თბილისის კინოფესტივალი. კვირა

სტანდარტული

თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური მხარე დასრულდა, თუმცა კვირა დღესაც შედგება სეანსები, ძირითადად განმეორებითი ჩვენებები. ასე რომ, დასაკარგი დრო აღარ დარჩა.

ფესტივალის პოსტერი

კვირა

11:30

კინოთეატრი “ამირანი”

მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს

რეჟისორი: თინათინ გურჩიანი

საქართველო, 2011 წელი. ფილმის რეჟისორი კასტინგს აცხადებს 15-23 წლის ახალგაზრდებისთვის. განცხადებას ბევრი ხალხი ეხმაურება: ზოგს თავისი სენტიმენტალური ისტორიების გაზიარება უნდა, ზოგი კი მიზნების მისაღწევად იკრებს ძალას. ფილმი იმის შესახებ, თუ რა მშვენიერი (და რთული) შეიძლება იყოს ცხოვრება, როცა გმირად გახდომაზე ოცნებობ. ამ ფილმის პროტაგონისტები ცხოვრობენ და გმირობაზე ოცნებობენ, რეალობას გაურბიან ან თავაწეულები ხვდებიან მას. ისინი არიან მოხუცები და ძალიან ახალგაზრდები, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას. მაგრამ მათ ძიების პოეზია აერთიანებს.

სინოფსისის წაკითხვისთანავე მივინიშნე ფილმი სანახავ სურათთა სიაში, თუმცა, ეტყობა ჩემსავით დაინტერესებული საკმაოდ ბევრი გამოდგა, რადგანაც, ჯერ კიდევ ოთხშაბათს ფილმზე ბილეთი აღარ იშოვებოდა, ყველაფერი გაყიდული აღმოჩნდა. გამართლების იმედად მაინც მივალ კინოთეატრში…

***

14:00

კინოთეატრი “ამირანი”

გორაკებს მიღმა

რეჟისორი: კრისტიან მუნჯიუ

ალინა, რომელიც გერმანიაში მოსაწყენ, ერთფეროვან სამსახურში მუშაობდა, სამშობლოში, რუმინეთში დაბრუნდა. აქ ის თავისი ბავშვობის მეგობრის, ვოიჩიტას მონასტრიდან დახსნას ცდილობს. თვრამეტი წლის ასაკში ორივე გამორიცხეს ობოლთა თავშესაფრიდან და ვოიჩიტა მონასტერში გაგზავნეს. შეუპოვარი ხასიათის მქონე ალინას ვერ წარმოუდგენია, რომ მისმა მორჩილმა და თავმდაბალმა მეგობარმა მართლაც მოიპოვა სიმშვიდე პრიმიტიული რწმენით და დაივიწყა ის ხანმოკლე ლესბოსური ურთიერთობა, რომელიც მათ აკავშირებდათ და ერთი სული აქვს, ვიდრე წარსულს გაახსენებდეს. მათ შორის კი შეუპოვარი „სულიერი მამა“, მონასტრის წინამძღვარი დგას, რომელიც ალინას აგრესიას ხისტი დოგმატიზმით პასუხობს. წინამძღვარი მალევე მიდის იმ დასკვნამდე, რომ ალინა დემონებითაა შეპყრობილი და მისი სულის ხსნაზე უნდა იზრუნოს. ერთადერთი, რაც წინამძღვარს მხედველობიდან გამორჩება, ალინას სხეულია.

მონასტერი დახურული ადგილია უბრალო ცნობისმოყვარეთათვის. ახლაც მახსოვს ის ემოცია (შოკი), რაც “მაგდალინელი დები”-ს ნახვის შემდეგ მივიღე (ამჟამადაც გაოცებული მივჩერებივარ ეკრანს. გავიაზრე, რომ “მაგდალინელი დები”-ს რეჟისორი, პიტერ მულანია. ეს კი სწორედ ის კაცია, ვინც ფილმში “ტირანოზავრი” მთავარი როლი შეასრულა)

ამ ფილმს რამდენიმე თვეა ველოდები… და როგორც იქნა! საშუალება მომეცემა დიდ ეკრანზე ვიხილო სურათი, რომელმაც წლევანდელ კანის კინოფესტივალზე 3 ოქროს პალმის რტო მოინადირა. რეჟისორისათვის ეს პირველი წარმატება არ გახლავთ. მისმა სურათმა, „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ 2007 წელს „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა  საუკეთესო ფილმისთვის.

ველოდები შოკს, საოცარ სანახაობას, არ ვიცი… არც ვიცი, რას ველოდები, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ეს საოცარი იქნება. მუნჯიუს სხვა ფილმები უკვე ჩაწერილი მაქვს და დროს ვწელავ… სიამოვნებას ვიხანგრძლივებ. ვნახოთ, ღირდა ეს ამად?

***

17:00

კინოთეატრი “ამირანი”

ტრამალის კაცი

რეჟისორი: შამილ ალიევი

ახალგაზრდა კაცი ქალაქებიდან შორს, უკაცრიელ ტრამალებში ცხოვრობს და ტრამალების ცხოვრების სიბრძნეს მამისგან სწავლობს. მამის სიკვდილის შემდეგ ფილმის გმირი სოფლიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს გაიცნობს. ამ შეხვედრით მისთვის ახალი ცხოვრება იწყება.

სინოფსისის წაკითხვისას, რატომღაც “განდეგილი” გამახსენდა. შინაგანად ამას ველი ფილმისგანაც.

არცერთი აზერბაიჯანული ფილმი არა მაქვს ნანახი. მგონი, დროა ეს გამოვასწორო.

***

19:30

კინოთეატრი “ამირანი”

შემოჭრა

რეჟისორი: დიტო ცინცაძე

ორმოცდაათს გადაცილებული იოზეფი ცოლის სიკვდილის შემდეგ განმარტოებით ცხოვრობს თავის ძველ ვილაში, სადაც ყველაფერი წარსულს აგონებს. ერთ დღეს მას მოულოდნელად სტუმრები ეცხადებიან, რომლებიც მისი გარდაცვლილი ცოლის ნათესავებად აცნობენ თავს. თავდაპირველად სტუმრები იოზეფს ზრუნვასა და სიყვარულს არ აკლებენ, მაგრამ ნელ-ნელა ვითარება იცვლება – მოსიყვარულე სტუმრები აგრესიულ დამპყრობლებად იქცევიან. ისინი ცდილობენ, თავიდან მოიშორონ იოზეფი და მის სახლს, მის სამყაროს, მის ფიქრებს  დაეპატრონონ. იქნებ ეს მხოლოდ ხნიერი კაცის პარანოიაა, თუ ის რაც ხდება, მართლაც დაუნდობელი თავდასხმაა?

კადრი ფილმიდან "შემოჭრა".

კადრი ფილმიდან “შემოჭრა”.

აღნიშნული სურათი ფესტივალის დახურვის ფილმად იქნა არჩეული. დიტო ცინცაცის 1990 წელს გადაღებული სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დაბრუნება” მაქვს ნანახი. საბოლოოდ მომეცემა საშუალება მისი ბოლო ნამუშევარი ვიხილო.

ფილმმა „შემოჭრა” წელს მონრეალის მსოფლიო კინოს ფესტივალის ჟიურის სპეციალური გრანპრი მოიპოვა. გარდა ამისა, სანქტ-პეტერბურგის პირველ საერთაშორისო კინოფესტივალზე ამ ფილმში შესრულებული როლისთვის მერაბ ნინიძე დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის, ხოლო ბურგჰარტ კლაუსნერმა ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

დაინტერესება საზოგადოების მხრიდანაც დიდია. აქაც, ყველა ბილეთი გაყიდულია.

აღნიშნული ფილმით დავასრულებ ჩემეულ თბილისის XIII საერთაშორისო კინოფესტივალს.

კადრი ფილმიდან "გორაკებს მიღმა"

კადრი ფილმიდან “გორაკებს მიღმა”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s