ცხვართა დუმილი

სტანდარტული

ვერ ვიტან ხმაურს. წყობიდან გამოვყავარ უაზრო ყაყანს, მაგრამ  უფრო მეტად სრული სიჩუმე მეზიზღება… არაფრისმთქმელი, უძრავი მდუმარება…

***
ჩემი დაბადება ქვეყანაში ხმაურიან პერიოდს დაემთხვა. საბჭოთა წყობილება თავის არსებობის ბოლო თვეებს ითვლიდა. მუდმივად ჩუმად მყოფი მამების თაობა თანდათან ხმას უწევდა, უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა გამოთქვამდა საკუთარ აზრს და რაც ყველაზე დასანანია, ცდილობდა საკუთარი „სიმართლე“ სხვებისთვის თავს მოეხვია. ამგვარად, ხმამაღლა საუბარი მალე ყაყანში გადაიზარდა, სანამ ეს გნიასი ავტომატების ჯერმა არ გადაფარა. ცეცხლისმფრქვევლ რკინას საოცარი ეფექტის მოხდენა შეუძლია პირგაალმასებულ ბრბოზე. მასთან ჩხუბი შეუძლებელია, მას ვერ აჯობებ ყვირილში, მის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტი უძლურია. როგორც ტელევიზორის პულტს აქვს ღილაკი Mute, ასევე ჩახმახზე ხელის გამოკვრაა მხოლოდ საჭირო და გაცხარებული ცხვრის ფარაც მყისვე ჩუმდება, მორჩილი ხდება.

mute smie
უგრძნობი, ცეცლისმფრქვეველი ხმაური ნერგავდა ირგვლივ მკვდარ სიჩუმეს 90-იანებში. და მამების თაობაც მიხვდა, გადარჩენისათვის  ბოქლომი არის საჭირო ტუჩებზე. ვინაც ამდენს ვერ ხვდებოდა, მას აგებინებდნენ, თანაც საკმაოდ გასაგებ ენაზე.
შვილებსაც, უფროსი ძმების თაობას და მეც ასე მზრდიდნენ იმ წლებში. „ჩუმად იყავი, არ ილაპარაკო“ უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო დარიგება. ირგვლივ გამეფებული სიჩუმე და მასიურად ჩანერგილი შიში ცხვრის ფარას ადვილად მართავდა. ამას მიემატა კრიმინალური მენტალობის გაძლიერება, რომელიც სიჩუმე-შიშის ერთგვარი კონცენტრირებული ნაზავი გახლდათ. უყურებდა ამ ყოველივეს ხალხი, ყველას ესმოდა გვერდით სახლში დაუთოებული მეზობლის კივილი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. მასიური, უძრავი, მკვდარი სიჩუმე სუფევდა ირგვლივ.
2000-იანების დასაწყისში ხმის ამოღება დაიწყო ხალხმა. ნელ-ნელა ჩურჩულს მიჰყვეს ხელი, ჯერ ოჯახებში, შემდეგ ჯგუფ-ჯგუფად, თანდათან უმატეს ხმას. ნელ-ნელა აფუსფუსდნენ, აზრიალდნენ, როგორც გამოზაფხულზე გამოიფხიზლებს ხოლმე ფუტკრის სკა ხანგრძლივი ზამთრის ძილის შემდეგ. მალე ხმამაღლა საუბარსაც არ შეუშინდნენ ზოგ-ზოგიერთები. ცოტა ხანში, საოცარი გნიასი დადგა. ვიღაცამ ჩაი დალია, ვიღაც სახლში წავიდა. ეგზალტირებული ცხვრის ფარა დიდხანს, დაუღლელად სკანდირებდა: „სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!“
ჩაის მოყვარულმა იცოდა, რომ მუდმივად მოხმაურე ხალხი სიკეთეს არ მოიტანდა. ისევ ცეცხლისმფრქვეველი სიჩუმის აპარატი მოიმარჯვეს შავნიღბიანებმა და დღისით-მზისით რამდენიმე სპეც-ოპერაცია ჩაატარეს, რამდენიმე ახალგაზრდა გააჩუმეს სხვის დასანახად, მაგრამ ხმამაღლა მოსაუბრე მასის გაჩუმება საკმაოდ ძნელი გახდა…
დიდმა ძმამ, მუდამ რომ გვითვალთვალებს, შეშფოთება გამოთქვა, რადგანაც ცეცხლის ენით დემოკრატიის გავრცელება მასავით დიდ ბიჭებს შეუძლიათ და ჩვენსავით პატარა ძმა ჯერ მხოლოდ რეზინის სათამაშოებს უნდა დასჯერდეს.
ნოემბერში ძალიან ბევრ ადამიანს გაასინჯეს რეზინანარევი დემოკრატიის ძალა...

ხალხი გაჩუმდა. ცოტა ხნით. იყო უნიათო მცდელობები ხმის აწევისა, მაგრამ ვინც ამას ბედავდა, მალევე აღმოუჩენდნენ ხოლმე აკრძალულ ნივთებს ჩხრეკისას. ადამიანს არამარტო ფიზიკურად, იდეურად აჩუმებდნენ. ერთგვარ „რეალითი შოუდ“ იქცა მაშინ მთელი ქვეყანა. საინფორმაციო ზომბო-ნიუსებიდან ხალხი გებულობდა, ვინ ვის რა უთხრა ტელეფონზე საუბრისას, ვინ ვის აგინებდა, ვინ ვისი კაცი იყო.
მასიური შიში მოედო კვლავ ცხვრის ფარას. ადამიანები მობილურს თიშავდნენ და ბატარეიას იღებდნენ ტელეფონიდან, სანამ რაიმეს იტყოდნენ. ერთმანეთს მკერდზე უყურებდნენ, თვალების ნაცვლად, რომ ყოვლიმხედველს ისიც არ გამოეჭენებინა მეორე დღეს საინფორმაციო „რეალითი შოუში“.
მაისშიც გააჩუმეს ახმაურებული ადამიანთა ჯგუფი. უფრო გამორჩეულად, ვიდრე ოდესმე. კარგად აჩვენეს ხმაურის მსურველებს რა დღე დაადგებოდათ.
მოგვიანებით რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით. ჩაის მოყვარული და მისი მეგობრები მათსავე ფანდზე წამოაგეს, მისივე მეთოდებით გამოიჭირეს და პირველად ამდენი წლის მანძილზე საარჩევნო უბანზე საკუთარი საწერი კალმით შეიარაღებულმა ადამიანებმა დამსახურებულ პენსიაზე გაისტუმრეს „უფალნი ამა ქვეყნისა“
ხალხმა კვლავ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. ტელეფონებს აღარ თიშავენ, ცდილობენ თვალი-თვალში გაგისწორონ საუბრისას, მაგრამ ცხვრები მაინც ვერაფერს სწავლობენ. მიამიტად უნდათ დაიჯერონ, რომ მწყემსი მათ საძოვარზე მიიყვანს. და ისინიც ბრმად მისდევენ, ყოველგვარი აზრდატანების გარეშე.
უფროსი ძმების თაობისგან განსხვავებით, ჩვენს თაობაში იმატა იმ ინდივიდთა რიცხვმა, რომელთაც დუმილი არ უყვართ, არ აშინებთ მოქნეული მუშტები და რეზინის დემოკრატია. მაგრამ „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“

***
როგორც გითხარით, ვერ ვიტან ხმაურს. მაგრამ  უფრო მეტად სრული სიჩუმე მეზიზღება. ამგვარი მდუმარება კი მაშინ დგება, როცა ადამიანი გონების მუშაობას წყვეტს. ზედმეტ ღრიანცელშიც არ აღინიშნება ტვინის აქტივობა. უბრალო საუბარი, კონსტრუქციული, ფაქტებზე დამყარებული, ლოგიკური მსჯელობა გამიხდა სანატრელი ჩემ ქვეყანაში.
ცხვრის ფარა მორჩილად ელოდება ყვირილი-სიჩუმის მორიგ ციკლს…
P.S.  The Who-ს აქვს ასეთი სიმღერა,  “Won’t Get Fooled Again“, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება:

Meet the new Boss,
Same, as the old Boss

Advertisements

6 responses »

  1. კარგია რომ ფიქრობ , კარგია რომ ხვდები მაგრამ მარტო ეგ არ არის საკმარისი 🙂
    თვალების ახელა პირველი ეტაპია 🙂 მერე გარშემოც უნდა მიიხედ-მოიხედო და იქნებ ის დაინახო რისი დანახვაც ესე გინდა 😉

    p.s. აქ გადახედე მაინც რაღაცეებს ;)- http://a-library.info/

    • “მერე გარშემოც უნდა მიიხედ-მოიხედო და იქნებ ის დაინახო რისი დანახვაც ესე გინდა”
      მთვარია რეალობას ხედავდე და არა სასურველ ილუზიას 🙂
      P.S. ვიცი ეგ საიტი. ჩავუჯდები საფუძვლიანად უახლოეს ხანში 😉

      • ილუზია არა , რეალობა ვიგულისხმე , ილუზიებში ისინი ცხოვრობენ ვინც ვერაფერს ვერ ხვდება , მარტო შენ არ ხარ ვინც რაღაცეებს ფიქრობს და ხვდება , სავარაუდოდ აქ ორი გზა აქვთ ხოლმე ამ მიხვედრის და გაცნობიერების შემდეგ – ან ნიჰილიზმი და ყველაფრის “დაკიდება” ან უფრო მეტი განვითარება და წინ წასვლა , გააჩნია რომელს აირჩევ

        წარმატებები 😉

      • ძალიან მიხარია, რომ ასე სიღრმისეულად გესმის ეს საკითხი. სრულ ჭეშმარიტებას ამბობ. ვეცადე “დაკიდებაც”, მაგრამ მივხვდი, რომ არ იქნებოდა სწორი საქციელი. მეორე გზა ავირჩიე და ისეთ სიბნელეს წავაწყდი, რომ კვლავ ნიჰილზმზე დავფიქრდი… მაგრამ, მირჩევნია სიბნელეს ვებრძოლო, ვიდრე კუთხეში მივიყუჟო თვალზე ხელაფარებული და იმაზე ვიფიქრო, როგორ “მკიდია” ყველაფერი. ეს უკანასკნელი მეტად ადვილი გზაა, მაგრამ ჩიხისკენ მიდის…

  2. ეს პოსტი რამდენი ხანია, მიზანში მქონდა ამოღებული და წინასწარ ვიცოდი, რომ მაგარი იქნებოდა. დიტო, იუ არ ზი ბესთ 🙂
    პ.ს. ქრისტე აღსდგა! გილოცავ :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s