მთელი ჩვენი ცხოვრება

სტანდარტული

მთელი ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მარტოსულობასთან ბრძოლა. სიცოცხლის ადრეული წლებიდან ვიწყებთ მეგობრების გაჩენას, რათა მარტონი არ ვიყოთ. მეტისმეტად ეგოისტურად ხომ არ ჟღერს? ქვეცნობიერის დონეზე ასეცაა. მეგობარი გვჭირდება საკუთარი “მეს” სურვილების დასაკმაყოფილებლად, და რადგანაც მეგობრობა ორმხრივი პროცესია, მას სიმბიოზის სახე ეძლევა. ესეც მაშინ, თუ ადამიანები ახერხებენ საკუთარი ეგოს მოთოკვას. როცა ეს ასე არ ხდება, ძლიერი ინდივიდი იქცევა პარაზიტად, რომელიც სუსტს სწოვს ყველაფერს, ფიტავს, სანაცვლოდ კი ცოტას აბრუნებს მხოლოდ (ძირითადად ვერბალურ, ყალბ მხარდაჭერას). როცა სუსტი ადამიანი სულიერად მონდება, იგი ეჩვევა ამ მდგომარეობას, და უფრო მეტიც, კმაყოფილია ძლიერი ფრთის ქვეშ შეყუჟვის პერსპექტივით…

***

მარტოსული გახლდათ გურამი დაბადებიდან, თუმცა არ იფიქროთ, რომ იგი “ზანუდა” ტიპის წარმომადგენელი გახლდათ! წლებმა ისე გამოწვრთნა, რომ შეძლო გულღია ადამიანის ნიღაბი მოერგო. თანასწორობა ხიბლავდა ურთიერთობაში. რამდენსაც აძლევდნენ, უკანაც იმდენს აბრუნებდა, თუ მეტს არა. ზოგჯერ ისეც იყო, რომ არც გასცემდა, არც იღებდა. მაინც კმაყოფილი იყო ცხოვრების…

დრო გადიოდა. გურამი იზრდებოდა. არა, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ მისი საპასპორტო ასაკი იცვლებოდა. გულით და განცდებით კი იგი ღრმა ბავშვობაში იყო გაჭედილი. დრო კი ისეთი რამაა, რომ საშუალებას არ მოგცემს სიცოცხლეში სულიერ უკვდავებას, უჭკნობლობას ეზიარო.

ძველი გზიდან ცდომა შეამჩნია მეგობრებს. გაუკვირდა… თვითონ არ შეცვლილა. ახალი, მენტალური ტრანსფორმაცია მისთვის უჩვეულო აღმოჩნდა. მიხვდა, იყენებდნენ, სიყვარულს აცლიდნენ, სანაცვლოდ კი- დაცინვა ხვდებოდა, ყოველთვის. სტკიოდა პატარა გული, მაგრამ არაფერს ამბობდა. ისედაც ჩაკეტილმა, საკუთარი “მეს” ირგვლივ მაღალი კოშკის შენება დაიწყო. კედლების ამოყვანას წიგნებით შეუდგა, მერე კინოფირები, ფირფიტები მიაყოლა. ჯიუტად განაგრძობდა მუშაობას. არ იზარებდა. როცა დაიღალა, მიმოიხედა და აღმოაჩინა, რომ შედეგს მიაღწია. არავინ დარჩენილიყო ძველი მეგობრებიდან მის ირგვლივ. სიმშვიდე იგრძნო, სიცარიელისათვის დამახასიათებელი სიმშვიდე.

ხელოვნების ხაფანგში გაბმულმა გაანალიზა, რომ ცხოვრებას დაშორდა. მისი სათვალიდან აღქმული სამყარო დიამეტრალურად განსხვავდებოდა იმ სიმკაცრისაგან, ცხოვრებას რომ უწოდებს გონიერი ცხოველი. ესთეტიკურმა წინსვლამ იგი ვერ აქცია ბედნიერ კაცად. ღრიჭოს დაუწყო კოშკის კედელში ძებნა. ზედმეტად პედანტურად უმუშავია… გამოსავალს მალევე მიაგნო. ადგა და კარი გამოკვეთა მტკიცე გალავანში, რომელიც ფართოდ გაუღო გარესამყაროს. საკუთარი “შინაგანი იმპერია”, რასაც სულსაც უწოდებნ ზოგჯერ, ხელმისაწვდომი გახადა ყველასთვის. ამან საშუალება მისცა, მასავით მარტოსული ადამიანები გაეცნო. კვლავ გააბა სიმბიოზის უხილავი ძაფები. “ტოტალური თანასწორობის” გავრცელება დაიწყო. კვლავ გააბედნიერა ასეთმა ყოფამ.

***

ბავშვზე  ძალადობა სადიზმის დახვეწილი და ინტელექტუალური ფორმაა, რომელიც ექსპერიმენტის სახეს ატარებს. მსხვერპლს თუ სულიერად გატეხავ, იგი მთელი ცხოვრება მაწანწალა ძაღლივით იქნება. ყველას კუდს უქიცინებს და ფეხებში უწვება ლუკმის, მოფერების მისაღებად. ხშირად მწარედაც ურტყამენ, მაგრამ კმაყოფილია, რომ არ მოკლეს. თუ ბავშვზე არასაკმარისად მკაცრად ვიძალადებთ, მას განვითარების 2 ალტერნატიული გზა უჩნდება:

  • ყოველივეს დაივიწყებს და ნორმალურად განაგრძობს განვითარებას, ცხოვრებას.
  • გაიზრდება და თვითონ იძალადებს სხვაზე. ამით აღადგენს საყოველთაო თანასწორობას.

***

ასე მოხდა გურამის შემთხვევაშიც. ბავშვობის გულისტკივილმა სიყმაწვილეში გაახსენა თავი. ახალ, მარტოსულ მეგობრებში საკუთარი თავი ამოიცნო, რამაც ზიზღის გრძნობა გაუღვიძა. მან დაიწყო სუსტი ინდივიდის ძებნა. დაიმეგობრა და ხელი მიჰყო სიყვარულის წუწვნას. ჯერ წვეთობით, შემდეგ- მსუყე ულუფებად. საპასუხოდ მეგობარს სარკაზმისა და ცინიზმის ნაზავი დაუბრუნა. ასეთი კოქტეილი კი სულიერებისათვის (იგივე პირადი “მესათვის”) დიდი ვერაფერი საზრდოა.

მეგობარი დაცარიელდა, დასაცოდავდა, მიწას განერთხა და ვედრებით ახედა ზვიად გურამს. შეევედრა, მიახვედრა “მიშველე რამე!”-ო. გურამმა ფარსი სიტვები დაუხვავა საზრდოდ ჭიას, ერთდროს რომ მეგობარს ეძახდა, და თავისი გზით განაგრძო ცხოვრება. ახალ საკბილოს დაუწყო ძებნა.

***

“რასაც დასთეს, იმას მოიმკი”-ო, ნათქვამია. მეგობართა პარაზიტსაც ასე დაემართა, ოღონდ, მცირედი განსხვავებით. იგი არ გაუთელავთ ფეხქვეშ, როგორც თვითონ უვლიდა “ჭია მეგობრებს”. განგებამ გურამის ნაკეთები საქმეები აწონა და უკან 9 გრამი ტყვიის სახით დაუბრუნა.

Advertisements

3 responses »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s