Monthly Archives: ივლისი 2012

გეტო

სტანდარტული

გეტოში ცხოვრება საინტერესოა. იგი განსხვავდება ჭეშმარიტი გეტოსაგან, მაგრამ , მაინც, რაღაცნაირად ჩაკეტილი სივრცეა. საღამოს 9 საათის შემდეგ აქედან ვერც გახვალ, ვერც შემოხვალ. დღე სიმშვიდეა, არაუშავს. ნუ, ბანკის ძარცვის ფაქტს თუ არ ჩავთვლით ერთხელ, და ერთხელაც ჩანთის გატაცებას. სხვა მხრივ სიწყნარეა, მაგრამ მოჩვენებითად. დაბნელებასთან ერთად იცვლება გეტოც და საშიშ მონსტრს ემსგავსება. უკუნის გამეფებასთან ერთად ციდან დიონისეს ავხორცი სურვილები იბუდებს აქ. გაისმის სიმღერა, არა, უფრო ღრიალი, გადაძახილ-გადმოძახილები, უაზრო ყვირილი. როგორც წესი, ასეთი ელემენტების თავყრილობის ადგილი ჩემი კორპუსის წინაა. თუ უფრო დავკონკრეტდებით, ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯრებქვეშ.

კორპუსის პირველი სართული ყველასათვის ცნობილ 24 საათიან წითელი მარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს უჭირავს. ამიტომაცაა, რომ ყველანაირი მობანცალე ობიექტის გზა ჩემ კორპუსამდე მოდის. კარგი სიმთვრალე მშვენიერი რამაა. საერთოდ ვერ ვგრძნობ მას. აი, „გაჭედვებია“ ყელში რომ ამომოვიდა და ამ პოსტს მაწერინებს. დროდადრო საოცარი ღრიალის ჰანგები მაღვიძებს, და ვფიქრობ, ქართული ფოლკლორის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის რომ ასამართლებდნენ, ცუდად იქნებოდა ჩვენი, ბახუსში მყოფი, ქართველების საქმე. ამ დროს საქმეში ერთვება კორპუსის უჩინარი გმირი, რომელსაც მე „წყალმენი“ შევარქვი. ეს ადამიანი არავის პატიობს მისი სიმყუდროვის დარღვევას და „ტკბილად მოგალობეთა“ გუნდს თავს ატყდება მისი წყლიანი პარკების რისხვა. რათქმაუნდა ამას მოჰყვება 9-სართულიანი, მაღალინტელექტუალური ქართული დალოცვა, რომელიც იდუმალ „წყალმენს“ და მის ყველა მოკეთეს გამრავლებას უსურვებს ოჯახსა თუ პირად ცხოვრებაში. „მაღალინტელექტუალური“ ტყუილად კი არ დამიწერია! ასეთი ეპიტეთებისა და სინონიმების ცოდნა, ცხოველთა სამყაროში ღრმა ექსკურსი, ნამდვილად განსწავლულობაზე მიანიშნებს შეზარხოშებულ მამაკაცთა მხრიდან. და როდესაც ეს უკანასკნლნი საბოლოოდ დაშოშმინდებიან, „წყალმენი“ კვლავ ახორციელებს დარტყმას სიბნელიდან. და იწყება კვლავ თავიდან მისი დალოცვა (ამ კონტექსტში ჟირაფის მონაწილეობა სწორედაც მსგავსი რიტუალის დროს მოვისმინე და დღემდე არ ამომდის თავიდან)

ფრიად საინტერესოა მთვრალი დაჯგუფებების შეჯეხება. ერთგვარი „განგსტა“ გარჩევები, რომლებიც იმით სრულდება, რომ პლასტიკური ქირურგი, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ოჯახს გაახარების გამომუშავებული ხელფასით.

„განგსტა“ გარჩევებში მალევე ერევა პოლიცია. ხშირად ისინი ორივე მხარეს დაუმატებენ რეზინის ხელკეტებს განწყობილების გამოსაკეთებლად და განყოფილებისაკენ გააქანებენ. ახლა მახსენდება ფაქტი, არცთუ შორეული წარსულიდან, როდესაც გამზოვებელი ფორმიანები იძულებულები გახდნენ ჰაერში გაესროლათ.

სიმართლე უნდა ითქვას, „ძია პარტული“ საკმაო მოთმინებით გამოირჩევა, და მაქსიმალურად უკონფლიქტოდ აგვარებს საქმეს. ცოტა უფრო ფიცხები არიან განყოფილების თანამშრომლები. ერთხელ დაიყვირებენ და გამგები გაიგებს, თუ არადა გააგებიებენ… საკმაოდ მწარედ…

მარკეტის თანამშრომლების შეურაცხყოფას დაცვის პოლიცია არ პატიობს არავის. მოვლენ ავტომატგადაკიდებულნი, მივლენ ამრევ ელემენტთან და რკინის კონდახი მათ მაგივრად ამბობს სათქმელს.

ღამით ეზოში ჩასვლა ერთი გმირობაა. გზა უნდა აუქციო ვენაფხანია ბიძებს სადარბაზოში, ეზოში უნდა აუხსნა (უფრო სწორი იქნება, „უნდა მოატყუო“) მომლხენთა ჯგუფს, რომ ავად ხარ და ანტიბიოტიკებს სვამ (ყოველთვის ჭრის, თუ დაამატებ, რომ სამედიცინოზე სწავლობ და მცირედი ალკოჰოლიც კი მკურნალობის კურსს წყალში ჩაგიყრის), სწორედ ამიტომაც ვერ დალევ შენსკენ გამოწვდილ უცნაური კონტსისტენციის ჭიქას, მაგრამ დაილოცები და წახვალ. მერე შეიძლება კრიმინალურის თანამშრომლებს „საეჭვო ელემენტად“ მოეჩვენო ( არ მითხრათ, რომ არ ეჭვდებით ადამიანში, რომელიც ნაგავს ყრის… ნაგვის კონტეინერში)  და გიწევს ახსნა, რომ აქ ცხოვრობ, ამა-და-ამ სართულზე, ბინა ნომერ …-ში, სტუდენტი ხარ, მარტო ცხოვრობ, მშობლებისგან შორს, უბრალოდ ნაგავი გადაყარე, ჯიბეში არაფერი გაქვს (არავინ გიჯერებს და ხელს გადებენ. იცი, არ აქვთ უფლება, მაგრამ შეწინააღმდეგება ეჭვს აძლიერებს), ამ დროს იმიტომ გღვიძავს, რომ უბრალოდ დაძინებას ვერ ახერხებ, რათქმაუნდა აქედან სახლში მიდიხარ.

ზიხარ ფანჯარასთან, უკუნს გაჰყურებ და ფიქრობ: „ამათთვის იბრძოდა აღმაშენებელი?“ (ჰა, დაიჭირეთ მსუბუქი სარკაზმი რელიგიური ფანატიკოსი ჰომოფობების მიმართ?)

მერე მიდიხარ, წვები და ხვდები, რატომ არ გვაქვს ქვეყანაში პორნოინდუსტრია. ჩვენი ცხოვრება ხომ ისედაც Hardcore პორნოა ჩვენივე მონაწილეობით!

„საქართველოს გაუმარ – ჯოს!“- გესმის ეზოდან.

შენც უერთდები გუნებაში…

Suck-ART-ველოს გაუმარ – ჯოს!

P.S. გაიმეორეთ სამგზის. განსაკუთრებით მონდომებულებმა ბოლოს  „ჯოს! ჯოს!“ დააყოლეთ!

 

Advertisements

BIAFF 2011. Never Let Me Go

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

  • მარკ რომანეკი

სამწუხაროდ,  მარკ რომანეკის სადებიუტო ნამუშევარს, Static, ვერ მივაკვლიე რუსულად. ზოგადად, მისი მხატვრული შემოქმედება სულ სამიოდე ფილმს მოიცავს. ჰოდა, მეც წავყევი…

ფილმის დასაწყისშივე, თვალში თეთრი ოთახი გეცემათ და მეეჭვება, რომ ამან არ აგაფორიაქოთ. რამდენადაც ეს ფერი სულიერ აშლილობასთან მეტად ახლოა. ფაქტია, რომ თეთრ ფერს ადამიანის ფსიქიკაზე ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია. დაინახავთ თუ არა რობინ უილიამსის საოცრად მშვიდ სახეს, რომელსაც პედანტურობის ელფერი დაჰკრავს, მაშინვე თავში გაივლებთ: “კიდევ ერთი ჰოლივუდური ფილმი ფსიქოპატზე.”

ნაწიბლობრივ მართალნიც აღმოჩნდებით. თუმცა, არის ამ ფილმში რაღაც, რაც გაიძულებთ, რომ ბოლომდე ნახოთ. ნუ, უილიამსის თამაშზე არაფერს ვამბობ. კომედიური როლების შემდეგ მსგავსი სახესხვაობა საკმაოდ იშვიათია.

რამდენად ღირებულია ბედნიერი წამი, აღბეჭდილი ფოტოზე? ჩვენ შესაძლოა ამას ვერც ვაფასებთ. არცაა გასაკვირი. წამს კი არადა, მთელს ადამიანურ ცხოვრებას ვეკიდებით აგდებით. არადა, არსებობენ ადამიანები, ვინც შესაძლოა ნატრობს ჩვენს ადგილას ყოფნას და იმ უმნიშვნელო დეტალებით დატკბობას, რასაც ყოველდღიურ რუტინასაც ვუწოდებთ.

განსაკუთრებით საინტერესო მთავარი გმირის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე დაკვირვებაა. საკამოდ რეალისტურადაა აღწერილი მისი შინაგანი მდგომარეობა, რისი აღქმის საშუალებას მისი საცხოვრებელი და სამუშაო გარემო გვაძლევს.

რა არის იცით? ჰოლივუდური ნამუშევარია, მაგრამ უცხო ელფერიც დაჰკრავს. თითქოს “ლაითი” არისო, ისეთი გრძნობა დამეუფლა. თუმცა, ფაქტია, რომ რეჟისორს სათქმელი აქვს და ცდილობს ფართო მასებს მიაწვდინოს ხმა.

რაზეა წამსვლელი ადამიანი, სხვისი ბედნიერების გამო? ამის ნახვა აქ შეგიძლიათ

ჯერ მხოლოდ 4 საკონკურსო ფილმი ვნხე, მაგრამ ეს უკანასკნელი ყველაზე ჰოლივუდურ ფილმად მეჩვენა. უფრო სწორად, ჰოლივუდურ დრამად არტ-ჰაუსის ელემენტებით. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის. ფრიად საინტერესო სურათი გამოდგა. საკუთრივ იდეა აბსურდია, მაგრამ იგი იმდენად დახვეწილადაა წარმოდგენილი, რომ საათნახევრის განმავლობაში ჩემთვის რეალობად იქცა.

წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ბავშვთა სახლები, სადაც კლონირებულ ადამიანებს ზრდიან ერთი მიზნისათვის: საჭირო დროს მათი ორგანოები სხვას უნდა გადაუნერგონ. ცოტა ძნელია არა?

ფილმი გადაღებულია კაზუო იშიგუროს იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. წიგნისგან მიღებულ ემოციებზე ცოტნეს პოსტიდან შეგიძლიათ შეიტყოთ

მთავარი საკუთრივ აღნიშნული ფაქტი არაა. საინტერესო ამ ადამინთა ემოციები და განცდებია. ჩნდება კითხვა: ე.წ. „უსულო არსებებს“ შეუძლიათ სიყვარული? ძალუძთ მათ იცხოვრონ როგორც ნამდვილმა ადამიანებმა?

რა ღირებულება გააჩნია ფილმს? შეუძლია მას რაიმე გვასწავლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება?

შესაძლოა, საკუთრივ იდეა სრულად აბსურდულია, რადგანაც მეცნიერებს რამდენიმე წელიწადში უკვე შეეძლებათ (ექსპერიმენტში უკვე დღესაც შესაძლებელია) საჭირო ორგანო რამდენიმე ღერო უჯრედის  დახმარებით გამოზარდონ, ამიტომაც  დონორების აუცილებლობა გაქრება. საქმე აქ სხვა რაღაცაშია. რით განსხვავდება კლონირებული ადამიანი ნამდვილი ადამიანისაგან?

არნიშნულ კითხვასთან ეჯახება ერთმანეთს რელიგიური და სამეცნირო შეხედულება. საკუთრივ კლონირების თემა და კლონთა ემოციები თუ დაგაინტერესებთ, გირჩევთ ნახოთ ბენედეკ ფლიგაუფის საოცარი ფილმი Womb. ეს ისეთი სურათი გამოდგა, პირადად ჩემთვის, რომ სიტყვებით ვერც გადმოგცემთ.

დავუბრუნდეთ ჩვენ კითხვას. მაინც რით განსხვავდება კლონირებული ადამიანი ნამდვილი ადამიანისაგან ? სულით? აქ უკვე საინტერესო კონცეფციამდე მივდივართ. ადამიანთა ნაწილს არ სწამს სულის არსებობა. შეუძლიათ თუ არა მათ სიყვარული? არის თუ არა მათთვის ადამიანური გრძნობები რეალური? ამის დასადგენად უფრო ღრმად მივდივართ და ვარკვევთ საკუთრივ სიყვარულის რაობას.

არის თუ არა სიყვარული, როგორც გრძნობა, ღვთით მომადლებული? ანუ იგი გარკვეულწილად ადამინთა რაღაც კატეგორიაზე ვრცელდება? პირადად ჩემთვის ეს სრული უაზრობაა. სიყვარული ყველას შეუძლია, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და სქესობრივი ორიენტაციისა.

ბიოქიმიურ დონეზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტვინის საპასუხო რეაქცია უხილავი, უსუნო ჰორმონების, ფერომონების, მოქმედებაზე. აღნიშნული ჰორმონების მოქმედება იწვევს ორგანიზმში ისეთი ფიზიოლოგიური რეაქციების კომპლექსს, რასაც ჩვენ “სიყვარულს” ვუწოდებთ (სიყვარულის ბიოქიმიის შესახებ თავისდროზე რეფერატიც კი დავწერე. ერთხელაც მოვიცლი და აქაც გამოვაქვეყნებ პოსტის სახით, თუ აღნიშნული დაგაინტერესებთ)

რა არის სიყვარულის გამოხატულება? როგორ უნდა გავაჩიოთ იგი უბრალო ვნებისაგან? ამაზე საინტერესო პასუხი აქვთ ფილმის შემქმნელებს. ხელოვნებით! დიახ, სწორედაც რომ ხელოვნებით. სურათში განვითარებული აზრის მიხედვით, წყვილების ნამდვილი სიყვარულის ინდიკატორი მათ მიერ დახატული სურათებია, რადგანაც იგი აჩენს რა აქვს ადამიანს სულში. ფრიად საინტერესო კონცეფციაა. სწორედ ამას უნდა მოვეჭიდოთ ჩვენც. ეს უნდა ავიღოთ და ვისწავლოთ აღნიშნული ფილმიდან. სიყვარულს შეუძლია თავი ხელოვნებაში ასახოს და ამით დაადასტუროს მისი არსებობა. ამიტომაცაა ხელოვნების სიყვარული, თვით სიყვარულის სიყვარული.

განსხვავდებიან თუ არა „უსულო“ ადამიანები „სულიერთაგან“? ესაა ფილმის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც თქვენთვის, მაყურებლისთვის, მომინდვია.

მარტოობა

სტანდარტული

უეცრად საოცარმა მარტოობამ მოიცვა. საშინლად მოუნდა ვინმესთვის დაერეკა, ვისაც მისი ესმოდა. ფანჯარასთან მოკალათდა და მობილური მიიდო ყურზე. რაფაზე წვიმის წვეთების წკარუნი ლურსმნებივით ერჭობოდა ყურის დაჭიმულ აპკს. წელში ტკვილმა დაუარა. ფეხები სკამზე შემოაწყო. არაფერმა უშვლა.

ტუუუ… ნეტა აიღოს, ხმა გამაგონოს! რაიმე ხომ არ… ტუუუ… ალბათ სძინავს, ან ხმა გაუთიშა ტელეფონს… ტუუუ… ამას აჯობებდა საერთოდ არ გასულიყო, მაშინ… ტუუუ…

მობილური გათიშა და მაგიდაზე მოისროლა. გარინდებული გასცქეროდა უკუნს ფანჯარაში. ესეც მობეზრდა. ზლაზვნით აიტანა დამძიმებული ტანი სკამიდან. გამომრთველს გადასწვდა და საკუთარი სულიერი უკუნი მთელ ოთახში გაამეფა.

ყველაფერი მობეზრდა, დაიღალა, გული ეტკინა. ფეხებში ძალა გამოეცალა.სუნთქვას ახერხებდა მხოლოდ. წვივებში ჟრუანტელმა დაუარა. მუხლები გაეთიშა და სხეული ახვავებული ზვავივით გაიშალა იატაკზე. ტკივილს ვერ გრძნობდა. ყოველგვარმა ემოციამ, გრძნობამ დატოვა მისი ლეში. დარჩა მხოლოდ სიბნელე და შიში.

BIAFF 2011. White As Snow

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

თურქულ კინოს, გულახდილად გეტყვით, საერთოდ არ ვიცნობ. ერთხელ გადმოვწერე მხოლოდ რაღაც ფილმი, რომლის სათაურიც კი აღარ მახსოვს, მაგრამ ყურება არ დამცალდა.

თოვლივით თეთრი“ რეჟისორ სელიმ გუნეშის სადებიუტო ნამუშევარია. „ვუძღვნი ჩემს უფროს ძმას, მუამერს, რომლის დამსახურებითაც მე კინო შევიყვარე.“- ვკითხულობთ ფილმის ბოლოს, ტიტრებში და ეს საოცრად მოქმედებს ჩემზე…

„ზრდასრული ბავშვი“ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ჩემში. ნუ, ადრე საერთოდაც ნერვებს მიშლიდა დიდკაცურად მედიდური ბიჭების ხილვა, მაგრამ ახლა ვცდილობ, ეს ფაქტი გავაანალიზო. აქ საქმე გვაქვს ზრდასრული ადამიანის ტვირთის ზიდვასთან ადრეული ასაკიდანვე. ამიტომაცაა, რომ ასეთ ბავშვებს ყოველთვის გამოარჩევთ თანატოლებისაგან. მათ გამოხედვაში, უბრალო  ჟესტიკულაციაში და ერთ სიტყვაშიც კი ასაკისათვის შეუსაბამობა იგრძნობა. ასეთ ბავშვებს არასოდეს სცალიათ სათამაშოდ, გასართობად, საოცნებოდ… რადგანაც მათ იციან, რომ სამყარო ფერადი და ბრჭყვიალა სულაც არაა. მეცოდებიან ასეთი პატარები. მათ საკმაოდ ადრე მოუწიათ იმ ტვირთის ზიდვა, რომელიც დიდი ადამიანისთვისაც კი რთულია. და მაინც, როგორია ასეთი „ზრდასრული ბავშვების“ შინაგანი სამყარო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა რეჟისორი. კარგადაც გამოუვიდა, ვერაფერს იტყვი.

ნახატმა თავიდანვე მიმიზიდა, მოვლენების საოცარი განითარების გამო. რატომღაც გავიფიქრე, რომ საქმე პოლიტიკურად დატვირთულ სურათთან მექნებოდა, მაგრამ ვცდებოდი. საბედნიეროდ…

საწყისი წუთებიდანვე თანმდევს საოცარი უკაცრიელობის და გარიყულობის განცდა, რომელიც ძლიერდება  სოფლის ზამთრის პეიზაჟების ხილვით, რაც, ამასთანავე, საოცარ სიამოვნებას მანიჭებს. ეს ის გამონაკლისია, როცა კინოს ყურებისას შემიძლია სუნი შევიგრძნო… გარემოს, ცხოვრების სუნი. სხვადასხვა პერსონაჟთა ყოველდღიური რუტინის ხილვა, ცოტა არ იყოს, ერთიანი აზრის აღქმაში ხელს მიშლის, მაგრამ კადრების ცვლა ისე საინტერესოდ ხდება, რომ კმაყოფილი ვრჩები… და ვხვდები, რომ ამინდი, გარემო, სწორედაც რომ მოქმედ პირთა შინაგანი, ე.წ. “სულიერი სამყაროს” გამოძახილია. ცივი, ბურუსით მოცული, უკიდეგანო და თოვლივით თეთრი…

ზოგადად ამინდს რეჟისორმა საკმაო როლი მიანიჭა ფილმში. იგია თითქოს წინასწარმეტყველი მოვლენების შემდგომი განვითარებისა. ამიტომაც ერთი-ორად დაკვირვებით ვუყურებ ბუნების სურათთა ცვლას და ვცდილობ იგი ყოფით მოვლენებს დავუკავშირო. იმედები არ მიცრუვდება. თითქოს ადამიანი გარემოსთან საოცარ მჭიდრო კავშირშია და მისი ბედიც, სწორედაც რომ კლიმატზეა დამოკიდებული.

აღმოვაჩინე, რომ თურმე ესენიც ისე ერთობიან მარტოობისას, როგორც მე, წლების წინ. სხვა ბავშვებივით ცდილობენ დაიჭირონ თოვლის ფიფქები ენით, სწრაფად იქნიონ ნაკვერჩხლიანი ჯოხი და წარმოსახვითი ფიგურები გამოხატონ ჰაერში. მათაც ჰყვათ უტყვი მეგობრები, რომელნიც ზოგჯერ ყველა სულიერზე უფრო ახლოს არიან ჩვენთან. წამით მივხვდი, რომ ეს იგივე ბავშვია, რომელსაც ისევე უნდა თამაში, გართობა და სიყვარული, როგორც სხვას… უბრალოდ, ასე მოუწია ცხოვრებამ… ეს ხომ მისი არჩევანი არ ყოფილა? და თუ ჩვენ ვცდილობთ ბავშვებად დავრჩეთ უფროსთა თვალში, რასაც საკმაო ეგოიზმის სურნელი უდის, „დიდი ბავშვები“ თავისდაუნებურად ადგილს იმკვიდრებენ რეალურ ცხოვრებაში. ამიტომაცაა, რომ ფილმის მთავარ პერსონაჟზე მოხუცი კაცი დასძენს: „ის უფრო მეტად დიდი კაცია, ვიდრე სხვა კაცები ამ სოფელში“

ვინაა დამნაშავე იმაში, რომ ბავშებს ბავშვობას ართმევენ? ოჯახი? საზოგადოება? ულმობელი ცხოვრება? თუ ყველა ერთად? ამაზე პასუხის გაცემა ავტორმა სცადა აღნიშნულ ფილმში, განსჯა კი მაყურებელს მიანდო.

არამარტო ბავშვი იკარგება ცხოვრებაში. ზრდასრულებსაც იგივე ემართებათ, სხვადასხვა მიზეზთა გამო. ამ დროს კი ისინი ბავშვებივით იქცევიან…

„სადაც სიცოცხლეა, იქვეა იმედიც!“- ამბობს ფილმის იგივე მოხუცი პერსონაჟი ერთერთ ეპიზოდში. ესეა, ნეტა, მართლა?