წითელი ნაძვის ხე

სტანდარტული

ნაძვის ხის მორთვისათვის თადარიგი რატიმ რამდენიმე დღით ადრე დაიჭირა. წინასწარ შეიძინა სათამაშოები. თეთრი, ვარდისფერი და წითელი ბრჭყვიალა ბურთები, ოქროსფერი ვარსკვლავები, საახალწლო განათებაც არ დავიწყნია. კვირა დღისათვის გადაწყდა ნაძვის ხის მორთვა.

ნასვამი დავბრუნდი გლდანიდან. სახლში უკვე ფუსფუსი გაჩაღებულიყო. ნინო და იაკო,  სახლის დალაგების პროცესში იყვნენ. მალე გადმოვიღეთ სალომეს მიერ შარშან 2 ლარად ნაყიდი ნაძვის ხე და ბავშვებიც მის გამართვას შეუდგნენ. მე ზედმეტად ნასვამი ვიყავი ამ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. სავარძელში ჩავეშვი, ლუდის ჭიქით ხელში. მთვრალმა აზრებმა წამიღო…

***

სახლში, მთელი ამ წლების განმავლობაში, ერთი ნაძვის ხე გვქონდა, საბჭოთა დროიდან შემორჩენილი. თხელი, პლასტმასის ბრტყელი ნაწილებისგან შედგებოდა. ასევე ბრტყელი, სამკუთხა ხის სადგამი ჰქონდა, რომელის ცენტრშიც რკინის წვრილ შტირს ჩაამაგრებდი და ამავე შტირზევე წამოაგებდი დანარჩენ ნაწილებს. სათამაშოებიც ძველი დროისავე გვქონდა. მინის, წითელ-ყვითელი, თავმოჭმული სათამაშოები, ორმაგი ძაფის საკიდებით.

დაახლოებით მსგავსი

დაახლოებით მსგავსი

ასევე საოცრად ძველი, გატყაული წვიმები. ნაწილი- უსაშელოდ გრძელი, რამდენჯერმე რომ მოევევა ნაძვის ხეს, ზოგიც პატარა, პომ-პომებივით. ნარინჯისფერი გასანათებელი, ოდნავ ჩამოღვენთილი სანთლები, რამდენიმე წყებად ეხვეოდა ხეს და მისი მკრთალი ალი ანათებდა მომცრო ოთახს. დიდი, უზარმაზარი მინის მზე, რომელსაც ნაძვის ხის ძირას დაფენილ ბამბაზე ვდებდით ქართველი თოვლის ბაბუს პლასტმასის სათამაშოს გვერდით.  კენწეროს სამშვენისად ჰქონდა წითელი, მანათობელი ვარსკვლავი, რომლის ციალიც თვალებს მიბლიტავდა და მის ყურებაში მეძინებოდა ყოველთვის, ახალი წლის დღეებში.

მანათობელი ვარსკვლავი

მის ქვეშ აუცილებლად ვკიდებდით ოვალური ფორმის მინის სათამაშოს, რომელზეც საათის ციფერბლატი იყო გამოსახული და მუდმივად ერთსადაიმავე დროს, 23 საათსა და 55 წუთს უჩვენებდა.

საათი

საოცარი ნაძვის ხე მქონდა… ჯადოსნური და ძილისმომგვრელი…

***

საბჭოთა სიმბოლიკაზე ხშირად ვფიქრობ. დღევანდელმა ნაძვის ხის აწყობის ცერემონიამაც ჩემს მოგონებაში ბავშვობის მოგონებათა ხატება ამოატივტივა. „სამამულო“ პროპაგანდა ახალწელსაც კი არ ივიწყებდა. დიად დედაქალაქს, მოსკოვს, ყველა ვერ სტუმრობდა, თუმცა ახალ წელს თვითონ მოჰქონდა მისი მკრთალი ანარეკლი ყველა ოჯახში. ნაძვის ხის კენწეროზე მყარად დამაგრებული ვარსკვლავი და მის ქვეშ აუცილებლად ჩამოსაკიდი საათი, სხვა არაფერი იყო, თუ არა კრემლის ალუზორიული გამოხატულება… და რიგითი საბჭოელიც კმაყოფილი იყო ამით… ასევე ასწავლიდა თავის პატარას  მმართველობის მოწოდებებს. საინტერესოა, ესოდენ უწყინრი მოხატულობა, რამხელა აზრის მატარებელი შეიძლება იყოს…

მოგვანებით იყო მოწოდებები, ჩიჩილაკის პატრიოტული დატვირთვის შესახებ… რომ ეს არის სწორედ ქართული ნაძვის ხე და ყველა პატრიოტი ახალ წელს სწორედაც რომ ამ გაჩეჩილი ხის მომცრო ნაჭერით დამშვენებულ ოთახში უნდა შეხვდეს…

საბჭოთა პროპაგანდას გონებაში, აზროვნებაში უნდა ვებრძლოთ და არა სიმბოლიკაში. რკინის ნაჭერზე გამოსახული ნამგალი და ურო არაფერია, როცა ხალხის  ტვინია დადაღული მსგავსი შტამპით.

მშობლებს არასოდეს უთქვამთ  მსგავსი ფაქტები ჩემთვის. წლების შემდეგ, თვითონვე მივხვდი ყოველივეს. ჩემი ახალი წელი არ იყო გაჯერებული პროპაგანდისტული დაპირებებითა და ლექციების კითხვით. ამიტომაც, რამდენჯერ ნაძვის ხეს მოვკრავ თვალს, სულ ჩემი ბავშვობის საახალწლო მორთულობა მიტივტივდება გონებაში. მიუხედავად მსგავსი “სამამულო” დატვირთვისა, ეს ჩემთვის მაინც უმწიკვლო ხასიათს ატარებს. მე ხომ გონება მაქვს თავისუფალი წითელი აჩრდილებისაგან.

მომენატრა სანთლების ნარინჯისფერი ციალის ყურებაში ჩაძინება…

***

რატისა და გოგოების მიერ მორთულ ნაძვის ხეს წითელი ვარსკვლავი არ ამშვენებს, არც თოვლის პაპა ან სანტა-კლაუსი ჩანს მის ახლომახლოს. ერთი შეხედვიდაც კი იგრძნობა, რომ უკვე გავიზარდეთ… ერთგვარად სევდის მომგვრელია ეს სანახაობა…

ჩვენი ნაძვის ხე

თბილისი

23-24 დეკემბერი

2012

Advertisements

8 responses »

  1. მე მაქვს შენახული ძველი სათამაშოები და ეხლაც ასხმულია ჩემი ნაძვის ხე მაგეებით ^_^ ძალიან ლამაზებია და ძალიან მომწონს ❤

  2. მეცნო ის სათამასოები, სამწუხაროდ მე აღარ მაქვს, დაიმსხვრა ყველა, მხოლოდ სოფელში მაქვს შემორჩენილი ძველისძველი ფერადი ნათურები 🙂
    აუ როგორ შემომენოსტალგიურა. ის დრო მენატრება ახალი წელი რომ მიხაროდა :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s