Monthly Archives: თებერვალი 2013

ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- პრესუიციდური პერიოდი

სტანდარტული

რამდენად ჭეშმარიტია მწერლის შემოქმედება,  ამას მკითხველი და დრო წყვეტს. გაცილებით საინტერესო კითხვაა, არის თუ არა შემოქმედება შემოქმედის შინაგანი სამყაროს ანარეკლი, ერთგვარი სარკე მის სულში ჩასახედად. ჭეშმარიტი ხელოვანი სრულებით განიცდის იმას, რაც შემდგომ ფურცელზე გადააქვს. ეს აუცილებელია, საჭიროა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები უბრალოდ ფუჭი სიტყვათა რახარუხია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ემოციას, განცდას. კარგი მკითხველი კი ფარსს ადვილად გრძნობს.

ფანტაზიის უსაზღვრო უნარი საშუალებას აძლევს მწერალს საკუთარი თავი ნაწარმოების გმირის პოზიციაში დააყენოს. განიცადოს, სხეულის ყოველი უჯრედით შეიგრძნოს მის წინაშე დამდგარი პრობლემა, შემდგომ კი გამოსავლის ძებნას შეუდგეს… მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების მოქმედი გმირის წინ ერთადერთი გზა რჩება? გზა მოკვდინებისა, საკუთარი ხელით? იგი სუიციდს მიმართავს და უნებურად მწერალიც თავს იკლავს… საკუთარ ფანტაზიაში…

როგორ იკლავდა თავს იაპონელი მწერალი, რიუნოსკე აკუტაგავა, წიგნის ფურცლებზე და რეალურ ცხოვრებაში…

დასაწყისი- ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- სუიციდამდელი პერიოდი

akutagawa-10

პრესუიციდალური პერიოდი- ესაა პერიოდი თვითმკვლელობის აზრის გაჩენიდან საკურივ სუიციდამდე. ძირითადად ამ დროს იკვეთება ანტივიტალური აზრები. აღნიშნულ პერიოდში ორი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ:

  1. პასიური სუიციდალური აზრების გაჩენა, ფანტაზირება საკუთარ სიკვდილზე.
  2. სუიციდალური განზრახვები: თვითმკვლელობის დაგეგმვა, დროის, ადგილის, მეთოდის შერჩევა

– თქვენ ყველას, ალბათ, ჯერ კიდევ დიდი წყურვილი გაქვთ ცხოვრებისა, ჰა?
– დიახ… მაგრამ აკი თქვენც…
– არა, მე აღარ! შემოქმედების წყურვილი შემომრჩა მხოლოდ, მაგრამ…
მართლაც ასე გრძნობდა. შეუმჩნევლად დაკარგოდა ცხოვრების ხალისი. – შემოქმედების წყურვილი იგივე ცხოვრების წყურვილია.

ანტივიტალური აზრების პარალელურად, მწერლის შემოქმედებაში პირველად ჩნდება ფანტაზიები საკუთარ სიკვდილზე, მოთხრობაში „სიკვდილის შემდეგ“ (1925 წ), მიუხედავად ამისა, მწერალი არ კარგავს თვითკრიტიკას და საკუთარ სიკვდილს, რომელიც სიზმრის სახით გამოხატა ნაწარმოებში, შეფასებასაც აძლევს:

„ცოლთან მიმართებაში საოცრად ეგოისტურად მოვიქეცი… მე საშინელი ეგოისტი ვარ.“

აღნიშნული ტიპის თვითკრიტიკა საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ავადმყოფური ჩანაფიქრის საპასუხოდ, აქტიურდ არის ჩართული ანტისუიციდალური მექანიზმი, რომლის სიძლიერეზეც არის ხოლმე დამოკიდებული პროცესის საბოლოო გამოსავალი. თუ აღნიშნული მექანიზმი იმძლავრებს სუიციდალურ ფიქრებთან ლოგიკური მსჯელობით ბრძოლაში, ადამიანი თვითმკვლელობის აქტს არ ახორციელებს. აღნიშნული ტიპის სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინება საუკეთესოდაა წარმოჩენილი აკუტაგავას მთლიანი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობაში – „დიალოგი წყვდიადში“.

ფსიქიატრიული მიდგომის კუთხით, აღნიშნული ნაწარმოები  პრესუიციდალურ პერიოდში მყოფი ადამიანის  ფიქრების  ქრესტომატიულ ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.

***

ხმა. ეტყობა არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?

მე. მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი. და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.

***

ხმა. მაგრამ თავს მაინც არ იკლავ. ეტყობა, მართლავ გაგაჩნია ერთგვარი ძალა.

მე. არაერთხელ დავაპირე თავის მოკვლა. მინდოდა ჩემს სიკვდილს ბუნებრივი ელფერი ჰქონოდა და ამიტომ, ყოველდღიურად ათ-ათ ბუზს ვჭამდი.

ანალოგიური სურათი იხატება ასევე სიკვდილის წინ დაწერილ მოთხრობაში “ცხოვრება იდიოტისა”

ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა.

აქ ნათლად ვხედავთ, რომ აკუტაგავას გონება სუიციდურ ჩანაფიქრებს მთლიანად მოუცავს. სახეზეა თვითმკვლელობის მეთოდების ძიება. აღსანიშნავი და ყურადსაღები ის ფაქტი გახლავთ, რომ დეპრესიას ისე მოუცავს მწერლის მთლიანი შინაგანი სამყარო, რომ ის სიცოცხლესთან გამოთხოვებისთვის განსაკუთრებულ მიზეზს არ საჭიროებს. ამ ყოველივეს საპასუხოდ, მეტად აქტიურად მუშაობს ანტისუიციდალური ფაქტორების წარმოჩენა: ფიქრები ოჯახზე, საკუთარ სამწერლობო საქმიანობაზე, ვალდებულება მასწავლებლის წინაშე, მაგრამ ამ ყოველივესაც ეტაპობრივად აბათილებს შემდგომ მსჯელობაში:

ხმა. ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ?

მე. ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – შემთხვევითობამ, ჩემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება.

საკუთარ პასუხიმგებლობას მწერალი კარგად აანალიზებს, რასაც მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ავადმყოფური აზრის საპასუხოდ კრიტიკა არსებობს, რაც საერთოდ იკარგება მის სიკვდილისწინა მოთხრობებში. ასევე იკვეთება ადამიანის არსის შესახებ ძირეული კითხვა, რაც აკუტაგავას კრიტიკის სიღრმეზე მიგვანიშნებს:

მაგას მეც ვფიქრობ: ვინა ვარ, ბოლოს და ბოლოს?

ამ ყოველივეს პარალელურად ჩნდება შემდეგი ტიპის აზრები:

არა, მე არ გამაჩნია ვაჟკაცობა. გულადი რომ ვიყავი, ჩემივე ნებით კი არ ჩავუვარდებოდი ლომს ხახაში, მოვუცდიდი, როდის გადამსანსლავდა თვითონ.

მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ.

ჩემი ნაწერები არ გამოირჩევა ორიგინალობით.

აქ რთული სათქმელია, რასთან გვაქვს საქმე. თუკი მსგავსი სახის თვითბრალდების აზრები მოკლკებულია რეალურ საფუძველს, მაშინ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სახეზეა დეპრესიული ტიპის ბოდვითი აზრები. მეორეს მხრივ, ეს შესაძლოა გახლდეთ აკუტაგავასეული კრიტიკული თვითშეფასება. აღნიშნულთან დაკავშირებით მეტად საინტერესო იქნებოდა დამატებითი ფაქტების ცოდნა მისი ბიოგრაფიის შესახებ ობიექტური კუთხით. თუმცა, ჩემი აზრით, მსგავსი აზრები (და არა ბოდვა), თავისთავად მიუთითებს ღრმა დეპრესიაზე. მისი ხასიათის დაზუსტება კი ფსიქიატრიული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით იქნებოდა საინტერესო და ინფორმატიული.

აღნიშნული სახის დეპრესიული აზრების საპასუხოდ კვლავ ჩნდება საპასუხო მსჯელობაც, რომელსაც იქვე უარყოფს აკუტაგავას გონება:

ხმა. გაიხსენე უაილდი. სამი წელი რომ გაატარა ციხეში. იგი ამბობდა: “თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს”.

მე. უაილდმა არაერთხელ განიზრახა თავის მოკვლა ციხეში და თუ არ მოიკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხა.

სახეზეა ანტისუიციდალური ფაქტორების წარმოჩენის საუკეთესო მაგალითი, თანშერთული ლოგიკური მსჯელობით, კრიტიკით. აღნიშნული განსჯითი ფიქრის პროცესის არეალი საკმაოდ დიდია და თავისთავში მოიაზრა თითქმის ყოველგვარი სახის არგუმენტი სიკვდილის წინააღმდეგ სიცოცხლის სასარგებლოდ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აკუტაგავა წერს:

არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.

თუმცა, ნაწარმოების დასასრულს ჩანს, რომ ანტისუიციდალურმა აზრებმა გამარჯვება მოახერხეს ამ ეტაპზე, რამაც მწერალს სიცოცხლის 8 თვე მოაგებინა

აკუტაგავა რიუნოსკე! აკუტაგავა რიუნოსკე! უფრო ღრმად ჩაეზარდე მიწას ფესვებით. შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე განიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უკდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები.

1927 წლის 7 აპრილს რიუნოსკე აკუტაგავა დაწერს:

წერის თავი აღარ მაქვს. ამგვარ სულიერ მდგომარეობაში ცხოვრება აუტანელი ტანჯვაა! ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც წყნარად მიმახრჩობს, სანამ მძინავს?

და მაინც, რატომ წააგო თითქმის მოგებული ომი მწერალმა საკუთარ გონებასთან, რამაც ის კვლავ სიკვდილის აუცილებლობამდე მიიყვანა? აღნიშნულ საკითხებზე ვისაუბრებთ პოსტში ” აკუტაგავას სუიციდის ორგანული მიზეზები”

წყარო: ბურუსი

“დიალოგი წყვდიადში”

“ცხოვრება იდიოტისა”

ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- სუიციდამდელი პერიოდი

სტანდარტული

რამდენად ჭეშმარიტია მწერლის შემოქმედება,  ამას მკითხველი და დრო წყვეტს. გაცილებით საინტერესო კითხვაა, არის თუ არა შემოქმედება შემოქმედის შინაგანი სამყაროს ანარეკლი, ერთგვარი სარკე მის სულში ჩასახედად. ჭეშმარიტი ხელოვანი სრულებით განიცდის იმას, რაც შემდგომ ფურცელზე გადააქვს. ეს აუცილებელია, საჭიროა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები უბრალოდ ფუჭი სიტყვათა რახარუხია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ემოციას, განცდას. კარგი მკითხველი კი ფარსს ადვილად გრძნობს.

ფანტაზიის უსაზღვრო უნარი საშუალებას აძლევს მწერალს საკუთარი თავი ნაწარმოების გმირის პოზიციაში დააყენოს. განიცადოს, სხეულის ყოველი უჯრედით შეიგრძნოს მის წინაშე დამდგარი პრობლემა, შემდგომ კი გამოსავლის ძებნას შეუდგეს… მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების მოქმედი გმირის წინ ერთადერთი გზა რჩება? გზა მოკვდინებისა, საკუთარი ხელით? იგი სუიციდს მიმართავს და უნებურად მწერალიც თავს იკლავს… საკუთარ ფანტაზიაში…

როგორ იკლავდა თავს იაპონელი მწერალი, რიუნოსკე აკუტაგავა, წიგნის ფურცლებზე და რეალურ ცხოვრებაში…

გაგრძელება- ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- პრესუიციდური პერიოდი

ryonusuke

***

სანამ შემოქმედის ნაწარმოებთა ქრონოლოგიურ ანალიზს მივყოფ ხელს, მცირეოდენი ინფორმაცია ფსიქიატრიიდან.

სუიციდალური ქმედების დინამიკაში გამოყოფენ პერიოდებს: სუიციდამდელი პერიოდი, პრესუიციდალური პერიოდი და საკუთრივ სუიციდი. პრესუიციდული პერიოდი შეიძლება იყოს მწვავე (რამდენიმე წუთის ხანგრძლივობის) და ქრონიკული (რამდენიმე თვის ხანგრძლივობის)  სუიციდის აქტი სუიციდამდელი და პრესუიციდური პერიოდების აუცილებელ გაგრძელებას არ წარმოადგენს.

***

აკუტაგავას მთლიან შემოქმედებას თუ გადავავლებთ თვალს, ყურადღებას მიიპყრობს ის ფაქტი, რომ მისი ნოველები ყოველთვის ერთგვარი სევდით არის განმსჭვალული. მსგავს დეპრესიულ განწყობაზე და აღნიშნული კაეშანის მიზეზებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამჟამად, სრულიად სხვა რამეს მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. შევეცდები, ამ კონკრეტული თვითმკვლელობის დინამიკის კლინიკური ნიშნები ამოვიცნო და წარმოვაჩინო მწერლის შემოქმედებაში.

***

სუიციდამდელ პერიოდში აღინიშნება მარტოსულობის განცდა, ანჰედონია (სიხარულის განცდის გაქრობა), ცხოვრებისეული წარუმატებლობის განცდა, შემოქმედებით საქმიანობაში სიკვდილის თემის წინ წამოწევა.

ზოგადად, სიკვდილის თემას აკუტაგავას ადრეულ ნაწარმოებებშიც ვხვდებით, მაგრამ მას ძირითადად მორალურ- ტრადიციული დატვირთვა გააჩნია და მოქმედ პერსონაჟთა შინაგან სამყაროსთან მჭიდრო კავშირშია (სანემონის დანაშაული წყარო: litklubi.ge) ყურადსაღებ ფაქტად მეჩვენა, მისი 1923 წლის დეკემბრით დათარიღებული მოთხრობა, „მიწის ნაგლეჯი“. ნაწარმოებში აღწერილია უკაცოდ დარჩენილი  ოჯახის რთული ყოფა და ამ ფონზე  რძალ-დედამთილური ურთიერთობა. მძიმე ფიზიკური შრომა მოხუც დედამთილს ძალას არმევს და ერთგვარად აიძულებს მას სიკვდილზე იოცნებოს.

ის ნათლად მიხვდა ერთს: რამდენიც არ უნდა ეცადოს, მოსვენებას ვერ ჰპოვებდა, სანამ სამუდამოდ არ დახუჭავდა თვალებს

სუიციდამდელი პერიოდის ათვლის წერტილად მწერლის შემოქმედებაში სწორედ ეს ნოველა მივიჩნიე. შემდგომში გამოქვეყნებულ ნაწარმოებებში სიკვდილის, დაღლილობის და ცხოვრების გაუსაძლისობის თემები უფრო და უფრო წინა პლანზე იწევს.

საოცრად მძიმე და სულისშემძვრელი გამოდგა მისი მოთხრობა „სიცივე“, რომელიც 1924 წლის აპრილში იწერება. მწერალი  მაღალმხატვრულობით აღწერს მატარებლის რელსებში ჩავარდნილი კონტროლიორის გვამიდან მომდინარე სიხლს. ამ ყოველივეს იმდენად საოცრად ახერხებს მწერალი, რომ შეუძლებელია ძრწოლამ არ აგიტანოთ… სიკვდილის ძრწოლამ…

მკვეთრი, ალისფერი ლაქა, ცივად მოელვარე რკინაზე, წამის გაელვებაში დაღივით დააჩნდა მის სულს. ამასთან ერთად, სისხლს მსუბუქი ორთქლიც ასდიოდა

აღნიშნულმა მოთხრობამ დამაფიქრა, რომ მწერალი სიკვდილის ესთეტიურ მხარეზე ჩაფიქრდა, რაც შემდგომში მის მიერვე არჩეულ თვითმკვლელობის მეთოდშიც გამოიხატა.

„სიცივის“ კვალდაკვალ, აპრილშივე იწერება მოთხრობა „წერილის ნაგლეჯი“. ნაწარმოებში შემოქმედი გადმოგვცემს  ნაპოვნი წერილის ფრაგმენტს, სადაც მისსავე შემოქმედების განსჯას ცდლობს ხელნაწერის ავტორი. რამდენად რეალურია აღნიშნული, რთული სათქმელია. საუბარი მაქვს წერილის პოვნის ფაქტზე, მაგრამ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა, დიდის ალბათობით შესაძლოა აკუტაგავას კალამსვე ეკუთვნოდეს.

მაგრამ, როდესაც რიუნოსკე აკუტაგავა წავიკითხე- აი, სულელი!

საყურადღებოა ის ემოცია, რაც ნაწარმოების ბოლო წინადადებაშია ჩადებული და ნათლად მიგვანიშნების მწერლის შინაგან განცდებზე:

‘წერილის ნაგლეჯი ღრმად ჩავჩარე მაგიდის უჯრაში. იქ, სხვა ძველ წერილებთან ერთად, ყვითლდება და უფერულდბა ჩემი ოცნებები“

აქ ნათლად ვხედავთ სევდას, სინანულს, ცხოვრებაში ხელმოცარულობის განცდას, რომელსაც აკუტაგავას გონება მოუცავს.

1925 წლის იანვარში იწერება მოთხრობა „ცხენის ფეხები“, რომელიც იმითაც არის საინტერესო, რომ მასში დეტალურად არის აღწერილი დეპერსონალიზაციის კლინიკური სურათი, რასაც მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ აკუტაგავას თვითმკვლელობის ორგანული მიზეზების ძიებისას. ჩემი ყურადღება მიიქცია მთავარი პერსონაჟის ცხოვრების ერთ წინადადებაში შეფასებამ

ჩვეულებრივი და უფერული- ასე განსაზღვრავდით მის პიროვნებას. ასეთივე გახლდათ მისივე ცხოვრებაც.

მსგავსი დეპრესიული ტიპის შეფასება თითქოს მისსავე ცხოვრებას აღწერს, გაუფერულებულს, სიხარულ დაკარგულს. მოვლენებს წინ გავუსწრებ და მოვიყვან ერთ პატარა ნაწყვეტს სიკვდილის წინ დაწერილი ავტობიოგრაფიული მოთხრობიდან – „ცხოვრება იდიოტისა“ (წყარო: burusi.wordpress.com)

იგი იყნოსავდა ჩვილის სუნს, თაგვისას რომ ჰგავდა და უნებლიეთ მწარე ფიქრები ეძალებოდა:
“რისთვის დაიბადა ამ ტანჯვა-ურვით სავსე ქვეყანაზე? ბედმა რად არგუნა მამად ჩემისთანა კაცი?”.
და ეს იყო პირველი ბიჭი, მისმა ცოლმა რომ შვა.

ნათლად იგრძნობა, რომ ანჰედონია მძლავრად გამჯდარა მწერლის შინაგან სამყაროში და მთლიანად მოუცვია მისი პიროვნება. ამიტომაცაა, რომ დადებითი ემოციების ნაცვლად, ეს სასიხარულო ამბავი მასში მხოლოდ დეპრესიული ტიპის ბოდვით აზრებს იწვევს.

1925 წელს დაწერილ მოთხრობაში „წერილი კურორტიდან“ მწერლის ფანტაზიაში, მის აზრებში პირველად ჩნდება თვითმკვლელობის, როგორც ცხოვრებასთან ანგარიშის გასწორების საკითხი. აღნიშნული მოთხრობა შემიძლია მივიჩნიო სუიციდის დინამიკის მორიგ საფეხურზე, პრესუიციდალურ პერიოდზე, გადასვლად, რომლის შესახებაც დაწვრილებით შემდეგ პოსტში ვისაუბრებ.

კინოს გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

სტანდარტული

„თუკი გექნებათ კარგი ქრონიკა, სერიოზული და საგანმანათლებლო სურათები, არაუშავს, მაყურებლი მოსაზიდად რაიმე უსარგებლო ფილმიც რომ აჩვენოთ… რათქმაუნდა, ცენზურა მაინც საჭიროა. კონტრევოლუციური და უზნეო ფილმები არ უნდა დავუშვათ“

ვლადიმერ  ლენინი

***

რა ძალა გააჩნია კინოს და რა ზემოქმედების მოხდენის უნარი შესწევს მას ადამიანის ფსიქიკაზე? რით ემსგავსება მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის პროპაგანდისტული კინო თანამედროვეობის ხანის ფილმებს? რა ზიანის მოტანა შეუძლია სინემას? მოვყვეთ ქრონოლოგიურად.

***

საკუთარი იდეოლოგიის გასატარებლად, ევროპული სახელმწიფოები კინოს გამოყენებას მეოცე საუკუნის ათიანი წლებიდან იწყებენ. 1920-იან წლების დასაწყისში კი კინემატოგრაფი მასაზე მოქმედების მძლავრ იარაღად ყალიბდება.

1922 წელს ლენინი იტყვის, რომ „კინო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა.“ მისი სიტყვები განსაზღვრავს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კინემატოგრაფის განვითარების კალაპოტს.

პროლეტარიატის კულტურული განვითარებისათვის ბრძოლაში უხმო, მოძრავი სურათები მოწინავე რიგებს იკავებენ.

პროპაგანდისტული კინო შეიძლება ორ ძირითად მიმდინარეობად დავყოთ: პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროპაგანდა. საზოგადოებრივი პროპაგანდა ნათლად წარმოაჩენდა ყოფით პრობლემებს: გაჭირვება, ჰიგიენის მნიშვნელობა, სოფლის მეურნეობის განვითარების სირთულეები. თავისი არსით, ამგვარი პროპაგანდა ხელს უწყობდა ადამიანის თვითშეგნების ამაღლებას და იგი არანაირ საფრთხეს არ შეიცავდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროპაგანდას. ამ მხრივ გამოსაყოფია კინოს თეორეტიკოსის, საბჭოთა კინოს სულისჩამდგმელი სერგეი ეიზენშტეინის ადრეული ნამუშევრები.

„გაფიცვა“

„ჯავშნოსანი „პოტიომკინი“

„ოქტომბერი“

აღნიშნული სურათები ამდენი წლის შემდეგაც კი მაყურებელში აგრესიას იწვევს. საოცრად გადმოცემულ ეკრანულ სისასტიკეს რეალობა უდევს საფუძვლად, რასაც რეჟისორი ბურჟუაზიას, „თეთრ ინტელიგენციას“ აბრალებს. შეიძლება ითქვას, იგი პროპაგანდას უწევს ადამიანთა ამ ჯგუფზე ძალადობრივ ქმედებებს, რაც იმდროინდელ მოქალაქეებში, იმდროინდელი ემოციური ფონის გათვალისწინებით, უცილობელ აგრესიას გამოიწვევდა. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტების მოძიება ვერ ხერხდება, რადგანაც საბჭოთა სისტემა ამის გამოაშკარავებას არ დაუშვებდა.

***

პოლიტიკური, აგრესიული პროპაგანდის და ადამიანთა ფსიქიკაზე ზემოქმედების კლასიკურ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ფაშისტური პროპაგანდა და მისი ფლაგმანი, ლენი რიფენშტალი. მისი ფილმები,  „რწმენის გამარჯვება“,  „ვერმახტის თავისუფლების დღე“, საოცარი პათოსით არის გაჯერებული და მაყურებელს უეჭველად პატრიოტულ განწყობაზე დააყენებდა, ჯარისკაცებს საკუთარ თავში თვითდაჯერებულობას მოუმატებდა, უბრალო მოქალაქეებს კი ნაცისტური პარტიისადმი სიმპატიით განმსჭვალავდა.

„რწმენის გამარჯვება“

„ვერმახტის თავისუფლების დღე“

მისი ფილმი, „სურვილის ტრიუმფი“, არის ოდა, მიმართული ჰიტლერის პიროვნების კულტის შესაქმნელად.

სურათი იმგვარად არის გადაღებული, რომ ახლაც კი, რომ არ ვიცოდეთ ფიურერის ნამდვილი სახე, მის მიართ სიმპატიით განმსჭვალავდა მაყურებელს. არაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იმოქმედებდა სურათი ნაცისტ ჯარისკაცებზე და მოქალაქეებზე. ფაქტია, რომ კინოს სისხლიანი რეჟიმები მასაზე მოქმედების იარაღად იყენებდნენ. ადამიანთა გონებაში ნერგავდა იდეას, რომ ყველაზე მაღლა იდგნენ განვითარებით და მსოფლიო ბატონობისათვის ყველას დამონება, ან უკეთესი, ამოწყვეტა, გამართლებული აზრი გახლდათ.

***

1971 წელს გამუსულმა, სტენლი კუბრიკის „მექანიკურმა ფორთოხალმა“ (ენტონი ბერჯესის იმავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაცია) გამოიწვია შოკი. ფილმის მთავარი მოქმედი გმირის აგრესიული ქცევის გამშვები მექანიზმი გახლდათ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ჰანგები.

თვითონ ის ფაქტი, რომ წარმოჩენილი იყო მუსიკის გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე, აღნიშნულ სურათს უნიკალურს ხდის. საოცარია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ საზოგადოება დაფიქრებულიყო ძალადობის უაზრობაზე, ფილმმა პირიქით იმოქმედა. ბრიტანეთის მასშტაბით გაიზარდა ძალადობის შემთხვევები. ხშირად თავს ესხმოდნენ უსახლკაროებს, მათხოვრებს. აღნიშნულმა ფაქტმა ცხადყო, რაოდენ დიდი გავლენი მოხდენა შეუძლია მხატვრულ სურათს ადამიანის ფსიქიკაზე და რამდენად განაპირობებს მის ქცევას.

კადრი ფილმიდან "მექანიკური ფორთოხალი"

კადრი ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”

***

საბჭოთა კავშირის დასუსტებამ გამოიწვია ცენზურის შემცირება და ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ჰოლივუდური ბლოკბასტერები. ფილმებში ნაჩვენებმა ძალადობამ იმდენად იმოქმედა ახალგაზრდებზე, რომ მათ დაავიწყდათ, რომ სურათში მთავარი გმირი ხშირად ტყვიამიუკარებელია. ამის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტებისას დაფიქსირებული შემთხვევები, როცა ახალგაზრდა მეომრები, კინოს გავლენით, ივიწყებდნენ ელემენტარულ, დაუწერელ კანონებს: აქტიური ცეცხლისას სანგრის დატოვება სიკვდილის ტოლფასია. ხშირად ისინი ჯონ რემბოს მსგავსად იქცეოდნენ ბრძოლის ველზე, რასაც ფატალური შედეგები მოჰყვებოდა. კიდევ ერთი ფაქტი იმისა, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ეკრანზე ნანახი ადამიანის გონებაზე

***

1995 წელს გამოსული, სკოტ კალვერტის ფილმი „კალათბურთელის დღიურები“ 2 შემზარავი დანაშაულების მიზეზი გახდა. 1997 წელს ჰიტის სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გაუხსნა თანაკლასელებს, 1999 წელს კი კოლუმბაინის სკოლაში ორმა სტუდენტმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. ორივე შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა, რომ მსგავსი ქმედების იდეა დამნაშავეებმა სწორედ აღნიშნული ფილმიდან აიღეს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი წარმოიდგენს, თუ როგორ ხოცავს მასწავლებელსა და თანაკლასელებს.

2011 წელს ნორვეგიაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 77 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დამნაშავემ, ანდრეს ბერინგ ბრეივიკმა აღნიშნა, რომ აღნიშნული იდეა მას მიაწოდა ლარს ფონ ტრიერის ფილმმა, „დოგვილი“

***

საკმარისად ბევრი ფაქტი ჩამოვთვალე, რომ განსჯას შევუდგე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა საზოგადოებას აჩვენებ ფილმს და რა პოლიტიკურ -სოციალური სიტუაცია სუფევს ირგვლივ. რომ არაფერი ვთქვათ მხატვრული სურათის ღირებულებასა და ხარისხზე. ფილმი მაყურებელზე დიდ  გავლენას ახდენს და მასში განსხვავებულ ემოციას იწვევს. ამ დროს გასათვალისწინებელია მაყურებლის ფსიქიკური მდგომარეობა და მზაობა ფილმში გამოთქმული აზრის მისაღებად. ჩემი აზრით, უმრავლეს შემთხვევაში, ავადმყოფური აზრი უკვე არსებობს დაავადებულთა გონებაში, მხატვრული სურათი კი მისი განხორციელების გამშვებ მექანიზმად გვევლინება. შესაძლოა, იგი ზოგჯერ აღნიშნული აზრის მასაზრდოებელიც კი იყოს წლების განმავლობაში, მაგრამ იმაზე მსჯელობა, რამდენად შეუძლია ფილმმა გონებაში ჩათესოს ავადმყოფური იდეა, საკმაოდ რთულია. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ იგი ავადმყოფური იდეის პირველწყაროდ მოიაზრება, შეუძლებელია მან ავადმყოფური აზრი ჯანსაღ ფსიქიკას მოახვიოს, რადგანაც ჯანმრთელ ადამიანს ლოგიკური განსჯის უნარი აქვს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, საკითხავია: რამდენად მზად იყო ფსიქიკა, როცა მას ფილმმა იდეა მიაწოდა? სავარაუდოდ, ქცევის განსახორციელებლად წინასწარგანწყობა, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე, უკვე არსებობდა და მხატვრული ნამუშევარი დაეხმარა ცნობიერს აზრის ქვეცნობიერიდან ამოტანაში, გახდა ინსპირატორი.

პრაქტიკოსი ფსიქიატრისათვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, გაიგოს პაციენტის გემოვნება ფილმებში. ეს შესაძლოა დაეხმაროს მას ავადმყოფის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნაში. რათმაუნდა გასათვალისწინებელი ფაქტორია, რამდენად ემოციურად აღიქვამს იგი სურათს. ეს საშუალებას მისცემს სპეციალისტს ზუსტად გაერკვეს ავადმყოფური იდეის გაჩენისა და ჩამოყალიბების მექანიზმში.

***

პიერ პაოლო პაზოლინის უკანასკნელი ნამუშევარი„სალო ანუ სოდომის 120 დღე“ საკრალური გახდა რეჟისორისათვის. ფილმში ნაჩვენები ენითუთქმელი სისასტიკე გულგრილს ვერ დატოვებს მაყურებელს ამდენი წლის შემდეგაც კი. მარკიზ დე სადის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციის გამო, ეჭვიც კი გაჩნდა, რომ რეჟისორის ფსიქიკა სრულად ჯანსაღი არ იყო, იმდენად შოკისმომგვრელი იყო ფილმში ნაჩვენები კადრები…

მისსავე შედევრს ჰგავდა პაზოლინის სიკვდილიც. 10 მოტეხილი ნეკნი, გაგლეჯილი გული, ჩამტვრეული ქვედა ყბა, მოტეხილი მარცხენა ხელი, თითქმის მოგლეჯილი ორივე ყური: ასეთ მდგომარეობაში იპოვეს გენიალური მაესტროს გვამი…