პინგვინი

სტანდარტული

ნელი ნაბიჯით დაუყვა ქუჩას. მოვალეობის გრძნობა აჩქარებდა, მაგრამ გულის ხმას დაუჯერა ამჯერად. ბოლო რამდენიმე დღისგან განსხვავებით, საოცარი სითბო ტრიალებდა. ყურსასმენები მოიშორა და შეეცადა ბუნების ხმისთვის მოესმინა. აივნიდან თუთიყუშების ჟღურტული შემოესმა. თითქოს სითბო ჩაეღვარა მკერდში. ხელთათმანი გაიძრო და კედლის ფასადს მოეფერა. წამით შეიძლო და გაიაზრა, რამდენი რამის მნახველი იყო მუნჯი ქვის საყრდენი. ალბათ მრავალი მისნაირი  და მასზე ათასჯერ უკეთესი ახსოვს ამ ადგილებს. რამდენიმე ათწლეულით ჩამორჩა დროს. სცადა ცხოველი მოძრაობა წარმოედგინა. თითქმის გამოუვიდა კიდეც…

სიამოვნებდა ცარიელი ქუჩა რეალობაში, კორპუსთა ძველი რიკულები, უცნაური შტრიხები კედლებზე, ყველაზე მეტად კი ადამიანური უკაცრიელობა უხაროდა. არ უწევდა ვინმეს გატარება ტროტუარზე, არც არავის ასწრებდა, შემხვედრთა მხარიც არ ხვდებოდა “შემთხვევით”. ძველებური ყაიდის სადარბაზოში შეიხედა. ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ელოდა. გაეღიმა ამის შემხედვარეს. “რამდენი მალული კოცნა, გამოთხოვება და თვალის გაყოლება ახსოვს ნეტა ამ ბნელ კუთხეს?” მალევე მოაშორა თვალი კარს და გზა განაგრძო.

მსუბუქი ნიავი ათამაშდა. სასიამოვნო სურნელი დაატრიალა ჰაერში, თუმცა ვერ ხვდებოდა, კონკრეტულად რის სუნს გრძნობდა. ალბათ მოგონებებს, ემოციებს და განცდებს აქვს ასეთი სურნელება. “ამ ყველაფერს ჰაერში აფრქვევს ადამის შვილი და ეს ნესტიანი კედლებიც ხარბად ისრუტავენ მათ. მერე კი სწორედ ასეთ ამინდში, ვიღაც ჩემნაირს დაეტაკება პირისახეში, რათა მისთვის უცხო და სრულიად უცნაური მოგონებები აღუძრან. ფიქრები, რომლებიც მას არ ეკუთვნის, განცდები, რომელნიც არასოდეს უგრძვნია.” საოცარმა სევდამ მოიცვა. დროის წარმავლობის შეგრძნება დაეუფლა. მიხვდა, წლების შემდეგ შეიძლება კიდევ მოხვდეს ამ უკაცრიელ ალაგას, მაგრამ ის კაცი თვითონ არ იქნება. ალბათ, ეს იქნება ადამიანი, რომელსაც სადღაც ეჩქარება, თავი საზრუნავით ექნება გამოტენილი და არ ექნება დრო, რათა კვლავ მოუსმინოს კედელთა მიერ მოყოლილ ამბებს. ჰაერში დატრიალებულ მოგონებათა კორიანტელს უბრალოდ მტვრის სუნი ექნება და ისიც ყველა მოკვდავივით ღრმად ჩამალავს ცხვირს ყელზე შემოგდებულ შარფში. ის უკვე სხვა იქნება…

დამძიმდა… წამით გაჩერდა. სარდაფში ჩამავალ კიბის საფეხურებს მოავლო თვალი. ჟღალი, დიდთავა კატა მოჭუტული თვალებით შესცქეროდა ქვემო საფეხურიდან. დაიხარა და ჩამტვრეულ ფანჯარაში შეიჭყიტა. ელოდა, რაიმე საინტერესოს წავაწყდებიო. არ გაუმართლა. მიწისქვეშეთი საკუჭნაოდ გადაეკეთებინათ და ახლა იქ დაბღილულ ფიცრებს დაევანებინათ.

გზა განაგრძო. ქუჩის კუთხესთან მორყეულფეხიანი სკამი დაედგათ. მიხვდა, ანტიკვარიატის მაღაზიის წინ იმყოფებოდა. რბილი საჯდომი ეუბნებოდა, რომ ოდესღას წითელი შეფერილობით იწონებდა თავს, ახლა კი ღმერთიც ვერ იტყოდა დანამვილებით მის ამჟამინდელ ფერს. სკამის გვერდით უზარმაზარი სკივრი დაედგათ. რკინის სალტეები საღ მდგომარეობაში გახლდათ, მაგრამ საკუთრივ ხეს დროის სრბოლა ნათლად აღბეჭდოდა. ზოგან დაფუტუროებულიყო, ზოგან ლაქი გადასძრობოდა. მოკლედ, ეს ვეება საცავი ახლა სიბრალულს იწვევდა მის თვალში.

მაღაზიას შემოუარა. აინტერესებდა, კიდევ რა ემეტებოდა ადამიანს პურის ფულად. გულწრფელად ეცოდებოდა ხალხი, რომელიც საკვების სანაცვლოდ საკუთარი წარსულით, ბავშვობით და მოგონებებით ვაჭრობდა. შორეული მოგონებებიდან წლების წინ ნანახი სურათი დაუდგა თვალწინ. წითელ მოედანთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები საკუთარ ჯილდოებს ყიდდნენ კაპიკებად. მაშინ მიხვდა, რაოდენ საშინელია შიმშილი.

კედელზე ნახატი შენიშნა.

იგრძნო, ამ სიტყვებივით არარეალური გამხდარიყო მისი ცხოვრება. ტკივილი არ უგრძვნია, კარგა ხანია  შეეჩვია… ყურსასმენები ამოიღო ჯიბიდან…

Advertisements

4 responses »

  1. ჩვენ ყველანი პინგვინები ვართ 🙂 განსხვავებულები, მაგრამ მაინც პინგვინები. ვისაც სიმღერა არ შეუძლია, ცეკვის სწავლას ლამობს, და შეიძლება ოდესმე გაფრინდეს კიდეც…
    ეჰ, ჯონათან, ნეტავ შენ, რომ ფრენა შეგიძლია. ლაღად ფრენა!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s