ამბავი მუზის მოფრენისა

სტანდარტული

მოკლედ, საოცრება ხდება ხოლმე ჩემ თავს. რაღაც თემას ავიჩემებ დასაწერად, მონახაზს გავაკეთებ, წინადადებებს დავაწყობ და მერე ვზივარ კომპიუტერის გათეთრებულ ეკრანს მიშტერებული. აზრიც კი არ მომდის თავში. აი, ხომ გინახავთ, ვესტერნებში უდაბნოს ფონზე ქარი რომ უბერავს და რაღაც გორგალი რომ გაიფრენს კადრში, რათა სრული უკაცრიელობის ილუზია შექმნას, ასე ხდება მსგავს მომენტებში ჩემს თავშიც. არადა სხვა არაფერი მაშინებს. საკუთარ ფიზიკურ სისუსტეს უკვე კარგახანია შევეჩვიე და გამოსწორებაზე ფიქრიც კი უკვე მღლის, რომ არაფერი ვთქვათ ვარჯიშზე და ტრენაჟორებზე. გონებრივი გამოფიტვა კი შიშის ზარს მცემს. უნაყოფობა ფანტაზიაში, წარმოსახვის უნარის დეგრადაცია! ამ სიტყვების გაგონებაზე ისეთი ცივი ჟრუანტელი მივლის, როგორც სიკვდილმისჯილს უკანასკნელი სიტყვების გამოთქმისას. ამიტომაც მიყვარს აკუტაგავა და თაყვანს ვცემ მისი თვითმკვლელობის მოტივებს. მწერალი ფანტაზიის გარეშე, იგივეა, რაც ქირურგი, ხელების გარეშე. თუმც მე მწერალი არცა ვარ, და ვერც დავიბრალებ, რომც ვეცადო, მაგრამ რატომღაც მეც შიში მიპყრობს ხოლმე. ზოგჯერ ეს გრძნობა ისეთი ძლიერია, რომ ჩემი არსებობის არსს ეჭქვეშ აყენებს. და ამ დროს ირთვება ხოლმე თავდაცვის რეფლექსი და იწერება ჩემი პოსტები. ძირითადად მინორული, დეპრესიული და შავთეთრი. არა, უფრო ბნელი. ფერადი პოსტი იშვიათად გამომდის. ალბათ ფანტაზია არ მყოფნის. რაც არა გაქვს, ვერ გაიჩენ! აჰა, კიდევ! ეს ოხერი შეგრძნება უმწეობისა. ვგრძნობ, რომ დაუცველი ვარ, ყოველგვარი ქვენა აზრისგან. რა განმასხვავებს რობოტისაგან, თუ ოცნება, წარმოსახვა არ შემიძლია? ალბათ ხარისხი და გამძლეობა. ამაში კი რკინის ნაჭერს ვერც შევედრები. თუ ეს ასეა, რაღა შედეგის მომტანია ჩემი არსებობა? საკუთარ საქმეს თუ ყოველგვარი ნოვაციის გარეშე მივუდექი, ღრმად ჩავეფალი უსულო რუტინაში, თანდათან გავნაცრისფერდი…. ბრბოს შევერიე… და მეც გავხდი ტიპური, ღიპიანი ბიძა. მშრალი ფაქტებით რომ აქვს აწყობილი ცხოვრება. დავდივარ, ხალხს ვესაუბრები ამინდზე, პოლიტიკაზე. ისეთ საკითხებში ვაკეთებ პროგნოზებს და დასკვნებს, რომელთა შესახებაც არაფერი მესმის. დაშტამპული ვარ. მასისგან ვერ გამარჩევთ. საბოლოოდ, მოვკვდები მწვავე კორონრული სინდრომით განვითარებული მიოკარდიუმის ინფარქტისაგან, რაც ხალხს საშუალებას მისცემს ჩემს გასვებაში თქვან: „გული გაუსკდა საწყალს! ყველაფერი გულთან მიჰქონდა ცხონებულს.“
***
თავდახრილი მისჯდომოდა საწერ მაგიდას. უაზროდ ჩაჰკირკიტებდა ფურცლებს. საბოლოოდ აირია წლიური ბალანსის რიცხვებში. გულთან ღიტინი იგრძნო. ცოტაც და გულშეღონებულს ამ ერთფეროვნებით, პანიკური შიში დაიტყვევებდა. ამ დროს კი სრულად უკონტროლო ხდებოდა. ლეწავდა ყველაფერს, რაც ხელის გაწვდენაზე ჰქონდა. და თუ ეს არ დააშოშმინებდა. მერე ფანჯრებს დაერეობა ველური ჟინით. სამჯერ მაინც დაიჭრა ხელი მსგავსი პანიკური შეტევისას. სისხლი საოცრად ამშვიდებდა ამ დროს. ეს თითქოს აფიქრებინებდა, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია, არსებობს და შეიგრძნობს. აკვირდებოდა, როგორ ალტობდა თბილი სითხე მისი ვენებიდან თეთრი პერანგის სახელოებს. წვეთები ხმაურით ასკდებოდნენ იატაკის ფილაქანს. და ამ დროს იგი წარმოიდგენდა, რომ ახლა ჩამსხვრეული ფანჯრის ქვეშ მოკუნტული, სინამდვილეში სადღაც ტყის მისადგომთან ტალახიან სანგარში ზის, მტრის ტყვიისგან განგმირული. ირგვლივ სიცარიელეა. მისი ამხანაგები შეტევაზე არიან. ის კი, სრულიად მარტო, სანგრის ტალახიან კიდეს მიყუდებულა. ირგვლივ ჯერ კიდევ თბილი ვაზნები მიმოფანულა. ის ნელნელა იძირება ბურუსში. მოკეცილი ხელი ძირს უვარდება და უკანასკნელი, რასაც ის ხედავს, მხოლოდ წითლად გაღებილი ტალახია.
უხარია, რომ აზროვნებს, შეუძლია რეალობას მოსწყდეს, მაგრამ ძვირად უჯდება ეს ყოველივე. ეხუმრებით დღეს მინის ფასებს? დაღვრილ სისხლს არად დაგიდევთ. არც ახლობელთა შეშფოთებული თვალები ადარდებს. მოხუცი დედის ცრემლებზე მხოლოდ ეცინება და ეგაა.
დღეს კი წლიური ბალანსის რიცხვთა კორიანტელში გახვული თავს უცნაურად გრძნობს. ეს ჩვეულ ღიტინს აღარ ჰგავს. გულის კოვზთან საოცრად ცივად გრძნობს უხილავი ბუმბულის ლამუნს. სიცივე ისეთი მკვეთრია, რომ კერტები გაუმაგრდა. ხელებში დაუარა ელექრტონის ცივმა ჟრუანტელმა. ოოო… ეს სულ სხვა რამ არის, და მან კარგად უწყის ეს. ჯერ არასდროს განუცდია მსგავსი რამ. ამასთან შედარებით მინის ლეწვა ბავშვური თამაშია. შეგრძნებები კი ალბათ ისევე განსხვავდება ერმანეთისგან, როგორც… როგორც… არაფერი მოსდის თავში. აი, დადასტურდა მისი შიშები. ასეთ მომენტშიც კი არ ჰყოფნის ფანტაზია, რომ ორი უმარტივესი გრძნობა ერთმანეთს შეადაროს. კი! ეგ არი! უნდა გააკეთოს! სხვა გზა აღარ აქვს.
***
ფეხში აუტანელი ტკივილი იგრძნო. კუნთები გაეთიშა და ძირს მოწყვეტით დაეცა. ტალახით მოთხვრილი, ერთდროს მწვანე შარვალი წითლად იღებება. „დამჭრა ამ დედამოტყნულმა, დამჭრა ამ შობელძაღლმა! მედიკ! მედიკ!“- ამაოდ ისმის მისი ყვირილი ტყვიების წუილში. მარცხენა ხელი ბარძაყზე დაიჭირა. ხოხვით წავიდა კედლისკენ. ძლივს აიტანა თავი და ზურგით მიეყრდნო ქვის ცივ ნაჭერს. ფეხს ვერ გრძნობს. საოცარ ტრაკშია. ექიმი ეშმაკმა უწყის სადაა. ეგებ მოკლეს და ისიც მასავით აგდია ტალახში, ყველასაგან მივიწყებული. ხელი გაუთბა, ალისფერი სითხე ნაკადურად ასკდება ხელისგულს, თითებს შორის მოჟონავს და შარვლის ტოტში იკარგება. მეორე ხელით დააწვა ჭრილობას. არაფერი შველის. ზედმეტად სწრაფად კარგავს სისხლს. შარვალი გადაფხრიწა. ვერც კი ხედავს სადაა ჭრილობა. თითით დაუწყო ძებნა. მიაგნო. პატარა, მრგვალი ხვრელია ფეხში. მეტი არაფერი. ახლა მთავარის არტერიას მიწვდეს თითით. „არ ყოფილა ისე ადვილი, როგორც ის გამოყლევებული ინსტრუქტორი ამბობდა! მთავარია მივაწვე და მერე მოვა ვინმე. მთავარია მივაწვე! მედიკ!“
ვარსკვლავები აუთამაშდა თვალებში. პირში სიტკბო იგრძნო. გულთან მარწუხი მოუჭირეს. სუნთქვა გაუჭირდა. ცივმა წვეთებმა დაუარა სახეზე. წამოწვა. არაფერი არ შეცვლილა. ასე რომ გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წუთი, თვითონვე დავიხლიო, გაიფიქრა. და უცებ საოცარი სიმსუბუქე დაეუფლა. თითქოს ფრენა შეეძლო. მაღლა დაიწყო ასვლა. ძალა წაერთვა, ხელი მოუდუნდა. კანკალმა აიტანა. მალე ესეც შეწყდა. ძალა მოიკრიბა და ირგვლივ მიმოიხედა. უკანასკნელი რაც დაინახა, სისხლით გაწუწული თეთრი შპალერი და გაწითლებული ხალიჩა იყო. იწვა მისაღებ ოთახში, სისხლის გუბეში, საოცრად ნასიამოვნები, მომღიმარი სახით და ფიქრობდა ომში დაკარგულ საკუთარ სიცოცხლეზე.
***
მგონი შიშის დაძლევა მოვახერხე, დროებით მაინც.
შემდეგ პანიკურ შეხვედრამდე, მკითხველო!

Advertisements

One response »

  1. რადგან გაგახსენდა ბლოგის არსებობა :დ
    აუ, ეგ შეგრძნება მეც მეუფლება ხოლმე წერისას. უკანასკნელი ლუზერი მგონია თავი (უკანასკნელი არ ვარ, მგონი მაგრამ პავლიკა მახსენდება ხოლმე სულ, რამეზე რომ გავიჭედები :დ )
    კარგი პოსტია 🙂 საკუთარი სისხლის მოთბო სურნელს გაგრძნობინებს და ფრენას თავიდან მოგანატრებს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s