Monthly Archives: აგვისტო 2013

ნაგავი Vol. 3

სტანდარტული

ნაგავი- ასე ვეძახი მოგონებათა კასკადს, ჩემ თავში რომ გაიარეს, არაფერი დატოვეს და უბრალოდ ადგილს იკავებენ. ესაა ერთგვარი სცენები, კადრები, რომლებიც მოულოდნელად წამოტივტივდებიან, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები.  დროდადრო ნაგავი უნდა გაიტანო, გადაყარო ან სულაც საზოგადოდ წამოაჩინო.
P.S. ქვემოთ გამოყენებული უცენზურო ლექსიკისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცადე მაქსიმალურად რეალისტურად გადმომეცა ყოველივე.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

***

მაღალი, უხეშად შეთითხნილი შენობის წინ ვიდექი და თავში ერთადერთი ფრაზა მიტრიალებდა “Donnie Darko”-დან…

“Burn it… Burn it to the Ground”

donnie darko

***

სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ქუთუთოებზე სიმძიმე მეკიდა. არაფრისმთქმელ, ჩასისხლიანებულ თვალების ანარეკლს ვეღარ გავუძელი. სარკის დალეწვა ცხოვრებას მერჩივნა იმ მომენტში…

***

მესამედ დამესიზმრა ერთიდაიგივე სიზმარი. ძლივს ავითრიე წელი საწოლიდან. სიბნელეში სიგარეტს მოვუკიდე. წამით მომეჩვენა, რომ მთელი ოთახი ბოლში გაეხვია. ძლიერი ხველა ამიტყდა. აივნის კარი გამოვაღე. წამით დავფიქრდი. უნებურად მივხვდი, სიზმარში ნანახის რეალობაში განხორციელება საოცარ შვებას მომგვრიდა…

***

მუსიკა მუცელში მსუბუქი ელექტრო-დენივით მივლიდა. საჩვენებელი თითი საფეთქელზე მივიჭირე. წარმოვიდგინე და წამით ვიგრძენი, როგორ გაახვრიტეს ტვინის დაქუცმაცებულმა ნაწილაკებმა თავის ქალა და სისხლთან ერთად იატაკს შეეზილნენ

***
-ნახე, რა თქვა?- ხროტინისმაგვარი სიცილით გვითხრა ღიპიანმა, მელოტმა კაცმა მე და ომარს ავტობუსიდან ჩამოსვლისას.

-ფუ, შენი დედაც მოვტყან!- ზურგი ვაქციე და გადავაფურთხე მე

-რა ყლეა!- დამეთანხმა ომარიც

***

-გრვალი, პასტავიანი ტყნაური!- ხმამაღლა მომივიდა თქმა

-რა?- ჩამეკითხა რატი

-არაფერი, ძმაკაცი ამბობდა ხოლმე. ადრე, ბავშვობაში…

***

-რატო, ბიჯო, რატო? რატო იგონებენ ამნაირ ყლეობებს, ე დედამოტყნულები?- ახალგაღვიძებულს ტელეფონიდან მესმოდა ალექსას ხმა

-ყლეზე დაიკიდე, რა!- გამოფხიზლებას ვიწყებდი ნელ-ნელა.

***

“Он прострелил себе башку и почувствовал свободу”- ნასვამი ვიწერდი უეცრად მოსულ აზრს ბლოკნოტში. უკვე კარგად მთვალმა ქვეშ მივუმატე: “თვითმკვლელობაზე გადის გზა სრული თავისუფლებისაკენ”

***

სამზარეულოში გამოვედი, მუცელზე ხელები მივიჭირე და უხმოდ ვიღრიალე, სადღაც, თითქოს შიგნით. “შეგიძლია ჩემს იდიოტიზმზე იცინო”- რიუნოსკე აკუტაგავას სიტყვებმა გამირბინა თავში.

-მესმის!- ხმამაღლა წამომცდა უნებურად

 

Advertisements

obOle სიუჟეტს მიღმა

სტანდარტული

აკა მორჩილაძეს ჩემ დედულში აკად არასდროს მოიხსენიებენ. გიოს ეძახიან დედაჩემიც და დეიდაჩემებიც, ვერ მიეჩვივნენ ამ ფსევდონიმს. ხუმრობა საქმე ხომ არაა, ადამიანს მთელი ცხოვრება ერთი სახელით იცნობდე და მერე უცებ ახალ სახელზე გადახვიდე?

გიო დედაჩემზე პატარაა ასაკით, თუმცა უმნიშვნელოდ. ზაფხულობით ხშირად ჩამოდიოდა და ან კითხულობდა, ან ხატავდა სულ რამესო, ასე იცის ხოლმე თქმა. სულ მიკვირდა, და ცოტა მწყინდა კიდეც, ჩვენს მომცრო ქალაქს არცერთ მოთხრობაში გაკვრით მაინც რატომ არ ახსენებსთქო და აჰა! საერთოდ ცალკე წიგნად არ გამოსცა ყოველივე? ახლაც მახსოვს, დედაჩემმაც და დეიდაჩემმაც 10 წუთიანი შუალედით დამირეკეს და მითხრეს: “გიოს ახალი წიგნი გამოსულა, მგონი ობოლი თუ რაღაც ამდაგვარი უნდა უნდა ერქვას და ცაგერზე დაუწერია ყველაფერი, იყიდე აუცილებლადო”. რათქმაუნდა, კარგა გვარიანად დავიგვიანე საყიდლად გასვლა და როცა მაღაზიაში მივედი: გავყიდეთ სულ, აქამდე სად იყავიო?

product_image_394

წიგნი თუ წაგიკითხავთ,  მოკლედ მოვჭრი: ჩემი დედული სწორედ იმ სახლშია, ირაკლის, ნაწარმოების მთავარი გმირის დიდმა ბაბუამ, ტიმოთემ  შვილის კარტის ვალებს რომ გადააყოლა და თვითონ პატარა კუხნაში დასახლდა. მოგვიანებით კი ახალი სახლი ააშენა. გიოს მამულსა და ჩემ დედულს შორის ერთი დაბალი “სეტკა” მესერია მხოლოდ. აბა, წარმოიდგინეთ, რა ემოციას გამოიწვევდა მისი obOle კუთხე-მეზობელში?

თითოეული გმირს თავისი რეალური პროტოტიპი ჰყავს, რამდენიმე კი თავისი ნამდვილი სახელითაც კი მოხვდა გიოს რომანში. იყო ერთი ამბავი. “წეიკითხე? იცანი ვინაა? დედა, რაფერ კარქათ დოუჭერია მიხვრა-მოხვრა”

მიხვრა-მოხვრაცაა და მიხვრა-მოხვრაც. რამდენად იკითხება ეს ნაწარმოები უცხო თვალიდან, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი კია, იმისათვის რომ იგი ბოლომდე შეიგრძნო, ლეჩხუმს უნდა ეწვიო, მინიმუმ იმ დროით, რომ სახასიათო კილოკავს გაუშინაურდე. მერე, იცოცხლე. ისეთი ხმოვანი გახდეს მთელი წიგნი. ამიტომაც იყო, რომ მე მანამ არ წავიკითხე, სანამ მშობლიურ კუთხეს არ დავუბრუნდი. ვიყავი წამოპლაკული კარტის ვალებს შეწირულ ტიმოთესოულ (მართლა ტიმოთე კი არ ერქვა აკას დიდ ბაბუას, ექვთიმე ახვლედიანი გახლდათ ერისკაცობაში) სახში (სწორად კითხულობთ, სახში- როგორც ჩვენსკენ იტყვიან ხოლმე),  და ვკითხულობდი ხამათ (სამწუხაროა, რომ ამ სიტყვების ინტონაციის გადმოცემა არ შეუძლია კომპიუტერის ცივ ეკრანს)

ცაგერის ცენტრში ვითომ ელინურ თაღზე გამოყვანილ ოვალურ სურათებს მეც ვეჩემები, მას მერე რაც თვლა ვისწავლე, მაგრამ დღემდე არ დამითვლია.  დამწვარ მუზეუმზე კი უფრო ვრცლად მოგითხობთ, უახლოეს მომავალში. იმ სასტუმროს ადგილას, პირველ სართულზე რომ რესტორანი ჰქონია და სადაც ერთდროს 11 წლის იკაიეს ღვინო ასვეს კოწიემ და მუთიემ, ახლა მუსიკალური სასაწავლებელია. გადასხვაფერებულია მეტ-ნაკლებად ქალაქი, ძველი იერი დაუკარგავს, თურმე.

მოქმედ გმირთა ნაწილი ცოცხალია, ნაწილიც უკვე გარდაცვლილი. თითქმის ყველას ვცნობ და ვიცნობ კიდეც, ვისაც ვერ- ჩემები მეხმარებიან. სახელებს და გვარებს არ ჩამოვყვები, უბრალოდ ვიტყვი: ვარლამიე და ნათელიკე ჯანმრთელად არიან და მართლაც სახიათო წყვილს წარმოადგენენ. კოწიე, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, საოცრად კარგი და საყვარელი ადამიანი იყო, ზუსტად ისეთი, როგორც აკამ დახატა. სხვანაირი. მამიდამისი ბაბუცა, რომელიც სინამდვილეში მისი მამიდა სულაც არ იყო, საოცარი ბებია გახლდათ. რამდენჯერმე რუსულის დაწერაში მეც მომეხმარა და მეტად ძველებური ფინჯნით საოცხოო ჩაიც მასვა ერთხელ. მუთიე გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ. ჩემი “ტრუსიკის” ძმაკაცის ბაბუა გახლდათ. მუთიეს ეძახდნენ მართლა, ცხოვრებაშიც. “ასტრას” ეწოდა მუშტუკით (ლეჩხუმურად რომ ვთქვათ), თეთრი ულვაში გაყვითლებოდა მისი ბოლისგან. მე და იკაკო, ჩემი ძმაკაცი, სულ შურით ვუყურებდით მის ორნამენტებიან ხელნაკეთ მუშტუკს, გვეგონა ეგ აძლევდა პაპიროსს თავის მუღამს. დათულიე ცოცხალია და საღსალმათი. ბადუეც. მეზობლად ცხოვრობენ, იქვე. აკას ბებია მეტად ბუნდოვნად მახსოვს, ბიძა გარდაეცვალა, როცა ჯერ-კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. ახლაც მახსოვს ის კივილის ხმა, დეიდაჩემს რომ ეძახდნენ. მე აფთიაქისკენ მაფრინეს, მაგრამ ვერ მოვუსწარი, უკვე გარდაცვლილიყო, საწყალი. სწორედ მისი დაკრძალვის დღეს ვნახე პირველად და ჯერ-ჯერობით უკანასკნელადაც გიო, აკა მორჩილაძედ წოდებული.

ნუ იტყვით, და მადონიეც რეალური ადამიანი ყოფილა, სროულობის დროის ბანდიტი. “დიდი, დიდი ტუჩები ჰქონდა და ჩემები მეუბნებოდნენ, არ აკოცნინოო”- დედაჩემმა მითხრა მის გახსენებაზე. ეტყობა ეგონათ, ბავშვს რამეს გადასდებსო. ომდარიეც კაი ხნის გარდაცვლილია. მადონიეც. ვერ გაიხსენა დეიდაჩემმა, როგორ და რა ვითარებაში. აქვეა დაკრძალული, მაგრამ ადგილი არ მახსოვსო, ეგ კი მითხრა.

მოკლედ, რაღა გავაგრძელო. რამდენიმე საათში შემომეკითხა მთელი წიგნი. ასე მეგონა, ჩემი სამეზობლოს ალბომი მეჭირა ხელში. საოცრად თბილი, ხმოვანი და მეტად მშობლიური. ერთგვარად სევდიანიც და სახალისოც. რახანაც რომანი ბევრს მოსწონს, მეც მიხარია. გამოდის, რომ ლეჩხუმი მოსწონს ამ ხალხს თავისი სხვანაირი და ამავდროულად ასე ნაცნობი ბუნებით.

აკა მორჩილაძეს რაც შეეხება… მე მასზე ნაწყენი აღარ ვარ

P.S. მურის ციხესაც უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ უკვე