Monthly Archives: აპრილი 2012

განშორება

სტანდარტული

გაოცება…

გაბრაზება, ყვირილი, გინება…

ტკვილი, სინანული, ცრემლები…

პატიების თხოვნა, ვედრება, კვლავ ცრემლები…

ისევ ყვირილი, ჩხუბი…

სიჩუმე… ხმამაღალი, ხმაურიანი სიჩუმე…

მკრთალი აზრი ფიქრების მორევში, რომელიც ზვავდება და მთლიან არსებას შთანთქავს…

თავის დარწმუნება აზრის სიმართლეში…

გაფრენის ზღვარზე…

მრგვალი სიცივე საფეთქელზე…

შტანცმარკა…

სიცარიელე…

Advertisements

მენატრება

სტანდარტული

მენატრება ხის სუნი, მხოლოდ ჩემ სახლში რომ ტრიალებდა.

მენატრება დივნის ნაჭრის ზედაპირში საქსოვი ჩხირების გაყრა.

მენატრება ცხელი ვერმიშელის ოხშივარი და ნივრიანი მაწვნის სუნი.

მენატრება ჩემი ბზრიალა და აკუმულატორის განათებაზე „რა? სად? როდის?“ თამაში საკუთარ თავთან.

მენატრება ნავთის ლამპის სულის შებერვით ჩაქრობა და მკრთალი ბოლის მოძრაობა გაცხელებულ შუშაზე.

მენატრება თივის მოტკბო სურნელი, ვენახში შესვლისას რომ დამეტაკებოდა ცხვირში.

მენატრება ზაფხულის თაკარა სიცხე და საოცრად მოკლე ჯინსის შარვალი.

მენატრება „ცუგა დ’არტანიანი“.

მენატრება ახალი პლასტმასის სუნი, ახალნაყიდი „ტერმინატორის“ (იგივე „დენდის“ კომპიუტერი) ყუთს რომ ასდიოდა.

მენატრება 10 წუთიანი რეკლამა, 20:15 წუთზე რომ იწყებოდა საინფორმაციოს დროს, რადგან ამ დროს შემეძლო სწორედ კომპიუტერზე თამაში.

მენატრება „ხრუშა“ და რუსული ძილისპრული.

მენატრება ახალდაბანილს და თავწაკრულს გაკრახმალებულ, თეთრ, უხეშ თეთრეულში ჩაწოლა, ყოველთვის „მზის“ სურნელი რომ ასდიოდა (ასე ვეძახდი გამზეურებულ თეთრეულს)

მენატრება მამაჩემის სიტყვები: აბა მკვდარი საათი! „უპაკოვკის“ დროა.

მენატრება თითოეული წუთი, გატარებული საწოლში 14-დან 18 საათამდე.

მენატრება  მაგიდის თეთრი საათის ისრების ტიკტიკი კარადის თავზე.

მენატრება სიმინდის ულვაშების, ოქროს, ან ვერცხლის კბილების  გაკეთება შოკოლადის ფოლგისაგან.

მენატრება საბავშვო ბიბლიოთეკის სუნი.

მენატრება საახალწლო სამსაზიდისი ოჯახში და ტელევიზორში ლუი დე ფიუნესის „ჟანდარმები“.

მენატრება მოჭირხლულ ფანჯარაზე ფრჩხილის გასმა.

მენატრება გასაშრობად გაფენილი, გაყინული შარვლის ტოტების „გადატეხვა“.

მენატრება ფანჯარსთან დგომა ძლიერი თოვისას და მაღლა, ცისკენ ყურება, როცა გეჩვენება, რომ ფიფქები ჰაერში ჰკიდია უმოძრაოდ და ეს შენ მიჰქრიხარ საოცრად სწრაფად.

მენატრება ფიფქის დაცემა თბილ ხელისგულზე.

მენატრება ის სასიამოვნო განცდა, გულზე რომ მიღიტინებდა, როცა თავზე მამალს შემომატარებდა ბებია ჩუმი ლოცვით.

მენატრება სახლში ჩამოქნილი სანთლის სუნი.

მენატრება ჯემპრით სიარული სუსხიან დილას.

მენატრება ციცინათელების დათვლა წყვდიადში.

მენატრება ცის კაბადონის ყურება იმის იმედად, რომ ეგებ ვარსკვლავი ჩამოვარდეს და სურვილის ჩაფიქრება მოვასწრო.

მენატრება რამოდენიმე წამით უსულოდ გაყინვა, სანამ „ჩიტი გამოფრინდება“.

მენატრება ჭის წყლის ცივი ორთქლი.

მენატრება ზაფხულის ღამის სურნელი.

მენატრება „დოპინგი“ შოკოლადის რბილი გემო.

მენატრება ბაბუაწვერას „პარაშუტების“ გაშვება.

მენატრება თბილისის თბილი, განუმეორებელი სურნელი.

დრო მენატრება…

ბავშვობა მენატრება…