სასაფლაო

სტანდარტული

სასაფლაოზე გავლის არასოდეს შემშინებია.  მითუმეტეს, რომ არსებობდა უამრავი ლეგენდა გაცოცხლებულ, მანათობელ მკვდრებზე, რომლებიც „გტაცებენ ხელს და სად წაგიყვანენ, კაცმა არ იცის“. არც ის მაშინებდა, ვინმესთვის გათხრილ საფლავში რომ ჩავვარდნილიყავი. მოკლედ, არ მეშინოდა ამ სასაფლაოსი და რა მექნა? ერთია, დიდად არ მიყვარდა გახუნებულ მარმარილოზე უცხო სახეების თვალიერება და მათი ასაკის გამოთვლა. არ მეცნობოდა მათი სახეები, ვის გალავანსაც უფროსები შეაღებდნენ და „თითოს წაუქცევდნენ“. თან ვიღლებოდი ამ უაზრო ბორიალით. რამდენჯერმე ღამეც მომიწია სასაფლაოზე გავლა. მეგონა, შემაშინებდა შავად მოელვარე მარმარილოს  კრთომა. ასე არ მომხდარა. არც ახლა ხდება, სიმართლე რომ ვთქვათ.

დღეს კი ნაცნობ სახეებს ვაწყდები ირგვლივ. მოხუცებსაც და ახლგაზრდებსაც. განსაკუთრებით ჩემი ტოლების საფლავებთან მისვლა მიჭირს. ერთგვარი სინდისის ქეჯნა დამრევს ხელს, რომ ცოცხალი ვარ. აქ ვაანალიზებ მხოლოდ საკუთარ მოკვდავობას. ქვაზე მომღიმარ სახეებს ვუყურებ და მათ ადგილას ჩემ სიფათს წარმოვიდგენ ხოლმე. საშინლად უსიამოვნო განცდაა. არა საკუთრივ ის ფაქტი, რომ აღარ ხარ, არამედ ის, თუ რა ტკივილს აყენებ ცოცხლად დარჩენილთ.

ვათვალიერებ რუდუნებით მოვლილ გალავანს და ვერ ვხვდები, ვისთვის არის ეს ყოველივე? ვინც სურათზეა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ყოველივეს. საკუთრივ ჭირისუფლისთვის? არ მინდა, რომ ეს მართლაც ასე იყოს, რადგანაც აქედან გამომდინარე ჩემეული შეხედულება, რომ ადამიანი ეგოისტია და მას ვერაფერი გამოასწორებს, კიდევ ერთხელ დადასტურდება და ეს ფაქტი საბოლოოდ დამიკარგავს ადამიანთა რწმენას. არადა,  სხვა არაფერი დამრჩენია. ნუთუ სოციუმი ითხოვს ამ ყოველივეს? რა უფლებით, რა ნამუსით? არც მიკვირს, როდის გამორჩეულა ჩვენი საზოგადოება მახვილგონიერებით?

თუმცა დარჩენილი ჭირისუფლის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ყველაფერს ნათელი მოვფინოთ. აბა რა ქნას დედამ, რომელმაც შვილი დამარხა? რაღა აკეთოს ცარიელ სახლში? ეს არის დედაშვილური მზრუნველობის ბოლო გამოხატვა და ეს აიძულებს ალბათ დედას, რომ ცოცხალი დარჩეს. და განწირულია იგი სამუდამო მზრუნველობისათვის, სანამ შვილის სურათის გვერდით მისი მომღიმარი პორტრეტიც არ გაჩნდება.

სასაფლაო იქცა ფიქრის და განსჯის ალაგად ჩემთვის. სახლში დაბრუნებული სწორედ აქ ვგრძნობ თავს ყველაზე მშვიდად და ამასთანავე ყველაზე მშფოთვარედ. აქ ვარ ყველაზე ცოცხალი. ამ მარტოობაში არ მჭირდება ნიღბით სიარული. მარმარლოს ქვებს არ აინტერესებთ ვინ ვარ და რა მინდა. აქ ვთავისუფლდები… საკუთარი თავისაგან…

Advertisements

5 responses »

  1. უადგილოდ კი ვაკომენტებ, მაგრამ კარგი ბექია!
    იქნებ მოგანდომოს უფრო ხშირად წერა 🙂

  2. “ქვაზე მომღიმარ სახეებს ვუყურებ და მათ ადგილას ჩემ სიფათს წარმოვიდგენ ხოლმე. საშინლად უსიამოვნო განცდაა. არა საკუთრივ ის ფაქტი, რომ აღარ ხარ, არამედ ის, თუ რა ტკივილს აყენებ ცოცხლად დარჩენილთ.”

    განსაკუთრებით მომეწონე აქ !!!
    როგორც ყოველთვის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s