როცა სწავლა პრივილეგია გახდა

სტანდარტული

გახსოვთ ალბათ, ვარაზისხევში, მთელ გაყოლებაზე, სარეკლამო ბანერები აჭრელებული იყო წარწერით: “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”…

14 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწავლის გადასახადი გაიზრდებოდა. უბრალო ჭორი არ გეგონოთ, თვით განათლების  მინისტრის ბაგეთ დასცდათ ეს სიტყვები. გულმა რეჩხი მიყო. სავარაუდოდ, 5-10 ლარზე არ იქნებოდა საუბარი. მალევე “მისმა უგანათლებულესობამ” გადასახადის ზედა ზღვარიც ღიად დაასახელა: 5000 ლარი!

“განათლებაში მეტ ფულს უნდა ვიხდიდეთ, შესაბამისი ცოდნა რომ შევიძინოთ”

“ჩვენ მიმდინარე მუშაობის შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გავაორმაგეთ ის თანხა, რომელსაც სტუდენტები უმაღლესში წაიღებენ. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ სტუდენტებს ექნებათ ორჯერ უკეთესი განათლება და პროფესურას ორჯერ უკეთესი პირობები.”

“უფასო განათლება ბუნებაში არ არსებობს, ხარისხიანი განათლება არის ძვირფასი პროდუქტი”

“აშშ–ში 40 000 დოლარი ღირს უმაღლესი განათლება, სადაც ყველაფერი რიგზეა, საქართველოში როგორ უნდა მისცე იგივე ხარისხის განათლება 4000 ლარში, თუ ვინმე ამას მასწავლის, დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას.”

აღნიშნული სიტყვები ბატონ გიორგი მარგველაშვილს ეკუთვნის.

პოლიტიკური ამნეზიის შემთხვევები უახლესი ისტორიიდან კარგად მახსოვს, მაგრამ რას ვიფიქრები, თუ ასეთი ელვისებურ ფორმას მოვესწრებოდი. საოცარი რამე ყოფილა ძალაუფლება, თურმე.  3 კვირა დასჭირდა სულ “ოცნებებიდან” მიწაზე დაშვებას… დაშვებას რა, დანარცხებას…

რადგანაც ამჟამინდელი მინისტრი მახსოვრობას უჩივის, თავს უფლებას მივცემ და შევახსენებ, რომ მისი გუნდის წარმატებას ვიდეო-კომპრომატების შედეგად გავრცელებულმა ემოციურმა შოკმა და სტუდენტთა მრავალათასიანმა საპროტესტო მსვლელობამ შეუწყო ხელი. სწორედ ამან განაპირობა, რომ თბილისში მყოფი უნივერსიტეტელები რაიონებში დაბრუნდნენ არჩევნების დღეს, იმ იმედით, რომ სამომავლოდ მათი ხმას რაიმეს შეცვლიდა. ახლა ეს ხალხი დაახლოებით ასეთ დღეშია: “ვაის გავეყარე, უის შევეყარე! შეჩვეული ჭირი გერჩივნოს, შეუჩვეველ ლხინს!”

დღეისათვის სწავლის გადასახადის გაზრდა ნიშნავს ათასობით აბიტურიენტის უნივერსიტეტს მიღმა დარჩენას. თამასის ასე მაღლა აწევა უმაღლეს განათლებას პრივილეგირებულად აქცევს და მისი მიღება მამიკოს სქელი ჯიბის შვილებს შეეძლებათ მხოლოდ.

“ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ხელმოკლე ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, სწავლა სახელმწიფოს ხარჯზე დაასრულონ”– აცხადებს ბატონი მინისტრი, მაგრამ ამ სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, პირადად მე. თუნდაც მისი მეხსიერების პრობლემების გამო.

სწავლის გაძვირება პირდაპირპროპორციულად აისახება რეპეტიტორთა მიერ დაწესებულ ფულად ანაზღაურებაზეც. იმ პირობებში, როცა უმაღლესი განათლება აბიტურიენტისათვის და მათი ოჯახებისათვის ესოდენ პრიორიტეტულია, კერძო მასწავლებლებს საოცრად კარგი საშუალება ეძლევათ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირონ. არც კი თქვას, განათლების სამინისტრომ, რომ სკოლა დღეს აძლევს მოსწავლეს იმდენს, რომ მან დამოუკიდებლად, ყოველგვარი კერძო მომზადების გარეშე მოახერხოს სრული დაფინანსების მოპოვება. ეს ხომ აბსურდია!

მიჩნდება კითხვა: მაშინ, როცა განათლების სისტემა ასეთი სუსტია, უმჯობესი არ იქნება საწყის რგოლს მოხმარდეს თანხა, და შემდეგ იფიქრონ შუალედურ რგოლზე? თუმცა რას ვამბობ, ვგონებ, გონი დამებინდა! ვისთვისაა საერთოდ ჩვენი განათლება აუცილებელი? რით ვეღარ მივხდით, რომ პეტრე იქნება თავში თუ პავლე, მათ სულ ფეხებზე არ ვკიდივართ?

ჯერ რასაც ვიხდით განათლებაში, შესაბამისი ცოდნა მოგვეცით! უნივერსიტეტის შენობის შეთეთრებით ჩემი ლექციის ხარისხი არ უმჯობესდება! ლაბორატორიები მოაწყვეთ, შესაბამისი ბაზებით უზრუნველყავით სტუდენტები! რა, არ არის საკმარისი 1500 ან 2250 ლარი? გაზარდეთ, ბატონო! განათლებისათვის ბიუჯეტის გაზრდას რა სჯობია,  ოღონდ არა სტუდენტთა ხარჯზე!

რა ქნას, უბრალო, რაიონში მცხოვრებმა ოჯახმა, რომლის წლიური შემოსავალი 6000-7000 ლარს არ სცდება? ბინა ყველას არ აქვს თბილისში! ელემენტარულად, “მარშუტკით” მგზავრობაც კი ამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული! ბოლო-ბოლო ერთი შვილი ხომ არ ჰყავს ყველა ოჯახს? და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მათ ბაკალავრ შვილს დასაქმების გარანტიასაც ვერავინ მისცემს!

გავიდეს ბატონი მინისტრი, თავის მრჩევლებთან ერთად რაიონში, მოინახულოს ოჯახი, რომელიც სტუდენტ შვილს ინახავს ქალაქად (არცთუ ისე იშვიათად, ერთდროულად ორსაც) და ჰკითხოს, რამდენი აქვს წლიური შემოსავალი და თვიდან თვემდე როგორ გააქვს მის ოჯახს თავი?

განათლების უფლება ყველას აქვს, კონსტიტუციურად, მაგრამ ფაქტიურად შეუძლებელი ხდება განათლება. მალე, ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, წიგნებში რომ ამოგვიკითხავს: გლეხი მამა, რომელიც წელებზე ფეხს იდგამს და ვალებში იხრჩობა, რათა შვილს ასწავლოს და რისთვის?

როგორც ჩანს, ახალი მთავრობა სტუდენტთა მოთმინებას სცდის. ეტყობა, მშვიდობიანი გამოსვლა საკმარისი არ არის, რადგანაც ყველაზე დაბალ ღობედ მიგვიჩნია განათლების სამინისტრომ…

ალბათ აუცილებელია, რომ მელიქიშვილის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნამდე მაღაზიის ვიტრინა არ დატოვო მთელი. ალბათ საჭიროა, რომ მანქანებზე მოდებული ცეცხლის ენები ცას სწვდებოდეს… ეგებ ამან უშველოს ნაადრევად განვითარებულ ამნეზიას…

სწორედ ახლაა მოქმედება საჭირო! მინისტრის ამ, ჯერ კიდევ თეორიულ, დაუმტკიცებელ სიტყვებს უნდა მოჰყვეს ნამდვილი, ჭეშმარიტი სტუდენტური პროტესტის ტალღა!

გახსოვთ, ვარაზისხევში, მთელ გაყოლებაზე, სარეკლამო ბანერები აჭრელებული რომ იყო წარწერით: “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”…

P.S. დღეს დილით უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუჩოს ფილმს, “იოანა”-ს ვუყურებდი, საიდანაც ერთი საგულისხმო ფრაზა ამოვინიშნე: “თუ კეთილი ადამიანი ხარ, დაფიქრდი ორგზის, დაივიწყე საკუთარი ილუზიები. სიკეთე არ ჰკურნავს!”

ჩვენზეა ზედგამოჭრილი

პოსტში გამოყენებული მასალა

www.ambebi.ge

www.netgazeti.ge

Advertisements

6 responses »

  1. როგორც ჩანს, მარტო მე არ მეჩვენება, რომ “არაადეკვატური” მინისტრი გვყავს (გუშინ, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ გავიგე როგორ აპირებს თან ფასის გაზრდას და თან “ყველასთვის ხელმისწვდომი სწავლების” დანერგვას)…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s