ნანოს

სტანდარტული

გუშინ შენს საფლავთან ვიჯექი და ვფიქრობდი: რა რჩება ადამიანის სიკვდილის შემდეგ? შავი ქვა და შემოღობოლი გალავანი. ტკივილი ყუჩდება ნელ-ნელა. ამას თავისი ახსნაც აქვს. ერთადერთი ღირებული, რაც ადამიანის გარდაცვალების მერე რჩება, ესაა მოგონება. გახუნებულ, გაცრეცილ კადრთა ერთობლიობა ხალხის მეხსიერებაში. ადამიანის მეხსიერება კი მეტად საინტერესო რამაა. დროთა სვლა დამახსოვრებული ფაქტის სიმკვეთრეს ცვითავს, ამახინჯებს, ამიტომაც გონება ცდილობს მოგონებაში არსებული დაკარგული კადრები რაიმეთი შეავსოს. აქ საქმეში წარმოსახვა ერთვება და ჩვენც ვალამაზებთ, ჩვენდაუნებურად ვცვლით მოგონებებს. ვატყობ, მეც ასე მემართება. მეშინია იმის წარმოდგენა, რა მოხდება წლების შემდეგ. მკეთრად მახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრა, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ხმაც და სიცილიც მახსოვს, ოღონ უფრო მკრთალად. თავს ძალას ვატან, საფეთქლებზე თითებს ვიჭერ, რომ სკოლის წლებში გაგიხსენო. ცალკეულ მოგონებათა კასკადი აწყდება გონებას მხოლოდ: როგორ მირბიხარ, ხელს როგორ იწევ, მერხიდან უკან როგორ ტრიალდები. ერთიანი სცენის აღდგენა მიჭირს მხოლოდ.

ესაა სწორედ ადამიანის წარმავალობა. ფიზიკური გარდაცვალების კვალდაკვალ დგება სრული გარდაცვალება, წაშლა ხალხის მოგონებებიდან. და აქ ვფიქრდები: იქნებ ჩვენ სხვა არაფერი ვართ, თუ არა მოგონებები ადამიანთა გონებაში? ჩვენი მთელი ცხოვრება და არსებობა სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, ღრმად აღვიბეჭდოთ სხვათა ტვინის ხვეულებში? საკუთრივ ჩვენც სხვის შესახებ მოგონებათა მატარებელნი ვართ და ასე ვკრავთ ერთიან ჯაჭვს. ისტორიაც ხომ ვიღაცის მოგონებათა კრებულია ფურცელზე გადატანილი…

ადამიანი წარმავალია. მასზე უფრო წარმავალია მისი გონება. რატომ არის გონწართმეული ადამიანი საზოგადოებისგან გარიყული? იმიტომ, რომ ზედმეტ ტვირთადაა ქცეული სხვათა გონებაში, მაშინ როცა თვითონ არ ძალუძს სხვისი არსებობის შესახებ ინფორმაციის შენახვა.

დღევანდელობა საშუალებას გვაძლევს შევინახოთ საკუთარი მოგონება ყველაზე ობიექტურად: ციფრულ ფორმატში. ამგვარად, ძვირფასი ადამიანის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ინახება კომპიუტერის მყარ დისკზე, მობილურის მეხსიერების ბარათზე. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ უმაღლესი განვითარების ადამიანს დღესაც არ ძალუძს მოგონებათა გარანტიული შენახვა ამ პირობებშიც კი. კომპიუტერი ვირუსდება, ჩიპი შეიძლება გადაიწვას და იკარგება ფასდაუდებელ მოგონებათა კრებული.

ყველაზე საშიში და მტკივნეული სწორედ ეს განცდაა, ჩემო ნანო! გააზრება იმისა, რომ ერთ დღესაც შეიძლება დამავიწყდე და ეს ვერაფერმა გამოასწოროს. ამიტომაც, თავს ძალას ვატან, ვიხსენებ, ვწერ, ვცდილობ შენზე მოგონება წაკითხულის სახით სხვის გონებაშიც დავტოვო. თუ არადა, მე მაინც დავიხსომო, გადავინახო. შეიძლება ეს ცდა ამაო იყოს, მაგრამ ხომ ვცდილობ?

მე რაღა დამრჩენია? ვცილობ სხვათა მეხსიერებაში დავიკავო პატარა კუნჭული. სპეციალურად არა, თავისთავად გამოდის ასე. შენ კი ჯერ კვლავ ჩემ მოგონებებში ცოცხლობ. ეს რომ არ გახუნდეს, მობილურში სურათებს ვნახულობ. ხედავ? ფაქტიურად ჯიბით დავატარებ შენი სიცოცხლის პატარა ნაწილს.

შენ მირ მოწერილ ბოლო მესიჯსაც ვინახავდი. კარგად ვერ შევინახე, წაიშალა. სატელეფონო წიგნაკიდანაც არ წამიშლია შენი ნომერი. ესეც ერთგვარი მცდელობაა დამახსოვრების. თითქოს კვლავ ველოდები, წელიწად ნახევრის მერეც კი, როდის დარეკავ და მეტყვი: „რავა ხარ, ლიპიტო?“

ცაგერი

25.08.2012

 

Advertisements

14 responses »

  1. დაკარგვის ტკივილი დიდია და ძნელი ასატანი, თუმცა გაძლიერებს… ისინი, ვინც გვიყვარს ჩვენთან ერთად კვდებიან, რაკი სანამ ვართ, მუდამ ცოცხლობენ ჩვენს მახსოვრობაში.

    • მხოლოდ მახსოვრობა რომ საკმარისი არაა? რომ გინდა რომ იგრძნო მისი სიახლოვე? რომ გინდა რომ ისევ ისე ჩაეხუტო? ისევ ისე გაღიმოს?

      • კი, არის მასე… ზოგჯერ იტოვებ ამ სურვილოს შენს მახსოვრობაში და აგრძელებ ცხოვრებას. ტკივილი შენი ხდება, ორგანული და ისევე ეჩვევი, როგორც საკუთარი გულის ცემას. სისულელეა რომ დრო კურნავს.

  2. არ უნდა წამეკითხა 😐

    მე ჯერ ისევ მახსოვს, ყველაფერი მახსოვს და ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ რომ ვსო.
    მახსოვს როგორ იჯდა მთელი 12 წელი ჩემს უკანა მერხზე, როგორ ვჭორაობდით მთელი 12 წელი მასწავლებლების მალულად. როგორ მივდიოდით ერთად შატალოზე მუშტაიდში, როგორ მიყვებდოდა თავის რაღაცებს და თან რომ ეცინებოდა, როგორ იწვეთავდა ყოველთვის ნაზივინს იმიტომ რომ სუნთქვა უჭირდა, როგორ უყვარდა თავის ძაღლი და ისიც მახსოვს რას ეძახდა. რა ბედნიერი იყო რომ თსუ-ში ჩააბარა, რროგორ უმალავდნენ 2 წელი რომ არაფერი სჭირდა, ოპერაციის მეორე დღეს რომ დამირეკა ეგ მახსოვს, 6 ნოემბერი იყო, 2008 წელი. როგორ გაიგო თავისი ავადმყოფოს შესახებ, როგორ ემალებოდა ყველას, როგორ ხვეწნა-მუდარის შემდეგ მნახა. როგორი ბედნიერი იყო, და როგორ უცბად : (((((((((((((((((((

  3. არ მჯერა ხოლმე, ვერ ვიჯერებ უბრალოდ. აი რომ გავდივარ აივანზე და რომ მახსენდება რომ ამ აივანზე იდგა და მეუბნებოდა ხოლმე რომ ერთადერთი აივანია სადაც გავდივარ იმიტომ რომ რეშოტკები აქვს, დურბინდით რომ შეყვარებულის აივანს უთვალთვალებდა ხოლმე, ეს ყველაფერი რომ მახსენდება მერე ვხვდები რომ აღარასდროს მოვა ჩემთან. და ვერ მჯერა… არ მინდა დაჯერება.

    სასაფლაოზეც მივდივარ ხოლმე და რა, არაფერი. მინდა რაღაც მაინც ვიგრძნო იქ, რამე პატარა, მაგრამ არაფერი. მხოლოდ ქვა მხვდება. ქვა და გულზე დაწყობილი ყვავილები და მერე მოვდივარ და ისევ არ მჯერა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s