Monthly Archives: ნოემბერი 2012

კლიშე ანუ The Indian

სტანდარტული

კლიშე- სიტყვათშეთანხმებების ტიპიური სქემები და სინტაქსური კონსტრუქციები, კონკრეტულ სიტუაციაში სამეტყველო ქცევის ტიპიური მოდელები.

ერთი შეხედვით, საკმაოდ გაურკვევლად მოგეჩვენებათ. განსაზღვრებასთან უფრო ახლოს დგას სტანდარტული მისალოცი ტექსტი, რომელსაც დღესასწაულებზე SMS სახით ვუგზავნით ნაცნობ-მეგობრებს: “გილოცავ ამა და ამას, მრავალს დაესწარი ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად.” თუმცა, კლიშე მხოლოდ უბრალო სიტყვათა რახარუხსაც არ გულისხმობს. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც გამოხატავს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შეხედულებას.  მაგალითისათვის, ქართული მენტალობის მიერ დამკვიდრებული კლიშეა: “ყველა არაქალიშვილი ბოზია”, “ქალი ვიცი მე კუხნაში”, “გოგო, რომელსაც “ნაკოლკა” აქვს, იძლევა” და ა.შ. მსგავსი სახის მოვლენა საშიშ სახეს იღებს. ამის დამადასტურებელი მაგალითი ყბადაღებული სატანისტების თემა გახლდათ, როდესაც ნოდარ მელაძემ საკუთარ გადაცემაში ყველა სახის სუბკულტურა, თუ განსხვავებული თვითგამომხატველობა ერთი კლიშეს ქვეშ მოაქცია.

კლიშე ყოველდღიურობის ნაწილია. თუნდაც, რამდენჯერ წერთ მესიჯისას გაუაზრებლად სმაილს? 🙂 ან, ა-Like-ბთ სურათს, სტატუსს, თუ ან სხვადასხვა სახის კონტენტს ისე, რომ წესიერად არც ეცნობით? მეტნაკლებად ნათელი ხდება, როგორი დაშტამპული ცხოვრებით ვარსებობთ…

არ მიყვარს კლიშე… თუმცა ვერც გავურბივარ. ბოლო დროინდელ ინტერნეტ-კლიშეს კარგი მაგალითია “ჯერ სად ხართ”. რა ვქნა, ვერა და ვერ ველევი! (ჯერ სად ხართ?)

კლიშე ყველაზე საინტერესო და სასაცილო ფილმებსა და სერიალებშია. სერიალებიდან ჩემი ფავორიტია: “ეს ის არ არის, რაც შენ გგონია! მე ყველაფერს აგიხსნი!” კინოებიდან კი ბოლო წამებზე წითელ და ლურჯ სადენებს შორის არჩევანის გაკეთება, რათა მთავარმა გმირმა აფეთქება აიცილოს თავიდან. ერთხელ წავიკითხე, “მე რომ ცუდი ტიპი ვიყო, ბომბის ტაიმერს ისე დავაყენებდი, რომ აფეთქება 0:05 წამზე მოხდესო!” ფილმში ჯერ ასეთი რამ არ შემხვედრია. უდაოდ სიცილით გავიგუდებოდი მსგავსი კადრის ხილვისას!

მსგავსი ტიპის შესავალი რისთვის დამჭირდა? ახლავე გიამბობთ.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მსვლელობისას ფილმ “Noseland”-ზე გიამბეთ. ძალიან მომეწონა სურათი! საოცარი სიამოვნება მივიღე მისი ცქერისას. მიყვარს მსგავსი ავანტიურები კინოში.

ნახატში ერთი კლიშე გამოვარჩიე განსაკუთრებით: “ყველა კლასიკური მუსიკოსი გეია!” მე კი მეგონა, რომ “სკრიპაჩებს” მარტო ჩვენთან აჩმორებდნენ კაი ბიჭები! ამ გახსენებაზე, არ დაიზაროთ და ნახეთ ანდრეი ტარკოვსკის ადრეული მოკლემეტრაჟიანი სურათი “საციგურაო მოედანი და ვიოლინო“, სადაც აღნიშულ კლიშეს ხაზი საკმაო სიმწვავით ესმევა. ასევე კარგად ჩანს დამოკიდებულება  ბურჟუაზიულ და უბრალო მუშათა კლასს შორის. ნაჩვენებია კლასთა შორის არსებული დიდი ნაპრალი და სოციალური გაუცხოების დაძლევისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები.

თემას მოვწყდი… ჰო, ფესტივალზე ასევე იმყოფებოდა “Noseland“-ის თანარეჟისორი, ოპერატორი და მონტაჟის ავტორი, სებასტიან ლაითნერი, რომელიც აღნიშნულ სურათს პროდიუსირებას უწევდა. ამ ადამიანთან, ჩემი დამტვრეული ინგლისურით, ვისაუბრე ფილმის შესახებ, დავინტერესდი გადაღების და მონტაჟის თავისებურებებით. დასასრულს სამომავლო გეგმებზეც ჩამოვაგდე სიტყვა. მან მითხრა, რომ მუშაობდა ახალ პროექტზე, რომელიც ძირითადად ფილმებში გამოყენებულ კლიშეებს დაეთმობოდა. რათქმაუნდა დავინტერესდი და მოლდინის რეჟიმში გადავერთე. მიყვარს პაროდიები ფილმებზე.

…და როგორც იქნა, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ,  ფილმის ტრეილერიც გამოჩნდა, რომელიც სებასტიანმა Facebook-ის საშუალებით მომაწოდა.

პირველივე რაც თვალში მეცა და ნამდვილად გამეცინა, იყო კინოში ესოდენ დამკვიდრებული Bad guy- Russian guy კლიშე.  ბონდის პაროდიამ და პარადის სცენამაც ფრიად გამამხიარულა. აღნიშნულმა ფილმმა გამახსენა “The Love Guru” რომელიც მისი დაბალი რეიტინგისა და “ოქროს ჟოლოს” მიუხედავaდ (ყველაზე ცუდი სცენარი, მსახიობი, სურათი) მაინც მიყვარს მისი უაზრო იუმორის გამო. მოკლედ, იდეაში The Indian კარგი უნდა გამოვიდეს, ჩემი აზრით.

გირჩევთ ნახოთ ფილმის ტრეილერი, მხარი დაუჭიროთ მას kickstarter-ზე. (მეტი არაა ჩემი მტერი, ასე მოიქცეთ, მაგრამ მაინც)

P.S. ისე, არც ჩვენ გვაწყენდა მსგავსი ტიპის საიტი ქართველი დამწყები რეჟისორებისა თუ საინტერესო პროექტების მხარდასაჭერად…

ფოლიუმის დეფიციტი

სტანდარტული

-ფოლიუმის მჟავა- გაურკვევლად ჟღერს არა? უფრო მარტივად, ეს B9  ვიტამინია.

-კარგი, ახლა ეს B9 ვიტამინი რაღა საჭიროა?

-B9 ვიტამინი აუცილებელია უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესისათვის. მონაწილეობას იღებს სისხლის წარმოქმნაში.

-საკამოდ მნიშვნელოვანი რამ ყოფილა ეს  B9 ვიტამინი

***

B9-ს ორგანიზმი ვერ წარმოქმნის, ამიტომაც მას ვიტამინის სახით ვღებულობთ. B9 მიიღება ფოლატისაგან (ხელოვნური სინთეზით). ფოლატს ბუნებრივად შეიცავს სხვადასხვა საკვები პროდუქტი. ორგანიზმი ფოლიუმის მჟავას (მედიკამენტურ ვიტამინს) უფრო ადვილად შეითვისებს, ვიდრე ფოლატს (საკვებში არსებულ ბუნებრივ პროდუქტს)

ვისთვის არის აუცილებელი ეს ფოლიუმის მიღება?

ყველასათვის! აუცილებელი და სასარგებლოა განურჩევლად ყველასათვის, მაგრამ განსაკუთრებით კარგია ქალებისთვის, რადგანაც ფოლიუმის სიმცირე ორგანიზმში გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.

იცოდით, რომ ორსულობის წინ და ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად ფოლიუმის მჟავას დოზირებული მიღება, ნაყოფის ნერვული ღეროს  დეფექტების (თავისა და ზურგის ტვინის არასრული განვითარება) განვითარების რისკს 70%-ით ამცირებს?

Like თუ ეთანხმები! 😀

ნერვული ღეროს ყველაზე გავრცელებული დეფექტებია:

  • ნაყოფის ხერხემალი სრულად ვერ ფარავს ზურგის ტვინს, რის შედეგადაც ქვედა კიდურების მაკონტროლებელი ნერვები ვერ ფუნქციონირებს და პატარები საჭიროებენ მრავლობით ქირურგიულ ოპერაციებს.
  • თავის ტვინის ნაწილობრივი ან სრული განუვითარებლობა. ასეთი ნაყოფი კვდება დაბადებამდე ან მალევე დაბადების შემდეგ.
  • თავის ქალადან შესაძლოა ტვინის ქსოვილი კანქვეშ გამოვიდეს, რადგანაც თავის ქალა არ არის საკმარისად განვითარებული.

ყველა ეს დეფექტი ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში – ჩვეულებრივ, სანამ ქალი გაიგებს, რომ იგი ორსულადაა.

დამერწმუნებით, ალბათ, რომ რაც ზემოთ ჩამოვთვალე, საოცრად მძიმე აღსაქმელი და წარმოსადგენია. მტერსაც არ ვუსურვებ მსგავს განსაცდელს. ამ ყოველივეს აღკვეთა კი ძალიან მარტივად, ორსულობამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე ფოლიუმის მჟავას საკმარისი დოზის, 400მკგ-ს მიღებით შეიძლება.

ორგანიზმში ფოლიუმის სიმცირის (დეფიციტის) ნიშნებია:

  • ზრდის შეფერხება ბავშვებში
  • ანემია მოზრდილებში
  • საჭმლის მონელების პრობლემები – დიარეა, უმადობა, წონაში კლება
  • სისუსტე და ადვილად დაღლა
  • მტკივნეული ენა
  • თავის ტკივილი
  • გულის რითმის დარღვევები
  • ანემია
  • გაღიზიანებადობა და გულმავიწყობა

Need a Doctor? Why not Zoidberg?

ფოლიუმის მჟავას მიღების დღიური დოზაა 400 მკგ და იგი ძალიან იაფი უჯდება ადამიანს. თვიური დოზის ღირებულება 2 ლარს (!) არ აღემატება! ასევე ძალიან კარგი იქნება თუ საკვებად გამოიყენებთ ფოლატით მდიდარ საკვებს:

  • მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში)
  • პარკოსნები
  • ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა)
  • სოკო
  • ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი)

საზღვარგარეთ აღნიშნულ პრობლემას დიდი ყურადღება ექცევა, ამიტომაც გასაყიდად გამოსულ პროდუქტს (მარცვლეულს, ფქვილს, მაკარონს, პურ-ფუნთუშეულს) უმატებენ ესოდენ აუცილებელ ნუტრიენტებს, მათ შორის ფოლიუმის მჟავას, რათა მომხმარებელმა მისი დღიური დოზა ძალიან მარტივად მიიღოს.

პროფილაქტიკა- უპირველეს ყოვლისა!

თუ ბავშვის ყოლას გადაწყვეტთ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან! შეემოწმეთ ფოლიუმის დაფეციტზე, რათა თქვენ და თქვენი ნაყოფი დაზღვეულნი იყოთ მომავალში.

პოსტი საკონკურსოა და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კამპანიაში.

P.S. ესეც განწყობისთვის

რკინის დეფიციტი

სტანდარტული

სანამ პოსტის კითხვას შეუდგებით, ვაშლი თუ მოგეძებნებათ ახლომახლო, მოიმარჯვეთ და ნება-ნება შეუყევით კითხვას.

დასაწყისში ვიფიქრე პოსტი ჰაუსის სტილში დამეწერა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მე გენიოსი არა ვარ და ჩემი პოსტის წაკითხვა არცთუ სასიამოვნო იქნებოდა….

***

„რა ფერმკრთალი ხარ, ანემია ხომ არ გჭირს?“

გემოგლობინი” ჰქონია დაბალი და იმიტომ გახდა ცუდად“

„ვაშლი ჭამე! რკინას შეიცავს და კარგია ორგანიზმისთვის“

დარწმუნებული ვარ, თქვენს უმრავლესობას მოუსმენია მსგავსი ფრაზები. მეც არ გახლავართ გამონაკლისი. ალბათ, ამიტომაა, რომ ვაშლი გამორჩეულად მიყვარს და ამ პოსტის წერისასაც კი თან შევექცევი. ადრეულ ბავშვობაში, ვაშლში რკინის არსებობას რომ წარმოვიდგენდი, მეგონა, რაც უფრო მეტ ვაშლს შევჭამდი, ჩემი „მუსკულებიც“ რკინასავით მაგარი გახდებოდა, მე კი საოცარი ძალა მომეცემოდა მკლავებში. რათქმაუნდა ასე არ მომხდარა, თუმცა, აღსანიშნია, რომ „გ“ემოგლობინის დაბალ დონეს არ ვუჩიოდი.

რა არის ასეთი ეს რკინა და რისთვის არის აუცილებელი ორგანიზმისათვის?

სისხლი წითელია, როგორც იცით. მის აღნიშნულ შეფერილობას ერითროციტები, ანუ სისხლის წითელი უჯრედები განაპირობებენ. მისი ძირითადი შემადგენელია ჰემოგლობინი (და არა „გემოგლობინი“) ჰემოგლობინის მთავარი  კომპონენტი კი სწორედ მიკროელემენტი რკინაა. სუნთქვისას ორგანიზმში მოხვედრილი ჟანგბადი უკავშირდება მხოლოდ რკინას, ამოსუნთქვისას ნახშირორჟანგიც სწორედ რკინას გამოაქვს. ძალიან რომ არ დაგღალოთ, მოკლედ ვიტყვი: სისხლში რკინის გარეშე სუნთქვა წარმოუდგენელია!

ანემია, ხშირად გესმით ალბათ ეს სიტყვა, პირდაპირი თარგმანით სისხლის ნაკლებობას ნიშნავს, თუმცა ეს ასე არ არის. ანემია- ორგანიზმში რკინის სიმცირეს აღნიშნავს. ამის ხშირი მიზეზი სისხლის დაკარგვაა (სწორედ აქედან მოდის ტერმინი- ანემია), თუმცა ეს აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს! ანემია შესაძლოა სისხლის დაკარგვის გარეშეც განვითარდეს. რკინა ასევე ეხმარება კუნთებს ჟანგბადის შენახვასა და მოხმარებაში.

რკინის დეფიციტი (სიმცირე) გულისხმობს ორგანიზმში რკინის მარაგის გამოლევას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გარეშე, შემდგომში რკინა-დეფიციტური ანემიის განვითარებით, რომელიც უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

რკინის დეფიციტი საკმაოდ ვერაგი რამ არის, მეგობრებო. ხშირ შემთხვევაში ამ დროს ადამიანი ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ გრძნობს, ანუ არ აქვს არანაირი სიმპტომი. სწორედ ამიტომაც, წინასწარ გამოკვლევას, ანუ პროფილაქტიკას დიდი როლი ენიჭება.

რკინის დეფიციტი, თუ დროულად არ იქნა გამოვლენილი, შემდგომ იწვევს რკინა-დეფიციტური ანემიის განვითარებას, ანუ ამ დროს ორგანიზმის მდგომარეობა მძიმდება. დამახასიათებელია ადვილად დაღლა, სისუსტე. ქვეითდება მუშაობის/სწავლის უნარი. ორგანიზმის დამცველობითი სისტემა (იმუნიტეტი) სუსტდება, ამიტომაც ადამიანი ხშირად ხდება ავად.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რადგანაც მათი ორგანიზმი სწრაფად იზრდება და რკინასაც უფრო მეტი რაოდენობით საჭიროებენ. ასევე ორსული დედები, რადგანაც მათ ორგანიზმს ნაყოფზე ზრუნვაც უხდება. აღნიშნულ პერიოდში რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განუვითარებლობა, ნაადრევი მშობიარობა. ახალშობილს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას.

ასევე მუდმივი რისკის ჯგუფში არინ ქალები, რადგანაც მენსტრუაციული ციკლის დროს სისხლის კარგვა ხდება, ეს კი თავის მხრივ ანემიის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

რკინის დეფიციტთან ბრძოლა საოცრად მარტივია!

  1. წინასწარი (პროფილაქტიკური) გამოკვლევა
  2. რკინით მდიდარი პროდუქტით კვება

პროფილაქტიკური გამოკვლევა რას ნიშნავს?

ადექით და მიმართეთ ექიმს! მერე რა, რომ არაფერი გაწუხებთ, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. რკინის დეფიციტის დასადგენად ხდება სისხლის აღება და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. ალბათ ტანში გაგაჟრჟოლათ, მაგრამ, მერწმუნეთ, სჯობს ახლა ჩაიტაროთ გამოკვლევა და თავი დაიზღვიოთ, ვიდრე შემდგომ ავადმყოფობის შედეგებთან მოგიწიოთ შერკინება.

რკინით მდიდარი პროდუქტი

  • მჭლე ხორცი (საქონლის და ღორის ღვიძლი)
  • თევზი

ცხოველურ საკვებში არსებული რკინა 2-3-ჯერ უფრო კარგად შეიწოვება მცენარეების რკინასთან შედარებით

  • ბოსტნეული (წითელი წიწაკა, სალათის ფოთოლი, კარტოფილი, ნიორი)
  • პარკოსნები (ლობიო)
  • რძე და რძის პროდუქტები
  • კომბოსტო (ყვავილოვანი კომბოსტო), ჭარხალი
  • ხილი (გარგარი, ანანასი, ყურძენი, ვაშლი)

თუ დააკვირდებოდით, შეამჩნევდით, რომ ვეგეტარიანული დიეტის  სწორი დაგეგმვით შესაძლებელია ორგანიზმის მიერ შეთვისებული რკინის რაოდენობის გაზრდა. ამისათვის აუცილებელია C ვიტამინით მდიდარი საკვების (ციტრუსები, მწვანე ბოსტნეული, პომიდორი, კარტოფილი) და რკინის შემცველი პროდუქტით ერთდროული კვება. თუ არადა შეგიძლიათ ბავშვობაში ასე საყვარელი „ყვითელი ბურთულები“ დაიხმაროთ.

პოლივიტამინების მიღებაც არ გაწყენთ. ეს დაეხმარება ორგანიზმს, რკინის დეფიციტს წარმატებით გაუმკლავდეს.

გახსოვდეთ: წინასწარი (პროფილაქტიკური) გამოკვლევა და ექიმთან კონსულტაცია თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა!

P.S. ამ პოსტის წერისას 5 ვაშლი შემომეჭამა უკვე. და თქვენ?

ესეც ჩემი საყვარელი ვაშლი

P.P.S. იქნებ ადამს სწორედაც რომ რკინა-დეფიციტური ანემია სჭირდა და ევა უბრალოდ მის დახმარებას ცდილობდა?

პოსტი საკონკურსოა და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კამპანიაში.

როცა სწავლა პრივილეგია გახდა

სტანდარტული

გახსოვთ ალბათ, ვარაზისხევში, მთელ გაყოლებაზე, სარეკლამო ბანერები აჭრელებული იყო წარწერით: “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”…

14 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწავლის გადასახადი გაიზრდებოდა. უბრალო ჭორი არ გეგონოთ, თვით განათლების  მინისტრის ბაგეთ დასცდათ ეს სიტყვები. გულმა რეჩხი მიყო. სავარაუდოდ, 5-10 ლარზე არ იქნებოდა საუბარი. მალევე “მისმა უგანათლებულესობამ” გადასახადის ზედა ზღვარიც ღიად დაასახელა: 5000 ლარი!

“განათლებაში მეტ ფულს უნდა ვიხდიდეთ, შესაბამისი ცოდნა რომ შევიძინოთ”

“ჩვენ მიმდინარე მუშაობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გავაორმაგეთ ის თანხა, რომელსაც სტუდენტები უმაღლესში წაიღებენ. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ სტუდენტებს ექნებათ ორჯერ უკეთესი განათლება და პროფესურას ორჯერ უკეთესი პირობები.”

“უფასო განათლება ბუნებაში არ არსებობს, ხარისხიანი განათლება არის ძვირფასი პროდუქტი”

“აშშ–ში 40 000 დოლარი ღირს უმაღლესი განათლება, სადაც ყველაფერი რიგზეა, საქართველოში როგორ უნდა მისცე იგივე ხარისხის განათლება 4000 ლარში, თუ ვინმე ამას მასწავლის, დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას.”

აღნიშნული სიტყვები ბატონ გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის.

პოლიტიკური ამნეზიის შემთხვევები უახლესი ისტორიიდან კარგად მახსოვს, მაგრამ რას ვიფიქრები, თუ ასეთი ელვისებურ ფორმას მოვესწრებოდი. საოცარი რამე ყოფილა ძალაუფლება, თურმე.  3 კვირა დასჭირდა სულ “ოცნებებიდან” მიწაზე დაშვებას… დაშვებას რა, დანარცხებას…

რადგანაც ამჟამინდელი მინისტრი მახსოვრობას უჩივის, თავს უფლებას მივცემ და შევახსენებ, რომ მისი გუნდის წარმატებას ვიდეო-კომპრომატების შედეგად გავრცელებულმა ემოციურმა შოკმა და სტუდენტთა მრავალათასიანმა საპროტესტო მსვლელობამ შეუწყო ხელი. სწორედ ამან განაპირობა, რომ თბილისში მყოფი უნივერსიტეტელები რაიონებში დაბრუნდნენ არჩევნების დღეს, იმ იმედით, რომ სამომავლოდ მათი ხმას რაიმეს შეცვლიდა. ახლა ეს ხალხი დაახლოებით ასეთ დღეშია: “ვაის გავეყარე, უის შევეყარე! შეჩვეული ჭირი გერჩივნოს, შეუჩვეველ ლხინს!”

დღეისათვის სწავლის გადასახადის გაზრდა ნიშნავს ათასობით აბიტურიენტის უნივერსიტეტს მიღმა დარჩენას. თამასის ასე მაღლა აწევა უმაღლეს განათლებას პრივილეგირებულად აქცევს და მისი მიღება მამიკოს სქელი ჯიბის შვილებს შეეძლებათ მხოლოდ.

“ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ხელმოკლე ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლა სახელმწიფოს ხარჯზე დაასრულონ”– აცხადებს ბატონი მინისტრი, მაგრამ ამ სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, პირადად მე. თუნდაც მისი მეხსიერების პრობლემების გამო.

სწავლის გაძვირება პირდაპირპროპორციულად აისახება რეპეტიტორთა მიერ დაწესებულ ფულად ანაზღაურებაზეც. იმ პირობებში, როცა უმაღლესი განათლება აბიტურიენტისათვის და მათი ოჯახებისათვის ესოდენ პრიორიტეტულია, კერძო მასწავლებლებს საოცრად კარგი საშუალება ეძლევათ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. არც კი თქვას, განათლების სამინისტრომ, რომ სკოლა დღეს აძლევს მოსწავლეს იმდენს, რომ მან დამოუკიდებლად, ყოველგვარი კერძო მომზადების გარეშე მოახერხოს სრული დაფინანსების მოპოვება. ეს ხომ აბსურდია!

მიჩნდება კითხვა: მაშინ, როცა განათლების სისტემა ასეთი სუსტია, უმჯობესი არ იქნება საწყის რგოლს მოხმარდეს თანხა, და შემდეგ იფიქრონ შუალედურ რგოლზე? თუმცა რას ვამბობ, ვგონებ, გონი დამებინდა! ვისთვისაა საერთოდ ჩვენი განათლება აუცილებელი? რით ვეღარ მივხდით, რომ პეტრე იქნება თავში თუ პავლე, მათ სულ ფეხებზე არ ვკიდივართ?

ჯერ რასაც ვიხდით განათლებაში, შესაბამისი ცოდნა მოგვეცით! უნივერსიტეტის შენობის შეთეთრებით ჩემი ლექციის ხარისხი არ უმჯობესდება! ლაბორატორიები მოაწყვეთ, შესაბამისი ბაზებით უზრუნველყავით სტუდენტები! რა, არ არის საკმარისი 1500 ან 2250 ლარი? გაზარდეთ, ბატონო! განათლებისათვის ბიუჯეტის გაზრდას რა სჯობია,  ოღონდ არა სტუდენტთა ხარჯზე!

რა ქნას, უბრალო, რაიონში მცხოვრებმა ოჯახმა, რომლის წლიური შემოსავალი 6000-7000 ლარს არ სცდება? ბინა ყველას არ აქვს თბილისში! ელემენტარულად, “მარშუტკით” მგზავრობაც კი ამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული! ბოლო-ბოლო ერთი შვილი ხომ არ ჰყავს ყველა ოჯახს? და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მათ ბაკალავრ შვილს დასაქმების გარანტიასაც ვერავინ მისცემს!

გავიდეს ბატონი მინისტრი, თავის მრჩევლებთან ერთად რაიონში, მოინახულოს ოჯახი, რომელიც სტუდენტ შვილს ინახავს ქალაქად (არცთუ ისე იშვიათად, ერთდროულად ორსაც) და ჰკითხოს, რამდენი აქვს წლიური შემოსავალი და თვიდან თვემდე როგორ გააქვს მის ოჯახს თავი?

განათლების უფლება ყველას აქვს, კონსტიტუციურად, მაგრამ ფაქტიურად შეუძლებელი ხდება განათლება. მალე, ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, წიგნებში რომ ამოგვიკითხავს: გლეხი მამა, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს და ვალებში იხრჩობა, რათა შვილს ასწავლოს და რისთვის?

როგორც ჩანს, ახალი მთავრობა სტუდენტთა მოთმინებას სცდის. ეტყობა, მშვიდობიანი გამოსვლა საკმარისი არ არის, რადგანაც ყველაზე დაბალ ღობედ მიგვიჩნია განათლების სამინისტრომ…

ალბათ აუცილებელია, რომ მელიქიშვილის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნამდე მაღაზიის ვიტრინა არ დატოვო მთელი. ალბათ საჭიროა, რომ მანქანებზე მოდებული ცეცხლის ენები ცას სწვდებოდეს… ეგებ ამან უშველოს ნაადრევად განვითარებულ ამნეზიას…

სწორედ ახლაა მოქმედება საჭირო! მინისტრის ამ, ჯერ კიდევ თეორიულ, დაუმტკიცებელ სიტყვებს უნდა მოჰყვეს ნამდვილი, ჭეშმარიტი სტუდენტური პროტესტის ტალღა!

გახსოვთ, ვარაზისხევში, მთელ გაყოლებაზე, სარეკლამო ბანერები აჭრელებული რომ იყო წარწერით: “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”…

P.S. დღეს დილით უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუჩოს ფილმს, “იოანა”-ს ვუყურებდი, საიდანაც ერთი საგულისხმო ფრაზა ამოვინიშნე: “თუ კეთილი ადამიანი ხარ, დაფიქრდი ორგზის, დაივიწყე საკუთარი ილუზიები. სიკეთე არ ჰკურნავს!”

ჩვენზეა ზედგამოჭრილი

პოსტში გამოყენებული მასალა

www.ambebi.ge

www.netgazeti.ge

როგორ შევხვდი ჯონ ლენონს

სტანდარტული

სიზმარის სამყარო გასაოცარია. ასეთი თავისუფლება, უკონტროლობა და უკიდეგანობა რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩო, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო ვერ გასცდები. ხის რიკულებიანი ნაჭრები მჭიდროდ გვეკვრის გარს და სულს გვიხუთავს. ჩვენს მიერ თვალსაწიერის გაფართოება კი სხვა არაფერია, თუ არა ირგვლივ არსებული ოთხკუთხედი სამყაროს პერიმეტრის გაზრდა, რითაც ვახერხებთ კედლის უფრო დიდი ფართი მოვიცვათ, თუმცა არ გვიწერია მთლიანად შევიცნოთ იგი. ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა  ბენქსის საგამოფენო ნამუშევარს შევავლე კომპიუტერის ეკრანზე პირველად თვალი.

“There are four basic human needs; food, sleep, sex and revenge.”
Banksy

და მაინც, რახანაც ვართ “თავის უფლები” მხოლოდ ძილში, ჩვენი ტვინის ხვეულების ალფა რხევებში, ვახერხებთ რამდენიმე წუთით გადმოვიდეთ შავთეთრი სურათიდან და ფერადი კედელი მოვათვალიეროთ.

სიზმარი ფრიად საინტერესო თვისებით ხასიათდება. იგი ყოველთვის ქვეცნობიერს გამოავლენს, რომელთან წვდომაც ადამიანის ცნობიერს არ აქვს. სწორედ ამიტომაც სწავლობდა ფროიდი პაციენტების სიზმრებს, რომელთა შესწავლის საფუძველზეც დააშენა შემდეგ საკუთარი “ფსიქოანალიზი”.

სიზმრად უცხო ადამიანი გინახავთ? საინტერესო ფაქტი: ძილში ახალი სახის შექმნა არ შეგვიძლია. ჩვენთვის “უცხო” ადამიანები სინამდვილეში სადღაც ნანახი, შეიძლება უბრალოდ თვალმოკრული რეალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღრმად ჩაიბეჭდნენ მეხსიერებაში და ფიზიკური მოსვენების ჟამს ბურუსიდან გამოიკვეთნენ, როგორც სუსხიანი შემოდგომის ნისლიან დილას თანდათან ჩნდება პეიზაჟი. სიზმრად სრულდება ჩვენი დამალული ოცნებები და სურვილები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში მიღწევა ხშირად არ უწერიათ. მე, მაგალითად ბითლზის კონცერტზე ვიყავი ერთხელ, სულ წინა რიგებში, ხშირად დავფრინავ ყოველგვარი დახმარების გარეშე, ოპერაციებს, ან უბრალოდ შეხვევებს ვაკეთბ, ზოგჯერ სამყაროს ფერადოვნებით დაძაბუნებული მხატვარიც ვარ…

***

ქალაქში ვარ… ქუთაისს ჰგავს ძალიან, მაგრამ თბილისია აშკარად. საუბარი და ქუჩების განლაგება დედაქალაქისას მიუგავს, ყოველშემთხვევაში. ვიღაც გოგსთან ერთად ვარ. საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ შევიცანი ვერაფრით. მშვიდად ვარ, საფრთხეს ვერ ვგრძნობ. წყნარად მივუყვები ქუჩას და მანქანების კოლონას ვაკვირდები. ქუჩის კუთხეში კომიქსების მაღაზიას მოვკარი თვალი. საოცრად მომინდა შესვლა და დათვალიერება, კომიქსი ხომ რეალურ ცხოვრებაში თვალითაც არ მინახავს… საოცარი გარემოა… შემინული დახლები ფერადად ბრჭყვიალებს. ჩემთვის სრულიად უცნობ და ასე საინტერესო სუპერგმირებს შევყურებ პრიალა გარეკანზე… ნება-ნება ვათვალიერებ დახლებს… სალაროს ვუახლოვდები, რომლის მარცხნივაც უზარმაზარი შემინული კარადა დგას. კი მეუცნაურა, ცოტა მოუხერხებლად ჩაუდგამთ, მაგრამ ამისთვის ვის სცხელა? კარადის წინ ავეყუდე…

სიტყვებით რთულია გადმოსცე განცდა რაც მისი შიგთავსის დანახვისას მეუფლება! ეს არის ბითლზის ალბომების სტერეო რემასტერი ვინილზე (ცნობისათვის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა, 12 ნოემბრიდან გაეშვება ქსელში)

The Beatles studio album remasters on 180 gram vinyl

საოცარია… პირდაპირ ჯადოსნური… განათებაც კი ისეთი აქვს, მიუწვდომელს და ხელშეუხებელს რომ ხდის.

-ხედავ? ხედავ???- ისტერიკულად ვეკითხები გოგონას, რომლის სახეც ასე მეცნობა, და მაინც ვერ გავიხსენე რა ჰქვია.

გოგო სალაროში გამყიდველთან საუბარს მორჩა და ჩემ გვერდით აიტუზა. დამუნჯებულები შევცქერით ვიტრინას.

კარის თავზე ჩამოკიდებული ზარი გაწკრიალდა… მაღალი, თხელ მანტოში გამოწყობილი, შავი მზის სათვალით და ოდნავ გრძელი ცხვირით, თხელი, ვიწრო ბაკენბარდებით, ჰაეროვნად შემოაბიჯა ამ მიკარგულ კომიქსების მაღაზიაში ღმერთმა- ჯონ ლენონმა! წამით ვიგრძენი, რომ გული გამიჩერდა…

“არა! ეს შეუძლებელია! წარმოუდგენელია! როგორ?”- ფიქრები თევზებივით აირია თავში.

გვერდით ჩაგვიარა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი დაგვიკრა… სალაროს მიადგა… გაჭაღარავებულ, მსუქან გამყიდველს, რუს საშას, გაუბა ჩუმად საუბარი…

-ისაა???- ვკითხე ჩემ გვერდით მდგომ უცნობ-ნაცნობ გოგონას, რომელმაც მხრები აიჩეჩა.

იდაყვით სალაროს მაგიდას ჩამოეყრდნო, მუხლები მოხარა… კევს ღეჭავს…

-საშა, ჩემთვის უნდა იყოს რაღაც…

საშამ დავთარი ამოიღო…

-ჯონ ლენონი.

საშამაც კირკიტი დაუწყო ჟურნალს. ეტყობა რაღაც სიაა, ისე ჩააყოლა კალამი…

“ისაა! ისაა!!!”- ეს აზრი ისე ხმამაღლა ყვირის ჩემ თავში,  ყურებზე ხელს ვიჭერ, რომ “ბარაბნები” არ გამისკდეს…

-ასეთი სახელი სიაში არაა!- რუსულად პასუხობს მსუქანი საშა

“რაა? ეს ხომ არ გამოყლევდა??? რას ქვია არაა! ჯონ ლენონია, ბოლოსდაბოლოს! ვერ ცნობს, ეს ჩემისა?”- ხელები ამჯერად პირზე ავიფარე, რომ აზრები ტუჩებს მიღმა არ გამქცეოდა.

-ააა, ხო!- უდარდელ გაეცინა ჯონს- მართალია! რობერტ ჰაქსლი ნახე!

-კი, არის, ბატონო რობერტ!

“რაა? რა რობერტ? ვინაა რობერტ ჰაქსლი?- გამიელვა აზრმა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. ჩემ გვერდით მდგომი გოგო ჯონს მიუახლოვდა და რაღაც ჰკითხა. მას გაეღიმა, თავი დახარა და ოდნავ დააქნია… ხელი ჩამოართვა… ჩემსკენ წამოვიდა…

კანკალი ამიტყდა… ხელისგულები გამიოფლიანდა… რამდენჯერმა სწრაფად დავისვი შარვალზე… ენა მებმევა… რაღაც აზრის გამოთქმა მინდა რუსულად…

-я ваш фанат…   ისაა… ჯანდაბა!- საერთოდ წამერთვა ლაპარაკის უნარი

-Easy, boy!- გაეცინა მას და ხელი ჩამომართვა, – მე მესმის და ვგებულობ.

მთელ სხეულში ელექტრო მუხტმა დამიარა თითქოს…

რამდენიმე წამით წყდება სიზმარი

ახლა მე და ლენონი ვდგავართ ვიტრინის წინ და ბითლზის რემასტერ-ვინილ ალბომების ყუთს შევყურებთ.

-ჰა, როგორია?

-მე ვერ შევწვდები, ძალიან ძვირია- ჩუმად ჩავილაპარაკე. 319$ ღირს, ფასი ვიცი უკვე… (სიზმარშიც კი ჯიბეგაფხეკილი ვარ)

-ეგ არაფერი! შენ Shaved Fish-ს უნდა მოუსმინო!- მითხრა მან და სალაროსკენ წავიდა…

საშამ პატარა, შესასვლელი კარი გაუღო და დახლში შეიყვანა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კედელზე აწოწილი რკინის კარადა გახსნა, რომელიც ცელოფნის დაფასოებული პარკებით იყო გამოტენილი. ლენონი ოდნავ აიწია და ორი პაკეტი ჩამოიღო. ნაცრისფერი პაკეტის ზედაპირზე მისი სურათი გავარჩიე…

ნახატი პარკზე

მომიახლოვდა და პაკეტი გამომიწოდა…

-გახსენი, შენია! ჩემგან.

პაკეტი გამოვართვი და გახსნა დავიწყე. რამდენიმე მაისური მისი გამოსახულებით, საოცრად მოკლე, “ლივერპულის” საფერხურთო შორტი, პლაკატი ხელმოწერით და მისივე დახატული სურათი კომპაქტურად იწყო პარკში.

-მადლობა! დიდი მადლობა!

-ააჰ, ეგ არაფერი! გახსოვდეს, მთავარი მშვიდობაა, მეგობარო! Peace- თქვა და მარჯვენა ხელის ორი თითით მშვიდობის სიმბოლო გამოხატა…

ამ სიტყვები შემდეგ, ლენონის ნაჩუქარი პაკეტით ხელში უდაბნოში, უზარმაზარ რიგში ამოვყავი თავი… რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლო აღმოსავლეთში მოვხვდი… სუფთა წყალს ელოდებოდა ხალხი…

***

რა არის მაინც სიზმარი, და სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? ჩემი სიზმარი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ ახლაც, ფხიზელ გონებაში მიჭირს ამ ყოველივეს უბრალო ზმანება ვუწოდო. იმედია კიდევ მომეცემა საშუალება ჯონს მშვიდაბაზე ვესაუბრო.

სიზმრის თემას რამდენჯერაც არ უნდა შევეხო, გაჩერება მიჭირს… სანამ თავს მოგაბეზრებთ, გირჩევთ ნახოთ/კიდევ ერთხელ გადახედოთ კროსტოფერ ნოლანის შედევრს Inception. დატკბით ადამიანის გონებისა და შესაძლებლობების უკიდეგანობით…

მე კი ბონუსად ჯონ ლენონის Shaved Fish-ს დაგიტოვებთ.

ფერად სიზმრებს გისურვებთ…