“დაუნი რობოტების ცეკვა” ანუ ბოდიში

სტანდარტული

“მე ვიტყვი სიტყვას- ათასები ყურს დამიგდებენ. მე ვიტყვი სიტყვას შვენიერზე და ღვთაებრივზე და ჩემი სიტყვა თუ დაეცა ფხვიერ ყამირზე, ამ სიტყვას მერმე ათასები ისევ იტყვიან.”

“დიონისოს ღიმილი”

კონსტანტინე გამსახურდია

დაუნის სინდრომი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რომელიც გონებრივი ჩამორჩენილობით, ძვლების ზრდის დარღვევითა და სხვა ფიზიკური ანომალიებით ვლინდება. ეს არის გონებრივი ჩამორჩენილობის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა, თუმცა სრული იდიოტიზმი არასდროს ვითარდება.
დაუნის სინდრომით დაავადებულები ინარჩუნებენ ნაყოფის განვითარების ადრეული სტადიისთვის ნიშანდობლივ ფიზიკურ თვისებებს, მათ შორის – თვალის ვიწრო ნაპრალს, რაც ადამიანს მონგოლოიდური რასისთვის დამახასიათებელ გარეგნობას სძენს. 1866 წელს ლ. დაუნმა სწორედ ამ ნიშნის საფუძველზე უწოდა დაავადებას მონგოლიზმი და განავრცო რასული რეგრესიის მცდარი თეორია. სინამდვილეში დაუნის სინდრომი რასობრივ თავისებურებებთან არ არის დაკავშირებული და ყველა ერის წარმომადგენლებს შორის გვხვდება.


დაუნის სინდრომით დაავადებულს აქვს დამახასიათებელი გარეგნობა: ბრტყელი კეფა, ფართო ცხვირის ძვალი, პატარა ყურები, თვალის ირიბი ჭრილი, ნახევრად ღია პირი, კბილების ანომალია. თითები – მოკლე და მსუქანი, ნეკი – შედარებით პატარა და შიგნით მოხრილი, მტევანსა და ტერფზე პირველ და მეორე თითებს შორის მანძილი გაზრდილია, კიდურები მოკლეა, სხეულის სიმაღლე – ნორმაზე ნაკლები. ამასთან ერთად, აღინიშნება კუნთების გამოხატული ჰიპოტონია, ხშირია გულის მანკი და ადრეული სიმელოტე, მომატებულია ინფექციური და სიმსივნური დაავადების (ლეიკოზები) განვითარების რისკი. დაუნის დაავადების დროს ავადმყოფებს სასქესო ნიშნები სუსტად აქვთ განვითარებული და მათ უმრავლესობას შთამომავლობა არ ჰყავს.

დაუნის სინდრომის შესაძლო მიზეზებს შორის უამრავ ფაქტორს განიხილავდნენ. ამჟამად დადგენილია, რომ დაავადების საფუძველს ქრომოსომის ანომალია წარმოადგენს: ამ დარღვევის მქონე პირებს 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა აქვთ. ზედმეტი ქრომოსომა უჯრედების მომწიფების დარღვევის გამო წარმოიქმნება.

წყარო: mkurnali.ge

დღეისათვის ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების უმეტესობა განკურნებადია, ხოლო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილია და საშუალოდ 55 წელს შეადგენს. დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთი ბავშვები გვიან სწავლობენ ჯდომას, სიარულს, ლაპარაკს, თამაშს, საყოფაცხოვრებო, ყოველდღიურ ჩვევებს. ამასთან, ისინი ზედმეტად მგრძნობიარენი არიან ფიზიკური და სოციალური გარემოსადმი. მათი წყენინება ძალიან ადვილად შეიძლება. ამავე დროს, ისინი სწრაფად რეაგირებენ მეგობრულ და მშვიდ დამოკიდებულებაზე, უყვართ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, სიახლე, არიან ცნობისმოყვარენი. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სკოლის მასალას ნელა სწავლობენ და ნელა ითვისებენ ჩვევებს, მაგრამ ძალიან მონდომებულნი არიან; სწავლებისა და აღზრდის პროცესში მათი წახალისება მეტად ეფექტურია. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დიდი გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ისევე როგორც სხვა ბავშვებს, მათაც განსხვავებული უნარ-შესაძლებლობები და ნიჭები გააჩნიათ; უმეტესობას სუსტი და საშუალო ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს, დაავადებულთა მცირე პროცენტში აღინიშნება ძლიერ გამოხატულიგონებრივი ჩამორჩენილობა.

წყარო: education.ge

ალბათ მიხვდებოდით, რისთვის დამჭირდა ასეთი რაკურსის გაკეთება. ბევრ თქვენგანს, დარწმუნებული ვარ, გაუგია აღნიშნული დაავადების შესახებ, ზოგიერთს შესაძლოა ურთიერთობა ჰქონია აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებთან. თუმცა როგორც ჩანს ნაღები საზოგადოების ზოგიერთ “გლამურულ” წარმომადგენელს ამის შესახებ წარმოდგენაც არ გააჩნია…

სიტყვა “დაუნის” გამოყენება თაკო გაჩეჩილაძისა და ია ფარულავას მიერ მსგავს კონტექსტში, სხვა არაფერია თუ არა შეურაცხყოფა! ეს არის შეურაცხყოფა აღნიშნული სინდრომის მქონე ყველა ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე, და სხვა თუ არაფერი, მინიმუმ საჯაროდ ბოდიშის მოხდას მაინც საჭიროებს. ეს დაახლოებით ისეთივე დონის შეურაცხყოფაა, ვინმემ ამერიკულ ტელესივრცეში აფროამერიკელი “ნიგერად” რომ მოიხსენიოს!

მეზობელი მყავდა ბავშვობაში დაუნის სინდრომით. საოცარი პიროვნება გახლდათ. მასთან თამაში განსაკუთრებით მიყვარდა, ყველასგან განსხვავებული, ჩემთვის უცნაური ხედვა ჰქონდა სამყაროსი. ასაკის მატებასთან ერთად მასთან კონტაქტი დამეკარგა, საერთო ენის გამოძებნა მიჭირდა. ის თავის სამყაროში დარჩა, მე- ნაცრისფერ რეალობაში. დღემდე ვნანობ ამ ფაქტს! ბევრი შემეძლო მისგან მესწავლა, თუმცა უკვე დიდი ხანია გვიანია…

თავს ვერ დავდებ, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი: სავარაუდოდ ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ აღნიშნული პათოლოგიით გატანჯულ ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან. მათ, მეეჭვება, ელემენტარულად იცოდნენ, რა ტკივილის გავლა უწევთ ასეთ ოჯახებს.

რათქმაუნდა, ცხოვრებაში ყველას გამოგვიყენებია აღნიშნული სიტყვა! გვითქვამს სხვისთვის “დებილო”, “კრეტინო”, მაგრამ დარწმუნებული ვარ აღნიშნული შემთხვევების უმრავლესობა ადრეულ ბავშვობაში დარჩა. მეც არა ვარ გამონაკლისი, ამიტომაც ბოდიშს ვუხდი ყველას ჩემი გაუაზრებელი, უნებური საქციელის გამო.

ადამიანები ვართ ყველა და შეცდომა ყველას მოგვდის! უნებურად გაფრენილ სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად გამაღიზიანებელად საკუთარი თავისთვის გამართლების მოძებნა მეჩვენება.

“მე ვახსენე დაუნი პირველმა?! გასაგებია, რომ იმ ადამიანმა, ვინც ცეკვავდა, თავის თავს “დაუნი რობოტი” უწოდა და გაიმეორა ეს სამჯერ. მე გავაკეთე მხოლოდ სიტყვების გადათამაშება, მეტი არაფერი. მე საერთოდ არ ვგულისხმობდი, რომ შეურაცხყოფა მიმეყენებინა დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვებისთვის, ან მათი მშობლებისთვის. მე დღეს ფეისბუკზე განვათავსე სტატუსი და ძალიან კარგი გამოხმაურება მქონდა, თან არამხოლოდ მეგობრებისგან… ეტყობა, ვიღაცას რაღაც პიარის გაკეთება უნდა. ადამიანის უამრავი უფლება ირღვევა: ხალხს ციხეში აწამებენ, ტრეფიკინგებია და ჩემს ერთ სიტყვას ეკიდებიან… მე ვფიქრობ, რომ ერთგვარ პიარს აკეთებენ და არ გავაკეთებინებ პიარს ია ფარულავას ხარჯზე”– განაცხადა ფარულავამ  medianews.ge -სათვის მიცემულ ინტერვიუში.  “სიტყვების გადათამაშება” ვინმეს ათავისუფლებს პასუხისმგებლობიდან? აი, რომ ავდგე ახლა და ჰიტლერის სიტყვები ებრაელთა ჰოლოკისტის შესახებ “გადავათამაშო” მართალი ვიქნები? “გადაათამაშა” და შავად იხუმრა ლარს ფონ ტრიერმა კანში, 2011 წელს.

ამას ის მოჰყვა რომ ამიერიდან მისი ფილმები ვერცერთ პრესტიჟულ ფესტივალზე ვერ მოხვდება. მოიხადა ამ ადამიანმა ბოდიში, პოზა არ დაუჭერია.

ციხის მოვლენებს რა პროტესტიც მოჰყვა, ყველას გახსოვთ. რატომ მიაჩნია ამ ადამიანს, რომ მის სიტყვებსაც არ უნდა მოჰყვეს გამოხმაურება? ფაქტია, რომ დიდი, ჯერ-ჯერობით გადაუჭრელი პრობლემები კვლავ არსებობს ქვეყანაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი ყურადღების მიღმა უნდა დავტოვოთ!

მიმაჩნია, რომ როცა შოუ-ბიზნესისა თუ მასმედიის წარმომადგენელი როცა ხარ, და ათასობით ადამიანი შემოგცქერის ეკრანის მიღმა, მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვება! ელემენტარულად, უნდა ხვდებოდე, რას ამბობ და როგორ გაიგებს ამას ადამიანი.

ბოდიშის მოხდას რა უდგას წინ? დააკლდება რაიმე ან ერთს, ან მეორეს? არამგონია, ეს ის საკითხი იყოს, სადაც ჯიბრზე დგომა რომელიმე მხარეს არგებს, შეურაცხყოფილთა მხარეს კი ეგებ ადამიანთა მიმართ ნდობა აღუდგინოს…

Advertisements

9 responses »

  1. ძალიან კარგი გამოხმაურებაა! ,შეიძლება მართლაც არ უნდოდათ გამიზნულად შეურაცხყოფის მიყენება,მაგრამ ასეა. რატომ უჭირთ ბოდიშის მოხდა არ მესმის.
    სამწუხაროდ მეც ხშირად გამომიყენებია სიტყვები”კრეტინო” იდიოტო”((((

  2. ეგ ყველაფერი გასაგები და მისაღებია, დიტო. ჩვენი შველისა და გონს მოგების შესახებ რა გითხრა, მაგრამ თუ ლარს ფონ ტრიერისთვის ყველა დიდი კინოფესტივალის კარი დაიხურა, რა შოკი იქნება, ბათუმში რომ ვნახოთ! 🙂

  3. საერთოდ ადამიანები ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში გაუაზრებლად ვტკენთ ერთმანეთს გულს… იშვიათად არის ხომ მიზანდასახულად და “ნაზლო” როგორც იტყვიან ვინმემ რამე წამოროშოს მიტუმეტეს გადაცემაში რომელსაც ნახევარი საქართველო უყურებს…
    სირცხვილია ბოდიშის მოხდა?! არიქა ფარლავას ჩრდილი არ მიადგეს?! ის უფრო კარგი ჟესტი იქნებოდა მისგან გულწრფელად ეთხოვა პატიება ვიდრე ეს პოზიორბა დრსკობა დაეწყო ადამიანების ხარჯზე რომლებიც დაცინვას და ასეთ კონტექსტში მათი სახელის გამოყენებას არ იმსახურებენ. ერთი ეგეტი ბავშვი ჯობს ათ ია ფარულავას ერთად აღებულს!

  4. მოიხადა უკვე ბოდიში ორივემ 🙂 ეტყობა, საზოგადოებიდან ზეწოლას ვეღარ გაუძლეს….თუმცა ჩემთვის ეს ბევრს არაფერს ცვლის…

    • ხო, ვნახე მეც. დიდად არაფერი იცვლება, ამდენი ძალისხმევა არ უნდა ყოფილიყო საჭირო ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ … მაინც კარგია, რომ აღიარეს საკუთარი შეცდომა. ეგებ ვინმეს მართლა მოეშვას გულზე…

    • არაფრის! სამადლობელი ნამდვილად არაფერია. ჩემი აზრით, დაახლოებით ასეთი უნდა იყოს საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის რეაქცია აღნიშნულ და მსგავს ფაქტებზე.
      მადლობა აზრის გამოხატვისთვის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s