ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- პრესუიციდური პერიოდი

სტანდარტული

რამდენად ჭეშმარიტია მწერლის შემოქმედება,  ამას მკითხველი და დრო წყვეტს. გაცილებით საინტერესო კითხვაა, არის თუ არა შემოქმედება შემოქმედის შინაგანი სამყაროს ანარეკლი, ერთგვარი სარკე მის სულში ჩასახედად. ჭეშმარიტი ხელოვანი სრულებით განიცდის იმას, რაც შემდგომ ფურცელზე გადააქვს. ეს აუცილებელია, საჭიროა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები უბრალოდ ფუჭი სიტყვათა რახარუხია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ემოციას, განცდას. კარგი მკითხველი კი ფარსს ადვილად გრძნობს.

ფანტაზიის უსაზღვრო უნარი საშუალებას აძლევს მწერალს საკუთარი თავი ნაწარმოების გმირის პოზიციაში დააყენოს. განიცადოს, სხეულის ყოველი უჯრედით შეიგრძნოს მის წინაშე დამდგარი პრობლემა, შემდგომ კი გამოსავლის ძებნას შეუდგეს… მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების მოქმედი გმირის წინ ერთადერთი გზა რჩება? გზა მოკვდინებისა, საკუთარი ხელით? იგი სუიციდს მიმართავს და უნებურად მწერალიც თავს იკლავს… საკუთარ ფანტაზიაში…

როგორ იკლავდა თავს იაპონელი მწერალი, რიუნოსკე აკუტაგავა, წიგნის ფურცლებზე და რეალურ ცხოვრებაში…

დასაწყისი- ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- სუიციდამდელი პერიოდი

akutagawa-10

პრესუიციდალური პერიოდი- ესაა პერიოდი თვითმკვლელობის აზრის გაჩენიდან საკურივ სუიციდამდე. ძირითადად ამ დროს იკვეთება ანტივიტალური აზრები. აღნიშნულ პერიოდში ორი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ:

  1. პასიური სუიციდალური აზრების გაჩენა, ფანტაზირება საკუთარ სიკვდილზე.
  2. სუიციდალური განზრახვები: თვითმკვლელობის დაგეგმვა, დროის, ადგილის, მეთოდის შერჩევა

– თქვენ ყველას, ალბათ, ჯერ კიდევ დიდი წყურვილი გაქვთ ცხოვრებისა, ჰა?
– დიახ… მაგრამ აკი თქვენც…
– არა, მე აღარ! შემოქმედების წყურვილი შემომრჩა მხოლოდ, მაგრამ…
მართლაც ასე გრძნობდა. შეუმჩნევლად დაკარგოდა ცხოვრების ხალისი. – შემოქმედების წყურვილი იგივე ცხოვრების წყურვილია.

ანტივიტალური აზრების პარალელურად, მწერლის შემოქმედებაში პირველად ჩნდება ფანტაზიები საკუთარ სიკვდილზე, მოთხრობაში „სიკვდილის შემდეგ“ (1925 წ), მიუხედავად ამისა, მწერალი არ კარგავს თვითკრიტიკას და საკუთარ სიკვდილს, რომელიც სიზმრის სახით გამოხატა ნაწარმოებში, შეფასებასაც აძლევს:

„ცოლთან მიმართებაში საოცრად ეგოისტურად მოვიქეცი… მე საშინელი ეგოისტი ვარ.“

აღნიშნული ტიპის თვითკრიტიკა საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ავადმყოფური ჩანაფიქრის საპასუხოდ, აქტიურდ არის ჩართული ანტისუიციდალური მექანიზმი, რომლის სიძლიერეზეც არის ხოლმე დამოკიდებული პროცესის საბოლოო გამოსავალი. თუ აღნიშნული მექანიზმი იმძლავრებს სუიციდალურ ფიქრებთან ლოგიკური მსჯელობით ბრძოლაში, ადამიანი თვითმკვლელობის აქტს არ ახორციელებს. აღნიშნული ტიპის სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინება საუკეთესოდაა წარმოჩენილი აკუტაგავას მთლიანი შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობაში – „დიალოგი წყვდიადში“.

ფსიქიატრიული მიდგომის კუთხით, აღნიშნული ნაწარმოები  პრესუიციდალურ პერიოდში მყოფი ადამიანის  ფიქრების  ქრესტომატიულ ნიმუშად შეიძლება მივიჩნიოთ.

***

ხმა. ეტყობა არ გეშინია სიკვდილისა? ჰა?

მე. მეშინია, მაგრამ არ მიმძიმს. ჩემივე ნებით არაერთხელ გამიყრია ყულფში თავი. და ოციოდე წამის ტანჯვის შემდგომ, ასე გასინჯე, რაღაც სასიამოვნო განცდაც კი მეუფლებოდა ხოლმე. მე უყოყმანოდ შემიძლია მოვკვდე არა მარტო მაშინ, როცა სიკვდილს თვალებში ჩავცქერი, არამედ მაშინაც, როცა რაიმე უსიამოვნო შემემთხვევა.

***

ხმა. მაგრამ თავს მაინც არ იკლავ. ეტყობა, მართლავ გაგაჩნია ერთგვარი ძალა.

მე. არაერთხელ დავაპირე თავის მოკვლა. მინდოდა ჩემს სიკვდილს ბუნებრივი ელფერი ჰქონოდა და ამიტომ, ყოველდღიურად ათ-ათ ბუზს ვჭამდი.

ანალოგიური სურათი იხატება ასევე სიკვდილის წინ დაწერილ მოთხრობაში “ცხოვრება იდიოტისა”

ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა.

აქ ნათლად ვხედავთ, რომ აკუტაგავას გონება სუიციდურ ჩანაფიქრებს მთლიანად მოუცავს. სახეზეა თვითმკვლელობის მეთოდების ძიება. აღსანიშნავი და ყურადსაღები ის ფაქტი გახლავთ, რომ დეპრესიას ისე მოუცავს მწერლის მთლიანი შინაგანი სამყარო, რომ ის სიცოცხლესთან გამოთხოვებისთვის განსაკუთრებულ მიზეზს არ საჭიროებს. ამ ყოველივეს საპასუხოდ, მეტად აქტიურად მუშაობს ანტისუიციდალური ფაქტორების წარმოჩენა: ფიქრები ოჯახზე, საკუთარ სამწერლობო საქმიანობაზე, ვალდებულება მასწავლებლის წინაშე, მაგრამ ამ ყოველივესაც ეტაპობრივად აბათილებს შემდგომ მსჯელობაში:

ხმა. ჰო, მაგრამ პასუხისმგებლობას რაღას უპირებ?

მე. ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – შემთხვევითობამ, ჩემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება.

საკუთარ პასუხიმგებლობას მწერალი კარგად აანალიზებს, რასაც მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ავადმყოფური აზრის საპასუხოდ კრიტიკა არსებობს, რაც საერთოდ იკარგება მის სიკვდილისწინა მოთხრობებში. ასევე იკვეთება ადამიანის არსის შესახებ ძირეული კითხვა, რაც აკუტაგავას კრიტიკის სიღრმეზე მიგვანიშნებს:

მაგას მეც ვფიქრობ: ვინა ვარ, ბოლოს და ბოლოს?

ამ ყოველივეს პარალელურად ჩნდება შემდეგი ტიპის აზრები:

არა, მე არ გამაჩნია ვაჟკაცობა. გულადი რომ ვიყავი, ჩემივე ნებით კი არ ჩავუვარდებოდი ლომს ხახაში, მოვუცდიდი, როდის გადამსანსლავდა თვითონ.

მე არ გამაჩნია სინდისი. მე ნერვები მაქვს მხოლოდ.

ჩემი ნაწერები არ გამოირჩევა ორიგინალობით.

აქ რთული სათქმელია, რასთან გვაქვს საქმე. თუკი მსგავსი სახის თვითბრალდების აზრები მოკლკებულია რეალურ საფუძველს, მაშინ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სახეზეა დეპრესიული ტიპის ბოდვითი აზრები. მეორეს მხრივ, ეს შესაძლოა გახლდეთ აკუტაგავასეული კრიტიკული თვითშეფასება. აღნიშნულთან დაკავშირებით მეტად საინტერესო იქნებოდა დამატებითი ფაქტების ცოდნა მისი ბიოგრაფიის შესახებ ობიექტური კუთხით. თუმცა, ჩემი აზრით, მსგავსი აზრები (და არა ბოდვა), თავისთავად მიუთითებს ღრმა დეპრესიაზე. მისი ხასიათის დაზუსტება კი ფსიქიატრიული დიაგნოსტიკის თვალსაზრისით იქნებოდა საინტერესო და ინფორმატიული.

აღნიშნული სახის დეპრესიული აზრების საპასუხოდ კვლავ ჩნდება საპასუხო მსჯელობაც, რომელსაც იქვე უარყოფს აკუტაგავას გონება:

ხმა. გაიხსენე უაილდი. სამი წელი რომ გაატარა ციხეში. იგი ამბობდა: “თავს მხოლოდ საზოგადოებისგან დამარცხებული კაცი იკლავს”.

მე. უაილდმა არაერთხელ განიზრახა თავის მოკვლა ციხეში და თუ არ მოიკლა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხა.

სახეზეა ანტისუიციდალური ფაქტორების წარმოჩენის საუკეთესო მაგალითი, თანშერთული ლოგიკური მსჯელობით, კრიტიკით. აღნიშნული განსჯითი ფიქრის პროცესის არეალი საკმაოდ დიდია და თავისთავში მოიაზრა თითქმის ყოველგვარი სახის არგუმენტი სიკვდილის წინააღმდეგ სიცოცხლის სასარგებლოდ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აკუტაგავა წერს:

არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ჩემს ჭკუაზე მოვკვდე.

თუმცა, ნაწარმოების დასასრულს ჩანს, რომ ანტისუიციდალურმა აზრებმა გამარჯვება მოახერხეს ამ ეტაპზე, რამაც მწერალს სიცოცხლის 8 თვე მოაგებინა

აკუტაგავა რიუნოსკე! აკუტაგავა რიუნოსკე! უფრო ღრმად ჩაეზარდე მიწას ფესვებით. შენ ლერწამი ხარ, ქარისაგან რხეული. იქნებ შენს თავზე მოგროვილი საავდრო ღრუბლები ოდესმე განიფანტოს კიდეც. ამიტომ მტკიცედ უკდა იდგე ფეხზე. შენივე თავისთვის! შენთა შვილთათვის! ნურც გაამპარტავნდები, ნურც დაიმცირებ თავს. და შენ აღსდგები.

1927 წლის 7 აპრილს რიუნოსკე აკუტაგავა დაწერს:

წერის თავი აღარ მაქვს. ამგვარ სულიერ მდგომარეობაში ცხოვრება აუტანელი ტანჯვაა! ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც წყნარად მიმახრჩობს, სანამ მძინავს?

და მაინც, რატომ წააგო თითქმის მოგებული ომი მწერალმა საკუთარ გონებასთან, რამაც ის კვლავ სიკვდილის აუცილებლობამდე მიიყვანა? აღნიშნულ საკითხებზე ვისაუბრებთ პოსტში ” აკუტაგავას სუიციდის ორგანული მიზეზები”

წყარო: ბურუსი

“დიალოგი წყვდიადში”

“ცხოვრება იდიოტისა”

Advertisements

7 responses »

  1. გამოხმაურება: ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- სუიციდამდელი პერიოდი | Sgt. Pepper's Blog

  2. გამოხმაურება: ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- სიკვდილისწინა წერილი | Sgt. Pepper's Blog

  3. “ერთ მეოთხედზე ჩემმა წარმომავლობამ აგოს პასუხი, მეორე მეოთხედზე – გარემო პირობებმა, მესამე მეოთხედზე – შემთხვევითობამ, ჩემდა წილად პასუხისმგებლობის ერთი მეოთხედიღა რჩება”. ეს მომეწონა ძალიან როცა აკუტაგავას ვკითხულობდი, მაღტლა ეფექტურია თუ გინდა რომ იმ მომენტში პასუხისმგებლობას გაექცე

    • სუიციდალური ქმედების გამომწვევი მიზეზების საკმაოდ ლოგიკური ახსნაა, ჩემი აზრით, კონკრეტულად აკუტაგავას შემთხვევაში. ამიტომაც მიჭირს ამას პასუხისმგებლობისგან გაქცევა დავარქვა

      • არა, სუიციდი არ მიგულისხმია, ნებისმიერ სიტუაციას ერგება. ალბათ, მიტომ რომ ჭეშმარიტია.

      • გასაგებია. ასე თუ შევხედავთ, მართალი ხარ, თითქმის ყველა სიტუაციას მოერგება ეს სიტყვები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s