Monthly Archives: დეკემბერი 2012

წითელი ნაძვის ხე

სტანდარტული

ნაძვის ხის მორთვისათვის თადარიგი რატიმ რამდენიმე დღით ადრე დაიჭირა. წინასწარ შეიძინა სათამაშოები. თეთრი, ვარდისფერი და წითელი ბრჭყვიალა ბურთები, ოქროსფერი ვარსკვლავები, საახალწლო განათებაც არ დავიწყნია. კვირა დღისათვის გადაწყდა ნაძვის ხის მორთვა.

ნასვამი დავბრუნდი გლდანიდან. სახლში უკვე ფუსფუსი გაჩაღებულიყო. ნინო და იაკო,  სახლის დალაგების პროცესში იყვნენ. მალე გადმოვიღეთ სალომეს მიერ შარშან 2 ლარად ნაყიდი ნაძვის ხე და ბავშვებიც მის გამართვას შეუდგნენ. მე ზედმეტად ნასვამი ვიყავი ამ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. სავარძელში ჩავეშვი, ლუდის ჭიქით ხელში. მთვრალმა აზრებმა წამიღო…

***

სახლში, მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთი ნაძვის ხე გვქონდა, საბჭოთა დროიდან შემორჩენილი. თხელი, პლასტმასის ბრტყელი ნაწილებისგან შედგებოდა. ასევე ბრტყელი, სამკუთხა ხის სადგამი ჰქონდა, რომელის ცენტრშიც რკინის წვრილ შტირს ჩაამაგრებდი და ამავე შტირზევე წამოაგებდი დანარჩენ ნაწილებს. სათამაშოებიც ძველი დროისავე გვქონდა. მინის, წითელ-ყვითელი, თავმოჭმული სათამაშოები, ორმაგი ძაფის საკიდებით.

დაახლოებით მსგავსი

დაახლოებით მსგავსი

ასევე საოცრად ძველი, გატყაული წვიმები. ნაწილი- უსაშელოდ გრძელი, რამდენჯერმე რომ მოევევა ნაძვის ხეს, ზოგიც პატარა, პომ-პომებივით. ნარინჯისფერი გასანათებელი, ოდნავ ჩამოღვენთილი სანთლები, რამდენიმე წყებად ეხვეოდა ხეს და მისი მკრთალი ალი ანათებდა მომცრო ოთახს. დიდი, უზარმაზარი მინის მზე, რომელსაც ნაძვის ხის ძირას დაფენილ ბამბაზე ვდებდით ქართველი თოვლის ბაბუს პლასტმასის სათამაშოს გვერდით.  კენწეროს სამშვენისად ჰქონდა წითელი, მანათობელი ვარსკვლავი, რომლის ციალიც თვალებს მიბლიტავდა და მის ყურებაში მეძინებოდა ყოველთვის, ახალი წლის დღეებში.

მანათობელი ვარსკვლავი

მის ქვეშ აუცილებლად ვკიდებდით ოვალური ფორმის მინის სათამაშოს, რომელზეც საათის ციფერბლატი იყო გამოსახული და მუდმივად ერთსადაიმავე დროს, 23 საათსა და 55 წუთს უჩვენებდა.

საათი

საოცარი ნაძვის ხე მქონდა… ჯადოსნური და ძილისმომგვრელი…

***

საბჭოთა სიმბოლიკაზე ხშირად ვფიქრობ. დღევანდელმა ნაძვის ხის აწყობის ცერემონიამაც ჩემს მოგონებაში ბავშვობის მოგონებათა ხატება ამოატივტივა. „სამამულო“ პროპაგანდა ახალწელსაც კი არ ივიწყებდა. დიად დედაქალაქს, მოსკოვს, ყველა ვერ სტუმრობდა, თუმცა ახალ წელს თვითონ მოჰქონდა მისი მკრთალი ანარეკლი ყველა ოჯახში. ნაძვის ხის კენწეროზე მყარად დამაგრებული ვარსკვლავი და მის ქვეშ აუცილებლად ჩამოსაკიდი საათი, სხვა არაფერი იყო, თუ არა კრემლის ალუზორიული გამოხატულება… და რიგითი საბჭოელიც კმაყოფილი იყო ამით… ასევე ასწავლიდა თავის პატარას  მმართველობის მოწოდებებს. საინტერესოა, ესოდენ უწყინრი მოხატულობა, რამხელა აზრის მატარებელი შეიძლება იყოს…

მოგვანებით იყო მოწოდებები, ჩიჩილაკის პატრიოტული დატვირთვის შესახებ… რომ ეს არის სწორედ ქართული ნაძვის ხე და ყველა პატრიოტი ახალ წელს სწორედაც რომ ამ გაჩეჩილი ხის მომცრო ნაჭერით დამშვენებულ ოთახში უნდა შეხვდეს…

საბჭოთა პროპაგანდას გონებაში, აზროვნებაში უნდა ვებრძლოთ და არა სიმბოლიკაში. რკინის ნაჭერზე გამოსახული ნამგალი და ურო არაფერია, როცა ხალხის  ტვინია დადაღული მსგავსი შტამპით.

მშობლებს არასოდეს უთქვამთ  მსგავსი ფაქტები ჩემთვის. წლების შემდეგ, თვითონვე მივხვდი ყოველივეს. ჩემი ახალი წელი არ იყო გაჯერებული პროპაგანდისტული დაპირებებითა და ლექციების კითხვით. ამიტომაც, რამდენჯერ ნაძვის ხეს მოვკრავ თვალს, სულ ჩემი ბავშვობის საახალწლო მორთულობა მიტივტივდება გონებაში. მიუხედავად მსგავსი “სამამულო” დატვირთვისა, ეს ჩემთვის მაინც უმწიკვლო ხასიათს ატარებს. მე ხომ გონება მაქვს თავისუფალი წითელი აჩრდილებისაგან.

მომენატრა სანთლების ნარინჯისფერი ციალის ყურებაში ჩაძინება…

***

რატისა და გოგოების მიერ მორთულ ნაძვის ხეს წითელი ვარსკვლავი არ ამშვენებს, არც თოვლის პაპა ან სანტა-კლაუსი ჩანს მის ახლომახლოს. ერთი შეხედვიდაც კი იგრძნობა, რომ უკვე გავიზარდეთ… ერთგვარად სევდის მომგვრელია ეს სანახაობა…

ჩვენი ნაძვის ხე

თბილისი

23-24 დეკემბერი

2012

თბილისის კინოფესტივალი. სამოთხე: მაყურებელი

სტანდარტული

თბილისის კინოფესტივალი აგერ უკვე მესამე კვირაა რაც დამთავრდა, მაგრამ დასკვნითი პოსტის დაწერას ვერა და ვერ მოვაბი თავი. ალბათ იმიტომ, რომ მიჭირს ამ აზრთან შეგუება…

ფესტივალის პოსტერი

ინგლისურს იმდენად კარგად ვერ ვფლობ, რომ თარგმანის და სუბტიტრების თანხვდომაზე ვისაუბრო. ვერც ტექნიკურ მხარეს შევაფასებ… რა ბევრ ფესტივალზე მე ვყოფილვარ. რათქმაუნდა, ვიცოდი, რომ მცირეოდენი ხარვეზები იქნებოდა, მაგრამ ეს ხელს არ შემიშლიდა საინტერესო ფილმის ცქერაში. პატარა ფესტივალს ვერ მოვთხოვთ დააკმაყოფილოს კანის სანაპიროს უმაღლესი სტანდარტები. იმედია, უკეთესობისკენ ვითარდება მთლიანი ღონისძიება. ამაზე ის იმსჯელებს კარგად, ვინც თბილისის წინა წლების ფესტივალებზე აქტიური მაყურებელი გახლდათ. ერთადერთი, რასაც შევეხები, დარბაზში მსხდომი აუდიტორიაა.

დიდი მნიშვნელობა აქვს რას უჩვენებ და ვინ არის შემფასებელი. ამ მხრივ, სამწუხაროდ, შესაშურად ვერა გვაქვს საქმე.

როდესაც საავტორო კინოს სანახავად მოდიხარ, პოპკორნს და კოლას ყიდულობ და ისე მიაბიჯებ დარბაზში, დამერწმუნეთ, აშკარად შინაგანი კულტურის დეფიციტს განიცდი. ეს  ჩემთვის, კინომოყვარულისთვის, იგივეა, რაც მორწმუნე ადამიანისათვის ეკლესიაში ანთებული სიგარეტით შესული პიროვნების შემჩნევა. დიდი არაფერი, კინოს და ირგვლივმყოფთა პატივისცემაზე და ელემენტარულ კულტურაზე მაქვს საუბარი.

როცა ფილმს უყურებ… არა, როცა დარბაზში ზიხარ და მობილურის ეკრანს თვალს ვერ წყვეტ, მესიჯს მესიჯზე აგზავნი, ფეისბუქზე აჩექინებ, რომ კინო რუსთაველში/ამირანში ხარ და მერე, ალბათ, თავი მოგაქვს, ესაოდა მაღალინტელექტუალურ კინოს ვეზიარეო, თვალთმაქცი იდიოტი ხარ და მეტი არაფერი.

როცა დარბაზში ხარ, ეკრანზე სურათს თვალს ზერელედ ავლებ და მთელი 90-120 წუთის განმავლობაში ენას არ აჩერებ… ნუ, აღარ დავამთავრებ, ნერვები მომეშალა უკვე.

ფაქტია, რომ დარბაზში იჯდა ან „პერო“ საზოგადოება, ან კლასიკური კინოს მოყვარულთა ჯგუფი, რომელთათვისაც თანამედროვე არტ-ჰაუსის გაგება ცოტა რთულია, ან შეყვარებული წყვილები, სადღაც უკანა რიგში. მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო მხოლოდ ახალგაზრდებისა, ვისაც ესმის, ხვდება ნახატის არსს და პრობლემას. უხმოდ, გატრუნულნი, თვალდაუხამხამებლად მისჩრებოდნენ ეკრანს და აშკარა სიამოვნებას იღებდნენ პროცესისაგან.

რეჟისორთან გასაუბრება ნამდვილად იშვიათი სიამოვნებაა. გაიგო, როგორ მოუვიდა იდეა, რა ტექნიკური მხარე გამოიყენა, როგორი იყო მუშაობის პროცესი, ანუ  კინო -Behind The Scenes. ნაცვლად ამისა რომ ისმის კითხები: „ბოლოს დედა იყო მკვლელი?“ „გადარჩა საბოლოოდ?“… სირცხვილია.

ზოგადად ჩემთვის, საკმაოდ უსიამოვნო იყო აღნიშნული პროცესი. ფილმს რომ ვნახულობ, დრო მჭირდება რომ გავიაზრო, სიღრმეს ჩავწვდე, სხვადასხვა კუთხიდან შევხედო და ამ დროს, ვიღაც აიძულებს რეჟისორს საკუთარი კითხვით, რომ დეტალურად განიხილოს, რა და რატომ გააკეთა. ფაქტიურად ლუკმას მიღეჭავს და პირში მტენის. მთელ სიამოვნებას მიკაგავს. დავრწმუნდი, რომ კითხვის დასმის კულტურა არ გაგვაჩნია…

ხალხი, რომელიც ფილმის დასასრულს პირველი ტიტრის გამოჩენას ელოდება, რომ წამოხტეს და გაიქცეს, უპატივცემულობას ავლენს, ჩემი აზრით. მგონი იმსახურებს სურათის შემქმნელთა კოლექტივი პატივს, რომ მაყურებელი, სიმბოლურად, საფინალო ტიტრების დასასრულს დაელოდოს.

არ გეგონოთ, ვინმეს მორალს ვუკითხავდე. პირიქით, ეს ნაწილობრივ თვითკრიტიკაცაა, მაგრამ ადამიანები ვართ, კულტურული ზრდა უნდა შეგვეძლოს.

ზოგჯერ გვავიწყდება, რომ არტ-ჰაუსი აუცილებლად გაუგებარ, ჩახლართულ და რთულად აღსაქმელ კინოს არ ჰქვია. ზოგჯერ ეს მარტივად გასაგები მწარე რეალობაა და არ სჭირდება მას გამოცანების შეთხზვა. როცა ფილმის სათქმელს ვერ გებულობ, ნუ დაიწყებ ყვირილს, რომ ეს გენიალური სურათია. ზოგჯერ რეჟისორს სათქმელიც არაფერი აქვს და ცდილობს გადაღების ეშმაკური ხრიკებით გონი აგირიოს. გაიძულოს იფიქრო, რომ ეს შენა ხარ ერთადერთი, ვინ ყველაფერი გაიგო და ყველა დანარჩენი, შენნაირ გენიასთან შედარებით, უბრალოდ არარაობაა.

Kazimir-Malevich-Black-Suprematist-Square-

მალევიჩის კვადრატი

ბიაფთან გავავლებ პარალელს. თბილისში, დარბაზში მინიმუმ 30- 50 ადამიანი მაინც ესწრებოდა თითოეულ ჩვენებას, მაგრამ, აქედან სურათის სანახავად, რეალურად დაახლოებით 10-15 კაცი იყო მოსული. დანარჩენი, უბრალოდ, „აქ იყო გიო და თიკო“ ტიპის მაყურებელი გახლდათ. ბათუმში, დარბაზში შესაძლოა 15-20 ადგილი იყო დაკავებული, მაგრამ უკლებლივ ყველა კინოს სიყვარულით იჯდა სავარძელში. ფაქტია, საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად მსგავსი ტიპის კინოჩვენებებისათვის, რაც ესოდენ სამწუხაროა.

კულტურულ დეფიციტს განვიცდით.

P.S. ეკრანზე გამოჩენილი სიშიშვლისას რომ სიცილი ისმის დარბაზში, ალბათ შეგიმჩნევიათ. ეს ერთგვარი ისტერიულად გასროლილი ემოციაა, რაც დაფარულის, ტაბუირებულის გასაჯაროებას ახლავს თან. ულრიხ ზაიდლის „სამოთხე: სიყვარული“-ს ჩვენებისას დარბაზის სიცილს თურმე ნებისმიერი კომედიური ფილმი ინატრებდა…

P.P.S. კრისტიან მუნჯიუს ფილმში, „გორაკებს მიღმა“ არის სცენა, როდესაც მთავარ გმირს მონაზვნები ცოდვების სიას უკითხავენ და ესეც ფურცელზე იწერს, რაც ჩაუდენია. მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერად შიშვლდება მაყურებლის წინაშე… ამ კადრებმაც ვერ ჩაიარა გადახარხარების გარეშე…

თბილისის კინოფესტივალი. კვირა

სტანდარტული

თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური მხარე დასრულდა, თუმცა კვირა დღესაც შედგება სეანსები, ძირითადად განმეორებითი ჩვენებები. ასე რომ, დასაკარგი დრო აღარ დარჩა.

ფესტივალის პოსტერი

კვირა

11:30

კინოთეატრი “ამირანი”

მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

რეჟისორი: თინათინ გურჩიანი

საქართველო, 2011 წელი. ფილმის რეჟისორი კასტინგს აცხადებს 15-23 წლის ახალგაზრდებისთვის. განცხადებას ბევრი ხალხი ეხმაურება: ზოგს თავისი სენტიმენტალური ისტორიების გაზიარება უნდა, ზოგი კი მიზნების მისაღწევად იკრებს ძალას. ფილმი იმის შესახებ, თუ რა მშვენიერი (და რთული) შეიძლება იყოს ცხოვრება, როცა გმირად გახდომაზე ოცნებობ. ამ ფილმის პროტაგონისტები ცხოვრობენ და გმირობაზე ოცნებობენ, რეალობას გაურბიან ან თავაწეულები ხვდებიან მას. ისინი არიან მოხუცები და ძალიან ახალგაზრდები, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას. მაგრამ მათ ძიების პოეზია აერთიანებს.

სინოფსისის წაკითხვისთანავე მივინიშნე ფილმი სანახავ სურათთა სიაში, თუმცა, ეტყობა ჩემსავით დაინტერესებული საკმაოდ ბევრი გამოდგა, რადგანაც, ჯერ კიდევ ოთხშაბათს ფილმზე ბილეთი აღარ იშოვებოდა, ყველაფერი გაყიდული აღმოჩნდა. გამართლების იმედად მაინც მივალ კინოთეატრში…

***

14:00

კინოთეატრი “ამირანი”

გორაკებს მიღმა

რეჟისორი: კრისტიან მუნჯიუ

ალინა, რომელიც გერმანიაში მოსაწყენ, ერთფეროვან სამსახურში მუშაობდა, სამშობლოში, რუმინეთში დაბრუნდა. აქ ის თავისი ბავშვობის მეგობრის, ვოიჩიტას მონასტრიდან დახსნას ცდილობს. თვრამეტი წლის ასაკში ორივე გამორიცხეს ობოლთა თავშესაფრიდან და ვოიჩიტა მონასტერში გაგზავნეს. შეუპოვარი ხასიათის მქონე ალინას ვერ წარმოუდგენია, რომ მისმა მორჩილმა და თავმდაბალმა მეგობარმა მართლაც მოიპოვა სიმშვიდე პრიმიტიული რწმენით და დაივიწყა ის ხანმოკლე ლესბოსური ურთიერთობა, რომელიც მათ აკავშირებდათ და ერთი სული აქვს, ვიდრე წარსულს გაახსენებდეს. მათ შორის კი შეუპოვარი „სულიერი მამა“, მონასტრის წინამძღვარი დგას, რომელიც ალინას აგრესიას ხისტი დოგმატიზმით პასუხობს. წინამძღვარი მალევე მიდის იმ დასკვნამდე, რომ ალინა დემონებითაა შეპყრობილი და მისი სულის ხსნაზე უნდა იზრუნოს. ერთადერთი, რაც წინამძღვარს მხედველობიდან გამორჩება, ალინას სხეულია.

მონასტერი დახურული ადგილია უბრალო ცნობისმოყვარეთათვის. ახლაც მახსოვს ის ემოცია (შოკი), რაც “მაგდალინელი დები”-ს ნახვის შემდეგ მივიღე (ამჟამადაც გაოცებული მივჩერებივარ ეკრანს. გავიაზრე, რომ “მაგდალინელი დები”-ს რეჟისორი, პიტერ მულანია. ეს კი სწორედ ის კაცია, ვინც ფილმში “ტირანოზავრი” მთავარი როლი შეასრულა)

ამ ფილმს რამდენიმე თვეა ველოდები… და როგორც იქნა! საშუალება მომეცემა დიდ ეკრანზე ვიხილო სურათი, რომელმაც წლევანდელ კანის კინოფესტივალზე 3 ოქროს პალმის რტო მოინადირა. რეჟისორისათვის ეს პირველი წარმატება არ გახლავთ. მისმა სურათმა, „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ 2007 წელს „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა  საუკეთესო ფილმისთვის.

ველოდები შოკს, საოცარ სანახაობას, არ ვიცი… არც ვიცი, რას ველოდები, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ეს საოცარი იქნება. მუნჯიუს სხვა ფილმები უკვე ჩაწერილი მაქვს და დროს ვწელავ… სიამოვნებას ვიხანგრძლივებ. ვნახოთ, ღირდა ეს ამად?

***

17:00

კინოთეატრი “ამირანი”

ტრამალის კაცი

რეჟისორი: შამილ ალიევი

ახალგაზრდა კაცი ქალაქებიდან შორს, უკაცრიელ ტრამალებში ცხოვრობს და ტრამალების ცხოვრების სიბრძნეს მამისგან სწავლობს. მამის სიკვდილის შემდეგ ფილმის გმირი სოფლიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს გაიცნობს. ამ შეხვედრით მისთვის ახალი ცხოვრება იწყება.

სინოფსისის წაკითხვისას, რატომღაც “განდეგილი” გამახსენდა. შინაგანად ამას ველი ფილმისგანაც.

არცერთი აზერბაიჯანული ფილმი არა მაქვს ნანახი. მგონი, დროა ეს გამოვასწორო.

***

19:30

კინოთეატრი “ამირანი”

შემოჭრა

რეჟისორი: დიტო ცინცაძე

ორმოცდაათს გადაცილებული იოზეფი ცოლის სიკვდილის შემდეგ განმარტოებით ცხოვრობს თავის ძველ ვილაში, სადაც ყველაფერი წარსულს აგონებს. ერთ დღეს მას მოულოდნელად სტუმრები ეცხადებიან, რომლებიც მისი გარდაცვლილი ცოლის ნათესავებად აცნობენ თავს. თავდაპირველად სტუმრები იოზეფს ზრუნვასა და სიყვარულს არ აკლებენ, მაგრამ ნელ-ნელა ვითარება იცვლება – მოსიყვარულე სტუმრები აგრესიულ დამპყრობლებად იქცევიან. ისინი ცდილობენ, თავიდან მოიშორონ იოზეფი და მის სახლს, მის სამყაროს, მის ფიქრებს  დაეპატრონონ. იქნებ ეს მხოლოდ ხნიერი კაცის პარანოიაა, თუ ის რაც ხდება, მართლაც დაუნდობელი თავდასხმაა?

კადრი ფილმიდან "შემოჭრა".

კადრი ფილმიდან “შემოჭრა”.

აღნიშნული სურათი ფესტივალის დახურვის ფილმად იქნა არჩეული. დიტო ცინცაცის 1990 წელს გადაღებული სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დაბრუნება” მაქვს ნანახი. საბოლოოდ მომეცემა საშუალება მისი ბოლო ნამუშევარი ვიხილო.

ფილმმა „შემოჭრა” წელს მონრეალის მსოფლიო კინოს ფესტივალის ჟიურის სპეციალური გრანპრი მოიპოვა. გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მერაბ ნინიძე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის, ხოლო ბურგჰარტ კლაუსნერმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

დაინტერესება საზოგადოების მხრიდანაც დიდია. აქაც, ყველა ბილეთი გაყიდულია.

აღნიშნული ფილმით დავასრულებ ჩემეულ თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალს.

კადრი ფილმიდან "გორაკებს მიღმა"

კადრი ფილმიდან “გორაკებს მიღმა”

თბილისის კინოფესტივალი. შაბათი

სტანდარტული

დაიწყო… ოფიციალურადაც გაიხსნა და ძალაშიც შევიდა თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი. წლევანდელი პროგრამა დახუნძლულია მეტად საინტერესო ფილმებით, რამაც საგონებელში ჩამაგდო. რა ვნახო? რომელი ფილმი იმსახურებს ყურადღებას? როგორ შევადგინო საკუთარი პროგრამა ისე, რომ მაქსიმუმი მივიღო ფესტივალისაგან? ცალკე ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ პარასკევს გამოცდაა, ლექციებიც არ შეწყვიტეს ფესტივალის გამო :D მოკლედ, პროგრამაში და ინტერნეტში რამდენიმესაათიანი ქექვის შემდეგ შევადგინე საკუთარი სია სურათებისა, რომელსაც წელს ვნახავ.

ფესტივალის პოსტერი

შაბათი

11:00

კინოთეატრი “რუსთაველი”

პრემირებული ანიმაციური ფილმები

ფესტივალი “თოფუზი 2012” წარმოგიდგენთ 2011-2012 წლის ფესტივალის გამარჯვებულ მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ სურათებს. სიმართლე გითხრათ, არც ვგეგმავდი წასვლას, მაგრამ იმდენი კარგი მესმის ამ ანიმაციების შესახებ, გადავწყვტე არ გამოვტოვო.

კინო ბავშვებისთვის, და არა მარტო…

***

15:00

კინოთეატრი “ამირანი”

სიყვარული

რეჟისორი:  სლავომირ ფაბიცკი

მარია და ტომეკი ათი წლის ცოლ-ქმარია. ორივემ გადააბიჯა ოცდაათს. ისინი პატარა ქალაქში ცხოვრობენ. ქმარი სადიზაინერო კომპანიაში მუშაობს, ცოლი – ქალაქის მერიაში. მომავალი პატარას მოლოდინში ისინი ერთად აფორმებენ თავიანთ ბინას. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერს შეუძლია მათი მშვიდი ცხოვრების ამღვრევა. მაგრამ ერთ დღესაც ქალაქის მერი, რომელმაც დიდი ხანია თვალი დაადგა მარიას, გააუპატიურებს მას. ქალი პოლიციაში არ განაცხადებს და არც ქმარს ეუბნება. მაგრამ ამ დღიდან მათ სიყვარულს გამოცდა ელის.

პოლონური კინოსკოლის სიძლიერე ცნობილი ფაქტია, ამიტომაც მათი ნაწარმი ყოველთვის საინტერესო გამოდის. ფილმის რეჟისორის, სლავომირ ფაბიცკის ბიოგრაფია საინტერესო მომენტებით არის სავსე: მისი სადიპლომო ფილმი „კაცის საქმე” 2002 წელს „ოსკარზე” იყო წარდგენილი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში, 2006 წელს გადაღებულმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „გამოსწორება”,  კანის კინოფესტივალის ეკუმენური ჟიურის პრიზი მიიღო. „სიყვარული” რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.

გაუპატიურება- არამარტო ფიზიკური ჩარევაა ქალის ორგანიზმზე, არამედ უდიდესი ტრავმაცაა ფსიქიკისათვის. ამას ყოველთვის მოყვება ღრმა დეპრესია. ამ საკითხზე მრავალი ფილმი გადაღებულა და ეს ახალი თემა ნამდვილად არ არის, მაგრამ მაინც საინტერესოა, როგორ მოახერხებს რეჟისორი ამ უმძიმესი პრობლემის წარმოჩენას და საბოლოო გადაწყვეტას.

ფილმისგან ველოდები ადამიანური კონფლიქტების ბუნების კარგად წარმოჩენას, ქცევის მოტივებზე ხაზგასმას. საინტერესოა იქნება ასევე თუ იქნება გამოსახული მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სინდომი, რომელსაც საოცარი ფილმი მიუძღვნა ჯორჯო კუნიომ, “ვაკუუმი”.

აღნიშნული სურათი საკონკურსოა. ვნახოთ, გამიმართლდება თუ არა იმედები.

***

17:00

კინოთეატრი “ამირანი”

დღის ბრწყინვალება 

რეჟისორი: ტიცა კოვი, რაინერ ფრიმელი

ფილიპ ჰოხმაირი ახალგაზრდა წარმატებული მსახიობია, რომელიც ვენისა და ჰამბურგის მნიშვნელოვან თეატრებშია დაკავებული.  ტექსტების სწავლა, რეპეტიციები და  სპექტაკლები მთელ მის დროს მოითხოვს, ამიტომ ის თანდათან კარგავს კავშირს ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებასთან. როდესაც ის ვალტერს შეხვდება, რომელთანაც ამბივალენტურ მეგობრობას გააბამს და პირისპირ აღმოჩნდება თავისი მეზობლის, ვიქტორის ბედთან, ფილიპს იმის გახსენება მოუწევს, რომ ცხოვრება სცენა არ არის.

სად გადის ზღვარი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის? რამდენად ახერხებს ადამიანი ერთმანეთისაგან გამიჯნოს ეს ორი მცნება? პროფესიონალებს ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი გამუდმებით მუშაობენ, საქმე სახლში მოაქვთ. ძირითადად, ასეთი ადამიანები მარტოსულები ხდებიან, რადგანაც მათ ემოცია აღარ რჩებათ პირად ცხოვრებაზე. მათი მოწოდება- განუწყვეტელი მუშაობაა, რადგანაც ამით ისინი სიამოვნებას იღებენ… მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა ეჭვი ჩნდება, რომ საკუთარი სიცოცხლე იდეალს შესწირე, საბოლოოდ კი მარტოობისთვის ხარ განწირული…

ფილმი ნაჩვენები იქნება საკონკურსო სექციაში.

***

19:30

კინოთეატრი “ამირანი”

ისტალგია

რეჟისორი: დარია ონოშჩენკო

სამი ქალაქი. სამი სიყვარულის ამბავი. ერთი ღამე ევროპაში. გერმანიაში ემიგრირებული შუახნის უკრაინელი ქალი და ყოფილი ბოქსიორი სერბეთიდან ენის ბარიერის გამო იზოლირებულები არიან გერმანული საზოგადოებისგან. მათ სლავური კულტურის გარდა კიდევ ერთი რამ აკავშირებს: მათი შვილები სამშობლოში – ერთი უკრაინაში, მეორე კი სერბეთში – არჩევენ ცხოვრებას. რა აკავებს იქ მათ?

ემიგრაციის და გაყოფილი ოჯახების მეტი რა ვიცით საქართველოში. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მძიმე, რეალური ისტორიებიც გექნებათ მონასმენი. მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ აღნიშნულ საკითხზე.

კადრი ფილმიდან "სიყვარული"

კადრი ფილმიდან “სიყვარული”

თბილისი კინოფესტივალი. ხუთშაბათი – პარასკევი

სტანდარტული

დაიწყო… ოფიციალურადაც გაიხსნა და ძალაშიც შევიდა თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი. წლევანდელი პროგრამა დახუნძლულია მეტად საინტერესო ფილმებით, რამაც საგონებელში ჩამაგდო. რა ვნახო? რომელი ფილმი იმსახურებს ყურადღებას? როგორ შევადგინო საკუთარი პროგრამა ისე, რომ მაქსიმუმი მივიღო ფესტივალისაგან? ცალკე ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ პარასკევს გამოცდაა, ლექციებიც არ შეწყვიტეს ფესტივალის გამო :D მოკლედ, პროგრამაში და ინტერნეტში რამდენიმესაათიანი ქექვის შემდეგ შევადგინე საკუთარი სია სურათებისა, რომელსაც წელს ვნახავ.

ფესტივალის პოსტერი

ხუთშაბათი

11:30

კინოთეატრი “ამირანი”

სარაევოს შვილები

რეჟისორი: აიდა ბეგიცი

ომიანობის შემდეგ სარაევოში, სადაც ცხოვრება ჯერ კიდევ არ ჩამდგარა კალაპოტში, კორუფცია და ძალადობა მეფობს. ქალაქს ჯერ კიდევ თავს დასტრიალებს წარსულის აჩრდილები. ამ მოვლენების ფონზე 23 წლის რაჰიმა დილიდან საღამომდე მუშაობს რესტორანში საკუთარი თავის და პატარა ძმის სარჩენად. ისინი ომის შემდეგ დაობლდნენ. გარდატეხის ასაკის შემდეგ, როდესაც კრიმინალურ საქმეებში იყო გახვეული, რაჰიმამ ძალა და ნუგეში მუსლიმურ რწმენაში ჰპოვა და იმედი აქვს, რომ მისი ძმაც იგივეს იზამს. მაგრამ ბიჭი მეტისმეტად ჩაითრია კრიმინალურმა სამყარომ.

ომგამოვლილი ქვეყნის ფორმაცია საკმაოდ რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესია. აღნიშნულის მომსწრენი ჩვენც გახლდით უახლოეს წარსულში. პრინციპში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეა. ათწლეული დასჭირდა აფხაზეთის ჭრილობის მოშუშებას, თუმცა დამღა დღემდე ღრმად გვაქვს ყველას, შიგნით. ალბათ საკმაო ხანი გავა, სანამ აგვისტოს ომის ჭრილობებსაც ვუმკურნალებთ და შევეცდებით კონფლიქტის მოგვარების რეალური გზების ძიება დავიწყოთ. როგორც ფილმის, “სამშობლოს ტკბილი კვამლი“, რეჟისორმა ჩვენების შემდეგ განაცხადა, “ომი მას შემდეგ აღარ იქნება, როცა მხარეები შეძლებენ, მოწინააღმდეგეს პატივისცემით შეხედონ.” ჩვენ საკმაოდ შორს ვართ ჯერ ამ ყველაფრისგან.

ფილმი “სარაევოს შვილები” საკონკურსო სექციაშია. ცალკე სოციოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, ცალკე აღნიშნულთან პიროვნების ბრძოლის მეთოდების გათვალისწინებით. მძიმე გასაჭირში ყველა თავისებურად ეძებს შვებას. ზოგნი რელიგიაში ეშვებიან, ნაწილი კი საკუთარ სატკივარს ძალადობრივ ქმედებაში უძებნის ასახვას. დამაინტრიგებელია ამ ორი, ურთიერთგამომრიცხავი თვალთახედვის დაპირისპირება, რასაც ასე ველი აღნიშნული სურათისგან

***

19:30

კინოთეატრი “რუსთაველი”

ჭამა ძილი სიკვდილი

რეჟისორი: გაბრიელა პიხლერი

ოდესმე დაფიქრებულხართ, ვინ ფუთავს ახალმომზადებულ სალათს, რომელსაც სადილად მიირთმევთ? ვინ არიან პატარა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც გამუდმებით კარგავენ სამსახურს? მზად ხართ სხვანაირი შვედეთის გასაცნობად? შვედურ-ბალკანური ფაბრიკის მუშა, მტკიცე ხასიათის და ცხოვრებაზე ოპტიმისტური შეხედულებების მქონე ახალგაზრდა მუსლიმი რაშა სამუშაოს კარგავს. დიპლომის გარეშე სამსახურს ვეღარ შოულობს, მაგრამ მშობლიურ ქალაქში ფესვები მეტისმეტად მყარად აქვს გადგმული. აქედან იწყება რაშას კონფლიქტი საზოგადოებასთან და ბიუროკრატიისა და პირობითობების  კომიკურ სამყაროსთან.

თანამედროვე შვედური კინო ძალიან მიყვარს. ხანდახან ვფიქრობ, ეს ქვეყანა არტ-ჰაუსს ალბათ კონვეირივით აწარმოებსთქო. პლიუს ძალინ მიყვარს სადებიუტო ფილმები. ეს საშუალებას მაძლევს რეჟისორის აზროვნების სიღრმეს ჩავწვდე და გავაანალიზო, შემდგომში რას უნდა ველოდე მისგან. ამის ნათელი მაგალითი ჩემთვის ჯესპერ გენსლანდტი (Farväl Falkenberg)  და პედი კონსიდინია (Tyrannosaur). ეს უკანასკნელი ბრიტანელი რეჟისორი გახლავთ, რომლის ფილმმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

აღნიშნული ფილმი რეჟისორ გაბრიელა პიხლერისათვის  სადებიუტო ნამუშევარია. ველოდები მწვავე სოციალურ-საზოგადოებრივი პრობლემების რეალისტურად წარმოჩენას. იმედი მაქვს ავტორი შეძლებს მთავარი გმირის შინაგან სამყაროს ჩაწვდეს და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი ნათლად წარმოაჩინოს.

***

22:00

კინოთეატრი “ამირანი”

მებაღე

რეჟისორი: მოჰსენ მახმალბაფი

მოჰსენ მახმალბაფი და მისი ვაჟი ისრაელში ჩადიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რელიგიის, ბაჰაიზმის შესასწავლად, რომელიც დაახლოებით 170 წლის წინ ირანში ჩაისახა და დღეს 7 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან ბაჰაიზმის ცენტრში, ჰაიფაში ჩადიან, რომამ რელიგიას ემსახურონ. 
ფილმი რელიგიის შესახებ ორ სრულიად განსხვავებულ შეხედულებას გვაცნობს.

რელიაგია საოცრად სათუთი თემაა. მასზე მუშაობა ღრმა ცოდნასა და დიდ გამბედაობას მოითხოვს. მსგავსი ტიპის ფილმები ყოველთვის საინტერესო და ინფორმატიულია. ვიმედოვნებ აღნიშნულ ფილმში ადგილი ექნება დათმობილი რელიგიური დაპირისპირების თემას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია, ჩვენ ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.

ეს ადამიანი ირანული კინოს ლეგენდაა. საკუთრივ მისი პიროვნება, ცალკე სასაუბრო თემაა. რეჟისორის ნამუშევრები ერთგვარ ქრონიკას ქმნის ბოლოდროინდელი ირანის ცხოვრებაზე. მის ბოლო ფილმს, “მებაღე”, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ირანის რელიგიურ წრეებში. მოკლედ, ისეთი სურათია, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება

***

პარასკევი

11:30

კინოთეატრი “ამირანი”

კატინკას წვეულება

რეჟისორი: ლევან აკინი

ერთგვარი კულტურული ელიტის წარმომადგენელი ჰიპსტერების ჯგუფი ერთ-ერთი მეგობრის, კატინკას დაბადების დღეს აღნიშნავს. ყველაფერი შესანიშნავად მიდის, ვიდრე წვეულებას დაუპატიჟებელი სტუმარი არ შეემატება. სათამაშო ბიზნესის მფლობელი ქერათმიანი ლინდა ლაღი და მსუბუქი ადამიანია, მას თავდაპირველად თბილად ხვდებიან. მაგრამ მალე ლინდა ჯგუფის უხილავ სოციალურ კანონებს არღვევს, რასაც კონფლიქტი მოყვება.

კვლავ შვედეთი, ისევ სარეჟისორო დებიუტი მხატვრულ კინოში. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ფილმი საკონკურსო სექციაში იქნება ნაჩვენები. საინტერესო იქნება, თუ მოგვეცემა საშუალება დავაკვირდეთ ადამიანთა ჯგუფის ქმედებას, როცა მათ შორის უცხო ჩნდება. ეს მოგვცემს საშუალებას გავაანალიზოთ და შევისწავლოთ მასის ქცევის ფსიქოლოგია.

ჩვენების შემდეგ შედგება შეხვედრა რეჟისორ ლევან აკინთან და პროდიუსერ ერიკა სტარკთან, რაც სეანსს ორმაგად საინტერესოს ხდის.

***

17:00

კინოთეატრი “ამირანი”

ესპანეთი

რეჟისორი: ანია სალომონოვიჩი

ავსტრიაში იძულებით მოხვედრილი უცხოელი ცდილობს, სამართალი იპოვოს და როგორმე მაინც მოხვდეს ესპანეთში. ის იდუმალებით მოცულ ქალს გადაეყრება,  რომლის ყოფილი ქმარი, აგრესიული პოლიციელი, ტკბილი სიტყვით ცდილობს ცოლის დაბრუნებას. ამ დროს კი ამწეს მემანქანე, რომელიც აზარტული მოთამაშეა, ბედს ეთამაშება.

სიმართლე გითხრათ, სინოფსისიდან ერთიანი აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ დავინტერესებულიყავი. Lovestory ფილმები არ მიყვარს, მაგრამ გადაღებასაც გააჩნია. იმედი მაქვს ბანალურ ისტორიას არ მოგვითხრობს რეჟისორი ანია სალომონოვიჩი, რომლისთვისაც აღნიშნული ფილმი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნაწარმოებია. მოკლედ, აქ ერთგვარი რისკია, მაგრამ ეს ამად უნდა ღირდეს, გული მიგრძნობს.

19:30

კინოთეატრი “ამირანი”

ყველა წავიდა

რეჟისორი: გიორგი ფარაჯანოვი

მრავალი წლის განშორების შემდეგ გარი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მაგრამ იქ ვეღარაფერს ცნობს. ის აქ თავისი ბავშვობისდროინდელი მოგონებების – კარგი თუ ცუდი, სასიამოვნო თუ მტკივნეული მოგონებების გასაცოცხლებლად დაბრუნდა. იქნებ მოხუცმა ნინამ, ქალაქში ცნობილმა მკითხავმა და სიზმრების შემგროვებელმა შეძლოს წარსულის მძიმე ტვირთისგან მისი გათავისუფლება? ან იქნებ ნინამ მოისვენოს, როდესაც გარი თავისუფლებას მოიპოვებს…

პირველი რაც თვალში გეცემოდათ, რეჟისორის გვარია. თუ სწორად გავიგე, იგი სერგო ფარაჯანოვის ძმიშვილი უნდა გახლდეთ.

ფილმი საკონკურსო სექციაში იქნება ნაჩვენები. გადაღების ადგილი ძველი თბილისი გახლავთ, მოქმედება ფილმში 1959 წელს მიმდინარეობს. ნამდვილად საინტერესო იქნება ძველი, საბჭოთა თბილისის იტალიურ ეზოებში შეჭყეტა. ერთგვარი სევდაც დაჰკრავს ამ ყოველივეს. გამოეკიდო ტკბილ მოგონებებს, რომლებიც აღარ განმეორდება. ზრდასრულ ასაკში კვლავ სცადო ბავშვობის დაბრუნება…

გადაღების სტილს გიორგი ფარაჯანოვმა “მაგიური რეალიზმი” უწოდა. ვერაფერს იტყვით, საინტერესოდ ჟღერს.

მოკლედ იმედებით აღსავსე ველი სეანსებს. კარგია, რომ ფესტივალი ამის მიზეზს მაძლევს.

კადრი ფილმიდან "ჭამა, ძილი, სიკვდილი"

კადრი ფილმიდან “ჭამა, ძილი, სიკვდილი”