Monthly Archives: სექტემბერი 2012

BIAFF 2011. მარტინ შულიკი (ნაწ. II)

სტანდარტული

მარტინ შულიკის შემოქმედების ჩემეული განხილვის პირველი ნაწილი იხილეთ აქ

როგორც  აღვნიშნე, ფილმი “რაც მე მიყვარს“ ფრიად მომეწონა. ასევე მომხიბლა აღნიშნულმა სურათმა, მაგრამ თუ მაშინ ერთი ადამიანის ცხოვრება იყო გადმოცემული, აქ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების საინტერესო მომენტებია ერთად თავშეყრილი. ერთგვარი ცხოვრებისეული ვიდეო-პოსტები, გაშლილი დროში.

შულიკს ეხერხება, რამდენიმე წუთში ადამინის ცხოვრების ერთი მომენტი დახატოს, ოღონდ თან მოახერხოს მისი მთელი ცხოვრების შესახებ მოგცეს ინფორმაცია. ყველაზე საინტერესო მომენტს აკვირდები, თან იცი ადამინის წარსული და ამიტომაცაა, რომ განიცდი მათ ბედს. ერთიანი სიუჟეტის განვითარება არ ხდება, მაგრამ გამოხატულია დროის ცვლა: დაწყებული მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდიდან გაგრძელებული  საკუთრივ ომით, დამთავრებული სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის ფორმირებით. ომის პერიოდი გადმოცემულია პატარა ძმების, პეტრესა და პავლეს, თვალით. ამიტომაცაა, რომ სასტიკი ომი ბავშვური ცნობისმოყვარეობით და გულუბრყვილობითაა გაჯერებული, თუმცა სისასტიკე აქტუალობას არ კარგავს, ოღონდ ამ შემთხვევაში მას სულიერი სახე აქვს და არა ფიზიკური.

საინტერესო რეფრენი გასდევს ფილმს: „ამ სოფელში კარგა ხანია არავინ დაბადებულა“. ეს სიტყვები ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ. აქ იგულისხმება, რომ თაობათა ცვლა გონებრივი კუთხით არ მომხდარა, მენტალური განვითარება შეწყვტილია და სწორედ ამიტომაცაა რომ ეს სოფელი განწირული.

აღსანიშნავი ფაქტია ასევე ისიც, რომ თითოეული ეპიზოდი ერთგვარი სევდითაა განმსჭვალული, ცხოვრებისეული სატკივარით. სწორედ ამიტომაცაა, რომ ფილმი საოცრად რეალური და ცხოვრებისეულია. თუ გსურთ თვალი მიადევნოთ უცხო ადამიანთა ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს შეგიძლიათ ნახოთ ფილმი „პეიზაჟი“ აქ.

მარტინ შულიკის ფილმების ყურებისას ერთ დასკვნამდე მივედი. ამ რეჟისორს შეუძლია ადამიანთა სატკვარი საოცრად რეალურად გადმოგვცეს, თუმცა ამ დროს არ მიმართავს ზედმეტ დრამატულობას და ამგვარად არ სწყდება რეალობას, მისი შემოქმედება არ ხდება ერთგვარად განყენებული. ასევეა ფილმში „მზის ქალაქი, ანუ მუშათა კლასის გმირი

სათაურმა მაშინვე მიმიზიდა მთელი რიგი მიზეზების გამო. მათგან უპირველესი და ძირითადი, მაინც „მუშათა კლასის გმირი“ გახლავთ.  სიმღერა, აღნიშნული სათაურით, ჯონ ლენონის სოლო კარიერში მნიშვნელოვან ადგილზე დგას თავისი ფილოსოფიური დატვირთვით. ზოგადად, მისი მაშინდელი შემოქმედება ცალკე საუბრის თემაა, და ამიტომაც აღარ გავაგრძელებ, თორემ გაჩერებას ვერ მოვახერხებ.

ფილმში გადმოცემულია 4 მეგობრის ისტორია, რომლებიც ქარხნიდან დაითხოვეს და ახლა ისინი დამოუკიდებლად ცდილობენ თავის გატანას. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და ამასთანავე მსგავსია. განსხვავებულია მათი პრინციპები, აღმზრდელობითი მიდგომები, საერთოა მცდელობა, თავი გაიტანონ, გადარჩნენ ცხოვრების მძიმე პირობებში. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს, ერთმანეთის ნაკლს ფარავენ.

რეჟისორი ახერხებს და თითოეული გმირის ისტორიას დაწვრილებით გვიყვება, გვიხატავს მათ შინაგან სამყაროს, გარემოს, მუშაობის მიღმა. ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რაც აიძულებთ მათ კბილებით მოეჭიდნონ ცხოვრებას. დალხენილი არსებობა არცერთ მათგანს არ აქვს. სწორედ ესაა ალბათ მუშათა კლასი. „ზაოდი-კრაოტი“- გაგონილი ფრაზა ამოტივტივდა თავში. ვუყურებ ფილმს და ვფიქრობ, მაინც ვინაა მუშათა კლასის გმირი? რა მოეთხოვება მას ამ წოდების მისაღებად? შეუძლია თუ არა უმუშევარ, სამსახურის მძებნელ ადამიანს იყოს გმირი?

საკუთრივ სიტყვა „გმირი“ ყოველთვის პატივისცემით განმაწყობს ადამიანის მიმართ. მითუმეტეს „მუშათა კლასის გმირი“, ან „შრომაში გამოჩენილი გმირობა“. რატომღაც ყოველთვის მგონია, რომ ასეთი ადამიანი შარავანდედით მოცული, ნელა დააბიჯებს და ირგვლივ მყოფთ კეთილი ღიმილით უქნევს ხელს. ვუყურებ ფილმს და ვხვდები, რომ მუშა-გმირის ჩემეული ხატება სრულიად არამიწიერია. ვხვდები, რომ გმირია ისიც, ვისაც არ ეზარება მუდმივ ძიებაში იყოს. ცდილობდეს, წვალობდეს, შეიძლება არაფერი გამოსდიოდეს, მაგრამ მაინც. ასეთი გმირები უსახელოდ ცხოვრობენ, შეიძლება ჩვენც გვხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ვამჩნევთ მათ. ისინი ჩუმად საქმიანებონ, ყოველგვარი რეკლამის, ყვავილების კონებისა და წითელი ხალიჩების გარეშე. საშუალო ადამიანები, რომლებიც დაუზარლად ასრულებენ მძიმე საქმეს, რათა თავი გაიტანონ სიცოცხლისთვის, არსებობისათვის დამქანცველ ბრძლაში მდუმარედ ატარებენ მუშათა კლასის გმირის მძიმე წოდებას…

თუ ჩემი აზრების აღრეულმა დინებამ ოდნავ მაინც დაგაინტერესათ შეგიძლიათ ფილმიც მოიძიოთ და ნახოთ აქ.

აღნიშნული ფილმი წარმოდგენილი გახლდათ საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის შარშანდელ საკონკურსო პროგრამაში.

ბოშათა კულტურის, ცხოვრების შესახებ საკმაოდ მწირი წარმოდგენა მქონდა, ამიტომაც აღნიშნული სურათი ჩემთვის ორმაგად საინტერესო გახლდათ. ზოგადად, უცხო კულტურასთან, ადათ-წესებთან, ყოფა-ცხოვრებასთან გაცნობა, ყოველთვის საინტერესო პროცესია. მარტინ შულიკი არ გაექცა რეალობას, არ დაიწყო ლამაზი, თავბრუდამხვევი ზღაპრების შეთხზვა. მან შეძლო და გვაჩვენა ირგვლივ გამეფებული სიღარიბე, ჭუჭყი, უიმედობა. არ მოერიდა და გვითხრა: აქ არ არის მომავალი, ია-ვარდით მოფენილი გზა არ არსებობს, თავის გადასრჩენად ბრძოლისას აქ ყველა გზა ციხისკენ მიდის!

ამ ყოველივეს ფონზე, ის გვიხატავს მთავარი პერსონაჟის სახეს, გვაცნობს მისი ცხოვრების წესს და პრინციპებს. ბოშა, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ ქურდობს, ცდილობს ისწავლოს, რაიმეს მიაღწიოს… და ამ ყოველივეს წინ მარჩენალი მამის დაღუპვა აღუდგება. ოჯახური ტრაგედია კი მოზარდს იძულებულს ხდის ცხოვრების ეკლიან გზას შეუდგეს. მისი მორალი აქაც უცვლელია. საინტერესოა ასევე იმის ხილვა, რომ მამის სიკვდილმა მის ფსიქიკაზე წარუშლელი დაღი დატოვა, ამიტომაც მამა მოჩვენების (სიზმრის) სახით მოდის მაშინ, როცა ეს ადამს (მთავარ გმირს) ყველაზე მეტად სჭირდება.

საინტერესო ფაქტია საკუთრივ ბოშათა დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. ისინი, ერთგვარად, განცალკევებით ცხოვრობენ და მათი განდგომა არამარტო ფიზიკურ, არამედ მორალურ სახესაც ატარებს. „თეთრები“- ასე უწოდებენ ისინი ყველა არაბოშას. მრავლადაა ასევე სტერეოტიპული შეხედულებებიც  „თეთრებზე“. ამ ყოველივეს საფუძვლად რამდენიმე ადამიანის მწარე გამოცდილება უდევს, და ისინიც ცდილობენ ახალგაზრდობას ცხოვრება ასწავლონ, თავი გამოუტენონ ათასგვარი სისულელით: ყველა „თეთრი“ ერთნაირია, რა საჭიროა შრომა, როცა შეგიძლია მოიპარო და ა.შ. როგორ უნდა გადარჩეს მოზარდი ადამი ისე, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოს? იგი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „და რას საქმიანობენ ბოშები? იპარავენ? ქალებს ყიდიან?“ ამით მან სცადა განდგომოდა მშობლიურ ადათებს.

ამ ყოველივეს ფონზე, გასაგები ხდება, რატომაა საზოგადოების დამოკიდებულება ბოშათა მიმართ თითქმის ყველგან ერთგვაროვანი. ქურდი ხომ ყველგან ერთნაირად ეზიზღებათ.

მთავარი გმირი ცდილობს იმუშაოს, პატიოსნად გამოიმუშავოს ცხოვრებისათვის, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. მიუხედავად ამ სირთულეებისა,მას მაინც რჩება დრო და ძალა სიყვარულისავის, გართობისათვის.

მამის მოჩვენება მას ერთგან ეტყვის: „ბოშა ადამიანურად მხოლოდ მაშინ იცხოვრებს, თუ უარს იტყვის ბოშათა ცხოვრების წესზე“. გამოუვა თუ არა ადამს ეს ყოველივე, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

საბოლოო ჯამში, მარტინ შულიკის შემოქმედება ფრიად საინტერესო გამოდგა. რეჟისორს განსხვავებული ხედვა და აღქმა აქვს, რაც მის ნამუშევრებს თავისებურ ხიბლს სძენს. მის შემდგომ ნამუშევრებს სიამოვნებით დაველოდები.

Advertisements

BIAFF 2011. მარტინ შულიკი (ნაწ. I)

სტანდარტული

სასაცილოა, რომ ახლა ვცდილობ შარშანდელი კინოფესტივალის ქრონიკა შევქმნა.  სხვა ქალაქში კინოსთვის წასვლა, სამწუხაროდ, ჩემს ძალებს სცილდება. ამიტომაც საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა 2011 წელს ჩენგან შეუმჩნევლად ჩაიარა. მოგვიანებით მოვიძიე მხოლოდ ინფორმაცია ფილმების შესახებ, რამდენიმე რეცენზიას გადავხედე და ეს იყო სულ. დავგეგმე კიდეც, ამ ფილმებს აუცილებლად ვნახავთქო და როგორც იქნა, ერთი წლის თავზე მოვახერხე კიდეც. ნამუშევართა უმრავლესობა “პირატულად” გადმოვწერე და ჩავუჯექი. ამიტომაც ამ ფესტიფალს სახელიც შევუცვალე ჩემებურად: საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო პირატული ფესტივალი 2011.

თბილისის კინოფესტივალის დროსაც ვფიქრობდი “პირატული” პოსტების დაწერას. ფილმების უმრავლესობა ვნახე მაშინ… ასევე “პირატულად”. სახლიდან გასვლა დამეზარა კინოთეატრში. სიმართლე ითქვას ამდენი ფულიც არ მქონდა, რომ ყველაფერი მენახა. ჯერ კიდევ დეკემბერში ვფიქრობდი პოსტების მთელი სერიის დაწერას, მაგრამ გადავიფიქრე. არანაირი ინტერესის იმედი არ მქონდა. ახლაც ასეა, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ, ომარას რჩევას დავუჯერებ და ყველაფერს დავიკიდებ. მხოლოდ ჩემთვის დავწერ…

გახსოვდეთ, რომ მე უბრალო მაყურებელი ვარ, რომელსაც კინოსთან მხოლოდ სიყვარული აკავშირებს და ამიტომაც ფილმებისა თუ რეჟისორების შეფასება შესაძლოა მეტად სუბიექტური იყოს.

ჩემეული შეფასებები იწერება ფილმის ნახვისთანავე, ამიტომაც ემოციები შესაძლოა გადაჭარბებულიც მოგეჩვენოთ.

მარტინ შულიკი სლოვაკი რეჟისორია. დაიბადა 1962 წლის 10 ოქტომბერს. მისი სარეჟისორო კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება. მისი ბოლო ნამუშევარი, “ბოშა“, წარმოდგენილი იყო  საავტორო კინოს ბათუმის VI საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ფილმების სექციაში

ბლოგებზე პირად პოსტებს თუ გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ პოსტების უმრავლესობა ემოციური გავლენის ქვეშ იწერება. არა აქვს მნიშვნელობა საკუთრივ ემოციას, დადებითი იქნება ეს, თუ უარყოფითი. ნებისმიერი საინტერესო მომენტის შემონახვა შეიძლება პოსტების, ფოტოების, ვიდეოების დახმარებით. სწორედ ეს არის თანამედროვე ადამინისათვის ერთგვარი აუცილებლობა: უკვდავყოს მომენტი, რაც მისთვის რაღაცით მნიშვნელოვანია. თუმცა, საკუთრივ ცხოვრებისეული მომენტის განუმერებლობა მას განაკუთრებულ ხიბლს სძენს. ამ შემთხვევაში კი,  გამუდმებული განმეორება მას ფასს უკარგავს და აუფერულებს. სხვისი რა გითხრათ, ჩემთვის პირადად ასეა.

მარტინ შულიკის  ფილმი “რაც მე მიყვარს” , მთავარი გმირის ცხოვრების საინტერესო მომენტების კრებულია. აზრობრივად დატვირთულ და დასაფიქრებელ ეპიზოდებს ენაცვლება უაზრო, მაგრამ ლამაზი, დასამახსოვრებელი კადრები. გადაღების აღნიშნული სტილი ფილმს დინამიურს და სასიამოვნო სანახავს ხდის.

ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს ჭეშმარიტ მეორე ნახევარს. ზოგიერთს ადრევე უმართლებს, ნაწილს კი მეორე ცდა სჭირდება. მარტოობის განცდა კი მუდმივია ამ პერიოდში. ადამიანი  ყველანაირი გზით ცდილობს მას გაექცეს.

აღნიშნულ საურათშიც ასეა: მამაკაცი- ძიების პროცესში. საკმაოდ საინტერესოა ასევე შუა ხნის ასაკის მამაკაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სიყვარულის ძიება, სიახლოვის განცდა ყოფილ მეუღლესთან, პრობლემები მშობლებთან… და ამ ყველაფერ ამას საოცარი სიმარტოვის განცდაც ემატება. ეს განაკუთრებით ფილმის ბოლოს გაჟღერებული ბითლზის Eleanor Rigby -დან ჩანს.

ფილმი ადვილად სანახავი და საკმაოდ საინტერესოა, საკუთარი აზრით თუ მხატრული გამომხატველობით. მისი ნახვა შეგიძლიათ აქ.

მარტინ შულიკის პირველი ფილმი საოცრად მომეწონა, ამიტომაც იყო ალბათ, რომ აღნიშნული სურათის ყურებისას თავიდანვე დადებითი განწყობით განვმსჭვალე. არც შევცდარვარ.

გახსოვთ, არსებობს ასეთი წიგნები, სადაც თავებს წინ წამძღვარებული აქვს მოკლე ანოტაცია, სადაც გადმოცემულია, რას წაიკითხავს მკითხველი აღნიშნულ თავში. ეს მკითხველის დაინტერესებას იწვევს და კითხვის გაგრძელების მოტივაციას აძლევს. სწორედ აღნიშნულ მეთოდს მიმართა ფილმში რეჟისორმა. სურათი დაყოფილია თავებად და თითოეულს წინ მოკლე ანოტაცია უსწრებს. ფრიად ორიგინალური და საინტერესო მიდგომაა.

ცხოვრებაში დგება ასაკი, როცა მამაკაცს ახალგაზრდა აღარ ეთქმის, ვერც მოხუცს უწოდებ. ერთგვარი „ადრეული შემოდგომა“. ამ დროს კაცი პირველად იწყებს სერიოზულად გადახედოს საკუთარ ცხოვრებას, შეაფასოს, რა შექმნა, რას მიაღწია… და როცა ხელში სიცარიელე  შერჩება, იგი იწყებს საკუთარი თავის ძიებას. უღრმავდება თავის არსებას, უბრუნდება წარსულს, რათა გაიკვალოს გზა მომავლისაკენ. ასეა სწორედ აღნიშნულ სურათშიც. მთავარი გმირი, რომელიც უკვე წლებია მამის ბინაში ცხოვრობს, მიემგზავრება სოფლად, რათა ბაბუის დატოვებული ბაღი სახლითურთ მოაწესრიგოს, გაყიდოს და საკუთარ გზას ეწიოს. სწორედ აქედან იწყება ჯადოსნური, მისტიური მოგზაურობა საკუთარი პიროვნების ძიებაში.

ფილმი საშუალებას მოგცემთ შეიგრძნოთ სოფლის უბრალო ცხოვრება, დატკბეთ საოცარი გარემოთი, გაიცნოთ ბრძნად მეტყველი უბრალო ადამიანები, ჯადოქრები, შეიმეცნოთ სამყაროს მათეული აღქმა, მიიღოთ ფილოსოფიური რჩევა-დარიგებანი ჟან-ჟაკ რუსოსა და ვიტგენშტეინისაგან. დაეხმარება ეს ყოველივე მთავარ გმირს იპოვოს „თავი თვისი“? ამის ნახვა შეგიძლიათ აქ

მიტოვებული ადამიანის ინტეგრაცია საზოგადოებაში მეტად პრობლემური საკითხია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ძნელად აღსაზრდელ ბავშვს ეხება. მე თუ მკითხავთ,  ინტერნატები გამოუსადეგარი, არაჰუმანური დაწესებულებაა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ასეთი მოზარდების უმრავლესობა საკუთარ თავში ჩაკეტილი და მარტოსულია.  ისინი ქმნიან წარმოსახვით სამყაროს, რომელიც რეალობისაგან მრავალფეროვნებით, სიკეთით და თავისუფლებით გამოირჩევა.

მიტოვებული გოგონას გზა ბავშვთა თავშესაფრიდან დედისაკენ. ეს გზა კი ჯადოსნური რუკის საშუალებით უნდა გაიკვლიოს მოზარდმა იმ ჯუნგლებში, ცხოვრებას რომ ეძახიან. საინტერესოა, რომ მას გზად უამრავი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანი ხვდება. თავიანთი სატკივარით, სიხარულით, მწუხარებით. თითოეული მათგანი თავისებურად კეთილია გოგონას მიმართ. მისი გზა კი საკმაოდ შორი და დამღლელია, თუმცა ამავდროულად საინტერესოც. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ თითოეული გზაზე შემხვედრი ადამიანი ცხოვრების გაკვეთილს აძლევს მთვარ გმირს,რომელიც თვალსა და ხელს შუა იზრდება მაყურებლის წინ.

ყველაზე მეტად ამ ფილმში სლოვაკური ქორწილის ტრადიციის ძირეულმა აღწერამ მომხიბლა. ზოგადად, სასიამოვნოა, როცა ფილმი საშუალებას გაძლევს უცხო კულტურა გაგაცნოს და შენამდე მოიტანოს, რაც მარტინ შულიკს საოცრად ლამაზად გამოუვიდა. საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ სიუჟეტური ცვლა მეტად მრავალფეროვანია და ამასთანავე არაა მოსაბეზრებელი, გამაღიზიანებელი. საერთო  სიუჟეტი არა დაკარგული, დინამიურად ვითარდება და ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. თუ გსურთ, თქვენც გაყვეთ ძნელად აღსასზრდელ მოზარდს ცხოვრების რთულ გზაზე, ნახეთ ფილმი აქ.

ცხვირების კლასიკური მუსიკა

სტანდარტული

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც დოკუმენტურ ფილმს ნახავს კლასიკურ მუსიკაზე მოწყენის გარეშე… თვით მუსიკოსებს შორისაც კი…

ვინ არის კლასიკური მუსიკის შემსრულებელი? ადამიანი, ვინც გრძნობს, გადმოგცმს იმას, რაც საუკნეების წინ იგულისხმა კომპოზიტორმა. ერთგვარი მოციქულივითაა ღმერთ-ხელოვანსა და უბრალო მსმენელს შორის. ცოტა რთულია, წარმოიდგინო შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაში, სცენის მიღმა. უფრო რთულია იცინო კლასიკურ მუსიკის ფონზე…

ჰოდა, ადგა ალქსეი იგუდესმანი და გადაიღო ფსევდო-დოკუმენტური ფილმი თავის მეგობარზე, ვიოლინოს ვირტუოზ ჯულიან რაკლინზე და მის ორკესტრზე, და გააჯერა საოცარი იუმორით, ტროლინგით და სკეტჩებით…

იგუდესმანი მევიოლინისა და დირიჟორს როლს კარგად ერგება ცხოვრებაში, ამჯერად რეჟისორის სავარძელიც მოუხდა. ცნობილი სახეებიც მოახვედრა საკუთარ იუმორისტულ სატირაში: ჯონ მალკოვიჩი და სერ როჯერ მური, რომელთა იუმორი ცალკე საუბრის თემაა.

ფილმში საოცრად ბევრი სიცილია, რომლის მიღმა ტრაგედიის დანახვაც შეგიძლია. ბედი, რომელიც დღეს კლასიკური მუსიკის შემსრულებელს ელოდება, არცთუ სახარბიელოა. სურათში საოცარი იუმორით პასუხი არის გაცემული ამ კითხვაზე: პარიზის მეტრო… და ვირტუოზი შემსრულებლები ასწავლიან სტუდენტებს, როგორ შეასრულონ და იმათხოვრონ ერთდროულად. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

ასევე კარგი გზავნილებია გაკეთებული კლასიკურ მუსიკასა და მის მოთხოვნაზე საზოგადოებაში. ჩნდება განცდა, რომ იგი არავის სჭირდება, აქტუალობა დაკარგა. ეს ფილმი და მუსიკის გადმოცემის მსგავსი საშუალება ეხმარება შემქმნელებს კლასიკა მიიტანონ ნებისმიერ თაობასთან.

ფილმისათვის მასალებს 2 კვირის განმავლობაში იღებდნენ, თუმცა მისმა მონტაჟმა წელიწადნახევარს გასტანა. სებასტიან ლაითნერმა, ოპერატორმა და მონტაჟის ავტორმა, ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ საკმაოდ რთული იყო აურაცხელი მასალიდან ამოერჩიათ ზუსტად ის, რაც ფილში მოხვდა. მას მონტაჟის პროცესი ძალიან უყვარს და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სურათის შეკვრას ამდენი ხანი მოანდომა. როგორც გამოირკვა, ახლაც მუშაობენ პროექტზე, სადაც კლასიკური მუსიკის შემსრულებლები ითამაშებენ ფილმში საკუთარ თავებს, რაც ასევე საინტერესო იქნება.

მოკლედ, ნახეთ „ნოუსლენდი“, მოუსმინეთ საოცარ მუსიკას და იცინეთ ბევრი…მერე იფიქრეთ…

ბათუმიდან დანახული ეგვიპტე

სტანდარტული

დოკუმენტური ფილმების დიდად მოყვარულს ვერ მიწოდებთ. მსგავსი ჟანრის ნაშრომს ყოველთვის მხატვრულ სურათს ვამჯობინებ, თუმცა ბიაფის დროს გამონაკლისების დაშვებას არ ვერიდები. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ფესტივალის პირველ საკონკურსო დღეს პირველ ფილმად  პეტერ ლომის  „ისევ მოედანზე“ აჩვენეს. ფილმი პოსტრევოლუციური ეგვიპტის მწვავე პრობლემებს აღწერს.

რევოლუციის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული სტრუქტურის ჩამოყალიბება რთული, მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია. პირველი, რაც ფილმის ნახვის შემდეგ გამახსენდა, შევარდნაძის შემდგომი ახალი საქართველოს ფორმირება გახლდათ. კერძოდ იმ პერიოდს ვგულისხმობ, როცა „გაი“ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. მთავრობის ცვლამ თითქოს ამ მომპალ სისტემაზე გავლენა არ იქონია, ჯერ კიდევ იღებდნენ ქრთამებს, კვლავ იყო რეიდები, ოღონდ მაშინ ნაციონალებისა და ბურჯანაძე-დემოკრატების პარტიული მოწმობა იქცა „ქსივად“. ჩვენ მაშინ მეტ-ნაკლებად შევძელით ამ კრიზისიდან გამოსვლა და ახალ რელსებზე გადაწყობა.

გამახსენდა ასევე საბჭოთა მანქანის დამრცხება ხანგრძლივ, სისხლიან ავღანეთის კამპანიაში. მაშინ აღნიშნულ მოვლენებში ა.შ.შ.-მ შეიტანა ლომის წვლილი, თუმცა წითელი არმიის გასვლისთანავე ავღანეთი ამერიკამაც დატოვა. ამან კი ის გამოიწვია, რომ ომს შეჩვეულმა ერმა ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება და პრობლემის გადაწყვეტის პრიმიტიულ მეთოდს, იარაღის ჟღარუნს, მიმართა. საბოლოოდ, ავღანეთი ერთდროს მეგობარ ამერიკას მტრად დაუბრუნდა. ქვეყანა ამჯერადაც ღრმა კრიზისშია, მთავრობა კი- სრულიად უმოქმედო.

ეგვიპტის რევოლუციას „სოც-მედია რევოლუციაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ. საკუთრივ ამ კონტექსტშიც შეიძლება განვიხილოთ თანამედროვე მედიის უმნიშვნელოვანესი როლიც, თუმცა რაც ფილმში ვნახე, სრულიად ეწინააღმდეგება ჩემეულ წარმოდგენას თანამედროვე ეგვიპტეზე. რეჟისორი შეეცადა გადმოეცა რეალური სურათი, ეჩვენებინა განვითარების სტადიაში მყოფი სამთავრობო სტრუქტურები. როგორც ჩანს, არსებობს ხალხი, რომელსაც მუბარაქის რეჟიმი ურჩევნია დღევანდელ სამხედრო ქვეყანას. ფილმში საშუალება გეძლევათ ნახოთ ჯანსაღი პროტესტი, რამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა, რაღა დაგიმალოთ… გირჩევთ, თქვენც მიიღოთ ეგვიპტური რე-რევოლუციის მცირედი დოზა….

P.S. აღნიშნული პოსტი დაიწერა მედიაში პატიმართა წამების კადრების გავრცელებამდე და შესაბამისად  ჩემი პოსტის, დაგვიანებული, მაგრამ მაინც პროტესტი დაწერამდე. პოსტს უცვლელი სახით გთავაზობთ.

დაგვიანებული, მაგრამ მაინც პროტესტი

სტანდარტული

ჯანსაღი პროტესტი ჩაისახა და პოლიტიკურმა მაშამ აბორტის წესით დაანაწევრა უსუსური ნაყოფი და მასთან ერთად ყველანაირი იმედი. ჩვენ შანსი გვქონდა მართლა შეგვეცვალა რაღაც. ჩვენი ხმა არ ყოფილიყო „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, არ გვეგრძნო თავი სრულ არარაობად. შეგვეძლო მომავალში უმცროსი თაობისათვის გვვეთქვა, რომ ერთხელ, ყველა როგორც ერთი, დადგა ქუჩაში და გაილაშქრა ძალადობის წინააღმდეგ… რომ ჩვენი თაობა არ იყო ეკრანს მიმჯდარი „კლავიატურის ბიჭების“ თაობა…

და რას ვაკეთებთ? გამოვდივარ და ვაწყდები პოლიტიკური პიარის მცდელობის მაგალითებს, ქაოტურ, ჩამოუყალიბებელ მოთხოვნებს. სირცხვილია, რომ პროტესის გამოხატვის კულტურაც არ გვაქვს…

ძალადობა- ეს ისეთი მოვლენაა, რომლის წინააღმდეგ ყველა უნდა აღსდგეს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და მრწამსისა. დატოვონ თავანთი დროშები და ტრიბუნები ოპოზიციონერებმა სახლში და როგორც რიგითი მოქალაქეები ისე დადგნენ ხალხის გვერდით! ნუთუ ასეთი უგულოები არიან, სხვის უბედურებაზე თავიანთი რეკლამის გაკეთება რომ არ ეთაკილებათ….

შე კაი ადამიანო, რომ გამოდიხარ და პირდაპირ სააკაშვილის გადაყენებას ითხოვ, დაგიკმაყოფილებს ვინმე ამ მოთხოვნას? ადექი და მოითხოვე პენიტენციალურ სისტემაში ძირეული რეფორმა! ძირეული რამდენმე ადამიანის დაკავებას კი არ გულისხმობს, არამედ მთელი შემადგენლობის განთავისუფლებას უკანასკნელ პაიკამდე ( აღნიშნულმა მეთოდმა საოცრად გაამართლა პოსტრევოლუციური პოლიციის რეფორმის შემთხვევაში)

სოციალური მედია გაფუჭებულ ტელეფონად იქცა. დეზინფორმაციამ წალეკა ფეისბუქი. „ვენდეტას“ ნიღბის დაყენება პროფილის სურათად ან მისი დაშეარება პრობლემას არ აგვარებს. ან იცით კი „ვენდეტას“ ფილოსოფია? ან ანონიმუსის? მათ ჩვენგან განსხვავებით საოცრად კონკრეტულად ჩამოყალიბებული მოთხოვნები აქვთ და ძალაც შესწევთ საკუთარი მიზნებისაკენ წელგამართულებმა იარონ.

სიტყვების „ცოცხი და ტრაკი“ საერთო კონტექსტში გამოყენებით დაზარალებულებს რომ შეურაცხყოფას აყენებთ თუ ხვდებით? ასეთი დელიკატური პრობლემისას მეტი დაფიქრება და თავშეკავებულობა გვმართებს.

ძალადობა უნდა დაიგმოს, მხოლოდ არა ძალადობითვე! „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“ ბუკვალურად არ უნდა იქნეს აღქმული!

ჩემი ბლოგის მკითხველმა უწყის, რომ პოლიტიკაზე არასოდეს ვწერ. ეს პოსტიც არაა გამონაკლისი. ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ვარ, სადაც ნაჩვენები იქნა ნორვეგიელი დოკუმენტალისტი რეჟისორის, პერტ ლომის ფილმი „ისევ მოედანზე“, სადაც აღწერილია რევოლუციის შემდგომ ეგვიპტეში ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. აღნიშნულ ფილმზე პოსტიც დავწერე, მაგრამ უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, გამოქვეყნება გადავდე. აბა როგორია, დავგმო წამება ეგვიპტეში, როცა აქ ასეთი კადრები ვრცელდება მედიის საშულებით? დუმილი ამ დროს სირაქლემის პოზიციაში ყოფნის ტოლფასად მეჩვენა.

პროტესტი აუცილებელია, მაგრამ საკუთრივ პროტესტის ფორმამ და გამომხატველობამ ახალი პროტესტი არ უნდა წარმოშვას!

ბათუმი

19-20 სექტემბერი

2012

გავიღვიძე თუ არა, თემუჩინმა მითხრა, ყველა შეიცვალა ციხის სისტემაშიო… უკლებლივ ყველაო…  ბადრაგად პატრული შევიდაო…