24 საათი კლინიკის ცხოვრებიდან

სტანდარტული

ერთი რიგითი მორიგეობის დეტალური აღწერა კარგახნის წინ ჩავიფიქრე. სიმართლე გითხრათ, მეზარებოდა იმ ყოველივეს აღწერა, რასაც დღის განმავლობაში კლინიკაში ვხედავ, ვაკეთებ და განვიცდი. ვთვლიდი, რომ არავისთვის საინტერესო არ იქნებოდა მსგავსი შინაარსის პოსტი და ბევრს შესაძლოა არასწორად გაეგო აღნიშნული განცდები. საბოლოოდ, მაინც გადავწყვიტე ჩემი ერთი სამუშაო დღე გაგიზიაროთ.

ეძღვნება ოთოს! ბიტლომანს, ერთგულ მკითხველსა და ექიმობაზე მეოცნებეს.

***

კვირა დღე ქირურგიულ განყოფილებაში მოსაწყენია. გეგმიური ოპერაციები არ ტარდება და ხშირად მთელი დღე უქმად გვიწევს ჯდომა. ეს კიდევ უფრო დამღლელია, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.

12 საათზე მივედი საავადმყოფოში. დაცვის ბიჭებს მივესალმე, ხალხის სიმრავლემ გამაკვირვა ცენტრალურ შესასვლელში. “რეანიმაციაში უწევთ ახლობელი და იმასთან არიანო” – ასე მითხრეს.

განყოფილებაში ქირურგებს მივესალმე, ექთნები გადავკოცნე და გამოსაცვლელად წავედი. სწაფად ჩავდექი სამუშაო ფორმაში.

საორდინატოროში სიწყნარეა. პაციენტებით სავსეა განყოფილება. ექთნებს დამხმარეებიც ჰყავთ დღეს. საექთნო კოლეჯის გოგოები არიან ჩვენთან პრაქტიკაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნემსების კეთება, წნევის/სიცხის გაზომვა არ მიწერია დღეს. ტელევიზორთან ჩამოვჯექი. საინფორმაციოს ვადევნებ თვალს. არაფერი განსაკუთრებული და საინტერესო, როგორც ყოველთვის.

***

ქირურგი შემოდის.

-წამო, დიტი, ოპერაცია გვაქვს, აპენდიციტის! ამოიყვანდნენ უკვე.

ოჰო, უკვე საინტერესოა. მინიმუმ ერთი ოპერაცია უკვე ნიშნავს, რომ მორიგეობა შედგა.

საოპერაციო ბლოკში ექთნები ტრიალებენ. ინსტრუმენტებს ალაგებენ, ემზადებიან მუშაობისთვის. პარალელურად გინეკოლოგებსაც ოპერაცია აქვთ. ორივე საოპერაციო გვერდი-გვერდ არის განლაგებული. ამ სისწრაფეში ჩვენი პაციენტის გვარიც არ მიკითხია. არ ვიცი საით უნდა შევიდე. ექთნებმა დამაკვალიანეს. დღეს V საოპერაციო გვერგო.

ავადმყოფი უკვე დააძინეს. ქირურგები ხელს იბანენ. აქაც სუბორდინაციაა. მე ბოლო ვარ. საოცარი განცდაა ოპერაციის წინ ხელის დაბანის პროცედურა. ამ დროს გონება სრულიად თავისუფლდება ყოველგვარი აზრისგან, საფიქრალისაგან. დაზეპირებული წესით იქაფებ ხელებს და არაფერზე ფიქრობ, საერთოდ. რამდენიმე საათიან ძილსაც კი გაუტოლდება ეს წუთიერი სიცარიელის განცდა.

***

მკვეთრი, თბილი სინათლე… ბრჭყვიალა ინსტრუმენტები… ხელის სწრაფი მოძრაობა და პირველი სისხლი… წითელი, საოცარი ფერის სითხე, ჭრილობის კიდეებიდან რომ იწყებს ჟონვას და გადმოხეთქვას ლამობს… მარლის თეთრი საფენი… დაშრობა… პირველი კოაგულაცია და ელექტროდანით დამწვარი ცხიმის სუნი ოთახში… ამ სურნელს ყველაფერში გამოარჩევ ადამიანი… ერთხელ თუ შეისუნთქე, არასოდეს გავიწყდება… საკერავი ძაფის გასრიალება თითებს შორის…

ოპერაცია სტანდარტული პროტოკოლით მიმდინარეობს, რომლის აქ მოყოლით, უბრალოდ თავს შეგაწყენთ.

50 წუთში ხელთათმანებს და ხალათს ვიხდი. წინ ყველაზე საშინელი პროცესია: ისტორიის დაწერა. დარწმუნებული ვარ ყველა ექიმს შინაგანად ეზიზღება ჯღაბნა და ამიტომაცაა, ალბათ, რომ მათ ნაწერს ვერავინ კითხულობს. ესეც მოვილიეთ. საორდინატოროში ვბრუნდები.

***

ქირურგიული დეპარტამენტი ერთგვარად ფრონტის ხაზს ჰგავს. დამქანცველი ბრძოლის შემდეგ, ხანგრძლივი სიწყნარე დგება. საათნახევრის განმავლობაში კვლავ ტელევიზორთან ვზივარ. მოხრიალე დამაზომბებელ ყუთში ახალს არაფერს გადმოსცემენ.

***

ტელეფონის ზარი მიმღებიდან. გამოგვიძახეს. საოცრად საინტერესოა გზა მეექვსე სართულიდან პირველამდე. არ იცი რას უნდა ელოდო, რა დაგხვდება. ერთგვარი ჟინი გაქვს, რაიმე საინტერესო შემთხვევას წააწყდე. საკმაოდ იშვიათია მსგავსი ბედნიერება. ახლაც ასე მოხდა. უბრალოდ ქირურგის კონსულტაცია სჭირდებათ. გასინჯვას ვაკვირდები. ავადმყოფი ახველებს. ტუჩებს ხელსახოცით იწმენდს, რომელსაც სისხლის წითელი, წვრილი კვალი აჩნდება. ახალი ხელსახოცი ავიღე, რომ მივაწოდო. ისევ ჩაახველა. თეთრი ხალათის წინა კიდე წვრილი წინწკლებით იფარება. არადა, გუშინ გავრეცხე და დავაუთოვე. ახლა მთელი დღე სისხლიანი ხალათით მომიწევს ყოფნა…

***

ისევ საორდინატოროში ვბრუნდები. ამჯერად დაჯდომასაც ვერ ვასწრებ. ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან გვირეკავენ. აღნიშნული განყოფილება იგივე რეანიმაციაა, ოღონდ უფრო “ლაითი” პაციენტებისთვის.

ჩვენი პაციენტი მოხუცი ბაბუაა. ლოგინად ჩავრდნილს კარგად ვერ მოუარეს სახლში და ახლა კუდუსუნზე დიდი ნაწოლი აქვს. ჩვენ მკვდარი ქსოვილის მოსაჭრელად დაგვიძახეს. ჩირქოვანი ქირურგია არავის უყვარს. ასე რომ ვთქვათ, ბინძური სამუშაოა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკეთოს?

მომზადებას და ნეკრექტომიას ( მკვდარი ქსოვილების მოცილების ოპერაცია) საკმაო დრო დასჭირდა, მაგრამ რად გინდა? სისხლი არ ჩერდება. ჭრილობიდან ჟონავს და უბრალოდ ზეწოლით არ ჩერდება. ამინოკაპრონით გაჟღენთილ საფენებს ვადებთ. ქვეშიდან ყინულსაც ვუმატებთ. რამდენიმე საწოლის იქეთ ავადმყოფს ჭრილობაზე დაფენილი საფენები აქვს გამოსაცვლელი.

-მე მივხედავ!- ვეუბნები ქირურგს.

ერთ-ერთ ექთანს რეზო ჭეიშვილის მოთხრობების კრებული აქვს მოტანილი. გამოვართვი. “ცისფერ მთებს” გადავხედე. ბაბუს სისხლდენა არ უწყდება. არადა მალე დიალიზზე უნდა გაიყვანონ. ყინულს რეანიმაციას დავესესხე. საორდინატოროში ვბრუნდები, ქირურგიის განყოფილებაში.

20 წუთით დავაცდით ბაბუს. ეგებ გაჩერდეს ამასობაში, თორემ შემდეგ ელექტროკოაგულაციით მოგვიწევს მოწვა.

***

ინტენსიურში დავბრუნდი. შესასვლელში, პირველ საწოლზე მოხუც ბებოს გული გაუჩერდა. ექიმი და ექთნები რეანიმაციას იწყებენ .წლებია უკვე რეანიმაცია არ ჩამიტარებია. წამში მახსენდება მთელი პროტოკოლი. საწოლის თავი ჩავწიე, ბალიში გამოვაცალე. ექიმი გულმკერდის მასაჟს იწყებს. მონიტორზე ბიძგებით შექმნილ ხელოვნურ გულისცემას ვაკვირდები.

-ხომ არ შეგეცვალოთ?

-მიდი!

მასაჟს ვაგრძელებ.

cpr1

გონებაში ვითვლი. კარგად მივდივარ. სიღრმე ნორმალურია. რა დრო გავიდა რესპუბლიკურის რეანიმაციიდან მოყოლებული. სხეულს მაინც ახსოვს ყველაფერი დეტალურად.

ექთანი მეცვლება… ვაგრძელებთ… უშედეგოდ…

-მორჩა! გარდაცვალების დრო ჩაინიშნეთ! გააპატიოსნეთ!- დავალება მისცა ექიმმა ექთნებს.

არანაირი ემოცია. სუნთქვა და გულისცემა თანაბარი, საოცრად მშვიდი მაქვს… ეზოში მაშხალების ბუთქუნი და შეძახილები გაისმა. ვიღაც მოევლინა ქვეყანას. “ესაა ალბათ სიცოცხლის წრე”- ვფიქრობ ჩემთვის…

***

ჩემს ბაბუს სისხლდენას ვერ ვუჩერებ. ქირურგს ამბავს ვატყობინებ და საოპერაციო ბლოკიდან კოაგულაციის აპარატი ჩამომაქვს. ელექტროდანამ საბოლოოდ გააჩერა სისხლდენა… ისევ დამწვარი კუნთების და ცხიმის სუნი…

***

მშობლიურ ქირურგიულ განყოფილებას ვუბრუნდებით. 11 დაიწყო უკვე. წვივები მტკივა. ხალათს ბაბუს სისხლიც შეემატა. ახლა ვხვდები, ქირურგებს ყასბებს რატომ ეძახიან. გახდასაც ვერ ვახერხებ, შემცივდება მერე.

***

ისევ მიმღები. მთვრალი, ნაცემი კაცი შემოყავთ. ძლივს აკავებენ საკაცეზე. ოდნავ წამოიწია, მუშტი შეკრა. რამდენიმე წამიც და მარჯვენა ხელთან დახრილ ექიმს უთავაზებს თავში. მარცხენა ლავიწზე ვაწვები. ნეკნები ეტკინა. ხელის მოქნევა ვეღარ შეძლო. სანიტარმა დაუჭირა თავისუფალი კიდური. ასეა, ზოგჯერ ტკივილსაც შეუძლია სამსახური გაგიწიოს.

***

ახალი პაციენტი შემოჰყავთ. სპიცი აქვს დარტყმული მუცელში. ამაზე საზიზღარი ჭრილობა არ არსებობს. გარედან თითქმის არაფერი ეტყობა და მუცელში ამ დროს საშინელება ხდება. ადამიანმა თუ ვერ დაინახა დარტყმის მომენტი, შეიძლება ვერაფერი იგრძნოს და მოგვიანებით უეცრად გახდეს ცუდად. სასწრაფოდ აგვყავს საოპერაციოში. ანესთეზიოლოგებს ვეძებ.

ხელებს ვიბან… საოცრად მშიდი ვარ… წინ დიდი ოპერაციაა.

***

მიყვარს სკალპელი. ერთადერთხელ იყენებენ, მაგრამ ინსტრუმენტები მაგიდაზე ოპერაციის ბოლომდე მაინც საპატიო ადგილი უჭირავს.

Blood on Scalpel Blade

***

ამჯერად დიდი განაკვეთი გავაკეთეთ. საოცარი სითბოა მუცელში. ნაწლავის მარყუჟებს შორის ხელზე მცირედ მოძრაობას ვგრძნობ. ვერაფერს შეადარებ ამ განცდას…

ადვილად გადარჩა, გაუმართლა საოცრად. სპიცამ ნაწლავი არ დააზინა.  დიდ ოპერაციას გადავრჩით. საათნახევარში მოვრჩით. ჭრილობა გასაკერად მე დამიტოვეს. ფრიად გახარებული ვარ. სიამოვნების განცდა გეუფლება, როცა შენს მიერ გაკერილ ჭრილობას უყურებ. ალბათ, მხატვრებიც ასე შესცქერიან საკუთარ შედევრებს, იციან რა, რომ ისინი საუკუნეებს გაუძლებენ…

***

წვივები დამეჭიმა. ფეხებს ძვლივს ვადგამ. ისტორიის დაწერას გადავურჩი. ინტენსიურში ბაბუ კარგადაა. სისხლდენა არ განახლებულა ჭრილობიდან.

***

მიმღებში ჩავედი. ის მთვრალი, ნაცემი კაცი საწოლიდან წამომდგარა, ვენებიდან გადასხმები მოუგლეჯია და ახლა სანიტარს ეჭიდავება. ორივე ხელში ჩადგმული კათეტერებიდან სისხლი წვეთავს. ფეხზე ძლივს დგას. ხელთათმანებს ვიღებ, მაგრამ ჩაცმას ვერ ვასწრებ. მხარში შევუდექი ნასვამ პაციენტს. ტუალეტისკენ მიმყავს. ეს უკვე მესამე ადამიანის სისხლის წვეთები ესხმევა ჩემ ხალათს… ნარწყევით დასვრილ პაციენტის ხელს კისერზე ვიდებ, მეორე ხელი მის ზურგს შემოვატარე. “კაი ძმა-ბიჭებივით” გადახვეულები მივდივართ ტუალეტიდან უკან, მიმღებისკენ. დავაწვინე, ექიმს ჩავაბარე. განყოფილებაში ვბრუნდები. გზად ლაბორატორიაში გავიარე და ანალიზები წავიყოლე.

***

3-ის ნახევარია. სხეულს ვერ ვგრძნობ. ექთნებს ვეუბნები, რომ თუ დასჭირდათ, გამაღვიძონ. ვწვები. დაჭიმულ სხეულს მოდუნება უჭირს.

“ალბათ მაზოხისტი ვარ! ასეთი დღის მერე მაინც სიამოვნების განცდა რომ მაქვს… მგონი, ყველა ექიმი მაზოხისტია, თორე…”

აზრი მებნევა… მკვდარივით მეძინება… დილიდან ახალი დღე დაიწყება…

Advertisements

31 responses »

  1. მაგარია! ასე გააგრძელე.

    მეორე პოსტიც (რეანიმაციაზე) ეხლა წავიკითხე, ძალიან მომეწონა 🙂

  2. რომ იცოდე, რა სიამოვნებით წავიკითხე. ვგიჟდები სამედიცინო ამბებზე და ისედაც ექიმების საზოგადოება და მათთან საუბარი, ყველაზე საინტერესო ხალხია ჩემთვის, ვისაცვიცნობ ყველას აქვს საუკეთესო იუმორი და არასემაწუხებელი ინტელექტი. ხშირად მწყდება გული, რომ ექიმი არ ვარ, არადა ვაპირებდი. რასაცახლა ვაკეთებ იმის გარდა ალბათ მხოლოდ ექიმობა გამომივიდოდა ასევე კარგად. კიდევ დაწერე ასეთი, დაველოდები.

      • კი, შენ წარმოიდგინე ერთგვარი ნიჭიც მაქვს. ყოფილა ბევრჯერ ჩემი მეგობრებისტვის მე დამისვამს დიაგნოზი, მერე წასულან ექიმთან და იგივე უთქვამთ იქაც და მერე შაყირობენ, რასაც ეს უფასოდ გვეუბნება მერე იმაში იქ ფულს ვიხდითო 🙂 სამედიცინო ენციკლობედია, ტერაპიული ცნობარი, ალადაშვილის შინაგანი სნეულებანი და ასე შემდეგ 🙂 გამოსაჩენ ადგილას დევს ჩემს თაროზე 🙂

  3. ღმერთმა კარგი გაძლება მისცეთ ექიმებს! მიკვირს ქირურგებს მადა აქვთ ნეტა საერთოდ ან ჭამის დროს არ ახსენდებათ სამსახურის ეპიზოდები?! სისხლი ერთ-ერთი ფაქტორი იყო რასაც ვერაფრით ვერ შევეგუე(ან როგორ ეჩვევიან არ ვიცი) და გადამაფიქრებინა სამედიცინოზე ჩაბარება. მიყვარს ჩემი “ხულიგანი” ქირურგი ზურა ექიმი,მაგრამ მაინც ყველა ექიმისგან შორს ყოფნა მირჩევნია 😀
    მგონი ამ ბლოგის აქტიური მკითხველი გავხდები 🙂

    • სისხლი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია, რომელსაც ყურადღებას არ აქცევ და ამიტომაც არც შემდგომში გახსენებს თავს.
      მოხარული ვიქნები, თუ ბლოგის კითხვას გააგრძელებ 🙂
      მადლობა კომენტარისთვის

    • ე.ტ.ნ-ის ქვეშ გატარდა მაკ-ბურნეი განაკვეთი სიგრძით 5-7 სმ. შრეობრივად გაიხსნა მუცლის ღრუ. მოიძებნა ცეკუმი ჭია ნაწლავთან ერთად. აპენდიქსი- სიგრძით 7-8 სმ. განიცდის ფლეგმონოზურ ცვლილებებს. აპენდიქსი გადაიკვანძა საკუთარ ჯორჯალთან ერთად. ჩატარდა ტიპიური აპენდექტომია. ტაკვი ჩაბრუნდა ქისისებრ ნაკერში, ზემოდან დაედო Z-სებრი ნაკერი. მცირე მენჯის რევიზიით სხვა პათოლოგია არ ვლინდება. მუცლის ღრუ დაიხურა შრეობრივად, ყრუდ. ჰემოსტაზი სრული. კანზე დაედო კვანძოვანი ნაკერი, ასეპტიური ნახვევი.
      ესეც ამ ოპერაციის სტანდარტული, საისტორიო აღწერა 🙂

  4. დედაჩემი გამახსენდა 🙂
    ვერც იხ ვერ იტანს ისტორიების წერას და ბევრჯერაც უთქვამს ალბათ მახოზისტი ვარო.
    პ.ს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი კიდევ ერთ პოსტს მსგავსი შინაარსით 🙂

    • წვრილი, გრძელი, წვერწათლილი რკინაა. აი, ველოსიპედებს რომ აქვს ბორბლებზე, მაგას ეძახიან სპიცს.

      • ა უი -_-

        პ.ს ხშირად წერე ხოლმე რა ესეთი პოსტები ❤
        ამას სიამოვნებით ვკითხულობ, ფილმებზე პოსტებისგან განსხვავებიტ :დ

      • საათნახევარი რომ მიდის და არ ჩერდება და ვერც გვამს პოულობენ და ტყუილად ულაწუნებენ სახეში :დდ

        ან, კარტოფილს რომ ჭამს თქვლეფით -_-

        ნეაჰ :დ ბლანძიკებისთვის გათვლილი ფილმები მიყვარს მე :დ

      • ერთხელ ვიყავი მხოლოდ შემოსული და მაშინაც რელიგიურ ბატალიებში ჩავერიე, თუ სწორად მახსოვს :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s