ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- სიკვდილისწინა წერილი

სტანდარტული

რამდენად ჭეშმარიტია მწერლის შემოქმედება,  ამას მკითხველი და დრო წყვეტს. გაცილებით საინტერესო კითხვაა, არის თუ არა შემოქმედება შემოქმედის შინაგანი სამყაროს ანარეკლი, ერთგვარი სარკე მის სულში ჩასახედად. ჭეშმარიტი ხელოვანი სრულებით განიცდის იმას, რაც შემდგომ ფურცელზე გადააქვს. ეს აუცილებელია, საჭიროა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოები უბრალოდ ფუჭი სიტყვათა რახარუხია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ემოციას, განცდას. კარგი მკითხველი კი ფარსს ადვილად გრძნობს.

ფანტაზიის უსაზღვრო უნარი საშუალებას აძლევს მწერალს საკუთარი თავი ნაწარმოების გმირის პოზიციაში დააყენოს. განიცადოს, სხეულის ყოველი უჯრედით შეიგრძნოს მის წინაშე დამდგარი პრობლემა, შემდგომ კი გამოსავლის ძებნას შეუდგეს… მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ნაწარმოების მოქმედი გმირის წინ ერთადერთი გზა რჩება? გზა მოკვდინებისა, საკუთარი ხელით? იგი სუიციდს მიმართავს და უნებურად მწერალიც თავს იკლავს… საკუთარ ფანტაზიაში…

როგორ იკლავდა თავს იაპონელი მწერალი, რიუნოსკე აკუტაგავა, წიგნის ფურცლებზე და რეალურ ცხოვრებაში…

დასაწყისი- ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- სუიციდამდელი პერიოდი

გაგრძელება- ერთი თვითმკვლელობის პორტრეტი- პრესუიციდური პერიოდი

Ryūnosuke Akutagawa

აღნიშნული წერილი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე რიუნოსკე აკუტაგავამ დაუტოვა მეგობარს, მასაო კუმეს. ჩემეული თარგმანი რამდენად გამართულია, განსასჯელად თქვენთვის მომინდვია. გაწეული დახმარებისთვის მადლობა ლუქსს.

რუსულენოვანი ვერსია

***

ანდერძი

წერილი ძველ მეგობარს

დარწმუნებით თვითმკვლელის ფსიქოლოგია ჯერ არავის აღუწერია. ალბათ, ეს აიხსნება თვითმკვლელებისადმი არასაკმარისი სიყვარულით ან მათ მიმართ არასაკმარისი ფსიქოლოგიური ინტერესით. შენდამი ჩემს ბოლო წერილში, მე მინდა გაგაგებინო, რას წარმოადგენს თვითმკვლელის ფსიქოლოგია. რათქმაუნდა, უმჯობესია არ შეგატყობინო ჩემი თვითმკვლელობის გამომწვევი მოტივები. რენიე, თავის ერთ-ერთ მოთხრობაში, აღწერს თვითმკვლელს. მისმა გმირმა თვითონაც კი არ იცის, რატომ მიდის ამაზე. გაზეთის მესამე სვეტში განთავსებულ სტატიებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მიზეზებს წააწყდები: ცხოვრებისეული სირთულეები, ავადმყოფობის გამო ტანჯვა, სულიერი განცდები. მაგრამ მე საკუთარი გამოცდილებით ვიცი, როს ეს სულაც არ არის ყველა მოტივი. უფრო მეტიც, ისინი, როგორც წესი,  მხოლოდ იმ გზაზე მიუთითებენ, რომელიც ნამდვილი მოტივის გამოვლენისკენ არის მიმართული.  როგორც რენიე ამბობს,  თვითმკვლელმა ხშირად თვითონაც კი არ იცის, რატომ იკლავს თავს. იგი მოიცავს ურთულეს მოტივებს, რაც განაპირობებს ჩვენ ქცევას.  მაგრამ ჩემ შემთხვევაში, ეს ყოვლისმომცველი განგაშია. განგაში- საკუთარ მომავალზე. შესაძლოა, შენ არ დაუჯერო ამ სიტყვებს. თუმცა ათწლეულების გამოცდილება მასწავლის, ჩემ სიტყვებს, როგორც სიმღერას, ქარი წაქიღებს, სანამ ჩემთვის ახლო ხალხი ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები. ამიტომაც, მე შენ არ განგსჯი…

ბოლო ორი წელია მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობ. აი, ასეთ ნერვოზულ მდგომარეობაში წავიკითხე მაინლენდერი. მან მოახერხა შესანიშვად, თუმცა აბსტრაქტულად, დაეხატა სიკვდილისკენ მიმავალი გზა. ეს უთუოა.  მეც მინდოდა იგივე აღმეწერა, თუმცა უფრო კონკრეტულად. ისეთივე, როგორიცაა ამ ყოვლისმომცველი სურვილისას ოჯახის თანაგრძნობა. შენ, რათქმაუნდა ამას Inhuman-ს უწოდებ. მაგრამ თუ ეს ასეა, რომ მე მინდა ჩავიდინო რაღაც არაადამიანური, ეს ნიშნავს, რომ ტვინიდან ძვლამდე არაადამიანი ვარ.

ეს რასაც არ უნდა ეხებოდეს, მე ვალდებული ვარ მხოლოდ სიმართლე ვწერო. (უკვე გავაანალიზე განცდა საკუთარი მომავლის გამო. ვეცადე მთლიანად მომეთხრო მის შესახებ მოთხრობაში „ცხოვრება იდიოტისა“. და მხოლოდ სოციალურმა გარემომ, რომელშიც მე ვცხოვრობ, ჩრდილი, რომელიც მექაჩება ფეოდალური გაგებისაკენ, მაიძულებს გააზრებულად  არ გავაკეთო ეს. რატომ გააზრებულად? იმიტომ რომ ჩვენ, დღევანდელი დღის ადამიანები, ვცხოვრობთ ფეოდალიზმის ჩრდლილში. სცენის გარდა მინდა აღვწერო ფონი, რომელიც წარმოაჩენს პერსონაჟთა ქცევას, უპირველეს ყოვლისა- ჩემსას. ამას გარდა, რაც შეეხება სოციალურ პირობებს, მე არ შემიძლია არ დავეჭვდე, საკმარისად ცნობილია კი ჩემთვის ის სოციალური გარემო, რომელშიც ვცხოვრობ) პირველი, რაზეც დავფიქრდი- როგორ მოვახერხო ტანჯვის გარეშე სიკვდილი. რათქმაუნდა, ყველაზე კარგი მეთოდი ამისათვის თავის ჩამოხრჩობაა. თუმცა, საკმარისი იყო წარმომედგინა საკუთარი თავი აღნიშნულ მდგომარეობაში, ვიგრძენი ამ ყოველივეს ესთეტიური მიუღებლობა. (მახსოვს, როგორ შემიყვარდა ერთხელ ქალი, მაგრამ საკმარისი იყო მენახა, რა უშნოდ წერდა იგი იეროგლიფებს, რომ სიყვარული მაშინვე გაქრა) არ გამომივა ასევე მიზნის მიღწევა წყალში დახრჩობითაც, რადგანაც ცურვა ვიცი. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, თუ მე ეს გამომივა, უფრო მეტად დავიტანჯები, ვიდრე თავის ჩამოხრჩობისას. მატარებლის ბორბლებში სიკვდილიც ასევე უსიამოვნოა ჩემთვის, როგორც უკვე ვამბობდი. გასროლით ან დანით სიკვდილიც არ გამომივა, რადგანაც ხელები მიკანკალებს. აუტანელი სანახავი იქნება ასევე ისიც, როგორ გადმოვხტები მრავალსართულიანი შენობის სახურავიდან. ამ ყოველივედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, მოვკვდე საძილე პრეპარატების საშუალებით. ტანჯვა ასე უფრო მეტი შემხვდება, თუმცა ეს არ გამოიწვევს ისეთ ზიზღს, როგორც თავის ჩამოხრჩობისას, და ამას გარდა, არ არსებობს იმის საშიშროებაც, რომ ჩემ გადარჩენას მოახერხებენ. ამაში მდგომარეობს აღნიშნული მეთოდის უპირატესობა. მართალია, საძილე საშუალების შოვნა არც ისე მარტივია, მაგრამ მივიღე რა მტკიცე გადაწყვეტილება თავი მოვიკლა, მე შევეცდები გამოვიყენო ჩემს ხელთარსებული ყველა საშუალება, რათა მიზანს მივაღწიო. ამავდროულად შევეცდები მეტი ცოდნა მივიღო ტოქსიკოლოგიაში.

შემდეგი, რაზეც ვიფიქრე- ეს ადგილია, სადაც თავს მოვიკლავ. ჩემი სიკვდილის შემდეგ,  ოჯახის მფლობელობაში უნდა გადავიდეს ჩემი ქონება. ჩემი ქონება: 100 ცუბო მიწა (330.6 კვ.მ), სახლი, საავტორო უფლებები, კაპიტალი, რომელიც შეადგენს 2000 იენს-სულ ესაა. მაღელვებს, რომ  თვითმკვლელობის შემდეგ ჩემი სახლის ცუდი რეპუტაციით ისარგებლებს. ამიტომ მშურდა ბურჟუების, რომელთაც ყოველთვის აქვთ ქალაქგარეთ სახლი.  ჩემი სიტყვები ალბათ გაგაკვირვებს. მე თვითონაც გაოგნებული ვარ, როგორ მომივიდა ეს აზრი თავში. ეს ფიქრები უსიამოვნო იყო ჩემთვის. სხვანაირად არც იქნებოდა. მსურს თავი მოვიკლა ისე, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში ჩემი გვამი ოჯახის გარდა არავინ ნახოს.

მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობის მეთოდიც ავირჩიე, სანახევროდ კვლავ ვიყავი სიცოცხლესთან დაკავშირებული. ამიტომაც დამჭირდა ტრამპლინი. (მე არ ვთვლი თვითმკვლელობას ცოდვად, რაშიც დარწმუნებულები არიან წითურთმიანები (სავარაუდოდ უნდა გულისხმობდეს ევროპელებს). ცნობილია, რომ საკია-მუნიმ ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაამართლა საკუთარი მოსწავლის თვითმკვლელობა. მისმა მორჩილმა მიმდევრებმა ამას დაუმატეს სიტყვები: „გამოუვალი მდგომარეობისას“.  თუმცა განზე მდგომი მაყურებელი, როცა საუბარია „გამოუვალ მდგომარეობაზე“, არასოდეს აღმოჩენილა მსგავს წარმოუდგენელ სიტუაციაში, რომელიც აიძულებდა მიეღო ტრაგიკული გადაწყვეტილება თვითმკვლელობისა.  თავს ყველა „გამოუვალი მდგომარეობის“ გამო იკლავს, როგორც ეს მას თვითონ ესმის. წინაპრები, რომლელთაც  თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, უპირველეს ყოვლისა მამაცნი უნდა ყოფილიყვნენ) ასეთ ტრამპლინად, როგორც წესია, ქალი იქცა. კლაისტი თვითმკვლელობის წინ ხშირად იწვევდა  მეგობარს (მამაკაცს) სუიციდის თანამგზავრად.  რასინსაც სურდა სენაში თავი დაეხრჩო მოლიერთან და ბუალოსთან ერთად. მაგრამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მე ასეთი მეგობრები არა მყავს. მართალია, ჩემმა ერთმა ნაცნობმა ქალმა გადაწყვიტა ჩემთან ერთად მომკვდარიყო. პირიქით, წლების მატებასთან ერთად სენტიმენტალური გავხდი. უპირველესყოვლისა, მინდოდა ისე მემოქმედა, რომ ცოლისათვის ზედმეტი ტკივილი არ მიმეყენებინა. ამას გარდა, ვიცოდი, რომ თვითმკვლელობა მარტო უფრო ადვილია, ვიდრე სხვასთან ერთად. ამას თავისი კომფორტი გააჩნია. შეგიძლია თავისუფლად აირჩიო თვითმკვლელობის დრო.

და ბოლოს. შევეცადე გამეკეთებინა ყველაფერი, რომ ოჯახიდან ვერავინ მიმხვდარიყო, რომ თვითმკვლელობას ვგეგმავ. მრავალთვიანი მომზადების შემდეგ საბოლოოდ საკუთარი თავის რწმენა შევიძინე. (ასე იმიტომ  ვწვრილმანდები,  რომ ამას ვწერ არა მხოლოდ მათთვის, ვინც ჩემდამი მეგობრულად იყო განწყობილი. არ მინდა დამნაშავე ვიყო იმაში, რომ თვითმკვლელობის გამო კანონმა ბრალი ვინმეს დასდოს. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნად არ არსებობს ამაზე კომიკური სახელი დანაშაულისათვის. თუ ამ კანონს ზედმიწევნით გამოვიყენებთ, დამნაშავეთა რაოდენობა არანორმალურად გაიზრდება. და თუნდაც აფთიაქრები, იარაღის და სამართებლის გამყიდველები განაცხადებენ, რომ „არაფერი იცოდნენ“, მათი სიტყვები მაინც ეჭვს გამოიწვევს, რადგანაც  მათთან მისულ ადამიანებს თავიანთი გამომეტყველება ყოველთვის გასთქვამთ. ამას გარდა, საზოგადოება და მათი წესები თვითმკვლელობის ხელშემწყობია. და ბოლოს, ასეთი დამნაშევეები, როგორც წესი კეთილი გულის ადამიანები არიან.) მე ცივსისხლიანად დავასრულე მომზადება და უკვე სიკვდილის წინაშე მარტოდმარტო დავრჩი. ჩემი შინაგანი მდგომარეობა ახლოა იმასთან, რასაც მაინლენდერი აღწერდა.

ჩვენ, ადამიანები, ცხოველური ბუნებით განვიცდით ცხოველურ შიშს სიკვდილის მიმართ. ეგრეთ წოდებული “სასიცოცხლო ძალა” სხვა არაფერია თუ არა ცხოველური ძალის სხვაგვარი განმარტება. მეც ერთ-ერთი ასეთი ცხოველთაგანი ვარ. მაგრამ, მადის დაკარგვასთან ერთად, ადამიანიც ცხოველურ ძალას თანდათანობით კარგავს. მე ახლა ვცხოვრობ ყინულივით გამჭვირვალე, ავადმყოფი ნერვების სამყაროში. გუშინ საღამოს ერთ მეძავს ვესაუბრებოდი, თუ რამდენს გამოიმუშავებს (!) და მწარედ შევიგრძენი, რა საცოდავები ვართ ადამიანები „მცხოვრებნი იმისთვის, რომ ვიარსებოთ“. რომ შეგვეძლოს სამუდამოდ დაძინება, ბედნიერებას თუ ვერა, სიმშვიდეს მაინც მოვიპოვებდით. კვლავ საკითხავია, როდის მოვიკლავ თავს. მხოლოდ ბუნება გახდა მნიშვნელოვნად მშვენიერი ჩემთვის. შენ თვრები ბუნების მშვენიერების ცქერით და შეიძლება გაგეცინოს იმ ადამიანის წინააღმდეგობრიობაზე, რომელსაც თავის მოკვლა გადაუწყვეტია. საქმე იმაშია, რომ სიკვდილის ჟამს ბუნების საოცრებანი ჩემს თვალებში აისახება. მე ვხედავდი, მიყვარდა და ბოლოსდაბოლოს გამეგებოდა მეტი, ვიდრე სხვა ადამიანებს. და ეს ყოველივე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ტანჯვას მაყენებს, რაღაც სიამოვნებასაც მგვრის. ძალიან გთხოვ, ჩემი სიკვდილის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლოლბაში ნუ გამოაქვეყნებ ამ წერილს. შესაძლოა, თავი ისე მოვიკლა, თითქოს ავადმყოფობით მოვკვდი.

შენიშვნა. მე წავიკითხე ემპიდოკლის ბიოგრაფია და ვიგრძენი, თუ რაოდენ ღრმა წარსულიდან მოდის სურვილი, გახდე ღმერთი. ჩემს აღნიშნულ წერილში, ყოველშემთხვევაში, გააზრებულად მაინც, მე არ ვცდილობ საკუთარი თავი ღმერთად ვაქციო. პირიქით, თავს საცოდავ ადამიანად წარმოვაჩენ. გახსოვს, როცა წმინდა ფიკუსის ქვეშ ვიჯექით და განვიხილავდით ემპიდოკლს, რომელიც ეტნას კრატერში გადაეშვა? მაშინ მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვისაც ღმერთად ქცევა სურდა.

1927 წელი.

Advertisements

13 responses »

  1. “კლეისტი თვითმკვლელობის წინ ხშირად იწვევდა მეგობარს (მამაკაცს) სუიციდის თანამგზავრად. რასინსაც სურდა სენაში თავი დაეხრჩო მოლიერთან და ბუალოსთან ერთად. მაგრამ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მე ასეთი მეგობრები არა მყავს”. აი, ამიტომ მევასება ეს კაცი რა, ასეთ დროსაც რომ ხუმრობს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s