ მე და მოლის სასიამოვნო კამათი გვქონდა. (სიტყვა “კამათი” ნუ შეგაშინებთ! იგი არ გულისხმობს შეურაცხყოფას და ლანძღვას!!! ჯანსაღი კამათი ყველაზე კარგი რამაა, რაც  კი ადამინმა ევოლუციით განივითარა). მან ადვილად მაჩვენა, რომ ჩემი სწრაფვა იდეალურობისკენ, ულოგიკოა, რაშიც მეც დავეთანხმე. (მაგრამ კინოსთან მიმართებაში ვერ შევიცვლები, მაინც! 🙂 თუმცა, ეს არაა მთავარი. დღეს მან აღნიშნა, რომ კომენტარის არდაწერა ხელს უშლის ბლოგების დამეგობრებას. 100%-ით მართალია, ვერაფერს იტყვი. ამ სიტყვებმა საშუალება მომცა საკუთარ საქციელს ჩავფიქრებოდი. ბევრის ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ მხოლოდ მათ ვუტოვებ კომენტარს, რომლებმაც მეც დამიწერეს ერთდროს და ახლაც აქტიურობენ. მივხვდი, რომ აქაც იდუმალ შიშთან მაქვს საქმე…

ადამიანი წინ უნდა მიიწევდეს, სიახლის არ უნდა ეშინოდეს, უნდა განვითარდეს, რაც ასე ადვილია ვირტუალური სამყაროს პირობებში. ამ სიტყვების დაწერის შემდეგ, მე უკვე აღარ მაქვს უფლება შიშს დავმორჩილდე, ჩავიკეტო. ამიტომაც, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ წაკითხვითანავე კომენტარი დავტოვო:) (საიდან დავიწყე და სად დავამთავრე, კაიფობთ? :D) ეს, ერთი შეხედვით უბრალო დეტალი, მთელის ნაწილია. მისი შეცვლით, არის ალბათობა, რომ მექანიზმის მუშაობაც შეიცვალოს. ვცადოთ, ვნახოთ რა გამოვა…

 

პინგვინი

სტანდარტული

ნელი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას. მოვალეობის გრძნობა აჩქარებდა, მაგრამ გულის ხმას დაუჯერა ამჯერად. ბოლო რამდენიმე დღისგან განსხვავებით, საოცარი სითბო ტრიალებდა. ყურსასმენები მოიშორა და შეეცადა ბუნების ხმისთვის მოესმინა. აივნიდან თუთიყუშების ჟღურტული შემოესმა. თითქოს სითბო ჩაეღვარა მკერდში. ხელთათმანი გაიძრო და კედლის ფასადს მოეფერა. წამით შეიძლო და გაიაზრა, რამდენი რამის მნახველი იყო მუნჯი ქვის საყრდენი. ალბათ მრავალი მისნაირი  და მასზე ათასჯერ უკეთესი ახსოვს ამ ადგილებს. რამდენიმე ათწლეულით ჩამორჩა დროს. სცადა ცხოველი მოძრაობა წარმოედგინა. თითქმის გამოუვიდა კიდეც…

სიამოვნებდა ცარიელი ქუჩა რეალობაში, კორპუსთა ძველი რიკულები, უცნაური შტრიხები კედლებზე, ყველაზე მეტად კი ადამიანური უკაცრიელობა უხაროდა. არ უწევდა ვინმეს გატარება ტროტუარზე, არც არავის ასწრებდა, შემხვედრთა მხარიც არ ხვდებოდა “შემთხვევით”. ძველებური ყაიდის სადარბაზოში შეიხედა. ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ელოდა. გაეღიმა ამის შემხედვარეს. “რამდენი მალული კოცნა, გამოთხოვება და თვალის გაყოლება ახსოვს ნეტა ამ ბნელ კუთხეს?” მალევე მოაშორა თვალი კარს და გზა განაგრძო.

მსუბუქი ნიავი ათამაშდა. სასიამოვნო სურნელი დაატრიალა ჰაერში, თუმცა ვერ ხვდებოდა, კონკრეტულად რის სუნს გრძნობდა. ალბათ მოგონებებს, ემოციებს და განცდებს აქვს ასეთი სურნელება. “ამ ყველაფერს ჰაერში აფრქვევს ადამის შვილი და ეს ნესტიანი კედლებიც ხარბად ისრუტავენ მათ. მერე კი სწორედ ასეთ ამინდში, ვიღაც ჩემნაირს დაეტაკება პირისახეში, რათა მისთვის უცხო და სრულიად უცნაური მოგონებები აღუძრან. ფიქრები, რომლებიც მას არ ეკუთვნის, განცდები, რომელნიც არასოდეს უგრძვნია.” საოცარმა სევდამ მოიცვა. დროის წარმავლობის შეგრძნება დაეუფლა. მიხვდა, წლების შემდეგ შეიძლება კიდევ მოხვდეს ამ უკაცრიელ ალაგას, მაგრამ ის კაცი თვითონ არ იქნება. ალბათ, ეს იქნება ადამიანი, რომელსაც სადღაც ეჩქარება, თავი საზრუნავით ექნება გამოტენილი და არ ექნება დრო, რათა კვლავ მოუსმინოს კედელთა მიერ მოყოლილ ამბებს. ჰაერში დატრიალებულ მოგონებათა კორიანტელს უბრალოდ მტვრის სუნი ექნება და ისიც ყველა მოკვდავივით ღრმად ჩამალავს ცხვირს ყელზე შემოგდებულ შარფში. ის უკვე სხვა იქნება…

დამძიმდა… წამით გაჩერდა. სარდაფში ჩამავალ კიბის საფეხურებს მოავლო თვალი. ჟღალი, დიდთავა კატა მოჭუტული თვალებით შესცქეროდა ქვემო საფეხურიდან. დაიხარა და ჩამტვრეულ ფანჯარაში შეიჭყიტა. ელოდა, რაიმე საინტერესოს წავაწყდებიო. არ გაუმართლა. მიწისქვეშეთი საკუჭნაოდ გადაეკეთებინათ და ახლა იქ დაბღილულ ფიცრებს დაევანებინათ.

გზა განაგრძო. ქუჩის კუთხესთან მორყეულფეხიანი სკამი დაედგათ. მიხვდა, ანტიკვარიატის მაღაზიის წინ იმყოფებოდა. რბილი საჯდომი ეუბნებოდა, რომ ოდესღას წითელი შეფერილობით იწონებდა თავს, ახლა კი ღმერთიც ვერ იტყოდა დანამვილებით მის ამჟამინდელ ფერს. სკამის გვერდით უზარმაზარი სკივრი დაედგათ. რკინის სალტეები საღ მდგომარეობაში გახლდათ, მაგრამ საკუთრივ ხეს დროის სრბოლა ნათლად აღბეჭდოდა. ზოგან დაფუტუროებულიყო, ზოგან ლაქი გადასძრობოდა. მოკლედ, ეს ვეება საცავი ახლა სიბრალულს იწვევდა მის თვალში.

მაღაზიას შემოუარა. აინტერესებდა, კიდევ რა ემეტებოდა ადამიანს პურის ფულად. გულწრფელად ეცოდებოდა ხალხი, რომელიც საკვების სანაცვლოდ საკუთარი წარსულით, ბავშვობით და მოგონებებით ვაჭრობდა. შორეული მოგონებებიდან წლების წინ ნანახი სურათი დაუდგა თვალწინ. წითელ მოედანთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საკუთარ ჯილდოებს ყიდდნენ კაპიკებად. მაშინ მიხვდა, რაოდენ საშინელია შიმშილი.

კედელზე ნახატი შენიშნა.

იგრძნო, ამ სიტყვებივით არარეალური გამხდარიყო მისი ცხოვრება. ტკივილი არ უგრძვნია, კარგა ხანია  შეეჩვია… ყურსასმენები ამოიღო ჯიბიდან…

დეპრესია

ვიდეო

-არ მოგწყინდა, შეჩემა ასე ცხოვრება? ვერ ატყობ, რომ ყელამდე მძღნერში ზიხარ?
-ჰმ, შენ ახალი მითხარი რამე!
(ნაწყვეტი ჩემი და ძმაკაცის საუბრიდან)

***
ბოლო ერთი კვირაა offline-ზე გავიდა. ყველაფერი ყელში ამოუვიდა. როგორ მიხვდა თავის მდგომარეობას? მარტივად! კინოს ყურების ხალისი დაეკარგა. წერაზე არაფერს ვამბობთ. არადა ახლაც ელოდება desktop-ზე საქაღალდე, სახელად kino, მასში კი ქვეფაილებად: Gus Van Sant, Robert Altman, moklemetrajianebi. “ინტელექტუალურ კინოს” მიეძალა ბოლო დროს. ფილმს ფილმზე ნახულობდა, ახლა კი ხალისი წაერთვა. უაზრო არარსებობას ისევ და ისევ “სიმპსონებით” იკლავს. სერიას სერიაზე ნახულობს, რამდენიმე საათით იმხიარულებს ცხოვრებას, მერე ისევ წყვდიადი. facebook-ს მოვალეობის მოხდის მიზნით ათვალიერებს, ბლოგზეც ამაოდ შედის, იცის ახალი არაფერი დახვდება. სხვისი ნაწერის კითხვაც ეზარება, არადა რამდენჯერ უთხრა საკუთარ თავს და სხვასაც, წავიკითხავო. “უშედეგოა”- ამბობს საკუთარ ყოფაზე და ისევ მულტფილმს უბრუნდება.

***
“სად არის ხსნა? საით არის ჭეშმარიტების გზა? ვინ ვარ, და რა მინდა? რატომ ვფლანგავ ასე უდიერად საკუთარ ცხოვრებას? როგორ შევიძლო, რომ ვიცხოვრო?”- დაძინებისას სულ ამაზე ფიქრობს.

***
ძილშიც არტ-ჰაუსი ესიზმრება. ხედავს საოცარ ფილმებს ღრმა აზრით, ზოგჯერ გადაღებებს ესწრება. აკვირდება რეჟისორისა და მსახიობების მუშაობას. იღვიძებს, სიზმარი-ფილმის სიუჟეტს მთვლემარე ბუტბუტებს და მერე კვლავ იძინებს. დილით აღარაფერი ახსოვს.

***
რამდენიმე საინტერესო იდეა დაებადა. გაუხარდა, უნაყოფო არ ვყოფილვარო სულაც. მაშინვე დახატა, დახვეწა და საიმედოდ შეინახა.

***
ერთწლიანი “შვებულების” შემდეგ საავადმყოფოს დაუბრუნდა. ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა უცხოთა საზოგადოებაში თავს მშვიდად გრძნობს. დინჯად საუბრობს, ავადმყოფებს იმედს აძლევს. მოკლედ, ისეა, როგორც თევზი წყალში.

***
საოპერაციო ბლოკზეც დაწერდა ორიოდ სიტყვას, მაგრამ ეთიკა უკრძალავს. ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა საზოგადო წესებს უტყვად ემორჩილება.

***
ალკოჰოლს მიეძალა. ბოლო 4 დღეა მუდმივად “გრადუსშია”. იცის, არ შველის, მაგრამ შეჩერებასაც არ აპირებს. იქნებ ცდილობს ცხოვრებას სხვაგვარად შეხედოს? იცის, რომ ის ისეთივე ნაგავია, უბრალოდ ამ დროს “დედამიწის რყევას” მთელი სხეულით გრძნობს. თავის ტკივილმა რომ არ შეაწუხოს, “პახმელიაზეც” სვამს…

***
უკვირს, აქამდე როგორ დაეცა, მაგრამ ახსენდება, რომ ამის აღსაკვეთად თითიც არ გაურყევია. შედეგი კი ლოგიკურად ეჩვენება. იცის, რომ კარდინალურად ერთ წამში ვერ შეიცვლება. ცდილობს დაიწყოს მტკივნეულ გზაზე შედგომა, ჯერ მხოლოდ უშედეგოდ.

***
“ცოცხალი ხარ?” -უკვე მერამდენე ადამიანი წერს, ან ურეკავს. “ვარსებობ”-ყველას ასე პასუხობს. ეს სიტყვა მის ამჟამინდელ ყოფას ზუსტად შეეფერება.

***
ცდილობს საკუთარი თავი შეიზიზღოს, მაგრამ ზედმეტად ეგოისტია ამისთვის. “მეყო წუწუნი, დროა საკუთარ თავზე ვიმუშაო!” შეუძახებს ხოლმე, მაგრამ ეს მუხტი ნახევარ საათზე დიდხანს არ გრძელდება. მერე კვლავ მელანქოლიის მორევში ეშვება. დაიღალა…

***
“სიგარეტია ამ ყველაფრის თავი და ბოლო!”- ამბობს და კიდევ ერთ ღერს უკიდებს. შავ ნახველს იღებს უკვე რამდენიმე დღეა. დაიღალა…

***
“კუზიანს სამარე გაასწორებს!”-ამ სიტყვებით თიშავს კომპიუტერს და დასაძინებლად მილასლასებს. “მტკივნეული ყოფილა ცხოვრება!” დაიღალა…

***
პირობას დებს, რომ ორშაბათიდან შეიცვლება. არ დაელია ეს “ორშაბათი”. დაიღალა…

***
ცხოვრებამ დაღალა…