Monthly Archives: მარტი 2012

დინება

სტანდარტული

ქუჩაში გამოვედი და ლამპიონს ავხედე. ისევ თოვს. ასეთი ამინდი კარგახანია არ ყოფილა. ფეხქვეშ სასიამოვნო ჭრაჭუნს ვგრძნობ. ცხვირში ცივი ჰაერი მცემს და ფილტვებს მიყინავს. უქუდოდ ვარ, მაგრამ ყურებს უზარმაზარი ყურსასმენები მიფარავს, საიდანაც Dubstep-ის უცნაური „ჰანგები“ იფრქვევა.

ძმა გავაფრთხილე, რომ არაფერი მესმის, ეს კი ნიშნავს: „ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ და ხმას ტყუილა ნუ გამცემ.“

ბნელ გზას ყურადღებით ვუყურებ, რომ გუბურაში არ ჩავაბიჯო. მივდივართ და ვფიქრობ: „ეს რაღაც ახალია! ჩაკეტილობა და მარტოობა ახალ მწვერვალზე ავიყვანე. სხვა რა უნდა დავარქვა საკუთარ საქციელს?“

მივდივართ მე და ჩემი ძმა უხმოდ ბნელ გზაზე და მისთვის არაფერი მაქვს სათქმელი. არა, სათქმელი როგორ არ მაქვს, მაგრამ ჯერ ადრეა მსგავსი საუბრები, ჯერ ვერ მიხვდება. სიმართლე რომ ითქვას, მის თაობასთან ენის გამონახვა ცოტა ჭირს. აბა, რაზე უნდა ელაპარაკო? კოჭს ზემოთ დევს ფაფუკი, საოცრად რბილი თოვლი და აზრადაც არ მოსდით ბავშვებს, რომ ციგებით გამოეფინონ გარეთ. სხვასთან რა მინდა, ჩემმა ძმამაც კი არ გააკეთა სასრიალო ტრასა. არადა ციგები კარგ ფორმაში სახლის წინ დევს. ის კი ზის და მთელი დღე თავის PSP-ში Pes 2012-ს აკვდება. შეგვიძლია დროს დავაბრალოთ ეს ყოველივე, მაგრამ რამდენად სწორი იქნება ჩვენი საქციელი? უმცროს თაობას, ხომ ჩვენ ვაძლევთ მაგალითს? ტექნიკურ პროგრესს ვერ გავექცევით, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ ჩვენი თაობა „დახამდა“ კომპიუტერს, ინტერნეტს, მობილურ ტელეფონებს და ა.შ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ასაკის ხალხში კვლავ შემორჩა ერთეული ინდივიდები, ვინც ანაწილებს დროს კომპიუტერსა და გარე სამყაროს შორის. იქნებ დავკარგეთ კავშირი უმცროს თაობასთან? მაშინ, როცა მათ ყველაზე მეტად უნდოდათ თამაში,იქნებ ამ დროს მესიჯობით, ან ინტერნეტით ვიქცევდით თავს? იქნებ „ქაუნთერი“ ვამჯობინეთ ეზოში პატარებთან ბურთის გაგორებას? პატარა ხომ წაბაძვით აკეთებს ყველაფერს. რასაც დაანახებ, იმას გაიმეორებს. იქნებ ჩვენთან კავშირს ისინი კომპიუტერით ეძებენ?

ჩვენ კი საკუთარი მშობლების წინააღმდეგ წავედით. ყველაფერი უკუღმა გავაკეთეთ. ავჯანყდით და ეს ნორმალური იყო. შეგვეძლო პროტესტი გამოგვეთქვა, გვემსჯელა და გვეაზროვნა დამოუკიდებლად. სკოლაშიც რაღაცნაირად თავისუფლები ვიყავით. ვამბობდით იმას, რასაც ვფიქრბდით. მასწავლებლებსაც თავისუფლად ვეკამათებოდით, ზოგჯერ გაკვეთილსაც კი ჩაშლიდით ხოლმე. ამას მოჰყვა ის, რომ დღეს საღად და დამოუკიდებლად აზროვნება შეგვიძლია, ზოგჯერ კი (ვაი, რომ მხოლოდ ზოგჯერ) ვახერხებთ გამოვთქვათ გულისნადები ხმამაღლა და შეუშინებლად. ჩვენით მანიპულირება რთული გახდა, რადგანაც კარგშიც კი ცუდს ვეძებთ, გამუდმებით ვიღაცას ვაკრიტიკებთ, ვფიქრობთ, ვარსებობთ…

ახლანდელ ბავშვებს თითქოს აშტერებენ. თავიდანვე მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ, თითქოს საშიში პატიმრები იყვნენ. სკოლა ციხეს დაემსგავსა, ვიდეოკამერებით და მანდატურებით. ახლა შენ სიტყვას ძალა აღარ აქვს. ახლა ფორმიანი კაცის, თუ ქალის აზრია გადამწყვეტი.

და იზრდება მომავალი თაობა დაზომბებული, აზრგამოცლილი, გარობოტებული. „ცარიელ ქვევრებს“ ვეძახი მე მათ, რამეთუ რასაც ჩასძახებ, იმავეს ამოგძახებს. ვფიქრობ და მეშინია: ვაითუ მე და ჩემი თაობა ვართ უკანასკნელი იმედი? შეძლებს 90-იანების სიბნელეში გაზრდილი პლეადა ძირეულად შეცვალოს რაიმე? და თუ კი, რას მოიტანს ეს ყოველივე? ან, იქნებ საჭიროა, რომ…

ძლივს მივაღწიეთ სახლს. ფეხები მიმეყინა ლამის. საიდან სად გადაგაგდებს ხოლმე ფიქრთა დინება. კიდე კარგი, დროზე გავჩერდი. „ნა-უშნიკებს“ ვიხსნი და მამას ვეკითხები: „ძაღლს აჭამე?“

კივილი

სტანდარტული

ისევ იმ ოთახში ვარ, როგორც წლების წინ, ბნელ ღამეს. ისევ იმ ადგილზე  ვწევარ და ოთახს ვათვალიერებ.  ბევრი რამ შეიცვალა: შპალერი კედლებზე, მრავალუჯრიანმა კარადამაც სხვაგან გადაინაცვლა, საწოლიც გამოიცვალა, ახლა იგი გაცილებით რბილი და მოხერხებულია. არ შეცვლილა მხოლოდ მისი ადგილმდებარეობა. ისე დგას, რომ შემოსასვლელ კარს პირდაპირ უყურებს. შემოსასვლელი კარის გვერდზე მშობლების მაღალი კარადაა. ასეა ურყევად, რაც თავი მახსოვს. ამ ორგანყოფილებიან გიგანტს ყოველთვის კდემით შევცქეროდი. აქ იყო ჩემი დასამალი და აქ მალავდნენ ჩემგანაც სხვადასხვა ნივთებს. უფრო სწორად, მის თავზე, რომელიც ისე მაღალი მეჩვენობოდა, როგორც ევერესტი გამოუცდელ მთამსვლელს. უცვლელი დარჩა შემოსასვლელი კარის კუბოკრული, ნახევრად აჟურული მინა. ისეთი საოცარი რამაა ეს უკანასკნელი, რომ თან ხედავ, თან ვერა, ან უნდა შეეცადო, კუთხე დაიჭირო გამჭვირვალე მინასა და დაბურულ ნაწილს შორის. საწოლი თავით კედელს ებჯინებოდა, ზემოდან კი ყოვლად გამოუდეგარი ფანჯარა დასცქეროდა. ეს ფანჯარა წელს გავაუქმეთ. არ დაგვნანებია არავის.

საწოლში წამომჯარი სიბნელეს გავყურებ. ვცდილობ დროსა და ჩემს შორის ზღვარი გადავლახო და წლებით უკან დავბრუნდე…

3-4 წლის ვიქნებოდი. აი, იმ ასაკში ვარ, ბავშვს რომ „გუდიანი კაცით“ აშინებენ. საწოლში ვზივარ, მშობლებს შორის. ზამთარია, სიცივეა. საკუთარი ოთახი კი არა, საკუთარი საწოლიც კი ფუფუნებაა. გარეთ ბნელი 90-იანების ცივი ქარი ზუზუნებს. ნაბიჯების ხმა გავიგონე. იმხანად დაყაჩაღება-დაუთოება უცხო ხილი არ გახლდათ. „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“- ეს ანდაზა უადგილოც კი გახდა. ოჯახებს საღამოს 7-8 საათზეც კი აყაჩაღებენ შუაგულ სოფელსა თუ ქალაქში. მამაჩემს ხელს ვურტყამ, რომ გაიღვიძოს. ხმა წამერთვა. ნაბიჯების ხმა კი გვერდითა ოთახიდან სულ უფრო მკვეთრად მესმის. მამას კი ღრმად სძინავს, დაღლილი დაბრუნდა სამსახურიდან. მზერა კარის სარკმელს მიეყინა. გულისცემა ყურებიდან მესმის, საფეთქლებზე ცივმა წვეთებმა დაიწყო დაცურება. და მე წარმოვიდგინე, რომ ხვალ ყველა ჩვენზე ილაპარაკებს: „გაიგე, გიას ოჯახი დააუთავეს თურმე წუხელი!“ მშობლებს კი უშფოთველად სძინავთ. დედას არ ვაღვიძებ, ისედაც ყველაფერი ახლოს მიაქვს გულთან და ვიცი, ჩემზე უფრო მეტად შეეშინდება. ნაბიჯები აღარ ისმის, თავი დახრილი მაქვს, ვხვდები – მიყურებს. თითქოს ჭიანჭველები დარბიან სხეულზე, ოფლიც მომდინდა. ასე მემართება, როცა ვინმე უკნიდან მომაშტერდება. ყოველთვის ასეა. მივბრუნდები  და ვიღაცის თვალებს წავაწყდები ხოლმე. ახლა თავის აწევა არ ღირს. ალბათ ნიღაბი უკეთია, ამ სიბნელეში ისედაც ვერაფერს დავინახავ.

„არა, უნდა შევხედო! უნდა იცოდეს, რომ არ მეშინია“. სწრაფად ვწევ თავს და მინას ვუყურებ. კარს მიღმა კი ორი შავი წერტილი მომჩერებია. ეს წერტილები, თვლები რომ უნდა იყოს წესით, ცეცხლოვანი ენების სხეულიდან მიცქერს. ადამიანის ფორმის ცეცხლი, შავი, უძირო თვალებით. ალბათ ისაა! ხო, სწორედ ესაა „გუდიანი კაცი“. ანუ არსებობს? არასებობს და აქაა, ჩვენი საძინებლის კართან. ამ ნახევრად გამჭვირვალე მინაშიც კი გარკვევით ვხედავ არარაობასავით ღრმა შავ წერტილებს. დამცხა, საოცრად გავხურდი, ოფლი გამდინდა, ენა დამიმძიმდა.კისერთან უხილავმა ხელმა ძარღვები გადაჭრა და თავი მძიმედ ჩამომეკიდა. ნიკაპით მკერდს ვაწვები. მუცელზე სველი თმებიდან წვეთები მეცემა. „რა უნდა? რა დავაშავე? ალბათ წამიყვანს! არა, მესიზმრება! თვალებს მაგრად დავხუჭავ და ერთბაშად გავახელ, რომ გამეღვიძოს! კი, ასე ჯობია!“ მთელი ძალით ვიხუჭები და გულში ვითვლი. ყურებში ბაგაბუგი მესმის. ლოყაზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. თითქოს ადუღებული ჩაიდანის პირს დავადე ლოყა. ახლა კი წელზე და ზურგზე დამიარა ცეცხლის ალმა. „ალბათ მივყავარ! ან ახლა გავიღვიძებ, ან არასოდეს!“ უცებ ვაჭყეტ თვალებს და პირველი, რასაც ვხედავ მეზობელი ოთახის განჯინაა. მე კი ოთახის შუაგულში, ცეცხლის ხელებში ატატებული მივქრივარ ჰაერში სახლიდან გასასვლელი კარისკენ. ძალა მოვიკრიბე და მთელი ხმით ვიკივლე, მაგრამ ხავილი აღმომხდა მხოლოდ. ამან კი საბოლოოდ მოუღო ბოლო ჩემს შიშს. ვიგრძენი როგორ დავკარგე გონება და ბზრიალით წავედი ცეცხლოვანი შავი თვალების უფსკრულში.

ახლაც სწორედ იმ ადგილას ვზივარ და ვხვდები, ჩემი რაღაც ნაწილი კვლამ იმ უძირო სიბნელეშია დამარხული. მთელი ცხოვრება გავურბივარ, შორს მოკიაფე სინათლისკენ მივცურავ მთელი ძალით. იგი კი მექაჩება თავისკენ და ოდესმე, როცა  მოახერხებს ჩემ ჩათრევას…