თბილისი კინოფესტივალი. ხუთშაბათი – პარასკევი

სტანდარტული

დაიწყო… ოფიციალურადაც გაიხსნა და ძალაშიც შევიდა თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალი. წლევანდელი პროგრამა დახუნძლულია მეტად საინტერესო ფილმებით, რამაც საგონებელში ჩამაგდო. რა ვნახო? რომელი ფილმი იმსახურებს ყურადღებას? როგორ შევადგინო საკუთარი პროგრამა ისე, რომ მაქსიმუმი მივიღო ფესტივალისაგან? ცალკე ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ პარასკევს გამოცდაა, ლექციებიც არ შეწყვიტეს ფესტივალის გამო :D მოკლედ, პროგრამაში და ინტერნეტში რამდენიმესაათიანი ქექვის შემდეგ შევადგინე საკუთარი სია სურათებისა, რომელსაც წელს ვნახავ.

ფესტივალის პოსტერი

ხუთშაბათი

11:30

კინოთეატრი “ამირანი”

სარაევოს შვილები

რეჟისორი: აიდა ბეგიცი

ომიანობის შემდეგ სარაევოში, სადაც ცხოვრება ჯერ კიდევ არ ჩამდგარა კალაპოტში, კორუფცია და ძალადობა მეფობს. ქალაქს ჯერ კიდევ თავს დასტრიალებს წარსულის აჩრდილები. ამ მოვლენების ფონზე 23 წლის რაჰიმა დილიდან საღამომდე მუშაობს რესტორანში საკუთარი თავის და პატარა ძმის სარჩენად. ისინი ომის შემდეგ დაობლდნენ. გარდატეხის ასაკის შემდეგ, როდესაც კრიმინალურ საქმეებში იყო გახვეული, რაჰიმამ ძალა და ნუგეში მუსლიმურ რწმენაში ჰპოვა და იმედი აქვს, რომ მისი ძმაც იგივეს იზამს. მაგრამ ბიჭი მეტისმეტად ჩაითრია კრიმინალურმა სამყარომ.

ომგამოვლილი ქვეყნის ფორმაცია საკმაოდ რთული, ზოგჯერ მტკივნეული პროცესია. აღნიშნულის მომსწრენი ჩვენც გახლდით უახლოეს წარსულში. პრინციპში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეა. ათწლეული დასჭირდა აფხაზეთის ჭრილობის მოშუშებას, თუმცა დამღა დღემდე ღრმად გვაქვს ყველას, შიგნით. ალბათ საკმაო ხანი გავა, სანამ აგვისტოს ომის ჭრილობებსაც ვუმკურნალებთ და შევეცდებით კონფლიქტის მოგვარების რეალური გზების ძიება დავიწყოთ. როგორც ფილმის, “სამშობლოს ტკბილი კვამლი“, რეჟისორმა ჩვენების შემდეგ განაცხადა, “ომი მას შემდეგ აღარ იქნება, როცა მხარეები შეძლებენ, მოწინააღმდეგეს პატივისცემით შეხედონ.” ჩვენ საკმაოდ შორს ვართ ჯერ ამ ყველაფრისგან.

ფილმი “სარაევოს შვილები” საკონკურსო სექციაშია. ცალკე სოციოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, ცალკე აღნიშნულთან პიროვნების ბრძოლის მეთოდების გათვალისწინებით. მძიმე გასაჭირში ყველა თავისებურად ეძებს შვებას. ზოგნი რელიგიაში ეშვებიან, ნაწილი კი საკუთარ სატკივარს ძალადობრივ ქმედებაში უძებნის ასახვას. დამაინტრიგებელია ამ ორი, ურთიერთგამომრიცხავი თვალთახედვის დაპირისპირება, რასაც ასე ველი აღნიშნული სურათისგან

***

19:30

კინოთეატრი “რუსთაველი”

ჭამა ძილი სიკვდილი

რეჟისორი: გაბრიელა პიხლერი

ოდესმე დაფიქრებულხართ, ვინ ფუთავს ახალმომზადებულ სალათს, რომელსაც სადილად მიირთმევთ? ვინ არიან პატარა ქალაქების მცხოვრებლები, რომლებიც გამუდმებით კარგავენ სამსახურს? მზად ხართ სხვანაირი შვედეთის გასაცნობად? შვედურ-ბალკანური ფაბრიკის მუშა, მტკიცე ხასიათის და ცხოვრებაზე ოპტიმისტური შეხედულებების მქონე ახალგაზრდა მუსლიმი რაშა სამუშაოს კარგავს. დიპლომის გარეშე სამსახურს ვეღარ შოულობს, მაგრამ მშობლიურ ქალაქში ფესვები მეტისმეტად მყარად აქვს გადგმული. აქედან იწყება რაშას კონფლიქტი საზოგადოებასთან და ბიუროკრატიისა და პირობითობების  კომიკურ სამყაროსთან.

თანამედროვე შვედური კინო ძალიან მიყვარს. ხანდახან ვფიქრობ, ეს ქვეყანა არტ-ჰაუსს ალბათ კონვეირივით აწარმოებსთქო. პლიუს ძალინ მიყვარს სადებიუტო ფილმები. ეს საშუალებას მაძლევს რეჟისორის აზროვნების სიღრმეს ჩავწვდე და გავაანალიზო, შემდგომში რას უნდა ველოდე მისგან. ამის ნათელი მაგალითი ჩემთვის ჯესპერ გენსლანდტი (Farväl Falkenberg)  და პედი კონსიდინია (Tyrannosaur). ეს უკანასკნელი ბრიტანელი რეჟისორი გახლავთ, რომლის ფილმმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

აღნიშნული ფილმი რეჟისორ გაბრიელა პიხლერისათვის  სადებიუტო ნამუშევარია. ველოდები მწვავე სოციალურ-საზოგადოებრივი პრობლემების რეალისტურად წარმოჩენას. იმედი მაქვს ავტორი შეძლებს მთავარი გმირის შინაგან სამყაროს ჩაწვდეს და მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი ნათლად წარმოაჩინოს.

***

22:00

კინოთეატრი “ამირანი”

მებაღე

რეჟისორი: მოჰსენ მახმალბაფი

მოჰსენ მახმალბაფი და მისი ვაჟი ისრაელში ჩადიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა რელიგიის, ბაჰაიზმის შესასწავლად, რომელიც დაახლოებით 170 წლის წინ ირანში ჩაისახა და დღეს 7 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან ბაჰაიზმის ცენტრში, ჰაიფაში ჩადიან, რომამ რელიგიას ემსახურონ. 
ფილმი რელიგიის შესახებ ორ სრულიად განსხვავებულ შეხედულებას გვაცნობს.

რელიაგია საოცრად სათუთი თემაა. მასზე მუშაობა ღრმა ცოდნასა და დიდ გამბედაობას მოითხოვს. მსგავსი ტიპის ფილმები ყოველთვის საინტერესო და ინფორმატიულია. ვიმედოვნებ აღნიშნულ ფილმში ადგილი ექნება დათმობილი რელიგიური დაპირისპირების თემას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია, ჩვენ ქვეყანაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.

ეს ადამიანი ირანული კინოს ლეგენდაა. საკუთრივ მისი პიროვნება, ცალკე სასაუბრო თემაა. რეჟისორის ნამუშევრები ერთგვარ ქრონიკას ქმნის ბოლოდროინდელი ირანის ცხოვრებაზე. მის ბოლო ფილმს, “მებაღე”, მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ირანის რელიგიურ წრეებში. მოკლედ, ისეთი სურათია, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება

***

პარასკევი

11:30

კინოთეატრი “ამირანი”

კატინკას წვეულება

რეჟისორი: ლევან აკინი

ერთგვარი კულტურული ელიტის წარმომადგენელი ჰიპსტერების ჯგუფი ერთ-ერთი მეგობრის, კატინკას დაბადების დღეს აღნიშნავს. ყველაფერი შესანიშნავად მიდის, ვიდრე წვეულებას დაუპატიჟებელი სტუმარი არ შეემატება. სათამაშო ბიზნესის მფლობელი ქერათმიანი ლინდა ლაღი და მსუბუქი ადამიანია, მას თავდაპირველად თბილად ხვდებიან. მაგრამ მალე ლინდა ჯგუფის უხილავ სოციალურ კანონებს არღვევს, რასაც კონფლიქტი მოყვება.

კვლავ შვედეთი, ისევ სარეჟისორო დებიუტი მხატვრულ კინოში. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ფილმი საკონკურსო სექციაში იქნება ნაჩვენები. საინტერესო იქნება, თუ მოგვეცემა საშუალება დავაკვირდეთ ადამიანთა ჯგუფის ქმედებას, როცა მათ შორის უცხო ჩნდება. ეს მოგვცემს საშუალებას გავაანალიზოთ და შევისწავლოთ მასის ქცევის ფსიქოლოგია.

ჩვენების შემდეგ შედგება შეხვედრა რეჟისორ ლევან აკინთან და პროდიუსერ ერიკა სტარკთან, რაც სეანსს ორმაგად საინტერესოს ხდის.

***

17:00

კინოთეატრი “ამირანი”

ესპანეთი

რეჟისორი: ანია სალომონოვიჩი

ავსტრიაში იძულებით მოხვედრილი უცხოელი ცდილობს, სამართალი იპოვოს და როგორმე მაინც მოხვდეს ესპანეთში. ის იდუმალებით მოცულ ქალს გადაეყრება,  რომლის ყოფილი ქმარი, აგრესიული პოლიციელი, ტკბილი სიტყვით ცდილობს ცოლის დაბრუნებას. ამ დროს კი ამწეს მემანქანე, რომელიც აზარტული მოთამაშეა, ბედს ეთამაშება.

სიმართლე გითხრათ, სინოფსისიდან ერთიანი აზრი ვერ გამოვიტანე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ დავინტერესებულიყავი. Lovestory ფილმები არ მიყვარს, მაგრამ გადაღებასაც გააჩნია. იმედი მაქვს ბანალურ ისტორიას არ მოგვითხრობს რეჟისორი ანია სალომონოვიჩი, რომლისთვისაც აღნიშნული ფილმი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნაწარმოებია. მოკლედ, აქ ერთგვარი რისკია, მაგრამ ეს ამად უნდა ღირდეს, გული მიგრძნობს.

19:30

კინოთეატრი “ამირანი”

ყველა წავიდა

რეჟისორი: გიორგი ფარაჯანოვი

მრავალი წლის განშორების შემდეგ გარი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მაგრამ იქ ვეღარაფერს ცნობს. ის აქ თავისი ბავშვობისდროინდელი მოგონებების – კარგი თუ ცუდი, სასიამოვნო თუ მტკივნეული მოგონებების გასაცოცხლებლად დაბრუნდა. იქნებ მოხუცმა ნინამ, ქალაქში ცნობილმა მკითხავმა და სიზმრების შემგროვებელმა შეძლოს წარსულის მძიმე ტვირთისგან მისი გათავისუფლება? ან იქნებ ნინამ მოისვენოს, როდესაც გარი თავისუფლებას მოიპოვებს…

პირველი რაც თვალში გეცემოდათ, რეჟისორის გვარია. თუ სწორად გავიგე, იგი სერგო ფარაჯანოვის ძმიშვილი უნდა გახლდეთ.

ფილმი საკონკურსო სექციაში იქნება ნაჩვენები. გადაღების ადგილი ძველი თბილისი გახლავთ, მოქმედება ფილმში 1959 წელს მიმდინარეობს. ნამდვილად საინტერესო იქნება ძველი, საბჭოთა თბილისის იტალიურ ეზოებში შეჭყეტა. ერთგვარი სევდაც დაჰკრავს ამ ყოველივეს. გამოეკიდო ტკბილ მოგონებებს, რომლებიც აღარ განმეორდება. ზრდასრულ ასაკში კვლავ სცადო ბავშვობის დაბრუნება…

გადაღების სტილს გიორგი ფარაჯანოვმა “მაგიური რეალიზმი” უწოდა. ვერაფერს იტყვით, საინტერესოდ ჟღერს.

მოკლედ იმედებით აღსავსე ველი სეანსებს. კარგია, რომ ფესტივალი ამის მიზეზს მაძლევს.

კადრი ფილმიდან "ჭამა, ძილი, სიკვდილი"

კადრი ფილმიდან “ჭამა, ძილი, სიკვდილი”

Advertisements

3 responses »

  1. განსაკუთრებით მაინტერესებს “ჭამა ძილი სიკვდილი”.
    ვერ ვახერხებ ვერანაირად ნახვას სამსახურის გამო და აუცილებლად გამიზიარე შთაბეჭდილებები 🙂
    ხო, ესპანეთიც არანაკლებ საინტერესო ჩანს 🙂

    • “ჭამა ძილი სიკვდილი” იყო აუტანლად კარგი 🙂 ნუ, შეიძლება ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს თანამედროვე შვედური კინო, მაგრამ მაინც. როგორც ჩვევიათ, კამერის დადევნება, მუსიკის არ ქონა, საჭირო დროს ახლო კადრები და მოქმედების პროცესში ჩართული გარემო. მოკლედ, ძალიან საინტერესო გამოდგა.
      “ესპანეთი”-ც ფრიად საინტერესო ნამუშევარი იყო. დატვირთული იყო სიმბოლიკით რელიგიის და ადამიანის თემაზე. სასიამოვნო სანახავი და გასააზრებელი ფილმი გახლდათ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s