ევოლუცია ქართულად

სტანდარტული

ყოველთვის მიკვირდა ადამიანების, რომლებიც ამბობენ: “არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე!” ამ სიტყვებში იგრძნობა განზე განდგომა შემეცნებისაგან და ეს ყოველივე კი ადამიანში ადამიანობის დეფიციტზე მიუთითებს. ევოლუციის ხსენებისას, თავში მაშინვე ასე გაღეჭილი ფრაზა, “გადარჩევა შერჩევის გზით” მოგვივა.  და თუ უფრო დავძაბავთ გონებას, ასევე შეიძლება გაგვახსენდეს “იმარჯვებს უძლიერესი”

დიდი ხნის განმავლობაში მიმაჩნდა, რომ ევოლუციამ ჩაიარა. ჩვენა ვართ მისი უმაღლესი საფეხური და მორჩა, აქ დაისვა წერტილი. ასე არ არის, ჩვენ ვვითარდებით და უბრალო რგოლი ვართ ამ ხანგრძლივ ჯაჭვში. გადარჩენისათვის ბრძოლას თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ჩვენამდე მოღწეულ ცხოველთა უმრავლესობას ერთი საერთო ნიშანი გააჩნიათ: მათ შეძლეს ადაპტირება მოცემულ გარემოში, გაუძლეს ბუნების კატაკლიზმებს, მთელი ამ ხნის განმავლობაში განიცადეს ტრანსფორმაცია, მაგრამ საბოლოოდ გადარჩნენ და ჩვენამდე მოაღწიეს. მინდა ვიფიქრო, რომ ადამიანებს, ამ კონკრეტულ ქვეყანაში, საქართველოს რომ უწოდებენ, აქვთ მომავალი, შეძლებენ გადარჩენას და არ დაიკარგებიან უსახელოდ ევოლუციის მკაცრ პირობებში.

საკუთარი აღნაგობის შემხედვარეს სულ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში: ამგვარი ფიზიკური მონაცემებით ველურ ბუნებაში სიცოცხლე არ მეწერა. ფიზიკური სიძლიერე და სიჯანსაღე  უპირველესი ფაქტორი გახლდათ პირველყოფილებში თვითგადარჩენის ინსტიქტის ამუშავებისას. ამიტომაც, ბავშვობიდან თავი მივეჩვიე იმ აზრს, რომ გადარჩენა გონებრივი სიძლიერითაც შეიძლება. სწორედ ეს იყო, ალბათ, ქვეცნობიერად ჩემი მამოძრავებელი ამდენი ხნის განმავლობაში. დაუღლელი გონებრივი მუშაობა, თვალსაწიერის გაფართოვება წიგნის ყვითელი ფურცლებიდან, საკუთარი მსოფმხედველობის გაჩენა და განმტკიცება. მიმაჩნდა, რომ კუნთების სიძლიერე არ განსაზღვრავს ჩემს არსებობას ამ ქვეყნად.

ვხედავ რა ადამიანებს, რომლებიც ცოდნას ზურგს აქცევენ, მე თვალნათლივ წარმოვიდგენ მათ ინდივიდებად, რომლებმაც ევოლუციას ზურგი აქციეს. თუ რაიმე დასკვნის გამოტანა შეგვიძლია პირველყოფილი ადამიანისა და თანამედროვის შედარებისას, ესაა მისი გონებრივი მუშაობის სინატიფის გაჩენა, ინტელექტის დახვეწა. ამის შედეგი იყო სწორედ პირველყოფილი იარაღების გამოგონება, თანდათანობით კომფორტის ცნების გაჩენა, საკუთარი მეს უზრუნველყოფა, ცხოვრების გამარტივება. ვაკვირდები რა საზოგადოებას, მიმაჩნია, ჩვენ კვლავ პირველყოფილთა დონეს დავუბრუნდით, ვერ განვვითარდით. გონის დაძაბვას, კუნთის დაჭიმვას ვამჯობინებთ. მტყუან-მართალის გარკვევისას მუშტებზე ვიყურებით, ლოგიკურ მსჯელობას უარვყოფთ და საკუთარი აზრის ძალით გატანას ვლამობთ. ამგვარი ევოლუცია კი იქამდე მიგვიყვანს, რომ გადავთელავთ სუსტ, მაგრამ მოაზროვნე ინდივიდებს, ფიზიკურად გავაქრობთ მათ და საბოლოოდ მივიღებთ ძლიერ, კუნთმაგარ, მაგრამ თავცარიელ ბრბოს, რომლის მართვა და დამორჩილება გონიერი ხრიკებით ძალზე მარტივია.

zezva-and-mzia

ტექნიკის პროგრესთან ერთად, გაადვილდა ცოდნის მოპოვება, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერესმა იკლო. ეს სულ უფრო მარტივი შესამჩნევი ხდება. ამგვარი გაქანება საბოლოოდ ფსკერთან შეტაკებამდე მიგვიყვანს. ამ განწირულ რბოლაში თითოელმა უნდა სცადოს საკუთარი წვლილის შეტანა.

განვიცდი, რომ ჩემ ძმას წიგნზე მეტად კომპიუტერული თამაშები აინტერესებს. ვაძალებ, ვეჩხუბები კიდეც, მაგრამ ამგვარად ინტერესის გაჩენა სწავლისადმი წარმოუდგენლად მიმაჩნია. მის ასაკში მყოფი ირგვლივ გამეფებულ უსამართლობას ვუყურებდი. ჩემი და ცოტა უფროსი თაობის წარმომადგენლები კანონიერ ქურდობაზე მეოცნებე უსაქმურების ჯგუფი გახლდათ. მე მაშინ ერთგვარი პროტესტის განცდა მქონდა ირგვლივარსებული უცოდინარობის მიმართ, ერთგვარი მოტივატორი გახლდათ ეს ჩემთვის. იქედან მოყოლებული ვცდილობდი ამ ერთფეროვანი სიშავიდან თავის დაღწევას.

დღესაც თვალს ვავლებ ირგვლივ და კვლავ უკუნს ვხედავ. მინდა სინათლე შემოვიტანო, მცირედი მაინც, თუნდაც ჩემს ირგვლივ, მაგრამ საოცრად რთულია აღნიშნული გასაკეთებლად. იმედს არ ვკარგავ, მაგრამ გული მიგრძნობს საკუთარი მცდელობის სამომავლო კრახს. ვცდილობ საკუთარი თავი დავხვეწო. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო მეტად მიპყრობს სევდა, რომ ფიზიკურად არ ეყოფა ჩემი ცხოვრება ყველაფრის შეთვისებას. ამგვარი დეპრესიის დროს, ხშირად მსტუმრობს ამგვარი აზრი: იქნებ, მე ვცდები? ნუთუ მართლა კუნთების სიდიდე წყვეტს ყველაფერს ცხოვრებაში?

“კუზიანს სამარე გაასწორებსო”- ჩემზეა ზედგამჭრილი. ცოტახნის წინ მართლაც კინაღამ დამასამარეს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის ფიქრსა და განსჯაში. პირიქით, ერთგვარი ხელშემწობი გახდა, თითქოს “მეორე სუნთქვა” გამიხსნა.

უბრალოდ, აღარ მინდა ისეთი საზოგადოებაში ცხოვრება, რომელმაც “არ იცის და არც აინტერესებს”, მეტი არაფერი…

Advertisements

13 responses »

  1. “რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო მეტად მიპყრობს სევდა, რომ ფიზიკურად არ ეყოფა ჩემი ცხოვრება ყველაფრის შეთვისებას.”

    -_- :/

  2. “დღესაც თვალს ვავლებ ირგვლივ და კვლავ უკუნს ვხედავ. მინდა სინათლე შემოვიტანო, მცირედი მაინც, თუნდაც ჩემს ირგვლივ, მაგრამ საოცრად რთულია აღნიშნული გასაკეთებლად. იმედს არ ვკარგავ, მაგრამ გული მიგრძნობს საკუთარი მცდელობის სამომავლო კრახს. ვცდილობ საკუთარი თავი დავხვეწო. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, უფრო მეტად მიპყრობს სევდა, რომ ფიზიკურად არ ეყოფა ჩემი ცხოვრება ყველაფრის შეთვისებას. ამგვარი დეპრესიის დროს, ხშირად მსტუმრობს ამგვარი აზრი: იქნებ, მე ვცდები? ნუთუ მართლა კუნთების სიდიდე წყვეტს ყველაფერს ცხოვრებაში?” – ჩვენ არ გვიჭრდება ფიზიკური გადარჩევა, ეს უკვე მოხდა.
    ახლა გონებრივი გადარჩევა გვჭირდება 🙂

    • სად არის მერე ასე ნანატრი გონებრივი გადარჩევა? 🙂 ჩვენ კვლავ ფიზიკურზე გავიყინეთ, როგორც ვატყობ

      • ეგ გონებრივი გადარჩევა ძალიან არარეალურია, უბრალოდ გვჭირდება 🙂 არსებობს ალბათ სხვა, უფრო ლმობიერი ხერხებიც.

  3. ბუნებრივი გადარჩევა კუნთებზე აღარ მუშაობს, ეს უკვე წარსულია, თუმცა საქართველოში ამ “ახალმა ამბავმა” კარგად ვერ ჩამოაღწია ალბათ. დღეს ძალა და გადარჩენა გონებაშია, სწორედ ამიტომ მგონია რომ ამ საზოგადოებას (რომელიც კუნთებით წყვეტს საქმეს) მომავალი არ აქვს

    • კარგად იცი ევოლუციის საკითხები, წავიკითხე შენი პოსტები 🙂
      მართალი ხარ, ამგვარი გზით მომავალი ნამდვილად არ აქვს

  4. კედლის წარწერას თუ დავეყრდნობით, ,,ტვინი კუნთია”, რომლის გამოძრავებაც ისევე შესაძლებელია, როგორც ნამდვილი კუნთების. ამ უკანასკნელთა მოძრაობასა და ტონუსში მოყვანა კი უფრო ადვილია.

  5. ოჰ, ისევ ქართული “საზოგადოებისა” და მისი მოაზროვნე ნაწილის ჭიდილი. უპირველესი გამოსავალი განათლებაში მგონია (ოღონდ განათლება არაა მშრალი ფაქტების ცოდნა-დაზუთხვა).
    კითხვა რაც დავიწყე სულ ეს ფრაზა მახსენდება:”ძლიერია ის, ვინც იცის რომ სუსტია”. როცა იცი, რომ სუსტი ხარ ყველაფერს იღონებ, მასეთად არ დარჩე. მით უფრო ასეთ გარემოში.

    • “უპირველესი გამოსავალი განათლებაში მგონია (ოღონდ განათლება არაა მშრალი ფაქტების ცოდნა-დაზუთხვა)”

      ლაკონური და ძალიან სწორი შეფასებაა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s