სპილო, ანუ მე თქვენსავით პატრიოტი ვერა ვარ

სტანდარტული

„ჩემ სამშობლოს რომ დასჭირდეს, ორივე შვილს მივცემ!“

სუფრაზე გაგონილიდან

„შენნაირი პატრიოტები სჭირდება ქვეყანას“

ესეც სუფრაზე გაგონილიდან

გავიდა წლები და უკვე არცთუ ბავშვი, ვცდილობ გავიაზრო სიტყვა პატრიოტიზმის მნიშვნელობა. ჯერ მინდა საკუთარ წარსულს გადავხედო… მახსოვს სიბნელე, სიცივე, სროლის ხმა, ტყვიების ნათება ჩემს ეზოში, დაღაჩაღების შიშით მგზავრობა, უფულობა, უმუშევრობა, მაგრამ ყველაზე მეტად იმედი მახსოვს. იმედი იმისა, რომ „ოდესმე ხომ დაგვადგება საშველი?“ იმედი იმისა, რომ ერთ დღესაც „იბერია გაერთიანდება და გაბრწყინდება“.

რეიდი რატომაა მამა? ძებნილებს იჭერენ?

-რა ძებნილებს, შვილო? ფული უნდათ. ესაა რეიდი!- მითხრა მამაჩემმა და 5 ლარი ამოიღო საფულიდან“

დიალოგი სტეფანწმინდის გადასახვევთან მანქანაში

იმედის არ დაკარგვის იმედიც მახსოვს…

ამდენი ხნის მერე, უკეთეს დროებაზე იმედით და ოცნებით გადავდექი ოცდამეორე წელიწადში და დავფიქრდი: მართლაც, რა არის პატრიოტიზმი?

პატრიოტიზმი- ზნეობრივი და პოლიტიკური პრინციპი, სოციალური გრძნობა, რომლის შინაარსს წარმოადგენს სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება, სიამაყე მისი წარსულით და აწყმოთი, სამშობლოს ინტერესების დაცვისადმი მისწრაფება. პატრიოტიზმის ელემენტები მშობლიური მიწისადმი, ენისადმი, ტრადიციებისადმი სიყვარულის სახით ყალიბდება.

რას ნიშნავს სამშობლოსათვის თავდადება?

მაინცადამაინც ომი უნდა იყოს ქვეყანაში, რომ თავდადებულის სტატუსი მოგანიჭონ ბრძოლაში გამოვლენილი მამაცობისთვის? არ შემიძლია ბატონო იარაღის ხელში აღება და საბრძოლო ბატალიებში ჩართვა! პაციფისტურ ბუნებას რომ თავი გავანებოთ, როგორც მომავალი ექიმი, ჩემ შეგნებაში ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე მაღლა დგას და ჩემი არსებობის უპირველესი პოსტულატი „არ ავნო“ გახლავთ. როგორ მოვუსწრაფო სიცოცხლე ადამიანს, თუნდაც მტერს, რომელიც საბრძოლო ველზე დაჭრილი რომ ვნახო, ადამიანობა მავალდებულებს მასაც ისევე ვუმკურნალო, როგორც ჩემიანს! სამშობლოსათვის შეიძლება ეს ყველაფერი გვერდზე გადადო, უღალატო საკუთარ პრინციპებს, მიაფურთხო მორალს და ფსიქიკას, (რომელიც დაგენგრევა მოგვიანებით), საბრძოლო საქმეში არანაირი ცოდნა არ გამაჩნია! სროლა რომ ატყდეს, იმასაც ვერ გავარკვევ საიდან ისვრიან და სად უნდა დავიმალო. უცოდინრობით ომში სიკვდილი გმირობაზე კი არა, სისულელეზე მეტყველებს.

ასეთ დროს სამშობლოსთვის თავდადებად მიმაჩნია, ის საქმე აკეთო დაუზარელად და ფულადი ანაზღაურების გარეშე, რაც იცი, უარეს შემთხვევაში, რაც შეგიძლია.  თუმცა, ბრძოლაა თითოეული უბრალო დღე ჩვენ ცხოვრებაში.

თავდადებული არ არის ის მასწავლებელი, მძღოლი, კონტროლიორი თუ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის მუშაკი, მასხრად ასაგდები ხელფასის მიუხედავად მაინც რომ მუშაობს? თუმცა სხვა მხარეც აქვს მედალს. რომ წავიდეს, მერე რაღა ქნას? რით გამოკვებოს ოჯახი? ამიტომაც გამოდის, რომ მონად ქცეული, იძუებულია ბედს შეეგუოს, ძალით თავდადებული იყოს სამშობლოსათვის.

რკინიგზაში მიმდინარე უკანასკნელი მოვლენები ცხადყოფს, რომ ადამიანს თურმე ბევრის ატანა შეუძლია ისე, რომ ამას უზრუნველად მყოფი ვერც მიხვდება. განა ეს ხალხი თავდადებული არ არის ქვეყნისთვის? ვირულად შრომაში კაპიკებს რომ იღებდნენ და მაინც ასრულებდნენ თავიანთ საქმეს? რაღაა გასაკვირი, თუ ხმა ამოიღეს და გაიფიცნენ? სპილოს, რომელსაც წრთნისას ხშირად სცემენ, აგრესიას არასოდეს ავლენს. ყველაფერს იმახსოვრებს და იგროვებს შიგნით. ერთხელაც ფიალა ივსება და გაგიჟებული ცხოველი ირგვლივ მყოფ ადამიანებზე ამოიყრის ჯავრს.

პატრიოტიზმი თუ ქვეყნის სიყვარულს ნიშნავს, ამ სიყვარულს ცალმხრივი სახე რატომ აქვს? სანაცვლო სიყვარული რით ვეღარ დავიმსახურეთ?

ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი მშობლები წელზე ფეხს იდგამდნენ, რომ სამომავლოდ განათლება მიმეღო. უნივერსიტეტში თუ დაფინანსება მაქვს, ეს უკვე ჩემი 11 წლიანი შრომის შედეგია. არცერთ ეტაპზე საჩუქარი კი არა ფაქტიურად ზრუნვა არ მიგრძვნია ქვეყნისგან. არ თქვათ ახლა, კრიმინალის აღმოფხვრა, პოლიციის სისტემა, გზა და უწყვეტი ელექტროენერგიაო! ამ ყველაფრისათვის თითოეული ოჯახი უზარმაზარ გადასახადებს იხდიდა და იხდის დღესაც. და სხვა თუ არაფერი, ამ ყველაფრის გარეშე ქვეყანა არ არსებობს. თუ ქვეყანა არ არსებობს, პატრიოტიზმსაც აზრი ეკარგება, თავისთავად.

მეექვსე წელია ვსწალობ და ერთი ამდენი კიდევ წინ მაქვს, მაშინ როცა სამსახურის შოვნის გარანტიას ვერავინ მომცემს. ამდენი ხანი სწავლის და წვალების შემდეგ, რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მოვითხოვო ღირებული ანაზღაურება და ცხოვრების პირობები? მე და ჩემი ძმაკაცი ვიჯექით და ვანგარიშობდით: დავუშვათ ხელფასი მაქვს 2000 ლარი თვეში. ყოველთვიურად მკვდრად რომ 1000 ლარი გადავდო და დავაგროვო, დაახლოებით 8 წელი დამჭირდება დიდი დიღმის III-IV მიკროში რომ 2,5-3 ოთახიანი ბინა ვიყიდო. ანუ, ყველაზე კარგ შემთხვევაში 35-37 წლის ასაკში შემეძლება საკუთარი ჭერი გავიჩინო!

სამშობლოს წარსულით ვამაყობ, ბატონო, მაგრამ მხოლოდ წარსულით ვინც ცხოვრობს. ის მკვდარია აწმყოსა და მომავლისათვის! 8 საუკუნეა უკვე აღარაა თამარის დრო! მომავალზე ზრუნვაა საჭირო! ჩემი ქვეყნის აწმყოსი მრცხვენია, რბილად რომ ვთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ წარსული ვიცი!

მიყვარს ჩემი ენა და დამწერლობა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი მშობლიური ენის ცოდნა არ აკმაყოფილებს ჩემ ქვეყანას! სამსახურს ვერ იშოვი მხოლოდ ქართულის ცოდნით. რუსული რა, უცხო ენა არაა? არც ეს არაა საკმარისი! რა ვქნა, ბატონო, არ ისწავლებოდა ჩემ სკოლაში ინგლისური, ფიზიკურად სპეციალისტი არ იყო რაიონში, რომ მომვზადებულიყავი! ეს რა, ჩემი ბრალია?

“უნივერსიტეტში იმიტომ არ ჩააბარე და ამერიკაში მერე სასწავლებლად განა იმიტომ არ წახვედი, რომ სოფელს მოშორებოდი? აქ ცხოვრება და მიწაზე მუშაობა თუ გინდოდა, ამდენი წვალება რაღა საჭირო იყო?”

Kasaba.

რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი

მიმიფურთხებია ტრადიციების უმრავლესობისთვის, რომლებიც უკვე გამოუსადეგარი გახდა, და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩარჩოში მოაქციოს ადამიანთა ჯგუფი, გონება დაუხშოს. ვიცავთ ტრადიციებს ისე, რომ შეგნებულიც შეიძლება არ გვქონდეს, რატომ. უბრალოდ, ისე, ასე გვასწავლეს. გამოიხედე თვალებში და გონება გაანძრიეო არავის უსწავლებია ეტყობა ადამიანთა ცალკეული ჯგუფისთვის…

როცა ვხედავ, რომ ჩემი მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია სამშობლოში, რაღა უნდა გაუკვირდეს „პატრიოტ“ ქართველს, უცხოეთში ფეხის მოკიდებაზე რომ დავიწყებ ზრუნვას? ხელგაშლილი არც იქ შემეგებება ვინმე, მაგრამ შრომაში წელგაწყვეტილი და მაინც მშიერი აქ მოვკვდები თუ იქ, რა აზრი აქვს? მშობლების ბრალია, ალბათ, გავლენიანი ნაცნობები რომ არ ჰყავთ…

„დაიცადე, დალაგდება სიტუაცია და აეწყობა ყველაფერიო“, ამას ვღებულობ პასუხად. მე ერთხელ ვცხოვრებ! უკვდავი არა ვარ! ამდენი წელია რაღაცას ველოდები და არ დაადგა საშველი. „ჯერ სად ხარ, ჩვენ უფრო დიდი ხანია ველოდებითო“, ასეთი პასუხიც მოუციათ. თქვენ ელოდეთ, ბატონო ჩემო, ელოდეთ… ეტყობა, მე თქვენსავით პატრიოტი ვერა ვარ… 

 

Advertisements

38 responses »

  1. პოსტი თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს ძალიან მეძინება :დ ხვალ წავიკითხავ დეტალურად და ყურადღებით იმიტომ რომ შინაარსმა დამაინტერესა. ეხლა პროსტა თვალი გადავავლე და მართლა მიკვირს როგორ შეგიძლია რო ნებისმიერი თემა შენთვის ასოცირდებოდეს ფილმთან :დ თუ პირიქით რავი :დ დარწმუნებული ხარ რომ შენი ადგილი მედიცინაშია? :დ მშვენიერ ქართველ კინომცოდნეს გვართმევს მედიცინა და არ მხიბლავს მე ეგ ფაქტი

  2. ვინც ასეთ ხმამაღალ ფრაზებს ისვრის, სწორედ ის არაა თითის თითზე დამკარებელი სამშობლოსთვის. და ისედაც, რაღა დროს იარაღი და ომით პატრიოტობის დამტკიცებაა 21-ე საუკუნეში? მე რომ მკითხო, პატრიოტობა ისაა, როცა რაც შეგიძლია, იმას აკეთებ, თან კარგად და არა ისე, მიფუჩეჩებულად. რაც შეეხება სხვაგან ფეხის მოკიდებას კი რაა იცი? სადაც ბოლომდე კარგად და შემდგარად იგრძობ თავს, ისაა სამშობლო. უნებურად სულხან-საბას “იხვი და მყვარი” გამახსენდა, გენიალური იგავია.

    • აი, ზუსტადაც! სულხან-საბას ეგ იგავი არ გამხსენებია სამწუხაროდ! მართლაც გენიალურია! კარგად აჩვენებს, უაზრო იდეალებს როგორ შეიძლება შეეწიროს სიცოცხლე

      • საქმე ისაა, ჩვენ იხვები და ბაყაყები არ ვართ, ადამიანები ვართ და ცოტა მეტი შეგვიძლია და მეტიც მოგვეთხოვება. ისე, რა კარგი სიტყვაა “მყვარი”, რატომ დაიკარგა და ეს “ბაყაყი” საიდან მოვიდა ნეტავ?

      • არა, მაგრამ არც ის მგონია, რომ სულხან-საბა სამშობლოდან ათესვიდსკენ მოგვიწოდებდა გაჭირვების შემთხვევაში. მისი ბიოგრაფიის ცოდნა მაძლევს ამის საფუძველს. და რომც მოეწოდებინა, განა სავალდებულოა ყველაფერში დავეთანხმოთ?

      • “ათესვისკენ” არ მოგვიწოდებდა, მაგრამ თქვა, სამშობლოში შიმშილით სიკვდილს სხვა გზის მოძებნა სჯობიაო. სავალდებულო არაა, რათქმაუნდა, თუმცა ეს აზრი პატივისცემის ღირსია

      • ამ საკითხს ერთი პოსტი ალბათ მეც უნდა მივუძღვნა, ხასიათზე რომ ვიქნები. ვეცდები ხალხს ისე დავანახო საქართველო და აქ არსებული შესაძლებლობები, როგორც მე ვხედავ. გაჭირვებული და არარეალიზებული მოქალაქე არც საქართველოს სჭირდება, ასეთი გინდა დარჩენილა და გინდა წასულა.

      • სამშობლოს ინტერსესშიც უნდა შედიოდეს, რომ ადამიანმა რეალიზაცია მოახდინოს საკუთარი თავის ბოლომდე თავისსავე ქვეყანაში. საინტერესო იქნებ განსხვავებული ხედვა! დაველოდები შენს პოსტს 🙂

  3. მეც მიფიქრია საკუთარ ბინაზე და ბოლოს დავასვენი: ფიქსირებული ხელფასი + იპოთეკური სესხი ბანკიდან, როგორც საზღვარგარეთ, ეგრე :((((

    • საზღვარგარეთისგან განსხვავებით, აქ იმის გარანტიაც არ არსებობს, რომ სამსახურს ეგრე ხანგრძლივად შეინარჩუნებ…

      • kevana, მონა არა ლიზა კიდე 🙂 ნუ გაქვთ ეს დაჩაგრულის ფსიქოლოგია რა! თუ სულით მონა ხარ, ყველა ქვეყანაში მონა იქნები, რაც არ უნდა ჰუმანური შრომის კოდექსი იყოს მოქმედებაში. უარესი დროც ყოფილა საქართველოში და ცხოვრობდა ხალხი, წარმატებებსაც აღწევდა. თუ მაგარი ხარ, აქაც გააკეთებ გასაკეთებელს, თუ არა და ლენჩი არც უცხოეთში სჭირდება ვინმეს. აქ გარემოს, სიტუაციას, ხალხს მაინც იცნობ, საზღვარგარეთ ნულიდან უნდა დაიწყო. რაც უფრო მკაცრ პირობებში გიწევს გზის გაკვალვა, უფრო ძლიერდები, ეგეც გასათვალისწინებელია.
        რა ვიცი, არც მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი ვარ, არც ნაცების ან ოცნების დამქაში, მეც საქართველოში ვცხოვრობ და რატომ ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში?

      • მერე ყველა ხომ შენავით არაა? 🙂 მე პირადი გამოცდილება მალაპარაკებს. დაჩაგრულის ფსიქოლოგია არ მაქვს, უბრალოდ ნამდვილად დამჩაგრეს რამდენჯერმე, სრულიად უსამართლოდ და ეგაა მხოლოდ

      • დაგჩაგრეს და დაგჩაგრეს, მერე რა? განა მე არ დავუჩაგრივარ არავის, მაგრამ ვერ გამტეხეს.

      • მახარებს, რომ შენნაირი ადამიანები კვლავ არსებობენ და საბედნიეროდ, ყველა ჩემსავით არ ფიქრობს 🙂

  4. პატრიოტი? თავში აზრადაც კი არასდროს მომსვლია თავი პატრიოტად გამომეცხადებინა, ან კი როგორ გავბედავდი… განა საერთოდ არსებობენ პატრიოტები დღევანდელ საზოგადოებაში? მათ ვისაც პრეტენზია აქვთ პატრიოტიზმზზე ხშირად დეფინიციაც კი არ იციან ამ სიტყვის ან კიდევ პატრიოტიზმის თავისებური “ფილოსოფიური” ინტერპრეტაცია აქვთ.. ბევრს თუ პატრიოტიზმი ტყუილ-უბრალო სისხლისღვრა ჰგონია ვითომდა სამშობლოს დასაცავად ძალიან სცდება… ან კიდევ დრომოჭმული ტრადიციების დამცველობა როცა არც კი იციან რას იცავენ… წარსულს ჩავბღაუჭებივართ რადგან მომავალი არ გვაქვს… სასაცილოა და (უფრო სატირელი) ჩვენს თანამედროვეობაში პატრიოტიზმზე საუბარი, როცა ირგვლივ ბოროტების მეტს ვერაფერს ვხედავ.. საბედნიეროდ აქ-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილან სიკეთის ნაპერწკლები, რომლებიც ბჯუტავენ და ეს ესაა ჩაქრებიან… მაგრამ გულში მაინც ვიტოვებ იმედს ან “იმედის არ დაკარგვის იმედს” რომ…

    • “საბედნიეროდ აქ-იქ ჯერ კიდევ შემორჩენილან სიკეთის ნაპერწკლები, რომლებიც ბჯუტავენ” – ჯერ კიდევ არის იმედი 🙂

    • “ტყუილ-უბრალო სისხლისღვრა ვითომდა სამშობლოს დასაცავად” ნამდვილად არაა პატრიოტიზმი, მაგრამ როცა საჭიროა, იარაღითაც რომ უნდა დაიცვა შენი ქვეყანა, ამასაც უარყოფ?

      • რაც არ ვიცი და არ შემიძლია, როგორ გავაკეთო? ბრძოლაში მონაწილეობის მიღება იარაღის ხელში ჭერა და სასხლეტზე თითის დაჭერა ხომ არ გგონია? ყველას აქვს საკუთარი მოქმედების სფერო, სადაც მისგან მაქსიმალური ეფექტის მიღება შეიძლება. ქვეყანა, რომელიც პირადად მე, საავადმყოფოდან გამომიყვანს და მეტყვის, აიღე იარაღი და წინა ხაზზე წადიო, მიმაჩნია, რომ აშკარად საზარბაზნე ხორცად მიყენებს და ფეხებზე ვკიდივარ! ექიმს თუ იარაღის ხელში აღება დასჭირდა, დამერწმუნე, რომ ეს შექმნილ სიტუაციას ვერანაირად ვერ შეცვლის!

      • შენზე კი არ ვამბობ კონკრეტულად, უბრალოდ ისე გიწერია, თითქონს საერთოდ უარყოფ იარაღით სამშობლოს დაცვის მნიშვნელობას.

      • ა, მე შემეშალა, ამ ანონიმუსს უწერია ეს ფრაზა: “ბევრს თუ პატრიოტიზმი ტყუილ-უბრალო სისხლისღვრა ჰგონია ვითომდა სამშობლოს დასაცავად ძალიან სცდება”

  5. ერთადერთი ხარ, ვის ტექსტსაც ზუსტად იმ ინტონაციით ვკითხულობ, როგორც შენ იტყოდი… ყურში ჩამესმის თითქოს, შენი ხმა :))
    გრრრ… ძლიერი პოსტია სეხნია, ძლიერი. ვამაყობ შენით 😉

  6. dzalian kargi posti iko, tumca damtrgunveli. dgevandel saqartveloshi saxelmwifo ar uzrunvelkops axalgazrdebis pirobebs. me tviton abiturienti var da archevnis cinashe vdgavar, chemi mshoblebi “gavwiro” kerdzo universitetshi chabarebistvis tu saxelmwifoshi chavabaro da erterti gavxde im atasidan vinc tsushi swavlobs da amis gamo ukmakofiloa da itanjeba. me kidev karg mdgomareobashi var, bevri vici nichieri da chkviani axalgazrda da samsaxurs ver shoulobs radgan nacnobi ar yavs, zogma ki cera-kitxva ar icis da tveshi atas lars “chuqnian” gavleniani nacnobis gamo. magram yvelaze sawyeni isaa rom es problemebi masiuria, sazogadoebis 90 % aris aseti amitomac sanam chven ar shevicvlebit da chveni mentaliteti ikamde vicxovrebt aset saxelmwifoshi.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s