BIAFF 2011. White As Snow

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

თურქულ კინოს, გულახდილად გეტყვით, საერთოდ არ ვიცნობ. ერთხელ გადმოვწერე მხოლოდ რაღაც ფილმი, რომლის სათაურიც კი აღარ მახსოვს, მაგრამ ყურება არ დამცალდა.

თოვლივით თეთრი“ რეჟისორ სელიმ გუნეშის სადებიუტო ნამუშევარია. „ვუძღვნი ჩემს უფროს ძმას, მუამერს, რომლის დამსახურებითაც მე კინო შევიყვარე.“- ვკითხულობთ ფილმის ბოლოს, ტიტრებში და ეს საოცრად მოქმედებს ჩემზე…

„ზრდასრული ბავშვი“ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს ჩემში. ნუ, ადრე საერთოდაც ნერვებს მიშლიდა დიდკაცურად მედიდური ბიჭების ხილვა, მაგრამ ახლა ვცდილობ, ეს ფაქტი გავაანალიზო. აქ საქმე გვაქვს ზრდასრული ადამიანის ტვირთის ზიდვასთან ადრეული ასაკიდანვე. ამიტომაცაა, რომ ასეთ ბავშვებს ყოველთვის გამოარჩევთ თანატოლებისაგან. მათ გამოხედვაში, უბრალო  ჟესტიკულაციაში და ერთ სიტყვაშიც კი ასაკისათვის შეუსაბამობა იგრძნობა. ასეთ ბავშვებს არასოდეს სცალიათ სათამაშოდ, გასართობად, საოცნებოდ… რადგანაც მათ იციან, რომ სამყარო ფერადი და ბრჭყვიალა სულაც არაა. მეცოდებიან ასეთი პატარები. მათ საკმაოდ ადრე მოუწიათ იმ ტვირთის ზიდვა, რომელიც დიდი ადამიანისთვისაც კი რთულია. და მაინც, როგორია ასეთი „ზრდასრული ბავშვების“ შინაგანი სამყარო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადა რეჟისორი. კარგადაც გამოუვიდა, ვერაფერს იტყვი.

ნახატმა თავიდანვე მიმიზიდა, მოვლენების საოცარი განითარების გამო. რატომღაც გავიფიქრე, რომ საქმე პოლიტიკურად დატვირთულ სურათთან მექნებოდა, მაგრამ ვცდებოდი. საბედნიეროდ…

საწყისი წუთებიდანვე თანმდევს საოცარი უკაცრიელობის და გარიყულობის განცდა, რომელიც ძლიერდება  სოფლის ზამთრის პეიზაჟების ხილვით, რაც, ამასთანავე, საოცარ სიამოვნებას მანიჭებს. ეს ის გამონაკლისია, როცა კინოს ყურებისას შემიძლია სუნი შევიგრძნო… გარემოს, ცხოვრების სუნი. სხვადასხვა პერსონაჟთა ყოველდღიური რუტინის ხილვა, ცოტა არ იყოს, ერთიანი აზრის აღქმაში ხელს მიშლის, მაგრამ კადრების ცვლა ისე საინტერესოდ ხდება, რომ კმაყოფილი ვრჩები… და ვხვდები, რომ ამინდი, გარემო, სწორედაც რომ მოქმედ პირთა შინაგანი, ე.წ. “სულიერი სამყაროს” გამოძახილია. ცივი, ბურუსით მოცული, უკიდეგანო და თოვლივით თეთრი…

ზოგადად ამინდს რეჟისორმა საკმაო როლი მიანიჭა ფილმში. იგია თითქოს წინასწარმეტყველი მოვლენების შემდგომი განვითარებისა. ამიტომაც ერთი-ორად დაკვირვებით ვუყურებ ბუნების სურათთა ცვლას და ვცდილობ იგი ყოფით მოვლენებს დავუკავშირო. იმედები არ მიცრუვდება. თითქოს ადამიანი გარემოსთან საოცარ მჭიდრო კავშირშია და მისი ბედიც, სწორედაც რომ კლიმატზეა დამოკიდებული.

აღმოვაჩინე, რომ თურმე ესენიც ისე ერთობიან მარტოობისას, როგორც მე, წლების წინ. სხვა ბავშვებივით ცდილობენ დაიჭირონ თოვლის ფიფქები ენით, სწრაფად იქნიონ ნაკვერჩხლიანი ჯოხი და წარმოსახვითი ფიგურები გამოხატონ ჰაერში. მათაც ჰყვათ უტყვი მეგობრები, რომელნიც ზოგჯერ ყველა სულიერზე უფრო ახლოს არიან ჩვენთან. წამით მივხვდი, რომ ეს იგივე ბავშვია, რომელსაც ისევე უნდა თამაში, გართობა და სიყვარული, როგორც სხვას… უბრალოდ, ასე მოუწია ცხოვრებამ… ეს ხომ მისი არჩევანი არ ყოფილა? და თუ ჩვენ ვცდილობთ ბავშვებად დავრჩეთ უფროსთა თვალში, რასაც საკმაო ეგოიზმის სურნელი უდის, „დიდი ბავშვები“ თავისდაუნებურად ადგილს იმკვიდრებენ რეალურ ცხოვრებაში. ამიტომაცაა, რომ ფილმის მთავარ პერსონაჟზე მოხუცი კაცი დასძენს: „ის უფრო მეტად დიდი კაცია, ვიდრე სხვა კაცები ამ სოფელში“

ვინაა დამნაშავე იმაში, რომ ბავშებს ბავშვობას ართმევენ? ოჯახი? საზოგადოება? ულმობელი ცხოვრება? თუ ყველა ერთად? ამაზე პასუხის გაცემა ავტორმა სცადა აღნიშნულ ფილმში, განსჯა კი მაყურებელს მიანდო.

არამარტო ბავშვი იკარგება ცხოვრებაში. ზრდასრულებსაც იგივე ემართებათ, სხვადასხვა მიზეზთა გამო. ამ დროს კი ისინი ბავშვებივით იქცევიან…

„სადაც სიცოცხლეა, იქვეა იმედიც!“- ამბობს ფილმის იგივე მოხუცი პერსონაჟი ერთერთ ეპიზოდში. ესეა, ნეტა, მართლა?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s