Monthly Archives: დეკემბერი 2011

ძილის მოლოდინში

სტანდარტული

მოწყვეტით ეცემი საწოლზე და თვალებს მაგრად ხუჭავ. ციცქნა ოთახს “დღის განათების” მკრთალი შუქი ეცემა. საოცარი სიცარიელე და სიმყუდროვე გიპყრობს. საწოლი, სკამი, პატარა, გოგრგოლაჭიანი მაგიდა, მაღალი კარადა. კუთხეში ონკანი ნიჟარითურთ და კედელზე მომცრო სარკე.

თვალს ახელ. სიჩუმეს უსმენ. წამოჯდები და მაგიდას მოიჩოჩებ. ძლიერად ეყრდნობი იდაყვებით, დამძიმებულ თავს ორივე ხელით იჭერ. საკუთარ სიფათს აკვირდები სარკეში. ჩაღამებული, სხივჩამქრალი თვალები გულში რაღაცას გიფორიაქებს. თანაბრად იწყებ სუნთქვას. ნესტოებს ბერავ და შენში აღწევს სისხლის მოტკბო, დამწვარი ცხიმის და განავლის რბილი სურნელი. თმებს იჩეჩავ. პირისახეზე ხელს ისმევ. თითებს ყნოსავ. ლატექსის სუნი ღრმად გამჯდარა კანის ფორებში. გამომშრალ მტევნებს ისე აკვირდები, თითქოს პირველად ხედავდე საკუთარ კიდურებს. პირობას დებ, რომ აუცილებლად შეიძენ კანის მკვებავ კრემს. იცი, რომ თავს იტყუებ, მაგრამ მაინც აგრძელებ ფიქრს…

იხსენებ საკუთარი საწოლის სურნელებას. თანდათან მშვიდდები. დიდხანს ფეხზე დგომის გამო წელში ყრუ ტკივილს გრძნობ. ხელის კუნთები ლამის ტეტანურად გაქვს გაშეშებული. უგულვებელყოფ ამ ყოველივეს, როგორც საკუთარ პირად გრძნობებს. ზურგზე წვები. შალის პლედს თავზე იფარებ და სახეზე იხვევ, ისე, რომ მხოლოდ ცხვირს ტოვებ გარეთ.

ტერფებიდან საოცარი ჟრუანტელი გივლის და თმის ძირებამდე აღწევს. იღლები, მაგრამ გსიამოვნებს. სრულყოფილების განცდა გეუფლება. განცდა იმისა, რომ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. სიკვდილს ებრძოლე და ამ გაუთავებელი ომის მცირე მონაკვეთზე გამარჯვება მოიპოვე. ხვდები, არჩევანში არ შემცდარხარ, და თავიდანაც რომ დაგაყენონ გზაჯვარედინზე, მაინც შორ, ეკლიან გზას აირჩევ.

იქ, სადაც ეკლესიაზე გულწრფელად ლოცულობენ, სადაც სტკივათ, უხარიათ, ახლობლებს კარგავენ, სიცოცხლეს ეთხოვებიან, იბადებიან, ზეიმობენ და ტირიან, შენ, ციცქნა ოთახში გამოკეტილი, სრულიად მარტო დარჩენილი საკუთარ ფიქრებთან ხვდები, რომ ბედნიერი ხარ. და ესე არს სახლი შენი, რომელსაც ყოველივე ხორციელს, პირადს შესწირავ და უყოყმანოდ დაუთმობ სულსაც, რამეთუ ეს ამად გიღირს!

სწორედ აქ,  ბნელ პალატაში, საწოლზე მოკუნტულს,  გძინავს ყველაზე მშვიდი ძილით…

Advertisements

მთელი ჩვენი ცხოვრება

სტანდარტული

მთელი ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მარტოსულობასთან ბრძოლა. სიცოცხლის ადრეული წლებიდან ვიწყებთ მეგობრების გაჩენას, რათა მარტონი არ ვიყოთ. მეტისმეტად ეგოისტურად ხომ არ ჟღერს? ქვეცნობიერის დონეზე ასეცაა. მეგობარი გვჭირდება საკუთარი “მეს” სურვილების დასაკმაყოფილებლად, და რადგანაც მეგობრობა ორმხრივი პროცესია, მას სიმბიოზის სახე ეძლევა. ესეც მაშინ, თუ ადამიანები ახერხებენ საკუთარი ეგოს მოთოკვას. როცა ეს ასე არ ხდება, ძლიერი ინდივიდი იქცევა პარაზიტად, რომელიც სუსტს სწოვს ყველაფერს, ფიტავს, სანაცვლოდ კი ცოტას აბრუნებს მხოლოდ (ძირითადად ვერბალურ, ყალბ მხარდაჭერას). როცა სუსტი ადამიანი სულიერად მონდება, იგი ეჩვევა ამ მდგომარეობას, და უფრო მეტიც, კმაყოფილია ძლიერი ფრთის ქვეშ შეყუჟვის პერსპექტივით…

***

მარტოსული გახლდათ გურამი დაბადებიდან, თუმცა არ იფიქროთ, რომ იგი “ზანუდა” ტიპის წარმომადგენელი გახლდათ! წლებმა ისე გამოწვრთნა, რომ შეძლო გულღია ადამიანის ნიღაბი მოერგო. თანასწორობა ხიბლავდა ურთიერთობაში. რამდენსაც აძლევდნენ, უკანაც იმდენს აბრუნებდა, თუ მეტს არა. ზოგჯერ ისეც იყო, რომ არც გასცემდა, არც იღებდა. მაინც კმაყოფილი იყო ცხოვრების…

დრო გადიოდა. გურამი იზრდებოდა. არა, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ მისი საპასპორტო ასაკი იცვლებოდა. გულით და განცდებით კი იგი ღრმა ბავშვობაში იყო გაჭედილი. დრო კი ისეთი რამაა, რომ საშუალებას არ მოგცემს სიცოცხლეში სულიერ უკვდავებას, უჭკნობლობას ეზიარო.

ძველი გზიდან ცდომა შეამჩნია მეგობრებს. გაუკვირდა… თვითონ არ შეცვლილა. ახალი, მენტალური ტრანსფორმაცია მისთვის უჩვეულო აღმოჩნდა. მიხვდა, იყენებდნენ, სიყვარულს აცლიდნენ, სანაცვლოდ კი- დაცინვა ხვდებოდა, ყოველთვის. სტკიოდა პატარა გული, მაგრამ არაფერს ამბობდა. ისედაც ჩაკეტილმა, საკუთარი “მეს” ირგვლივ მაღალი კოშკის შენება დაიწყო. კედლების ამოყვანას წიგნებით შეუდგა, მერე კინოფირები, ფირფიტები მიაყოლა. ჯიუტად განაგრძობდა მუშაობას. არ იზარებდა. როცა დაიღალა, მიმოიხედა და აღმოაჩინა, რომ შედეგს მიაღწია. არავინ დარჩენილიყო ძველი მეგობრებიდან მის ირგვლივ. სიმშვიდე იგრძნო, სიცარიელისათვის დამახასიათებელი სიმშვიდე.

ხელოვნების ხაფანგში გაბმულმა გაანალიზა, რომ ცხოვრებას დაშორდა. მისი სათვალიდან აღქმული სამყარო დიამეტრალურად განსხვავდებოდა იმ სიმკაცრისაგან, ცხოვრებას რომ უწოდებს გონიერი ცხოველი. ესთეტიკურმა წინსვლამ იგი ვერ აქცია ბედნიერ კაცად. ღრიჭოს დაუწყო კოშკის კედელში ძებნა. ზედმეტად პედანტურად უმუშავია… გამოსავალს მალევე მიაგნო. ადგა და კარი გამოკვეთა მტკიცე გალავანში, რომელიც ფართოდ გაუღო გარესამყაროს. საკუთარი “შინაგანი იმპერია”, რასაც სულსაც უწოდებნ ზოგჯერ, ხელმისაწვდომი გახადა ყველასთვის. ამან საშუალება მისცა, მასავით მარტოსული ადამიანები გაეცნო. კვლავ გააბა სიმბიოზის უხილავი ძაფები. “ტოტალური თანასწორობის” გავრცელება დაიწყო. კვლავ გააბედნიერა ასეთმა ყოფამ.

***

ბავშვზე  ძალადობა სადიზმის დახვეწილი და ინტელექტუალური ფორმაა, რომელიც ექსპერიმენტის სახეს ატარებს. მსხვერპლს თუ სულიერად გატეხავ, იგი მთელი ცხოვრება მაწანწალა ძაღლივით იქნება. ყველას კუდს უქიცინებს და ფეხებში უწვება ლუკმის, მოფერების მისაღებად. ხშირად მწარედაც ურტყამენ, მაგრამ კმაყოფილია, რომ არ მოკლეს. თუ ბავშვზე არასაკმარისად მკაცრად ვიძალადებთ, მას განვითარების 2 ალტერნატიული გზა უჩნდება:

  • ყოველივეს დაივიწყებს და ნორმალურად განაგრძობს განვითარებას, ცხოვრებას.
  • გაიზრდება და თვითონ იძალადებს სხვაზე. ამით აღადგენს საყოველთაო თანასწორობას.

***

ასე მოხდა გურამის შემთხვევაშიც. ბავშვობის გულისტკივილმა სიყმაწვილეში გაახსენა თავი. ახალ, მარტოსულ მეგობრებში საკუთარი თავი ამოიცნო, რამაც ზიზღის გრძნობა გაუღვიძა. მან დაიწყო სუსტი ინდივიდის ძებნა. დაიმეგობრა და ხელი მიჰყო სიყვარულის წუწვნას. ჯერ წვეთობით, შემდეგ- მსუყე ულუფებად. საპასუხოდ მეგობარს სარკაზმისა და ცინიზმის ნაზავი დაუბრუნა. ასეთი კოქტეილი კი სულიერებისათვის (იგივე პირადი “მესათვის”) დიდი ვერაფერი საზრდოა.

მეგობარი დაცარიელდა, დასაცოდავდა, მიწას განერთხა და ვედრებით ახედა ზვიად გურამს. შეევედრა, მიახვედრა “მიშველე რამე!”-ო. გურამმა ფარსი სიტვები დაუხვავა საზრდოდ ჭიას, ერთდროს რომ მეგობარს ეძახდა, და თავისი გზით განაგრძო ცხოვრება. ახალ საკბილოს დაუწყო ძებნა.

***

“რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ო, ნათქვამია. მეგობართა პარაზიტსაც ასე დაემართა, ოღონდ, მცირედი განსხვავებით. იგი არ გაუთელავთ ფეხქვეშ, როგორც თვითონ უვლიდა “ჭია მეგობრებს”. განგებამ გურამის ნაკეთები საქმეები აწონა და უკან 9 გრამი ტყვიის სახით დაუბრუნა.

Art Is Crime!

სტანდარტული

ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო პოსტის წერა. ჯერ აუცილებელია, განმარტება მივცე სტრიტ-არტს. ამას კი ჩემზე და ვიკიპედიაზე უკეთ, ალბათ, ეს ვიდეო გააკეთებს, რომელიც აღებულია  ფილმიდან “გასასვლელი საჩუქრების მაღაზიის გავლით”.

ფილმის რეჟისორი გახლავთ ბრისტოლელი “უსახელო ნაბიჭვარი”- ბენქსი. ცნობისათვის, აღნიშნული სადებიუტო ნამუშევარი წარდგენილი იყო 2011 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე, როგორც საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. (თუ დაინტერესდებით აღნიშნული ფილმი შეგიძლიათ ნახოთ აქ!)

სტრიტ-არტის იშვით ნამუშევრებს ჩვენთანაც შეხვდებით. არის რამდენიმე ნახატი, რომელიც გამოირჩევა შესრულების კარგი ტექნიკით და აზრობრივი დატვირთვით. სამწუხაროდ, მათი სურათები არ მაქვს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით…

ფილარმონიის ქვემოთ, რუსთაველის მეტროსკენ, მიწისქვეშა გადასასვლელში, დაახლოებით 1 თვის წინ ვნახე საკმაოდ საინტერესო ნამუშევრები. ავტორი მას ხელს აწერდა, როგორც HVITT. აქვე შემოგთავაზებთ სურათებსაც. ჩემი “ყურმილის” ხარისხზე შეგიძლიათ იცინოთ! 🙂

ამ სურათზე, ალბათ, მიშა და ვალოდია არიან გამოსახულნი. ძალიან საინტერესო ნამუშევარია, ასევე კარგი მესიჯით. აღნიშნული ნამუშევარი ცოტა მოგვიანებით გაჩნდა კედელზე.

ანონის თვალსაზრისით, ეს ვანდალიზმია, მაგრამ თქვენ თვითონ დაფიქრდით, განა ეს ხელოვნება არაა?

განსაკუთრებით საინტერესო I Love Fashion TV-ის პროექტია. სადღაც, ქართულ გამოცემაში, წავიკითხე, რომ აუცილებელია სტრიტ-არტი საბჭოთა და ფაშისტური აზროვნების წინააღმდეგ ილაშქრებდესო, და აბა ეს სხვა რამეა?

გუშინაც მოვხვდი ამ ადგილას, უფრო სწორად, სპეციალურად ჩავედი, რომ კიდევ ერთხელ მენახა ეს ნამუშევრები, და…

და ამის მერე, მე მიჩნდება კითხვა: რა არის ვანდალიზმი? საკუთრივ ეს ნახატი, თუ ის, რაც მას დამართეს? მოლიმ ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პრეროგატივაა. შესაძლოა, სრულიად სხვისი ნამოქმედარია… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გული დამწყდა… როცა ამდენი კედელია დაბინძურებული უაზრო, არაფრის მომცემი წარწერით, რაღა ამას დაეტაკა მავანი? იქნებ მისთვის საშიში რამ შენიშნა ნამუშევრებში… დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია.

P.S. არ ვიცი ვინ არის ამ ნახატების ავტორი, წაიკითხავს თუ არა ამას, მაგრამ თანა ვუგრძნობ და მოვუწოდებ: არ დანებდე! შენ ხელოვნებას ემსახურები!

დასასრულს ერთ კითხვას დაგისვამთ და გთხოვთ მიპასუხოთ კომენტარებში: არის თუ არა სტრიტ-არტი ვანდალიზმი? (სტრიტ-არტში “თავისუფლება ცოტნეს” და “1=2” არ იგულისხმება!)

ჟან ვიგო. ნაწილი 2. დასასრული.

სტანდარტული

ნული ყოფაქცევაში. 1933 წელი.

აღნიშნული ფილმი რიგით მესამე ნამუშევარია ჟან ვიგოს შემოქმედებაში. სურათი განსაკუთრებით საინტერესო იმით გახლავთ, რომ დახუნძლულია ბიოგრაფიული მომენტებით.

ეჟენ ბონავენტურა დე ვიგო, მეამბოხე და ანარქისტი, 1917 წელს დააპატიმრეს და ციხეში უკრეს თავი, სადაც გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაიცვალა. ჟანი მაშინ სულ რაღაც 12 წლის გახლდათ. მამის დაკარგვამ დიდი გავლენა მოახდინა მისი აზროვნების ჩამოყალიბებაზე. დაუმორჩილებელი, თავისუფალი სული ვიგოს ცხოვრების თანამდევი გახდა.

“ნული ყოფაქცევაში”-ეს არის რეჟისორის შინაგანი სამყაროს ანაბეჭდი. ეს არის პროტესტი! ბავშვური, თუმცა, რაღაც კუთხით, საკმაოდ დიდურიც! ამ სურათში საშუალება გეძლევათ დაინახოთ ჭეშმარიტი ფრანგული სული!

იმისათვის, რომ ჩამოაყალიბო დამოუკიდებელი საზოგადოება, აუცილებელია მის თითოეულ ინდივიდს ბავშვობიდანვე ჩაუნერგო პროტესტის გამოთქმის უნარი. და არა აქვს აზრი ფორმას, რომელსაც იგი მიმართავს, იქნება ეს ვერბალური შეწინააღმდეგება, თუ პატარა “რევოლუცია”.

ფილმი გიჩვენებთ ჭეშმარიტად თავისუფალ ბავშვებს, რომლებიც თავიანთ სამყაროში სრულიად დამოუკიდებელნი არიან და ისინი არაფრის ფასად არ აპირებენ მის დათმობას. ფილმის ყურებისას დააკვირდით ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებს, სცენას,  თითოეულ პერსონაჟს. შეეცადეთ დახატოთ მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი. დაინახეთ, ხაზი გაუსვით მათ კომპლექსებს. აღმოაჩინეთ, რა გავლენას ახდენენ ისინი ცხოვრებაზე. 41 წუთით თქვენც გახდით რევოლუციონერი.

ფილმის გადმოწერა მაღალ ხარისხში (BD Rip) შეგიძლიათ აქ!

ატალანტა. 1934 წელი.

პირველი და უკანასკნელი სრულმეტრაჟიანი სურათი რეჟისორის შემოქმედებაში. თუნდაც მხოლოდ ამ ფილმის გამო მენანება ეს ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ასე მცირედის გამოვლენა მოასწრო. კინოშედევრი საინტერესოა მთელი რიგი მიზეზების გამო. წარმოჩინდა ვიგოს მიერ ადამიანთა ბუნების ღრმა წვდომა. რეჟისორმა შეძლო ეჩვენებინა კონტრასტული თამაშები სიუჟეტური სახეებით.

ფილმი ახალდაქორწინებული წყვილის, ჟანისა და ჯულიეტას, თანაცხოვრების პირველ დღეებზე მოგვითხრობს. ფილმის კიდევ ერთი მთავარი გმირია მოხუცი მეზღვაური, მამილო ჟული, ფრიად საინტერესო ადამიანი. გემი “ატალანატა”, რომელიც ჟანს ეკუთვნის საქმიან მოგზაურობაში მიემართება ეკიპაჟთან ერთად…

“ატალანტა” უბრალოდ მხოლოდ გემი არ გახლავთ. ეს არის ოჯახის მოდელი, ზღვა კი ცხოვრებაა, მასავით ბობოქარი, დაუდეგარი და იმისათვის, რომ აზვირთებულმა ტალღებმა ნაფოტივით არ მიგანარცხოს კლდეს, ძლიერი ხელი და გონებაა საჭირო.  კაპიტანს ქარიშხალი გამოცდის მხოლოდ…

როგორც წინა ფილმში, ვიგო აქაც არ გაექცა ინფანტილიზმის თემას. საინტერესო სანახავია ახალდაქორწინებულთა მოჩვენებითი სერიოზულობა და “დიდკაცობა”, აზროვნებით დაღვინებული ადამიანის, მამილო ჟულის,  ფონზე, რომელიც საკუთარი გააზრებული საქციელით უფრო ბავშვს მოგვაგონებს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ზოგჯერ იქ, სადაც ყველაზე მეტი არეულობაა ვიზუალურად, უფრო მეტი მეტი წესრიგი სუფევს, ვიდრე პირიქით.

თვალისმომჭრელია მიშელ სიმონისა და დიტა პარლოს თამაში. ამ უკანასკნელმა მოგვიანებით გაიბრწყინა ჟან რენუარის (ოგიუსტ რენუარის ვაჟი)  შედევრში “დიდი ილუზია” ( შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან!)

ფილმი მენტალურ გარდატეხაზე, გონებრივ გაზრდაზე და სიყვარულის გააზრებაზე. იმედის თემა ლაითმოტივად გასდევს ფილმს და არასოდეს ტოვებს გმირებს. და როცა ყველა გზა მოჭრილია, როცა მხოლოდ სიკვდილშია შვება, პერსონაჟები აქაც კი იმედის მკრთალ სხივს ეძებენ.

ფილმის გადმოწერა მაღალ ხარისხში (BD Rip) შეგიძლიათ აქ!

10 ფილმი, რომელიც უნდა ვნახო ახალ წლამდე.

სტანდარტული

მოკლედ, გადავხედე მეგობარ ბლოგებს და აღმოვაჩინე, რომ უმრავლესობა 10 წიგნის წაკითხვას აპირებს 2012 წლის დადგომამდე. შესანიშნავია, მაგრამ  არამგონია 31 დეკემბრამდე ონკოლოოგიისა (სავალდებულო) და ქირურგიის (სიამოვნებისათვის) წიგნის გარდა ხელი მოვკიდო რაიმეს. მაგრამ, უქმად მეც არა ვარ, მეგობრებო! სინემასადმი ჩემი ავადმყოფური ლტოლვის ამბავი უკვე იცით. 30-მდე ფილმი მორჩილად ელოდება თავის რიგს,ჩემს კომპიუტერში. ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე თანადგომის გამოხატვის მიზნით დავიწყო აქცია: “10 ფილმი, რომელიც უნდა ვნახო ახალ წლამდე.” რათქმაუნდა გაცილებით მეტის ნახვა მომიწევს, მაგრამ მე შევარჩიე 10 მეტ-ნაკლებად “ჰოლივუდური” ( უმრავლესობისთვის ნაცნობი) კინოსურათი. მაშ ასე, ვიწყებ:

1.Submarine

ამ ფილმზე კარგის მეტი არაფერი მსმენია. თანაც ისეთი ხალხისგან, ვისაც რაღაც მაინც დაეჯერება კინოში. თუმცა ჩემთვის ეს ამოსავალი წერტილი არასოდეს არაა, მაგრამ სხვის აზრს შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ. რამდენჯერ გადავწყვიტე მენახა, და ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, ერთ საღამოს თბილად მოვეწყობი და შევაფასებ 🙂

2.Inception

“ფენომენალური!… გენიალური!… ასეთი ფილმი არასოდეს ყოფილა!… ერთხელ ნახვა არ კმარა… ყოველ-ჯერზე რაღაც ახალი აღმოვაჩინე….”- ასეთი გამოხმაურება ჰქონდა ფილმს მოყვარულთა წრეებში. მოკლედ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო- ზუსტად ამაზეა ნათქვამი. ვგონებ არაერთხელ მომიწევს კიდევ ამ ფილმის ნახვა, მაგრამ ჯერ საჭიროა ერთხელ მაინც ვუყურო. დროს ამისთვისაც გამოვძებნი…

3. Shutter Island

ტელევიზორში წავაწყდი ერთხელ. შუა ნაწილში იყო ფილმი (ყოველშემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა). ნანახმა 5 წუთმა ისე მომხიბლა, რომ ყურება მაშინვე შევწყვიტე, იმ იმედით, რომ გადმოვწერდი და წესიერად ვნახავდი თავიდან ბოლომდე… როგორც ხედავთ, ჯერაც ვერ ჩავუჯექი.

4. American History X

“აბა, შენა ყოფილხარ! რა ფილმები არ გქონია ნანახი და აქ კინოს სიყვარულზე დებ თავსო”- გაიფიქრებთ ალბათ. რა ვიზამ? ეს  სია ჩემი “შავი ლაქაა”, რომლის გაქრობასაც ახალ წლამდე შევეცდები. სამაგიეროდ, ალბათ ხვდებით როგორი “მისალოცი” ვარ! 🙂

5.  The King’s Speech

ჩაწერილი მქონდა თავის დროზე, მაგრამ “Windows”-ის გადაყენებამ შეიწირა 😀 მერე გულზეც გადამვარდა. ახლახანს გამახსენდა, ისიც სრულიად შემთხვევით. რამდენიმე დღის წინ სალისთან საუბრისას გავიხსენე ფილმი ““პერსონაჟი”, შემდეგ აღვიდგინე ფილმში მწერლის როლის შემსრულებელი ემა ტომპსონი. მისმა გახსენებამ გონებაში ამოატივტივა ფილმი “რეალური სიყვარული”. ამ ფილმიდან გამახსენდა კოლინ ფერტი… და აი აქ გავიაზრე, რომ “მეფის სიტყვა” ასეც არ მქონდა ნანახი 🙂 (ასე გაერთობა კინომოყვარული რიგითი კლიმი მოწყენილობისას)

6. Biutiful

ხავიერ ბარდემს “ოქროს პალმის რტო” მისცეს ამ როლის შესრულებისთვის, და განა კაცმა იმისთვის იწვალა, რომ ჩემნაირ ადამიანს დაეზაროს ფილმის გადმოწერა? არავითარ შემთხვევაში. უახლოეს ხანში გამოვასწორებთ ამ ლაფსუს!

7. The Artist

ჟან დუჟარდინი “99 ფრანკი” -ს ნახვის მერე შევიყვარე. საოცრად გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ სწორედ მან ითამაშა “აგენტი 117”. ეს კომედია საკმაოდ ადრე მქონდა ნანახი და ეს ორი, სრულიად განსხვავებული როლი ერთ ადამიანთან ვერ დავაკავშირე. უფრო საინტერესოდ ის მეჩვენა, რომ “აგენტი 117”-ის ორივე ნაწილი მიშელ ჰაზანავიჩუსის გადაღებული აღმოჩნდა და მისმა ბოლო ნამუშევარმა უცებ კანის კინოფესტივალზე ამოყო თავი. თან დუჟარდინს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზიც აუღია. ამ ფაქტმა იმდენად დამაინტერესა, რომ ფილმი მოვინიშნე “უახლოეს ხანში სანახავთა” სიაში.

8. Hara – Kiri

იაპონური კულტურა და ხელოვნება ჩემი სისუსტეა. სამურაებზე და მათ თავგადასავლებზე ვაფანატებ. ჰარაკირი კი ჩემთვის მეტად საინტერესო პროცესია და ასეთმა სათაურმა წამსვე მიმიზიდა. ვერც მოვასწარი მომეძებნა, თუ დევს ფილმი სადმე რუსული გახმოვანებით. თუ არადა, არაუშავს. 2012 წელს ხომ მაინც შევძლებ ნახვას? 🙂

9. X-Men: First Class

სადაც ყველა წინა ნაწილი მაქვს ნანახი, ესეც იმსახურებს ჩემ ყურადღებას. თანაც განტვირთვისათვის კარგი საშუალება უნდა იყოს…

10. Harry Potter and the Deathly Hallows: Part II

ამ ფილმით დავასრულებ პოტერის ეპოქას ჩემ ცხოვრებში. ფანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობის გაფერადებაში და გახანგრძლივებაში კი მეხმარებოდა. წიგნების სერიის კითხვას კარგა ხნის წინ მოვრჩი. ჯერი ბოლო ფილმზე მიდგა…

Bonus: I’m Not There

ბობ დილანის მუსიკა ძალიან მიყვარს, და მის პიროვნებასაც პატივს ვცემ, ამიტომაც ჩემთვის მეტად საინტერესოა მის შესახებ შექმნილი ფილმი, რომელიც ვარსკვლავთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის.

ასეთი გახლდათ ჩემი მცირე ჩამონათვალი. და როგორია თქვენი სია???