თბილისის კინოფესტივალი. სამშაბათი-ოთხშაბათი

სტანდარტული

დაიწყო… ოფიციალურადაც გაიხსნა და ძალაშიც შევიდა თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი. წლევანდელი პროგრამა დახუნძლულია მეტად საინტერესო ფილმებით, რამაც საგონებელში ჩამაგდო. რა ვნახო? რომელი ფილმი იმსახურებს ყურადღებას? როგორ შევადგინო საკუთარი პროგრამა ისე, რომ მაქსიმუმი მივიღო ფესტივალისაგან? ცალკე ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ პარასკევს გამოცდაა, ლექციებიც არ შეწყვიტეს ფესტივალის გამო 😀 მოკლედ, პროგრამაში და ინტერნეტში რამდენიმესაათიანი ქექვის შემდეგ შევადგინე საკუთარი სია სურათებისა, რომელსაც წელს ვნახავ.

ფესტივალის პოსტერი

სამშაბათი

17:00

კინოთეატრი “ამირანი”

ვაკუუმი

რეჟისორი: ჯორჯო კუნიო

ახალი სიცოცხლის დასაწყისი  არარსებობის ისტორიად იქცევა. ახალგაზრდა ქალის, არიანას ბრძოლას მშობიარობის შემდგომ დეპრესიასთან კლაუსტროფობიული შეგრძნებებიც ერთვის თან. მისი ცხოვრება ვაკუუმში ექცევა. ამ დროს არიანაში ფარული თავდაცვის ინსტინქტი იღვიძებს.

ფილმი საკონკურსო სექციაშია. სინოფსისმა იმთავითვე დამაინტერესა. მშობიარობისშემდგომი დეპრესიის შესახებ ბევრი წამიკითხავს. აღნიშნული პრობლემა აქტუალურია მედიცინაში და მკურნალი ექიმისაგან ფსიქოლოგიის ღრმა ცოდნას მოითხოვს.  სურათიც ამ კუთხით მაინტერესებს. საინტერესოა, პათოლოგია დაინახო პაციენტის თვალიდან, გაითავისო მისეული ინტერპრეტაცია. მოკლედ, ჩემთვის ფაქტიურად საგანმანათლებლო დატვირთვა შეიძინა ფილმმა.

***

19:30

კინოთეატრი “რუსთაველი”

სამშობლოს ტკბილი კვამლი

რეჟისორი: მაშა ნოვიკოვა

ფილმი სამ ადამიანს გვაცნობს ევროპის სამი განსხვავებული რეგიონიდან: კატალონიის მთიან სოფელში მცხოვრები ვიქტორინო ესპანეთის სამოქალაქო ომს და ფრანკოს დიქტატურას იხსენებს; ლიტვის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი აგოტა, რომელიც ოთხი ოკუპაციის მომსწრეა, თავისი მამის, მეტყევის შესახებ ყვება, რომელიც ციმბირში გადაასახლეს იმისთვის, რომ პარტიზანები არ გასცა; აფხაზეთში მცხოვრები აივაზი, სომხური წარმომავლობის მწყემსი, ლტოლვილობაზე, სტალინის რეპრესიებზე და ქართულ-აფხაზურ ომზე გვიამბობს.

დოკუმენტური კინოს მოყვარულს ვერ მიწოდებთ. რასაც ვფიქრობდი და ხმამაღლა გაცხადების მეშინოდა (“სჯობს ჩუმად იყო და ხალხს იდიოტი ეგონო, ვიდრე ხმა ამოიღო და ყოველგვარი ეჭვი გაფანტო.” ტოლსტოი) თვით იშტვან საბომ გააჟღერა საკუთარ მასტერკლასსზე. სამწუხაროდ სიტყვა-სიტყვით არ მახსოვს, მაგრამ მორალი ასეთი გახლდათ: “არ დაუჯეროთ დოკუმენტურ ფილმს, რადგანაც ეს დოკუმენტალისტის სუბიექტური ხედვაა და სულაც არაა აუცილებელი სიმართლეს წარმოადგენდეს!”

მაგრამ… დამერწმუნეთ, საინტერესო იქნება ომის შემსწრე/მონაწილე ადამიანის მოგონებათა მოსმენა. ამგვარი ტრაგედია ადამიანის შინაგან სამყაროზე ყოველთვის დიდ დაღს ტოვებს და მისი გაზიარება, გაცნობიერება, დაგვეხმარება მთელი სიმწვავით გავისიგრძესიგანოთ ადამიანური უმეცრების აპოთეოზის, ომის, პრობლემა. ეს კი საბოლოოდ საშუალებას მოგვცემს, ყოველმხრივ შევეცადოთ მის თავიდან აცილებას.

განსაკუთრებით  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შეფასება მაინტერესებს აღნიშნულ ფილმში, რაც მეტად ინფორმატიული იქნება არამარტო ჩემთვის…

***

22:00

კინოთეატრი “ამირანი”

ზღვა განთიადისას

რეჟისორი: ფოლკერ შლენდორფი

1941 წლის ოქტომბერი. წელიწადნახევარია, რაც  საფრანგეთი გერმანული არმიის მიერ არის ოკუპირებული. წინააღმდეგობის მოძრაობის ახალგაზრდა კომუნისტი მებრძოლები ვერმახტის არმიის ოფიცერს კლავენ. „სამაგიეროდ“ ჰიტლერი 150 ფრანგის დახვრეტას ითხოვს. ესენი უმეტესად ახალგაზრდა მამაკაცები უნდა იყვნენ, რომლებიც თავდამსხმელებს პოლიტიკურად თანაუგრძნობენ. მსხვერპლი ადგილობრივმა ფრანგმა ადმინისტრატორმა უნდა შეარჩიოს – ის ჯერ მხოლოდ 35 წლის არის.

რეჟისორ ფოლკერ შლენდორფის მხოლოდ “თუნუქის დოლი” (“Die Blechtrommel”) მაქვს ნანახი და ისიც მაშინ, როცა საავტორო კინოს დიდ ყურადღებას არ ვუთმობდი. აღნიშნული სურათი “ოქროს პალმის რტო”-სა და “ოსკარის” მფლობელი გახლავთ. ფილმი, “ზღვა განთიადისას”, რეჟისორის ბოლო ნამუშევარია.

სიუჟეტი მეტად საინტერესო ჩანს. ომის სისასტიკე, რომელიც  ახალგაზრდა კაცს აიძულებს ღმერთის როლი ითამაშოს… ადამიანის ფსიქოლოგია საინტერესო და ამოუწურავი თემაა. იმედია, აღნიშნული სურათი დაგვანახებს შინაგან ჭიდილს მორალსა და თვითგადარჩენის ინსტიქტს შორის.

***

ოთხშაბათი

11:30

კინოთეატრი “ამირანი”

უსირცხვილოდ

რეჟისორი: ფილიპ მარჩევსკი

თვრამეტი წლის ტაძიკი არდადეგებზე თავის უფროს ნახევარდასთან, ანკასთან ჩადის სტუმრად. მალე ირკვევა, რომ დის მიმართ ტაძიკის გრძნობები სოციალურად მიღებულ ნორმებს სცდება. ანკა, თავის მხრივ, ემოციურად მერყევია, მას უსიხარულო ურთიერთობა აქვს ადგილობრივი ნეონაცისტების მეთაურთან და უკეთეს მომავალზე ოცნებობს.

ფროიდი…  ფროიდი everywere… ვერც კინოში გავექცევით მის “ფსიქოანალიზს.” ისე, საინტერესოა, ნახევარ-დედმაშვილების ურთიერთობა. კარგი საცქერი უნდა იყოს ეკრანზე ცხოველური, პირველყოფილი ვნებებისა და ადამიანური მორალის ჭიდილი. ბოლო დროს ხშირად მხვდება კინოში მსგავსი ორთაბრძოლა… ძირითადად, მოკვდავთა დადგენილი წესები მარცხდება, როგორც წესი.

ისე, რა განცდა დამეუფლებოდა იგივეს რომ რეალურ ყოფაში წავწყდომოდი? სწორედ ამიტომაა საინტერესო სურათი. იგი საშუალებას გაძლევს მოცემული პრობლემა გაიაზრო, გააანალიზო, რაღაც შეიმეცნო. შემდგომ რეალობასთან დაჯახებისა,ს რაღაც ცოდნა მაინც გექნება, რაც მოქმედების გეგმას გიკარნახებს.

რეჟისორსაც შევეხები. ფილიპ მარჩევსკი მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად ლეხ მაევსკისთან. მორჩა, ეს ჩემთვის უკვე საკმარისია… ლეხ მაიევსკის შემოქმედებას ბათუმის საავტორო კინოფესტივალისათვის მზადების პროცესში გავეცანი. ძირითად რელიგიურ თემას უტრიალებს საკუთარ ნაწარმოებებში და ამას ისე ლამაზად, მოხდენილად აკეთებს, რომ გამუნჯებს, გაიძულებს საათობით იფიქრო ნანახზე. რამდენჯერმე გადავავლე მის ფილმებს თვალი… პოსტის დაწერაც მინდოდა ამ რეჟისორზე, მაგრამ ვერ მოვაბი თავი… ზოგიერთისათვის ზედმეტად პირადულს უნდა შევხებოდი და ჩემ თავს ამის უფლება არ მივეცი.

მოკლედ, ამით იმის თქმა მსურს, რომ მაინტერესებს  стал ли ученик истинным мастером? ამაზე პასუხი სეანსის შემდეგ მეცოდინება…

***

14:00

კინოთეატრი “რუსთაველი”

ოპერაცია ლიბერტადი

რეჟისორი: ნიკოლა ვადიმოვი

1978 წლის აპრილი. „რევოლუციონერთა ავტონომიური ჯგუფის“ წევრები თავს ესხმიან ციურიხის მთავარ ბანკს. მათი მიზანი შვეიცარიის საბანკო სისტემის სამხრეთამერიკულ დიქტატურებთან ფარული კავშირების გამოაშკარავებაა. კონკრეტული მტკიცებულების უზრუნველსაყოფად მთელს აქციას კამერით იღებენ. ბანკის დირექტორი ფაქტებს აღიარებს, მაგრამ პარაგვაელი შუამავალი თანამშრომლობაზე უარს ამბობს, რაც თავდამსხმელებს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს. და ისევ და ისევ დგება კითხვა: ამართლებს თუ არა მიზანი საშუალებას? ოცდაათი წლის შემდეგ აღმოჩენილი ვიდეოკასეტა, რომელზეც ეს ოპერაციაა აღბეჭდილი, ახალ კითხვას ბადებს: რით დამთავრდა თავის დროზე მთელი ეს ამბავი?

სისტემასთან ბრძოლა ყოველთვის ინტერესს იწვევს ჩემში. სწორედ ამიტომაა, ალბათ, რომ სტრიტ-არტი მიყვარს. ამ განცდას ვერც კინოში გავურბივარ, რისი დასტურიც აღნიშული არჩევანია. თან, ყველაზე საინტერესო რაცაა, ჩვენების შემდეგ, 15:30-ზე, დაგეგმილია ფილმის რეჟისორის, ნიკოლა ვადიმოვის მასტერკლასი. ეს უკანასკნელი ასევე საკონკურსო ჟიურის წევრიც გახლავთ.

კინოზე ჩემი პოსტები, ძირითადად, ემოციების გაუციებლად, ანუ ფილმის ტიტრების შემდეგვე იწერება. ორმაგად საინტერესო იქნება  პირველად ნანახი სურათის შემდგომი განცდების შემქმნელთან გაზიარება…

***

20:00

კინოთეატრი “რუსთაველი”

ქართული კულტურფილმი

კინო ძლიერი, მასიური მოქმედების იარაღია. მას შეუძლია დათესოს იდეა ადამიანის გონებაში და ასაზრდოოს იგი, სანამ ეს უკანასკნელი ხორციელის ფსიქოლოგიასაც არ შეცვლის. ამიტომაც, დიქტატორული რეჟიმის ხელში, კინო სახეს იცვლის, სისტემას ერგება. სწორედ ასეთი გახლდათ საბჭოური კინო  საწყის ეტაპებზე.

კულტურფილმი დოკუმენტური კინოს ერთგვარი სახეობაა, ძირითად გამოყენებული მასობრივი პროპაგანდისათვის. საბჭოთა მანქანა საჭიროებდა აქტიურ საგანმანათლებლო მუშაობას, რაც საკუთარ თავზე სწორედ სინემამ იკისრა. თვით ლენინს უთქვამს: “კინო ყველა მნიშვნელოვანი ხელოვნებააო.”

ჩვენს წინაშეა ქართული კულტურფილმის 2 კლასიკური მაგალითი. იმისათვის, რომ საბჭოეთი ძლიერი იყოს, აუცილებელია საბჭოთა მოქალაქე გაკაჟებული, ძლიერი და სუფთა გახლდეთ. ახალგაზრდობას სჭირდება ამის ცოდნა!

დილის ათი წუთი

რეჟისორი: ალექსანდრე ჯალიაშვილი

ტანვარჯიშთან გაერთიანებული ნაყოფიერი შრომა პროდუქტიულობის ამაღლების ძირითადი გზაა, ისევე როგორც – „ახალი ადამიანის“ შექმნის საუკეთესო საშუალება. უფრო მეტიც, ფიზიკური ძლიერება ქვეყანას სოციალისტური რესპუბლიკების მტრებთან ბრძოლაში დაეხმარება. ფილმის თემატიკა ეხმიანება კომუნისტური პარტიის სურვილს, გაეფართოვებინა ფიზიკური კულტურის დატვირთვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ალექსანდრე ჯალიაშვილმა ამავე საკითხს მიუძღვნა მომდევნო ფილმი, „ფიზკულტურა სკოლაში“ (1931). 

კოლმეურნის ჰიგიენა

რეჟისორი: ვახტანგ შველიძე

საქართველოს ჯანსახკომის (ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატი) შეკვეთით გადაღებული ფილმი, „კოლმეურნის ჰიგიენა”, სამაგალითო საბჭოთა ადამიანის იდეოლოგიურ სახეს წარმოაჩენს და მაყურებელს – პირველ რიგში, სოფლად მცხოვრებ გლეხს – ახალი, კულტურული ცხოვრების დაწყებისკენ მოუწოდებს. „კულტურული ცხოვრების უმთავრესი პირობა ჰიგიენის დაცვაა”, ამბობს ახალგაზრდა აქტივისტი ქალი და ამ მითითებას გლეხებისგან შემდგარ აუდიტორიას განუმარტავს. ჰიგიენის ნორმების დამკვიდრების უკეთ ჩვენების მიზნით, რეჟისორი არც შიშველი სხეულის გადაღებას ერიდება. ისევე. როგორც ამ პერიოდის სხვა დოკუმენტურ ფილმებში (მაგ. „დილის ათი წუთი”), ჯანსაღი სხეულის იდეის კულტივაცია ვიზუალური რეპრეზენტაციის თანხლებით ხდება.

თუმცა კომუნიზმის საშენებლად სუფთა, ძლიერი მუშაც უძლურია! მას ამაში მანქანის დახმარება სჭირდება. ასე ჩნდება ადამიანი-მანქანის თემაც. იმისათვის, რომ საბჭოეთი არ ჩამორჩეს თანამედროვეობას, აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო მოდერნიზაცია მანქანა-დანადგარებით. მათი როლი და მნიშვნელობა საბჭოელმა გლეხმა აუცილებლად უნდა იცოდეს! (რატომღაც გალაკტიონის “ავტომობილი და ურემი” გამახსენდა)

გზა მიეცით მანქანას,

მომავალი

მისია,-

იგი ჩვენში ახალი

ყოფის

დასაწყისია

მიწის ძახილი

რეჟისორი: სიკო დოლიძე

ფილმი საბჭოთა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ადრეულ პერიოდს ასახავს. ის უნდა დახმარებოდა საბჭოთა ხელისუფლებას შრომის ნაყოფიერების ამაღლებასა და სოციალისტური რეფორმის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის ხაზით. ფილმი გადაღებულია სახკინმრეწვის 1928-1929 წლის პროექტის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც კინოსტუდია სპეციალურად სოფლის მაყურებლებისთვის უშვებდა კინოსურათებს. სიუჟეტი ვითარდება ორი კომუნის სოციალისტური შეჯიბრის ფონზე, რომელმაც უფრო შრომისმოყვარე, უფრო დიდი მოსავლის ამღები მშრომელთა ჯგუფი უნდა გამოავლინოს

რასაც დასთეს, იმას მოიმკი (აგრომინიმუმი)

რეჟისორი: კოტე მიქაბერიძე

კოტე მიქაბერიძის ფილმოგრაფია მხატვრული სურათების გარდა დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს მოიცავს. მათ შორის არის მონტაჟის რეჟისორ ვასილ დოლენკოს თანაავტორობით შექმნილი ორნაწილიანი ნარკვევი სოფლის მეურნეობის სოციალისტური გარდაქმნის თემაზე „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. იმას, რაც ბევრი სხვა დოკუმენტალისტის  შემთხვევაში საბჭოთა იდეოლოგიური ნარატივის ტრადიციულ ჩარჩოებს არ სცდება, მიქაბერიძე პოეზიად აქცევს, უფრო მეტიც, ძალადობრივ პოეზიად, რომელმაც მაყურებელი უნდა მონუსხოს, აღაფრთოვანოს, რომელმაც ტექნიკური პროგრესის მონაპოვრის გამოყენების სურვილი უნდა გააღვივოს მასში – მეტი მოსავალი ახალი მანქანებით და კომბაინებით.

ფილმები “მუნჯ კინოს” განეკუთვნება. მათი საერთო ხანგრძლივობა 91 წუთია. სურათს გააფორმებს ცოცხალი მუსიკა, რაც მის ხილვას ნამდვილად სიამოვნებას შესძენს.

ვნახოთ ის, რის დავიწყებასაც ვცდილობთ…

კადრი ფილმიდან "დილის 10 წუთი"

კადრი ფილმიდან “დილის 10 წუთი”

Advertisements

5 responses »

  1. მე ძალიან მაინტერესებს რუსუდან ჭყონია “გაიღიმეთ”, მგონი ცუდი არ უნდა იყოს
    და დარწმუნებული ვარ “beyond the hills” იმედს არ გამიცრუებს

    • “გაიღიმეთ” ბათუმის კინოფესტივალზე ვნახე. გადავირიეთქო, ვერ ვიტყვი,მაგრამ მომეწონა. ერთიანობაში კარგი ფილმია.
      beyond the hills-ს ველოდები სულმოუთქმელად! ძალიან მაინტერესებს მეც

  2. საინტერესო პროგრამაა ძალიან ❤
    ამ გამოცდებმა გამიჭირა საქმე თორემ ყველაზე ვერ უნდა მივდიოდე ? ://

  3. გამოხმაურება: თბილისის კინოფესტივალი. შაბათი « Sgt. Pepper's Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s