Monthly Archives: იანვარი 2013

24 საათი კლინიკის ცხოვრებიდან

სტანდარტული

ერთი რიგითი მორიგეობის დეტალური აღწერა კარგახნის წინ ჩავიფიქრე. სიმართლე გითხრათ, მეზარებოდა იმ ყოველივეს აღწერა, რასაც დღის განმავლობაში კლინიკაში ვხედავ, ვაკეთებ და განვიცდი. ვთვლიდი, რომ არავისთვის საინტერესო არ იქნებოდა მსგავსი შინაარსის პოსტი და ბევრს შესაძლოა არასწორად გაეგო აღნიშნული განცდები. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე ჩემი ერთი სამუშაო დღე გაგიზიაროთ.

ეძღვნება ოთოს! ბიტლომანს, ერთგულ მკითხველსა და ექიმობაზე მეოცნებეს.

***

კვირა დღე ქირურგიულ განყოფილებაში მოსაწყენია. გეგმიური ოპერაციები არ ტარდება და ხშირად მთელი დღე უქმად გვიწევს ჯდომა. ეს კიდევ უფრო დამღლელია, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.

12 საათზე მივედი საავადმყოფოში. დაცვის ბიჭებს მივესალმე, ხალხის სიმრავლემ გამაკვირვა ცენტრალურ შესასვლელში. “რეანიმაციაში უწევთ ახლობელი და იმასთან არიანო” – ასე მითხრეს.

განყოფილებაში ქირურგებს მივესალმე, ექთნები გადავკოცნე და გამოსაცვლელად წავედი. სწაფად ჩავდექი სამუშაო ფორმაში.

საორდინატოროში სიწყნარეა. პაციენტებით სავსეა განყოფილება. ექთნებს დამხმარეებიც ჰყავთ დღეს. საექთნო კოლეჯის გოგოები არიან ჩვენთან პრაქტიკაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნემსების კეთება, წნევის/სიცხის გაზომვა არ მიწერია დღეს. ტელევიზორთან ჩამოვჯექი. საინფორმაციოს ვადევნებ თვალს. არაფერი განსაკუთრებული და საინტერესო, როგორც ყოველთვის.

***

ქირურგი შემოდის.

-წამო, დიტი, ოპერაცია გვაქვს, აპენდიციტის! ამოიყვანდნენ უკვე.

ოჰო, უკვე საინტერესოა. მინიმუმ ერთი ოპერაცია უკვე ნიშნავს, რომ მორიგეობა შედგა.

საოპერაციო ბლოკში ექთნები ტრიალებენ. ინსტრუმენტებს ალაგებენ, ემზადებიან მუშაობისთვის. პარალელურად გინეკოლოგებსაც ოპერაცია აქვთ. ორივე საოპერაციო გვერდი-გვერდ არის განლაგებული. ამ სისწრაფეში ჩვენი პაციენტის გვარიც არ მიკითხია. არ ვიცი საით უნდა შევიდე. ექთნებმა დამაკვალიანეს. დღეს V საოპერაციო გვერგო.

ავადმყოფი უკვე დააძინეს. ქირურგები ხელს იბანენ. აქაც სუბორდინაციაა. მე ბოლო ვარ. საოცარი განცდაა ოპერაციის წინ ხელის დაბანის პროცედურა. ამ დროს გონება სრულიად თავისუფლდება ყოველგვარი აზრისგან, საფიქრალისაგან. დაზეპირებული წესით იქაფებ ხელებს და არაფერზე ფიქრობ, საერთოდ. რამდენიმე საათიან ძილსაც კი გაუტოლდება ეს წუთიერი სიცარიელის განცდა.

***

მკვეთრი, თბილი სინათლე… ბრჭყვიალა ინსტრუმენტები… ხელის სწრაფი მოძრაობა და პირველი სისხლი… წითელი, საოცარი ფერის სითხე, ჭრილობის კიდეებიდან რომ იწყებს ჟონვას და გადმოხეთქვას ლამობს… მარლის თეთრი საფენი… დაშრობა… პირველი კოაგულაცია და ელექტროდანით დამწვარი ცხიმის სუნი ოთახში… ამ სურნელს ყველაფერში გამოარჩევ ადამიანი… ერთხელ თუ შეისუნთქე, არასოდეს გავიწყდება… საკერავი ძაფის გასრიალება თითებს შორის…

ოპერაცია სტანდარტული პროტოკოლით მიმდინარეობს, რომლის აქ მოყოლით, უბრალოდ თავს შეგაწყენთ.

50 წუთში ხელთათმანებს და ხალათს ვიხდი. წინ ყველაზე საშინელი პროცესია: ისტორიის დაწერა. დარწმუნებული ვარ ყველა ექიმს შინაგანად ეზიზღება ჯღაბნა და ამიტომაცაა, ალბათ, რომ მათ ნაწერს ვერავინ კითხულობს. ესეც მოვილიეთ. საორდინატოროში ვბრუნდები.

***

ქირურგიული დეპარტამენტი ერთგვარად ფრონტის ხაზს ჰგავს. დამქანცველი ბრძოლის შემდეგ, ხანგრძლივი სიწყნარე დგება. საათნახევრის განმავლობაში კვლავ ტელევიზორთან ვზივარ. მოხრიალე დამაზომბებელ ყუთში ახალს არაფერს გადმოსცემენ.

***

ტელეფონის ზარი მიმღებიდან. გამოგვიძახეს. საოცრად საინტერესოა გზა მეექვსე სართულიდან პირველამდე. არ იცი რას უნდა ელოდო, რა დაგხვდება. ერთგვარი ჟინი გაქვს, რაიმე საინტერესო შემთხვევას წააწყდე. საკმაოდ იშვიათია მსგავსი ბედნიერება. ახლაც ასე მოხდა. უბრალოდ ქირურგის კონსულტაცია სჭირდებათ. გასინჯვას ვაკვირდები. ავადმყოფი ახველებს. ტუჩებს ხელსახოცით იწმენდს, რომელსაც სისხლის წითელი, წვრილი კვალი აჩნდება. ახალი ხელსახოცი ავიღე, რომ მივაწოდო. ისევ ჩაახველა. თეთრი ხალათის წინა კიდე წვრილი წინწკლებით იფარება. არადა, გუშინ გავრეცხე და დავაუთოვე. ახლა მთელი დღე სისხლიანი ხალათით მომიწევს ყოფნა…

***

ისევ საორდინატოროში ვბრუნდები. ამჯერად დაჯდომასაც ვერ ვასწრებ. ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გვირეკავენ. აღნიშნული განყოფილება იგივე რეანიმაციაა, ოღონდ უფრო “ლაითი” პაციენტებისთვის.

ჩვენი პაციენტი მოხუცი ბაბუაა. ლოგინად ჩავრდნილს კარგად ვერ მოუარეს სახლში და ახლა კუდუსუნზე დიდი ნაწოლი აქვს. ჩვენ მკვდარი ქსოვილის მოსაჭრელად დაგვიძახეს. ჩირქოვანი ქირურგია არავის უყვარს. ასე რომ ვთქვათ, ბინძური სამუშაოა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს?

მომზადებას და ნეკრექტომიას ( მკვდარი ქსოვილების მოცილების ოპერაცია) საკმაო დრო დასჭირდა, მაგრამ რად გინდა? სისხლი არ ჩერდება. ჭრილობიდან ჟონავს და უბრალოდ ზეწოლით არ ჩერდება. ამინოკაპრონით გაჟღენთილ საფენებს ვადებთ. ქვეშიდან ყინულსაც ვუმატებთ. რამდენიმე საწოლის იქეთ ავადმყოფს ჭრილობაზე დაფენილი საფენები აქვს გამოსაცვლელი.

-მე მივხედავ!- ვეუბნები ქირურგს.

ერთ-ერთ ექთანს რეზო ჭეიშვილის მოთხრობების კრებული აქვს მოტანილი. გამოვართვი. “ცისფერ მთებს” გადავხედე. ბაბუს სისხლდენა არ უწყდება. არადა მალე დიალიზზე უნდა გაიყვანონ. ყინულს რეანიმაციას დავესესხე. საორდინატოროში ვბრუნდები, ქირურგიის განყოფილებაში.

20 წუთით დავაცდით ბაბუს. ეგებ გაჩერდეს ამასობაში, თორემ შემდეგ ელექტროკოაგულაციით მოგვიწევს მოწვა.

***

ინტენსიურში დავბრუნდი. შესასვლელში, პირველ საწოლზე მოხუც ბებოს გული გაუჩერდა. ექიმი და ექთნები რეანიმაციას იწყებენ .წლებია უკვე რეანიმაცია არ ჩამიტარებია. წამში მახსენდება მთელი პროტოკოლი. საწოლის თავი ჩავწიე, ბალიში გამოვაცალე. ექიმი გულმკერდის მასაჟს იწყებს. მონიტორზე ბიძგებით შექმნილ ხელოვნურ გულისცემას ვაკვირდები.

-ხომ არ შეგეცვალოთ?

-მიდი!

მასაჟს ვაგრძელებ.

cpr1

გონებაში ვითვლი. კარგად მივდივარ. სიღრმე ნორმალურია. რა დრო გავიდა რესპუბლიკურის რეანიმაციიდან მოყოლებული. სხეულს მაინც ახსოვს ყველაფერი დეტალურად.

ექთანი მეცვლება… ვაგრძელებთ… უშედეგოდ…

-მორჩა! გარდაცვალების დრო ჩაინიშნეთ! გააპატიოსნეთ!- დავალება მისცა ექიმმა ექთნებს.

არანაირი ემოცია. სუნთქვა და გულისცემა თანაბარი, საოცრად მშვიდი მაქვს… ეზოში მაშხალების ბუთქუნი და შეძახილები გაისმა. ვიღაც მოევლინა ქვეყანას. “ესაა ალბათ სიცოცხლის წრე”- ვფიქრობ ჩემთვის…

***

ჩემს ბაბუს სისხლდენას ვერ ვუჩერებ. ქირურგს ამბავს ვატყობინებ და საოპერაციო ბლოკიდან კოაგულაციის აპარატი ჩამომაქვს. ელექტროდანამ საბოლოოდ გააჩერა სისხლდენა… ისევ დამწვარი კუნთების და ცხიმის სუნი…

***

მშობლიურ ქირურგიულ განყოფილებას ვუბრუნდებით. 11 დაიწყო უკვე. წვივები მტკივა. ხალათს ბაბუს სისხლიც შეემატა. ახლა ვხვდები, ქირურგებს ყასბებს რატომ ეძახიან. გახდასაც ვერ ვახერხებ, შემცივდება მერე.

***

ისევ მიმღები. მთვრალი, ნაცემი კაცი შემოყავთ. ძლივს აკავებენ საკაცეზე. ოდნავ წამოიწია, მუშტი შეკრა. რამდენიმე წამიც და მარჯვენა ხელთან დახრილ ექიმს უთავაზებს თავში. მარცხენა ლავიწზე ვაწვები. ნეკნები ეტკინა. ხელის მოქნევა ვეღარ შეძლო. სანიტარმა დაუჭირა თავისუფალი კიდური. ასეა, ზოგჯერ ტკივილსაც შეუძლია სამსახური გაგიწიოს.

***

ახალი პაციენტი შემოჰყავთ. სპიცი აქვს დარტყმული მუცელში. ამაზე საზიზღარი ჭრილობა არ არსებობს. გარედან თითქმის არაფერი ეტყობა და მუცელში ამ დროს საშინელება ხდება. ადამიანმა თუ ვერ დაინახა დარტყმის მომენტი, შეიძლება ვერაფერი იგრძნოს და მოგვიანებით უეცრად გახდეს ცუდად. სასწრაფოდ აგვყავს საოპერაციოში. ანესთეზიოლოგებს ვეძებ.

ხელებს ვიბან… საოცრად მშიდი ვარ… წინ დიდი ოპერაციაა.

***

მიყვარს სკალპელი. ერთადერთხელ იყენებენ, მაგრამ ინსტრუმენტები მაგიდაზე ოპერაციის ბოლომდე მაინც საპატიო ადგილი უჭირავს.

Blood on Scalpel Blade

***

ამჯერად დიდი განაკვეთი გავაკეთეთ. საოცარი სითბოა მუცელში. ნაწლავის მარყუჟებს შორის ხელზე მცირედ მოძრაობას ვგრძნობ. ვერაფერს შეადარებ ამ განცდას…

ადვილად გადარჩა, გაუმართლა საოცრად. სპიცამ ნაწლავი არ დააზინა.  დიდ ოპერაციას გადავრჩით. საათნახევარში მოვრჩით. ჭრილობა გასაკერად მე დამიტოვეს. ფრიად გახარებული ვარ. სიამოვნების განცდა გეუფლება, როცა შენს მიერ გაკერილ ჭრილობას უყურებ. ალბათ, მხატვრებიც ასე შესცქერიან საკუთარ შედევრებს, იციან რა, რომ ისინი საუკუნეებს გაუძლებენ…

***

წვივები დამეჭიმა. ფეხებს ძვლივს ვადგამ. ისტორიის დაწერას გადავურჩი. ინტენსიურში ბაბუ კარგადაა. სისხლდენა არ განახლებულა ჭრილობიდან.

***

მიმღებში ჩავედი. ის მთვრალი, ნაცემი კაცი საწოლიდან წამომდგარა, ვენებიდან გადასხმები მოუგლეჯია და ახლა სანიტარს ეჭიდავება. ორივე ხელში ჩადგმული კათეტერებიდან სისხლი წვეთავს. ფეხზე ძლივს დგას. ხელთათმანებს ვიღებ, მაგრამ ჩაცმას ვერ ვასწრებ. მხარში შევუდექი ნასვამ პაციენტს. ტუალეტისკენ მიმყავს. ეს უკვე მესამე ადამიანის სისხლის წვეთები ესხმევა ჩემ ხალათს… ნარწყევით დასვრილ პაციენტის ხელს კისერზე ვიდებ, მეორე ხელი მის ზურგს შემოვატარე. “კაი ძმა-ბიჭებივით” გადახვეულები მივდივართ ტუალეტიდან უკან, მიმღებისკენ. დავაწვინე, ექიმს ჩავაბარე. განყოფილებაში ვბრუნდები. გზად ლაბორატორიაში გავიარე და ანალიზები წავიყოლე.

***

3-ის ნახევარია. სხეულს ვერ ვგრძნობ. ექთნებს ვეუბნები, რომ თუ დასჭირდათ, გამაღვიძონ. ვწვები. დაჭიმულ სხეულს მოდუნება უჭირს.

“ალბათ მაზოხისტი ვარ! ასეთი დღის მერე მაინც სიამოვნების განცდა რომ მაქვს… მგონი, ყველა ექიმი მაზოხისტია, თორე…”

აზრი მებნევა… მკვდარივით მეძინება… დილიდან ახალი დღე დაიწყება…

Advertisements

ნაგავი Vol. 2

სტანდარტული

ნაგავი- ასე ვეძახი მოგონებათა კასკადს, ჩემ თავში რომ გაიარეს, არაფერი დატოვეს და უბრალოდ ადგილს იკავებენ. ესაა ერთგვარი სცენები, კადრები, რომლებიც მოულოდნელად წამოტივტივდებიან, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები.  დროდადრო ნაგავი უნდა გაიტანო, გადაყარო ან სულაც საზოგადოდ წამოაჩინო.
P.S. ქვემოთ გამოყენებული უცენზურო ლექსიკისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცადე მაქსიმალურად რეალისტურად გადმომეცა ყოველივე.

პირველი ნაწილი

***

ფიქრი გამთენიისას…

სახელის გადაკეთება რა ჯდება, იცით ვინმემ? პარტიის ჩამოყალიბება მინდა და ჩემი იდეოლოგიის მიმდევრებს რაღაც ხომ უნდა შეარქვას ხალხმა? „დიმიტრისტი“ ან „დიტოისტი“ არ ჟღერს კარგად. გადავირქმევ სახელს და გავხდები პოხუი ლიპარტელიანი. მიმდევრებსაც „პოხუისტებს“ დაუძახებენ. ყველაზე საღად მოაზროვნე ხალხი მეყოლება პარტიაში, ვგონებ.

***

„მარშუტკაში“ ტიპი ამოვიდა და ისე უაზროდ გაეყუდა კართან, რომ მეტი არ იქნება. ჩასვლისას ფეხი წამოვკარი მის ფეხსაცმელს. წამით წარმოვიდგინე როგორ ვულეწავ სახეს მძიმე „ბატინკის“ ძირით.

***

-გახსოვს სექსების კასეტა?

-ხოო… თავისი მუღამი ჰქონდა მაგასაც…

***

-სად იყავი?- მკითხა მორიგე ექთანმა პოსტზე

-ვწერდი.

-აპენდიციტს?

-არა, ჩემთვის.

ახალი დამთავრებული მქონდა „სისტემა უნდა დაინგრეს“

***

-ეს წვერი არ გაიპარსე ხო?- ბაკენბარდებზე მიმითითა ახალგაზრდა ქირურგმა

-არა, არ ვნებდები. ვერ გამტეხეს.

-წამოდი მცხეთაში!

-წამოვალ.

***

ფიქრი ავტობუსით მგზავრობისას:

„დრო ხომ არ დამდგარა ჩემი „ზუბჩატიე კალიოსა“ დავწერო?“

***

-ჰა, რა ქენი? ილაპარაკე ტარკოვსკიზე ან ეიზენშტეინზე?- ვკითხე სახლში დაბრუნებულ რატის.

-შიგ ხო არა გაქ?

***

მთვრალი მეგობრის სიტყვები:

-გეი არ გამოსულა რუსთაველზე, შენ რო არ დაგეცვას!

***

-ბიჯო, „კრაკადილის“ ხსენებაზე „კრაკაძილ გენა“ მახსენდება სულ. ვინ მოუფიქრა ნეტა ეს სახელი წამალს?

-რუსმა ნარკომანებმა. შიგნიდან ჭამს ორგანიზმს მაგის მომგონი მოვტყან!

-და „ჯეფი“? „ვინტი“?

-ხუი იო ზნაეტ.

Крокодил Гена

***

„ნოთ ბედ“ მემეს “ნი ხუია სებე” უნდა ერქვას ჟარგონზე…

კვლავ გამთენიის ფიქრები.

1327201693_not-bad-obama

***

-ალექს, მეფე მოკვდა და მეფიჩი ტირის.

-ხოო?

-დაა… “ვოლგა, ვოლგა, მაწ რადნაია”

***

-ყინავს გარეთ.

-კუსურა ეზოშია?- ვიკითხე “დვარნიაშკა” ძაღლზე

-კი. რა ჯანდაბა დაარბენიებს ამ სიცივეში?

-გაჩხერილშია და პრიხოდი აქვს, ალბათ.

***

-ბიჯო ხო იცი, ის ვიდეო, „მაგ სექსუალური კაცი, მაგი!“

-კი.

-შენზე ასე არასდროს იტყვიან!

***

„მოგესალმებით ყველას“ გაისმა ტელევიზორიდან.

„მელეწე ყლეზე“- ნამძინარები ხმით პასუხი ჩემგან.

***

-ალბათ სასწაული მუტელი აქ- ტელევიზორში გამოჩენილ მექსიკელ მოდელზე მიმითითა ალექსამ

-რანაირი შეჩემა? რო იხდის ცისარტყელა იჩითება?

***

„ოცნებათა სასაფლაო“- ხაინდრავას ფილმის სახელი ამომიტივტივდა თავში. „რა სიმბოლურია, არა?“- ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს.

***

-გადართე შეჩემა, რას უსმენ?

-შიგ ხო არა გაქ? ჯო ზავინულის და ვიღაცის ჯემსეიშენია.

***

-„აღსრულდა ნება ქართველი ერის! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ფარავდეს ღმერთი!“- გამსახურდის ინტონაციით წარმოვთქვი მისივე სიტყვები

-მახსოვს ეგ. პირველი არხი გადმოსცემდა პირდაპირში 91-ში. სოხუმის დაცემაც მახსოვს, 93-ის 29 სექტემბერს- ჩაილაპარაკა ალექსამ

***

-ვინ გამოიტანა ტელევიზორი?- ისეთი ტონით იკითხა რატიმ, რომ გინება უნდა მოყოლოდა ამ ფრაზას

-ალექსამ!

პაუზა…

-ალექსაზე ან კაის ვამბობთ, ძმაო, ან არაფერს!

***

ხურდაში მოცემულ 2 თეთრიანს ვიღებ და გამყიდველს გაღიმებული სახით ვეუბნები:

 

 

 

მეგის ქარდავას “მექანიკური ფორთოხალი”

სტანდარტული

1971 წელს ეკრანებზე გამოვიდასტენლი კუბრიკის ლეგენდარული “მექანიკური ფორთოხალი”, ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ნანახმა მაყურებელი შოკში ჩააგდო. ყველაზე სინტერესო რაც გახლავთ, იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო ძალადობის უაზრობაზე, ფილმმა პირიქით იმოქმედა. ბრიტანეთის მასშტაბით გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ხშირად თავს ესხმოდნენ უსახლკაროებს, მათხოვრებს, დაუცველ ადამიანებს.

კადრი ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი"

კადრი ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”

***

ეკრანზე ნანახი ყოველთვის დიდ ემოციას იწვევს მაყურებელზე. ჩემთვის ასე იყო პროკურატურის მიერ გავრცელებულ  კადრებზეც.  ეს იყო საშინელი ძალადობა ადამიანის შინაგან სამყაროზე, არანაკლებ შემძვრელი და ემოციური ვიდრე ფიზიკური ძალმომრეობა.

“მეგის ქარდავა”- მითოლოგიური პერსონაჟივით იქცა. არა, ჩემთვის უფრო მონსტრივით. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ გადაშენების პირას მყოფი იშვიათი ცხოველიათქო. კარგი, ბატონო, ეს ვიღაც მეგის ქარდავა დამნაშავეა, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ…

მაგრამ, მე, უბრალო ადამიანს მიჩნდება კითხვა, რეალურად ვინაა დამნაშავე?

ისევ და ისევ ჩვენ, საზოგადოება!  ხშირად გამიგონია “ტოლერანტულად” განწყობილი ადამიანებისგან: “აბა, სად ირღვევა მაგათი უფლებები? იყვნენ თავისთვის, ჩვენ არაფერს ვუშავებთო.” მეტი რაღა უნდა დავაშავოთ? ადამიანებს ვაიძულებთ გამუდმებით მალვაში იყვნენ, მუდმივად ნიღბით იცხოვრონ. ასეთ სტრესს კი რთულია გაუმკლავდეს ადამიანი. ა, ხო! ჩვენ ხომ მათ ადამიანებადაც არ აღვიქვამთ! რაღაა გასაკვირი? “იყოს გეი, ოღონდ მე ნუ გამაგებინებს” პრინციპი მუშაობს.

საზოგადეობის მენტალური მზაობა რომ ყოფილიყო, მსგავსი ჩანაწერების გაკეთების აუცილებლობა უბრალოდ არ იარსებებდა. ყველამ ჩავიხედოთ გულში. მცირეოდენი მეგის ქარდავა ჩვენც გვიზის ღრმად, სადღაც შიგნით, ზოგნი რომ სულს უწოდებენ.

ზოგიერთი, ამის წამკითხველი, გაბრაზდება ჩემზე. “მე, აქაოდა ტოლერანტულად ვარ განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ და შენ ტალახს მცხებო”- მეტყვის. არა, ბატონებო! თქვენ საკუთარ თავზე ნუ მიიღებთ. “ჩვენში” მე საკუთარ თავს მოვიაზრებ. ჰომოფობ თანამოქალაქეებთან ერთად, მეც მიმიძღვის ჩემი წილი დანაშაული, საკუთარ ტვირთს საზოგადოებას ვერ ავკიდებ. როგორც ჩანს, საკმარისად აქტიურად არ გამოვდივარ და არ ვაპროტესტებ, საკმარისად არ ვითხოვ ადამინის უფლებათა დაცვას. ამის შეცვლა მაინც შემიძლია, საზოგადოების აზროვნების თუ არა. სოციუმის მსოფმხედველობის ცვლილებაც ასე იწყება, ერთი ადამინის გონებაში მომხდარი რევოლუციით.

ფსიქიატრიიდან ვისწავლე, როცა ძალადობას უყურებ და შენში ეს ემოციას იწვევს, ეს ნორმალურია. თუკი იგივეს რამდენჯერმე უყურებ, შენ ტოლერანტული ხდები ნანახის მიმართ და ემოციური გაღიზიანებაც წყდება. იმისათვის, რომ შემდგომში ძალადობამ შენში ემოციური გაღიზიანება გამოიწვიოს, იგი წინაზე, ადრე ნანახზე უფრო სასტიკი უნდა იყოს. ფსიქიკის აღნიშნული დაცვითი მექანიზმი ადამიანის გადარჩენაში ეხმარება, მაგრამ თავისთავად საშიშ ხასითს ატარებს, რადგანაც შესაძლოა ადამიანი მის წინაშე მომხდარი ძალადობის აქტის მიმართ ინდიფერენტული გახდეს, რადგანაც ეს მასში ემოციურ ფონს აღარ ცვლის. მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებას ერთიანი პროტესტისათვის ციხის კადრებზე უფრო საშინელი კადრები სჭირდება, რათა ემოციური განმუხტვა მოახდინოს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებს ასე დიდი გამოხმაურება არ მოჰყვა. ააა, თუმცა რას ვამბობ! ჩვენ ხომ საქართველოში ვართ! ჩვენ ხომ სექსუალური უმცირესობის ბედი ფეხზე გვკიდია!

***

“მექანიკური ფორთოხალი” რატომღა ვახსენე? თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რაშია საქმეა. ნანახს და განცდილს საზოგადოებაში კათარზისი უნდა გამოეწვია. ასევე უნდა ყოფილიყო ჩვენს შემთხვევაში. ეკრანზე ნანახს უნდა გამოეწვია თანაგრძნობის, დაზარალებულთა ტკივილის განცდა, რასაც შემდეგ უნდა მივეყვანეთ კათარზისამდე, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა ფასეულობათა გადაფასებას. შემდეგ, შესაძლოა, ამას დიდი ცვლილებებიც მოჰყოლოდა…

სანაცვლოდ რას ვღებულობთ? კომენტარებში, უბრალო საუბრებში, კიდევ უფრო დიდი აგრესია ჩანს. საზოგადოების რაღაც ნაწილი საკუთარი საქციელით მეგის ქარდავას ამართლებს. საწყენია… სირცხვილია…

ნაწილი კი თვალებს ხუჭავს… და წყნარად აგრძელებს ცხოვრებას, ვითომც არაფერი მომხდარა…

საოცარი ანდაზა გვაქვს ქართველებს: “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი”

***

იშტვან საბოს “პოლკოვნიკი რედლი” ისტორიული ფაქტების ალტერნატიული, რეჟისორისეული ხედვა გახლავთ. აღნიშნული სურათი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია რეჟისორის შემოქმედებაში.  პოლიტიკური თამაშები, სამეფო ინტრიგები და მუდმივად ნიღაბს ამოფარებული ადამიანის ტრაგედია- აი, რას ნახავთ ფილმში. გადახედეთ, ბევრი საინტერესო პარალელი გამოიკვეთება დღევანდელობასთან მიმართებით აღნიშნულ კინოსურათში.

კადრი ფილმიდან "პოლკოვნიკი რედლი"

კადრი ფილმიდან “პოლკოვნიკი რედლი”

 

სისტემა უნდა დაინგრეს?

სტანდარტული

ამ პოსტის დაწერის იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ერეკლე დეისაძის „სისტემა უნდა დაინგრეს“ მოვისმინე და ძმაკაცმა მითხრა: „რაღას მღერის? რა უნდა? სისტემა ხომ უკვე დაინგრა?“

***

„-სოფლელებით გაივსო ქალაქი… ხოო… ხოო… ამათი ბრალია, გარყვნეს ყველაფერი… გარყვნეს ყველეფერითქო…“- მობილურზე საუბრობდა 50 წლამდე ასაკის კაცი. ტალახის შხეფებით დასვრილი შავი ჯინსის შარვალი ეცვა, ხაკისფერი ზამშეს კურტაკი, გადაქექილი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი ცხვირზე საცოდავად გადატყავებოდა. მარჯვენა მტევნის ცერა და საჩვენებელ თითებს შორის, ხელის ზურგზე „ბეში“ (ერთი კაცი ოთხ კედელში) ჰქონდა ამოსვირინგებული, მარცხენა ხელის შუათითზე დამრეცი ჯვარი…

***

„სისტემა უნდა დაინგრეს! სისტემა უნდა დაინგრეს!“

ყველგან ეს მესმოდა, ყველგან ამას ვკითხულობდი, Facebook- კომენტარებიდან და სტატუსებიდან დაწყებული ქალაქში შენობის ფასადებით დამთავრებული. მეც ვფიქრობდი ასე: სისტემა უნდა დაინგრეს! ფაქ ზე სისტემ!

Banksy -Riot

Banksy -Riot

დანგრევას როცა ვახსენებ ყოველთვის ჰანა მახმალბაფის ფილმი, „ბუდა სიცხვილისაგან აფეთქდა“ მახსენდება.

სურათიც სწორედაც რომ აფეთქებით იწყება, თუმცა მერე ვხვდები, რომ ეს არაფერია იმ ნგრევასთან შედარებით, რაც პატარა გოგონას გონებაში ხდება სურათის განმავლობაში. ვერანაირი  ნაგებობისა თუ გამოქვაბულის მიწასთან გასწორება ვერ შეედრება იმას, რასაც ბავშვობის გაცამტვერება ჰქვია. თვალნათლივ ხედავ, როგორ იშლება აგურ-აგურ ფერადი სამყარო და ნანგრევების ბუღში სასტიკი, დენთის სუნით გაჯერებული რეალობა იკვეთება. დასასრულს კი რეფრენად გასდევს პატარა გოგონას მეგობრის ისტერიული ყვირილი: „მოკვდი და თავისუფალი იქნები! მოკვდი და თავისუფალი იქნები!“

***

სისტემის ნგრევა ჩემთვის ეს არის. ერთდროულად, ასანთის ღერებით ნაშენი ხუხულის ჩამონგრევა, თუმცა, როგორ ჩანს, სისტემამ მესამე გოჭივით ჭკუა იხმარა და ბინა საიმედოდ დაცულ მდიდრულ სასახლეში დაიდო. შენობის ნგრევაზე როცა მიდის საქმე, წესით და რიგით ასე ხდება: მცხოვრებლებს გამოასახლებენ, უსაფრთხოების პარამეტრებს დაიცავენ და მიმდინარეობს დემონტაჟი, შემდეგ კი იწყება ნანგრევებისაგან გაწმენდის დაუსრულებელი პროცესი. თქვენ რა, გგონით ჩვენც ამ ეტაპზე ვართ და დარღვეული მმართველობის ნანგრევები გაგვაქვს სანაგვეზე?

არა, მეგობრებო! ჩვენ მაძღარი ხალხი გამოვასახლეთ შენობიდან და მშიერი, ულევი მადის მქონენი შევასახლეთ შიგნით, თან გავიძახით, რომ სასახლის დემონტაჟმა წარმატებით ჩაიარა. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვა: ძველი, ძლიერი სისტემა ახლით შევცვალეთ და ახლა ველოდებით, ხელს ვუწყობთ მას, როდის გაიდგამს ღრმად ფესვებს, როდის მოძლიერდება. მერე რა, რომ ჩრდილეთის ქარი უბერავს, გაგებით ვეკიდებით…

***

ცხვრის ფარას თხას უყენებენ წინ, რომ სულელი პირუტყვი არ დაიბნეს. მოაშორებ თუ არა ყოჩს, ფარა ირევა, ქაოსის ჟამი დგება და ზოგიერთი, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი დროს იხელთებს, ბენზინგასამართ სადგურს დააყაჩაღებს, ვიღაცას საფულეს მოპარავს, ვიღაცას ყელს გამოღადრავს… და როცა ახალ თხას ჩააყენებენ წინ, ისინი კვლავ  კიკინით გაჰყვებიან მას და თვალებს აქეთ-იქეთ გააცეცებენ, ეგებ საკბილოს გამოჰკრან ხელი. ვაი რომ, ასე ნაქები თხა ახლა სწავლობს ნაბიჯების გადადგმას და უღრან ტყეში მიუძღვის ფარას, რომლის ბოლოსაც ხევის კიდე მოჩანს…

Banksy- monkey parliament

Banksy- monkey parliament

***

სისტემა გვჭირდება, მის გარეშე არარაობანი ვართ! ფაქტმა აჩვენა ეს 90-იანებში და ფაქტებივე აჩვენებენ ახლაც. გაუფრთხილდით სისტემას! გადაარჩინეთ სისტემა!

***

ჭეშმარიტად სისტემის დანგრევაზე როდის შეიძლება “ოცნება”, იცით? როცა საკუთარი გონების მიერ დამყარებულ რეჟიმს მოუწყობ რევოლუციას! როცა მიხვდები, რომ მართმადიდებელ ქრისტიანს და მუსულმანს შეუძლიათ მშვიდობით და ურთიერთპატივისცემით არსებობა… როცა გაანალიზებ, რომ “ჰომოსექსუალიზმი” მუშტების ქნევით „არ იკურნება“ და შვილებს, ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ „გაგიპიდარასტებენ“… როცა შეიგნებ, რომ საქალწულე აპკი პატიოსნებას არ განსაზღვრავს… როცა მიხვდები, რომ „არ ტეხავს“ „მოიკაზე“ მუშაობა… როცა მიხვდები, რომ 40 წლის ასაკში უკვე დროა დედიკოს პენსიას არ უცდიდე სიგარეტის საყიდლად… როცა მიხვდები, რომ მიშას, ბიძინას, პეტრეს, პავლეს მთავრობას სულაც ჰკიდია შენი ქვეყანა, იმიტომ რომ მათ „ფული უნდა იშოვონ, მილიონერები უნდა გახდნენ“… როცა მიხვდები, რომ ის, რასაც ეკრანზე უყურე, რამაც ნერვები უკიდურესად დაგაწყვიტა და ქუჩაში გამოგიყვანა ყვირილით „დღეს მეც პატიმარი ვარ“, სინამდვილეში შენს გონებას უკეთებს ახლა მთავრობა… როცა ბოლოსდაბოლოს გაანალიზებ, რომ სისტემა, ეს შენი აზროვნება, ობმოდებული მსოფმხედველობაა და დაანგრევ მას, რომ „მოკვდე, რათა გათავისუფლდე“. უკვე მერე შეძლება გამოხვიდე და ხმამაღლა დაიძახო: „სისტემა უნდა დაინგრეს!“

 You tell me it’s the institution

Well, you know

You better free your mind instead

P.S. ქალაქში კორპუსების კედლებს ვათვალიერებ ყოველთვის, მიყვარს წარწერების კითხვა… „სისტემა უნდა დაინგრეს“ ყველგან გადაჩხაპნილი და გადაღებილია… ვიღაცას ძალიან უნდა, რომ წაშალოს ჩვენში ეს მოგონება… ნუ ვიჩქარებთ, გაგებით მოვეკიდოთ…
სისტემა უნდა დაინგრეს

დახუჭობანა

სტანდარტული

ფედო, ჩემი ძმა, ალბათ ასე 3-4 წლის იქნებოდა, როცა „დახუჭობანას“ ვეთამაშებოდი. რათქმაუნდა, ყოველ ჯერზე ის იმალებოდა და მეც მუდმივად „ვაგებდი“ პატარასთან.  ბოლო-ბოლო ყველა დასამალი ადგილი ამოწურა ჩემმა ძმამ სახლში, რამაც აიძულა ახლებური ხერხისთვის მიემართა… კუთხეში დადგა და თვალებზე ძლიერად მიიფარა ორივე ხელი ფრედმა… კარგახანს უშედეგოდ ვარწმუნებდი, რომ მიუხედავად მსგავსი ეშმაკური მცდელობისა, მაინც ჩანდა და მისი დანახვა შემეძლო.

დღეს ფრედი დიდი ბიჭია და ამას თუ კითხულობს, ალბათ უკვირს, რატომ არ ახსოვს ჩვენი თამაში და თან ეცინება…

***

მე კი ვზივარ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან, ვუსმენ რადიოს, ვკითხულობ პრესას და ვრწმუნდები, ჩემ ძმაზე გაცილებით უფროსი ადამიანები, ზოგადად, ხალხის გარკვეული მასა და ზოგჯერ თაობათა მთელი პლეადა,  პატარა ფრედივით, ახლაც თამაშობს „დახუჭობანას“

მოდით, ჩვენც დავდგეთ ამ ადამიანთა მსგავსად კუთხეში და თვალებზე მივიჭიროთ ხელი (თუ არ გამოგდით, არ იდარდოთ! ეკრანიდან ყოველდღე გვაფარებენ ხელს თვალებზე), რათა ვირწმუნოთ, რომ

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი ყველანაირი დანაშაულისაგან დაცულს ხდის ადამიანს და მისი დაპატიმრება პოლიტიკური დევნაა
  • „ნაციონალები“ ახლა სამართლიანობის სახელით იბრძვიან პარლამენტსა თუ მის გარეთ
  • მასობრივ დაჭერებს და პროკურატურაში გამოძახებებს პოლიტიკური სუნი არ უდის
  • ამჟამინდელი მთავრობის ქმედებები ახლაა სასაცილო, თორემ სამომავლოდ უნდა ნახოთ თქვენ! (დაახლოებით „იქ უნდა ყოფილაყავი“ ტიპის ხუმრობასავით)
  • „ნატოსა“ და ევროკავშირში შესვლას, უბრალოდ, ჩვენ არ ვინდომებთ, თორე ისე მკლავებს გვაგლეჯენ თხოვნით
  • აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სულზე არიან, როდის შემოუერთდებიან ისტორიულ სამშობლოს
  • „რუსთავი 2“ სამართლის სადარაჯოზე ანთებული ჩირაღდანია, ამ სიბნელეში
  • „TV9“ და „მაესტრო“ ობიექტური მედიაა
  • პენსიონერებს 150 ლარი ეყოფათ თვიდან-თვემდე
  • ხუთლარიანი დაზღვევა ადამიანების სამომავლო ჯანმრთელობის გარანტია
  • მშიერი ადამიანი თუ შიშმშილს „გაგებით მოეკიდება“, დანაყრდება
  • მათხოვრები აღარ არიან კვლავ ქუჩაში
  • ლტოლვილები არ იჭრებიან საავადმყოფოებში
  • პოლიტიკა მხოლოდ პატიოსანი ადამინებისთვისაა და არ არის გაჯერებული პოლიტიკური მეძავებით
  • ეს წინა მთავრობა გვატყუებდა, თორე ესენი სულ ჩვენთვის ზრუნავენ და მათი დაპირებები რეალურია („მტკნარი წყლის სიმართლის“ ფენომენს ვეძახი მე მსგავს მოვლენას)
  • პროსტიტუციას რამდენიმე ადამინის საჯარო დაპატიმრება ამოძირკვავს, რადგანაც ამჟამად ესაა სწორედ „რაც ერს უნდა“
  • სექსუალური ხასიათის ნივთების შესახებ მიღებული კანონპროექტი ჰაერივით იყო საჭირო. სხვა ყველაფერი კარგად გვაქვს, ესღა გვაკლდა იბერიის გასაბრწყინებლად.
  • არ არსებობენ სექსუალური და რელიგიური უმცირესობები (ტყუილად არ უთქვამს ჭკვიან ერს: „ქართველი გეი არ არსებობს!“)
  • ჰომოფობია ჭორია უბრალოდ
  • რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებები არ ხდება
  • არ ვართ არმენოფობები, რუსოფობები, რასისტები
  • საქალწულე აპკი პატიოსნების უტყუარი ლაკმუსია
  • ეს ჩვენა ვართ ნიჭიერები და კარგები,  ყველა დანარჩენი უცოდინარი და გაუნათლებელია
  • ადამიანები აღარ ეძებენ ქვეყნიდან გასაქცევ გზებს
  • მუშაობა გვეზარება, თორემ სამუშაო ადგილები თავზესაყრელად აქვს ქვეყანას
  • ამ გზით თუ წავალთ, ყველაფერი კარგად იქნება

ეგებ ასე, თვალზე ხელაფარებულებს, ჩაგვეძინოს კიდეც… იმედია, სიზმრად გაბრწყინებული ივერია მოგვევლინება…

***

გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირი“ თუ გინახავთ, შეამჩნევდით, რომ რამდენჯერმე მეორდება კადრი, როცა მთავარი გმირი, თედო, თვალებს ხუჭავს, რამდენიმე წამით მაინც გაურბის მწარე რეალობას და ხვდება შორს, აფრიკის სავანებში, სადაც მისთვის ასე ეგზოტიკურ ჟირაფებსა და ზებრებს აკვირდება.

საოცარი კადრია, ვერაფერს იტყვი… ერთდროს მეც შემეძლო ასე…

გაღმა ნაპირი