როგორ შევხვდი ჯონ ლენონს

სტანდარტული

სიზმარის სამყარო გასაოცარია. ასეთი თავისუფლება, უკონტროლობა და უკიდეგანობა რეალურ ცხოვრებაში არ არსებობს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა კედელზე ჩამოკიდებული ჩარჩო, რომელსაც რაც არ უნდა ეცადო ვერ გასცდები. ხის რიკულებიანი ნაჭრები მჭიდროდ გვეკვრის გარს და სულს გვიხუთავს. ჩვენს მიერ თვალსაწიერის გაფართოება კი სხვა არაფერია, თუ არა ირგვლივ არსებული ოთხკუთხედი სამყაროს პერიმეტრის გაზრდა, რითაც ვახერხებთ კედლის უფრო დიდი ფართი მოვიცვათ, თუმცა არ გვიწერია მთლიანად შევიცნოთ იგი. ზუსტად ასეთი შეგრძნება დამეუფლა, როცა  ბენქსის საგამოფენო ნამუშევარს შევავლე კომპიუტერის ეკრანზე პირველად თვალი.

“There are four basic human needs; food, sleep, sex and revenge.”
Banksy

და მაინც, რახანაც ვართ “თავის უფლები” მხოლოდ ძილში, ჩვენი ტვინის ხვეულების ალფა რხევებში, ვახერხებთ რამდენიმე წუთით გადმოვიდეთ შავთეთრი სურათიდან და ფერადი კედელი მოვათვალიეროთ.

სიზმარი ფრიად საინტერესო თვისებით ხასიათდება. იგი ყოველთვის ქვეცნობიერს გამოავლენს, რომელთან წვდომაც ადამიანის ცნობიერს არ აქვს. სწორედ ამიტომაც სწავლობდა ფროიდი პაციენტების სიზმრებს, რომელთა შესწავლის საფუძველზეც დააშენა შემდეგ საკუთარი “ფსიქოანალიზი”.

სიზმრად უცხო ადამიანი გინახავთ? საინტერესო ფაქტი: ძილში ახალი სახის შექმნა არ შეგვიძლია. ჩვენთვის “უცხო” ადამიანები სინამდვილეში სადღაც ნანახი, შეიძლება უბრალოდ თვალმოკრული რეალური პიროვნებები არიან, რომლებიც ღრმად ჩაიბეჭდნენ მეხსიერებაში და ფიზიკური მოსვენების ჟამს ბურუსიდან გამოიკვეთნენ, როგორც სუსხიანი შემოდგომის ნისლიან დილას თანდათან ჩნდება პეიზაჟი. სიზმრად სრულდება ჩვენი დამალული ოცნებები და სურვილები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში მიღწევა ხშირად არ უწერიათ. მე, მაგალითად ბითლზის კონცერტზე ვიყავი ერთხელ, სულ წინა რიგებში, ხშირად დავფრინავ ყოველგვარი დახმარების გარეშე, ოპერაციებს, ან უბრალოდ შეხვევებს ვაკეთბ, ზოგჯერ სამყაროს ფერადოვნებით დაძაბუნებული მხატვარიც ვარ…

***

ქალაქში ვარ… ქუთაისს ჰგავს ძალიან, მაგრამ თბილისია აშკარად. საუბარი და ქუჩების განლაგება დედაქალაქისას მიუგავს, ყოველშემთხვევაში. ვიღაც გოგსთან ერთად ვარ. საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ შევიცანი ვერაფრით. მშვიდად ვარ, საფრთხეს ვერ ვგრძნობ. წყნარად მივუყვები ქუჩას და მანქანების კოლონას ვაკვირდები. ქუჩის კუთხეში კომიქსების მაღაზიას მოვკარი თვალი. საოცრად მომინდა შესვლა და დათვალიერება, კომიქსი ხომ რეალურ ცხოვრებაში თვალითაც არ მინახავს… საოცარი გარემოა… შემინული დახლები ფერადად ბრჭყვიალებს. ჩემთვის სრულიად უცნობ და ასე საინტერესო სუპერგმირებს შევყურებ პრიალა გარეკანზე… ნება-ნება ვათვალიერებ დახლებს… სალაროს ვუახლოვდები, რომლის მარცხნივაც უზარმაზარი შემინული კარადა დგას. კი მეუცნაურა, ცოტა მოუხერხებლად ჩაუდგამთ, მაგრამ ამისთვის ვის სცხელა? კარადის წინ ავეყუდე…

სიტყვებით რთულია გადმოსცე განცდა რაც მისი შიგთავსის დანახვისას მეუფლება! ეს არის ბითლზის ალბომების სტერეო რემასტერი ვინილზე (ცნობისათვის, ჯერ გაყიდვაში არ გამოსულა, 12 ნოემბრიდან გაეშვება ქსელში)

The Beatles studio album remasters on 180 gram vinyl

საოცარია… პირდაპირ ჯადოსნური… განათებაც კი ისეთი აქვს, მიუწვდომელს და ხელშეუხებელს რომ ხდის.

-ხედავ? ხედავ???- ისტერიკულად ვეკითხები გოგონას, რომლის სახეც ასე მეცნობა, და მაინც ვერ გავიხსენე რა ჰქვია.

გოგო სალაროში გამყიდველთან საუბარს მორჩა და ჩემ გვერდით აიტუზა. დამუნჯებულები შევცქერით ვიტრინას.

კარის თავზე ჩამოკიდებული ზარი გაწკრიალდა… მაღალი, თხელ მანტოში გამოწყობილი, შავი მზის სათვალით და ოდნავ გრძელი ცხვირით, თხელი, ვიწრო ბაკენბარდებით, ჰაეროვნად შემოაბიჯა ამ მიკარგულ კომიქსების მაღაზიაში ღმერთმა- ჯონ ლენონმა! წამით ვიგრძენი, რომ გული გამიჩერდა…

“არა! ეს შეუძლებელია! წარმოუდგენელია! როგორ?”- ფიქრები თევზებივით აირია თავში.

გვერდით ჩაგვიარა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თავი დაგვიკრა… სალაროს მიადგა… გაჭაღარავებულ, მსუქან გამყიდველს, რუს საშას, გაუბა ჩუმად საუბარი…

-ისაა???- ვკითხე ჩემ გვერდით მდგომ უცნობ-ნაცნობ გოგონას, რომელმაც მხრები აიჩეჩა.

იდაყვით სალაროს მაგიდას ჩამოეყრდნო, მუხლები მოხარა… კევს ღეჭავს…

-საშა, ჩემთვის უნდა იყოს რაღაც…

საშამ დავთარი ამოიღო…

-ჯონ ლენონი.

საშამაც კირკიტი დაუწყო ჟურნალს. ეტყობა რაღაც სიაა, ისე ჩააყოლა კალამი…

“ისაა! ისაა!!!”- ეს აზრი ისე ხმამაღლა ყვირის ჩემ თავში,  ყურებზე ხელს ვიჭერ, რომ “ბარაბნები” არ გამისკდეს…

-ასეთი სახელი სიაში არაა!- რუსულად პასუხობს მსუქანი საშა

“რაა? ეს ხომ არ გამოყლევდა??? რას ქვია არაა! ჯონ ლენონია, ბოლოსდაბოლოს! ვერ ცნობს, ეს ჩემისა?”- ხელები ამჯერად პირზე ავიფარე, რომ აზრები ტუჩებს მიღმა არ გამქცეოდა.

-ააა, ხო!- უდარდელ გაეცინა ჯონს- მართალია! რობერტ ჰაქსლი ნახე!

-კი, არის, ბატონო რობერტ!

“რაა? რა რობერტ? ვინაა რობერტ ჰაქსლი?- გამიელვა აზრმა, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. ჩემ გვერდით მდგომი გოგო ჯონს მიუახლოვდა და რაღაც ჰკითხა. მას გაეღიმა, თავი დახარა და ოდნავ დააქნია… ხელი ჩამოართვა… ჩემსკენ წამოვიდა…

კანკალი ამიტყდა… ხელისგულები გამიოფლიანდა… რამდენჯერმა სწრაფად დავისვი შარვალზე… ენა მებმევა… რაღაც აზრის გამოთქმა მინდა რუსულად…

-я ваш фанат…   ისაა… ჯანდაბა!- საერთოდ წამერთვა ლაპარაკის უნარი

-Easy, boy!- გაეცინა მას და ხელი ჩამომართვა, – მე მესმის და ვგებულობ.

მთელ სხეულში ელექტრო მუხტმა დამიარა თითქოს…

რამდენიმე წამით წყდება სიზმარი

ახლა მე და ლენონი ვდგავართ ვიტრინის წინ და ბითლზის რემასტერ-ვინილ ალბომების ყუთს შევყურებთ.

-ჰა, როგორია?

-მე ვერ შევწვდები, ძალიან ძვირია- ჩუმად ჩავილაპარაკე. 319$ ღირს, ფასი ვიცი უკვე… (სიზმარშიც კი ჯიბეგაფხეკილი ვარ)

-ეგ არაფერი! შენ Shaved Fish-ს უნდა მოუსმინო!- მითხრა მან და სალაროსკენ წავიდა…

საშამ პატარა, შესასვლელი კარი გაუღო და დახლში შეიყვანა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კედელზე აწოწილი რკინის კარადა გახსნა, რომელიც ცელოფნის დაფასოებული პარკებით იყო გამოტენილი. ლენონი ოდნავ აიწია და ორი პაკეტი ჩამოიღო. ნაცრისფერი პაკეტის ზედაპირზე მისი სურათი გავარჩიე…

ნახატი პარკზე

მომიახლოვდა და პაკეტი გამომიწოდა…

-გახსენი, შენია! ჩემგან.

პაკეტი გამოვართვი და გახსნა დავიწყე. რამდენიმე მაისური მისი გამოსახულებით, საოცრად მოკლე, “ლივერპულის” საფერხურთო შორტი, პლაკატი ხელმოწერით და მისივე დახატული სურათი კომპაქტურად იწყო პარკში.

-მადლობა! დიდი მადლობა!

-ააჰ, ეგ არაფერი! გახსოვდეს, მთავარი მშვიდობაა, მეგობარო! Peace- თქვა და მარჯვენა ხელის ორი თითით მშვიდობის სიმბოლო გამოხატა…

ამ სიტყვები შემდეგ, ლენონის ნაჩუქარი პაკეტით ხელში უდაბნოში, უზარმაზარ რიგში ამოვყავი თავი… რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლო აღმოსავლეთში მოვხვდი… სუფთა წყალს ელოდებოდა ხალხი…

***

რა არის მაინც სიზმარი, და სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის? ჩემი სიზმარი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ ახლაც, ფხიზელ გონებაში მიჭირს ამ ყოველივეს უბრალო ზმანება ვუწოდო. იმედია კიდევ მომეცემა საშუალება ჯონს მშვიდაბაზე ვესაუბრო.

სიზმრის თემას რამდენჯერაც არ უნდა შევეხო, გაჩერება მიჭირს… სანამ თავს მოგაბეზრებთ, გირჩევთ ნახოთ/კიდევ ერთხელ გადახედოთ კროსტოფერ ნოლანის შედევრს Inception. დატკბით ადამიანის გონებისა და შესაძლებლობების უკიდეგანობით…

მე კი ბონუსად ჯონ ლენონის Shaved Fish-ს დაგიტოვებთ.

ფერად სიზმრებს გისურვებთ…

Advertisements

16 responses »

  1. უჰ… რა კარგი სიზმარი გინახავს!!! მოვიხიბლე და ცოტათი შემშურდა კიდეც, ისე, ლაითად, საერთოდ კი არ მახასიათებს ეს, მაგრამ ამ შეთხვევაში, მგონი არა უშავს 🙂

  2. მე კაი ხანია სიზმრები არ მინახავს. არ მამახსოვრდება. ბავშვობაში საშინელებები მესიზმრებოდა. ეგ მახოსვს. მერე აღარ. ათასში ერთხელ თუ დავიმახსოვრებ. საინტერესო სიზმარი გინახავს. 🙂

    • რეალურად სიზმარი ყოველთვის გესიზმრება, მაგრამ ვერ იმახსოვრებ. ძალიან გამოკვეთილი ზმანება უნდა გქონდეს რომ დაგამახსოვრდეს 🙂

  3. კითხვისას რამდენიმეგან უხერხულობა ვიგრძენი და შევიშმუშნე. too private…
    ამდაგვარ სიზმარს ასე საჯაროდ ვერ დავწერდი. 🙂 ისე კი, ძალიან მაგარია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s