BIAFF 2011. მარტინ შულიკი (ნაწ. II)

სტანდარტული

მარტინ შულიკის შემოქმედების ჩემეული განხილვის პირველი ნაწილი იხილეთ აქ

როგორც  აღვნიშნე, ფილმი “რაც მე მიყვარს“ ფრიად მომეწონა. ასევე მომხიბლა აღნიშნულმა სურათმა, მაგრამ თუ მაშინ ერთი ადამიანის ცხოვრება იყო გადმოცემული, აქ სხვადასხვა ადამიანების ცხოვრების საინტერესო მომენტებია ერთად თავშეყრილი. ერთგვარი ცხოვრებისეული ვიდეო-პოსტები, გაშლილი დროში.

შულიკს ეხერხება, რამდენიმე წუთში ადამინის ცხოვრების ერთი მომენტი დახატოს, ოღონდ თან მოახერხოს მისი მთელი ცხოვრების შესახებ მოგცეს ინფორმაცია. ყველაზე საინტერესო მომენტს აკვირდები, თან იცი ადამინის წარსული და ამიტომაცაა, რომ განიცდი მათ ბედს. ერთიანი სიუჟეტის განვითარება არ ხდება, მაგრამ გამოხატულია დროის ცვლა: დაწყებული მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდიდან გაგრძელებული  საკუთრივ ომით, დამთავრებული სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის ფორმირებით. ომის პერიოდი გადმოცემულია პატარა ძმების, პეტრესა და პავლეს, თვალით. ამიტომაცაა, რომ სასტიკი ომი ბავშვური ცნობისმოყვარეობით და გულუბრყვილობითაა გაჯერებული, თუმცა სისასტიკე აქტუალობას არ კარგავს, ოღონდ ამ შემთხვევაში მას სულიერი სახე აქვს და არა ფიზიკური.

საინტერესო რეფრენი გასდევს ფილმს: „ამ სოფელში კარგა ხანია არავინ დაბადებულა“. ეს სიტყვები ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ. აქ იგულისხმება, რომ თაობათა ცვლა გონებრივი კუთხით არ მომხდარა, მენტალური განვითარება შეწყვტილია და სწორედ ამიტომაცაა რომ ეს სოფელი განწირული.

აღსანიშნავი ფაქტია ასევე ისიც, რომ თითოეული ეპიზოდი ერთგვარი სევდითაა განმსჭვალული, ცხოვრებისეული სატკივარით. სწორედ ამიტომაცაა, რომ ფილმი საოცრად რეალური და ცხოვრებისეულია. თუ გსურთ თვალი მიადევნოთ უცხო ადამიანთა ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეპიზოდებს შეგიძლიათ ნახოთ ფილმი „პეიზაჟი“ აქ.

მარტინ შულიკის ფილმების ყურებისას ერთ დასკვნამდე მივედი. ამ რეჟისორს შეუძლია ადამიანთა სატკვარი საოცრად რეალურად გადმოგვცეს, თუმცა ამ დროს არ მიმართავს ზედმეტ დრამატულობას და ამგვარად არ სწყდება რეალობას, მისი შემოქმედება არ ხდება ერთგვარად განყენებული. ასევეა ფილმში „მზის ქალაქი, ანუ მუშათა კლასის გმირი

სათაურმა მაშინვე მიმიზიდა მთელი რიგი მიზეზების გამო. მათგან უპირველესი და ძირითადი, მაინც „მუშათა კლასის გმირი“ გახლავთ.  სიმღერა, აღნიშნული სათაურით, ჯონ ლენონის სოლო კარიერში მნიშვნელოვან ადგილზე დგას თავისი ფილოსოფიური დატვირთვით. ზოგადად, მისი მაშინდელი შემოქმედება ცალკე საუბრის თემაა, და ამიტომაც აღარ გავაგრძელებ, თორემ გაჩერებას ვერ მოვახერხებ.

ფილმში გადმოცემულია 4 მეგობრის ისტორია, რომლებიც ქარხნიდან დაითხოვეს და ახლა ისინი დამოუკიდებლად ცდილობენ თავის გატანას. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული და ამასთანავე მსგავსია. განსხვავებულია მათი პრინციპები, აღმზრდელობითი მიდგომები, საერთოა მცდელობა, თავი გაიტანონ, გადარჩნენ ცხოვრების მძიმე პირობებში. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს, ერთმანეთის ნაკლს ფარავენ.

რეჟისორი ახერხებს და თითოეული გმირის ისტორიას დაწვრილებით გვიყვება, გვიხატავს მათ შინაგან სამყაროს, გარემოს, მუშაობის მიღმა. ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რაც აიძულებთ მათ კბილებით მოეჭიდნონ ცხოვრებას. დალხენილი არსებობა არცერთ მათგანს არ აქვს. სწორედ ესაა ალბათ მუშათა კლასი. „ზაოდი-კრაოტი“- გაგონილი ფრაზა ამოტივტივდა თავში. ვუყურებ ფილმს და ვფიქრობ, მაინც ვინაა მუშათა კლასის გმირი? რა მოეთხოვება მას ამ წოდების მისაღებად? შეუძლია თუ არა უმუშევარ, სამსახურის მძებნელ ადამიანს იყოს გმირი?

საკუთრივ სიტყვა „გმირი“ ყოველთვის პატივისცემით განმაწყობს ადამიანის მიმართ. მითუმეტეს „მუშათა კლასის გმირი“, ან „შრომაში გამოჩენილი გმირობა“. რატომღაც ყოველთვის მგონია, რომ ასეთი ადამიანი შარავანდედით მოცული, ნელა დააბიჯებს და ირგვლივ მყოფთ კეთილი ღიმილით უქნევს ხელს. ვუყურებ ფილმს და ვხვდები, რომ მუშა-გმირის ჩემეული ხატება სრულიად არამიწიერია. ვხვდები, რომ გმირია ისიც, ვისაც არ ეზარება მუდმივ ძიებაში იყოს. ცდილობდეს, წვალობდეს, შეიძლება არაფერი გამოსდიოდეს, მაგრამ მაინც. ასეთი გმირები უსახელოდ ცხოვრობენ, შეიძლება ჩვენც გვხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ვერ ვამჩნევთ მათ. ისინი ჩუმად საქმიანებონ, ყოველგვარი რეკლამის, ყვავილების კონებისა და წითელი ხალიჩების გარეშე. საშუალო ადამიანები, რომლებიც დაუზარლად ასრულებენ მძიმე საქმეს, რათა თავი გაიტანონ სიცოცხლისთვის, არსებობისათვის დამქანცველ ბრძლაში მდუმარედ ატარებენ მუშათა კლასის გმირის მძიმე წოდებას…

თუ ჩემი აზრების აღრეულმა დინებამ ოდნავ მაინც დაგაინტერესათ შეგიძლიათ ფილმიც მოიძიოთ და ნახოთ აქ.

აღნიშნული ფილმი წარმოდგენილი გახლდათ საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის შარშანდელ საკონკურსო პროგრამაში.

ბოშათა კულტურის, ცხოვრების შესახებ საკმაოდ მწირი წარმოდგენა მქონდა, ამიტომაც აღნიშნული სურათი ჩემთვის ორმაგად საინტერესო გახლდათ. ზოგადად, უცხო კულტურასთან, ადათ-წესებთან, ყოფა-ცხოვრებასთან გაცნობა, ყოველთვის საინტერესო პროცესია. მარტინ შულიკი არ გაექცა რეალობას, არ დაიწყო ლამაზი, თავბრუდამხვევი ზღაპრების შეთხზვა. მან შეძლო და გვაჩვენა ირგვლივ გამეფებული სიღარიბე, ჭუჭყი, უიმედობა. არ მოერიდა და გვითხრა: აქ არ არის მომავალი, ია-ვარდით მოფენილი გზა არ არსებობს, თავის გადასრჩენად ბრძოლისას აქ ყველა გზა ციხისკენ მიდის!

ამ ყოველივეს ფონზე, ის გვიხატავს მთავარი პერსონაჟის სახეს, გვაცნობს მისი ცხოვრების წესს და პრინციპებს. ბოშა, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ ქურდობს, ცდილობს ისწავლოს, რაიმეს მიაღწიოს… და ამ ყოველივეს წინ მარჩენალი მამის დაღუპვა აღუდგება. ოჯახური ტრაგედია კი მოზარდს იძულებულს ხდის ცხოვრების ეკლიან გზას შეუდგეს. მისი მორალი აქაც უცვლელია. საინტერესოა ასევე იმის ხილვა, რომ მამის სიკვდილმა მის ფსიქიკაზე წარუშლელი დაღი დატოვა, ამიტომაც მამა მოჩვენების (სიზმრის) სახით მოდის მაშინ, როცა ეს ადამს (მთავარ გმირს) ყველაზე მეტად სჭირდება.

საინტერესო ფაქტია საკუთრივ ბოშათა დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. ისინი, ერთგვარად, განცალკევებით ცხოვრობენ და მათი განდგომა არამარტო ფიზიკურ, არამედ მორალურ სახესაც ატარებს. „თეთრები“- ასე უწოდებენ ისინი ყველა არაბოშას. მრავლადაა ასევე სტერეოტიპული შეხედულებებიც  „თეთრებზე“. ამ ყოველივეს საფუძვლად რამდენიმე ადამიანის მწარე გამოცდილება უდევს, და ისინიც ცდილობენ ახალგაზრდობას ცხოვრება ასწავლონ, თავი გამოუტენონ ათასგვარი სისულელით: ყველა „თეთრი“ ერთნაირია, რა საჭიროა შრომა, როცა შეგიძლია მოიპარო და ა.შ. როგორ უნდა გადარჩეს მოზარდი ადამი ისე, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოს? იგი სვამს რიტორიკულ შეკითხვას: „და რას საქმიანობენ ბოშები? იპარავენ? ქალებს ყიდიან?“ ამით მან სცადა განდგომოდა მშობლიურ ადათებს.

ამ ყოველივეს ფონზე, გასაგები ხდება, რატომაა საზოგადოების დამოკიდებულება ბოშათა მიმართ თითქმის ყველგან ერთგვაროვანი. ქურდი ხომ ყველგან ერთნაირად ეზიზღებათ.

მთავარი გმირი ცდილობს იმუშაოს, პატიოსნად გამოიმუშავოს ცხოვრებისათვის, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია. მიუხედავად ამ სირთულეებისა,მას მაინც რჩება დრო და ძალა სიყვარულისავის, გართობისათვის.

მამის მოჩვენება მას ერთგან ეტყვის: „ბოშა ადამიანურად მხოლოდ მაშინ იცხოვრებს, თუ უარს იტყვის ბოშათა ცხოვრების წესზე“. გამოუვა თუ არა ადამს ეს ყოველივე, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

საბოლოო ჯამში, მარტინ შულიკის შემოქმედება ფრიად საინტერესო გამოდგა. რეჟისორს განსხვავებული ხედვა და აღქმა აქვს, რაც მის ნამუშევრებს თავისებურ ხიბლს სძენს. მის შემდგომ ნამუშევრებს სიამოვნებით დაველოდები.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s