Monthly Archives: სექტემბერი 2013

ცოტა რამ თანამედროვე თურქულ არტ-კინოზე

სტანდარტული

ჩემი გაცნობა თანამედროვე თანამედროვე თურქულ კინოსთან ბიაფის საშუალებით მოხდა. 2012 წელს განვლილი წლის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების სექციის მონაწილე ნამუშევრებს ვნახულობდი. სელიმ გიუნეშის სადებიუტო სურათი, „თოვლივით თეთრი“, სწორედ მაშინ ვნახე.

მის შესახებ ემოციები კი პოსტის სახით სახით გადმოვეცი. მაშინ ჩავფიქრდი, რომ ახალი საკბილო გამომიჩნდა არტ-ჰაუსში. არც შევმცდარვარ. შემდეგ ნური-ბილგე ჯეილანის ნამუშევრებს ჩავუჯექი, რომლის თითქმის ყველა ნამუშევარი კანის ფესტივალის საკონკურსო ფილმებს შორის ხვდებოდა. ამის შემდეგ, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის კინო სულაც არ ყოფილა ხელწამოსაკრავი რამ.

თანამედროვე თურქული კინო, თავისი განვითარებით, რატომღაც, მოზარდ ორგანიზმს მაგონებს, ყოველწლიურად რომ იზრდება, ყალიბდება, ფორმას იცლის, იხვეწება ერთგვარად.  თვალში საცემია თურქი რეჟისორების თხრობის სტილი, რომელსაც ძალიან ვამსგავსებ თანამედროვე სკანდინავიურ კინოს, განსაკუთრებით შვედურ არტ-ჰაუსს. ასევე მეტად მხიბლავს თურქული პეიზაჟები, ერთგვარად ბუნებრივად გამეფებული სიცარიელე კადრებში, ანდაც მინიმალისტური ხედვა გარემოსი. მოკლედ, რომ ვთქვა,  შემიყვარდა თურქული კინო და საკუთარ თავს მიზნადაც დავუსახე მისი უკეთ შესწავლა.

კარგად მახსოვს შარშანდელ ფესტივალზე ნაჩვენები “ერთხელ ანატოლიაში” და დარბაზის ორაზროვანი რეაქცია.

ნაწილი დაღალა რეჟისორის გაწელილმა თხრობის მანერამ, უწყვეტმა, თითქოს დაუსრულებელმა კადრებმა, რომლებიც მაყურებელს უთუოდ ბელა ტარს გაახსენებდა. მაშინ ბელა ტარიც სტუმრობდა ფესტივალს და მაყურებელს ნური-ბილგე ჯეილანთანაც შეეძლო გასაუბრება. ვინც შემოქმედის ფილმს ბოლომდე გაუძლო, ფრიად ნასიამოვნები დარჩა სანახაობით. სურათმა მათ დაფიქრების და რაღაც შეხედულებების გადახედვის მიზეზიც მისცა.

შარშანდელი ემოციები წლევანდელ ფესტივალზეც გადმომყვა. ამიტომაც იყო, რომ თურქულ ნამუშევარს, რეჟისორ ასლი ოზგეს ფილმს “მთელი ცხოვრება”, განსაკუთრებული ინტერესით ველოდი.

სურათის შესახებ მეგობარმა ბლოგერებმა უკვე დაწერეს, ამიტომაც იგივეს გამეორებით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ გადახედეთ მათ პოსტებს

ლიტერატორის ბლოგი- სიცოცხლის ბოლომდე

Crazy illusion- ფარული მესიჯები

ჰაგის ბლოგი- BIAFF – Lifelong

ჩემი მხრივ ვიტყვი, რომ  ნამუშევარმა იმედი არ გამიცრუა. ზუსტად ისეთი კინო იყო, როგორსაც ველოდი და როგორიც მე მიყვარს. მინიმალისტური, საოცრად მწირი დიალოგებით, სიტყვებს შორის მრავლისმეტყველი სიჩუმით და მეტად სახასიათო ვიზუალით. თითქოს რეჟისორმა თვით ცხოვრება გადმოიტანა კინოეკრანზე. აღნიშნულმა ფილმმა მაფიქრებინა, რომ ასევე საინტერესო იქნებოდა იეშიმ უსტაოღლუს “განსაწმენდელი (სადღაც შუაში)”

აღნიშნული სურათის ნახვა არ დამცალდა, სამწუხაროდ, თუმცა რაც ვიხილე, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმპათია კიდევ უფრო გამემყარებინა თურქული კინოს მიმართ.

ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა “ქართულ-თურქული კოპროდუქციის პლატფორმა”, რაც მეტად იმედის მომცემად მენიშნა ქართული კინოსათვის. ფაქტია, ჩვენ გვაქვს სასწავლი რაღაც თურქული კინოპროდუქციისგან, და დარწმუნებული ვარ, გვაქვს რაღაც ისეთი, რისი გაცემაც შეგვიძლია. სამომავლო თანამშრომლობა ფრიად სასარგებლო იქნება ჩვენთვის. იმედი მაქვს, თანამედროვე დამოუკიდებელი ქართული კინო, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს,  მოახერხებს განვითარდეს ეტაპობრივად. ეგებ, ამგვარი თანამშრომლობის მერე მაინც იმატოს ხარისხიანმა, არტ-კინოპროდუქციამ სამამულო სინემაში.

"გაუცხოება" ნური-ბილგე ჯეილანი

“გაუცხოება”
ნური-ბილგე ჯეილანი

“არა, მეგობარო!”, ანუ მოკითხვა დაკარგულ თაობას

სტანდარტული

არა, მეგობარო, აქ უარესია,

აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.

აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,

ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

 

თუნდაც ამ ერთ სტროფში ჩაეტევა მთელი 90-იანების ახალგაზრდობის ცხოვრება…

„არა, მეგობარო!“ გიო მგელაძის სადებიუტო ნამუშევარი გახლავთ. ფილმში მთავარი როლი ლევან აბაშიძემ შეასრულა. აღნიშნული მცირე როლი მსახიობისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. ფილმზე მუშაობის პროცესში ლევანი აფხაზეთის ომში წავიდა, სადაც დაიღუპა კიდეც. ერთგვარად საკრალური გახლდათ მისი თამაში და მთლიანად აღნიშნული სურათი მსახიობისათვის.

ლევან აბაშიძე

ლევან აბაშიძე

საინტერესო ფაქტია, რომ რეჟისორმა ფილმზე მუშაობა 1993 წელს დაიწყო. მისასალმებელია ამგვარი ენთუზიაზმი, იმის გათვალისწინებით, რაც მაშინ „ქვეყანაში“ ტრიალებდა. ეს ბრჭყალები შემთხვევითი შეცდომა არ გეგონოთ. ძნელია 90-იანების დასაწყისის საქართველოს ქვეყანა უწოდო. ალბათ, ახალგაზრდა შემოქმედს ძალა არ ეყო ჩუმად დარჩენილიყო, როგორღაც მაინც უნდა გამოხმაურებოდა იმ ჭაობს, სადაც უწევდა ცხოვრება.

მგელაძის ნაშრომი იმითაც გამორჩეულია, რომ რეჟისორმა მოახერხა და გადმოსცა საკუთარ ნამუშევარში ახალგაზრდა თაობის მთელი ტკივილი, ის უძლურება და უძრაობა, რაც გამეფებული გახლდათ ირგვლივ.  ზედმეტად რეალურად და მტკივნეულად გადმოსცა ის ძირითადი, თვალშისაცემი პრობლემები, რაც სოციუმში ტრიალებდა. ყოველივე ამის ფონზე, მან დახატა ადამიანი, რომლის არსებაშიც საბოლოოდ მშვიდობის საწყისი იმარჯვებს.

აღნიშნული სურათის ხილვის შემდეგ, მთელი ტრაგიზმით აღიქვამ თაობის ტკივილს. იმ უმოწყალო გარემოს, რომელმაც რომანტიზმის ნიღბით მრავალი ახალგაზრდა მოხიბლა და საბოლოოდ შეიწირა კიდეც. 20 წლის შემდეგაც კი, ფილმის ნახვისას შეუძლებელია ემოციებს გაექცეთ და არ ჩაფიქრდეთ იმ უსამართლობაზე, რასაც ეპოქის ულმობელი ზემოქმედება ჰქვია.

ხშირად ვფიქრობ, რომ ვერც ჩვენმა და ვერც ჩვენზე უფროსმა თაობამ ვერ მოახერხა 90-იანების პერიოდის მთელი ტრაგიკულობის გაანალიზება, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმდროინდელი კრიმინალური რომანტიზმის ილუზიიდან. თუმცა, არც მიკვირს. ჩვენ ხომ ჯერ საბჭოთა წითელი ურჩხულის დამღა არ მოგვიცილებია ტვინიდან.

ერთი ადამიანის ტრაგედია, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მთლიანი თაობის ტკივილს- ამგვარი ახსნაც შეიძლება მოვუძებნოთ ფილმს. სურათს განსაკუთრებულ ხიბლს ირაკლი ჩარკვიანის შესრულებაც მატებს.

აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი სურათის ჩვენება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფესტივალმა ერთგვარად პატივი მიაგო ლევან აბაშიძის ხსოვნას, რომელსაც წელს 50 წელი შეუსრულდებოდა. დარბაზში მყოფ მაყურებელთა საშუალო ასაკი 30 წელს აღემატებოდა, თუმცა მე მათში რაიმე განსაკუთრებული ემოცია არ დამინახავს… საწყენია ერთგვარად…

არტ-ჰაუსი, უმეცრება და განათლება

სტანდარტული

ადამიანი, როგორც ბრბო- ამგვარი სათქმელი მოიტანა მაყურებლამდე ფრანგულმა კინოპროექტმა „მეხუთე სეზონი“.

აღნიშნული ნამუშევარი საკონკურსო ფილმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. სურათი სახასიათო გახლდათ აზრის სიღრმითა და გამომხატველობითი სილამიზათაც. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი კი რეჟისორთა, პიტერ ბროსნენისა და ჯესიკა ვუდვორთის, განსწავლულობა აღმოჩნდა ადამიანურ ფსიქოლოგიაში.

მისტიური აპოკალიპტური ფონის წარმოჩენით, შემოქმედებმა ნათლად დაგვანახეს ადამიანთა ფსიქიკისა და ფილოსოფიის მანკიერებები. რეჟისორთა ტანდემმა შეძლო ეჩვენება ადამიანური ფსიქოტიპის ყველა ნაირსახეობა: დაწყებული კეთილი გულის პატრონი ახალგაზრდობით, დასრულებული- გავეშებული, აზრშეზღუდული ბრბოთი.

მიუხედავად ფილმში გათამაშებული ირეალური გარემოსა, გარკვეული პარალელების გავლება თანამდეროვეობის სოციუმთანაც კარგად შეიძლება. სახასიათო გახლდათ ცრუმორწმუნეობის გავლენა ადამიანთა აღქმაზე, რომელიც ფილმის მიმდინარეობისას კარდინალურ ტრანსფორმაციას განიცდის და საბოლოოდ დესტრუქციულ ფორმას იღებს. ამ ყოველივემ ნათლად დამანახა ის საფრთხეები, რაც რეალურად შეიძლება დადგეს ჩვენს წინაშე. ხუმრობა-ქილიკით აღქმული ცრურწმენები, რიტუალები თუ ტრადიციად ქცეული დოგმატური ხედვები, შესაძლოა ერთ დღესაც საშიში ფორმით მოგვიბრუნდეს უკან. იმდანად საშიში და სასტიკი სახით, რომ მის წინაშე საღი აზრი უძლური აღმოჩნდეს. თუმცა, რაღა შორს მივდივართ? უახლესი ისტორია ამის ნათელი დასტურია, რამდენად ძალმომრევი და ყოვლისმომცველია გავეშებულ ადამიანთა ერთობა საღი აზრის წინააღმდეგ. ვიქტორ ცოის სიტყვები წამომიტივდება ხოლმე ამის გაფიქრებისას თავში:

Что будет стоить тысячи слов,
Когда важна будет крепость руки?

აღნიშნულთან დაპირისპირება და ამგვარი საფრთხის გაუნებელყოფა, მხოლოდ განათლების ძალით არის შესაძლებელი. ინტელექტუალური მარაგი კარგი სეპარატორია ამ დროს. ფილმის ერთ-ერთი გმირი, პროფესიით ფილოსოფოსი, ამბობს მეტად გამორჩეულ და დასამახსოვრებელ ფრაზას: „მირჩევნია პარადოქსული ვიყო, ვიდრე უბრალოდ ცრუმორწმუნე“

კადრი ფილმიდან "მეხუთე სეზონი"

კადრი ფილმიდან “მეხუთე სეზონი”

განათლება ვახსენე და გვერდს ვერ ავუქცევ კინოფესტივალის მხატვრული სექციის კიდევ ერთ ფილმს, „გეოგრაფს გლობუსი შემოეხარჯა“.

ალექსანდრ ველედინსკის რუსული პროექტი გამორჩეულად დასამახსოვრებელი გახლდათ მსახიობ კონსტანტინ ხაბენსკის უზადო თამაშით. ამ ადამიანის ხილვას კომერციულ ფილმებში დავეჩვიე და მისი ამგვარი ამპლუა ჩემთვის ცოტა გასაკვირი გახლდათ, თუმცა მინდა გითხრათ, მეტად დამაჯერებელი და ბუნებრივი გახლდათ მსახიობი სურათის განმალობაში.

სწავლა- როგორც ერთადერთი ხსნა გადასარჩენად. ამგვარი გახლდათ ფილმის გზავნილი, მაგრამ მეტად ხაზგასმით იყო ნაჩვენები სურათში, რომ მხოლოდ წიგნიდან, თეორიით მიღებული ცოდნა არაფრის მომცემია, ფუჭია ცხოვრებაში. იგი აუცილებელია პრაქტიკით იყოს გამყარებული და მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენად ავტორიტეტული ადამიანი გასწავლის ცხოვრებას, პროფესორი (როგორც ეს ნაჩვენები გახლდათ ფესტივალის ჟიურის წევრის, ვიესლავ სანიევსკის ფილმში, „გამარჯვებული“) თუ ცხოვრებაარეული ლოთი, რომელიც საკუთარი თავის ძიებაში სასკოლო დაფასთან აღმოჩნდება ურჩ მოსწავლეთა ჯგუფის წინ. გარდა სოციალურ-მენტალური უძრაობისა, არსებული უიმედობის ფონზე კარგად იყო ნაჩვენები რუსეთში არსებული პოლიტიკური მარაზმის საწინააღმდეგოდ მიმართული გზავნილები, რაც აღნიშნულ ნამუშევარს გაკენწლავდა ხოლმე. ეპიზოდურად, მაგრამ შესამჩნევად. სახასიათო გახლდათ ასევე ის მომენტიც, რომ ფილმი, ერთი შეხედვით, მას-კინოს შეიძლება გავუთანაბროთ თავისი კონსტრუქციით და თხრობის სტილით, თუმცა აღნიშნული ხელს არ უშლის აზრიანი კინოს მაყურებელს, სეანსით სიამოვნების მიღებაში. საბოლოო ჯამში, ამგვარი ნაზავით კმაყოფილი დავრჩი.

აღნიშნული ორი ფილმი, განსხვავებული ხედვითა და თხრობის მანერულობით, ჩემთვის ერთ ძირითად სათქმელს წარმოადგენდა: განათლება არის საწყისი მოძრაობისა და თავის მხრივ მოძრაობა- სიცოცხლის წყაროა. ერთ ადგილზე გაყინვა, თუნდაც გონებრივად, თუნდაც ფიზიკურად- სიკვდილის წინამორბედი და ზოგჯერ მისი უმთავრესი მიზეზია.

დასასრულს ჩემს მიერ აგრერიგად ნაქები რუსული ფილმის მუსიკალურ რეფრენს დაგიტოვებთ, რაც სიმბოლურად მეჩვენა სურათის დაწყებისას

არტ-კინოდან კომედიამდე

სტანდარტული

არის მომენტები, როცა ეკრანს მიშტერებული, გონების თვალს წამით აცილებ კადრების რბოლას და უფიქრები: “რა ჯანდაბაა? რა მაიძულებს ამას ვუყურო? ვინმე ხომ არ მადგას თავზე მათრახით?” ამგვარი რამ არ დამმართნია ბიაფზე. კი, იყო მომენტები, როცა ამ აზრთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი მეტად უაზრო ჩვეულება ვერ მოვიშალე ვერაფრით. უყურო მაინც ბოლომდე ყველაფერს და შეეცადო საბოლოოდ გაიაზრო ეკრანზე ნანახი ნონსენსი.

„უსასრულო დაბრუნება“ სწორედ ამგვარი კატეგორიის ფილმს განეკუთვნება.

ბოლო კადრის გაელვებამდე ვფიქრობდი: „ამის დედაც! 5 წუთიც და გავალ!“ თუმცა, მაინც ბოლომდე შევრჩი დარბაზს. იმედგაცრუებული დავრჩი. წინა წელს ნაჩვენები უკრაინული ფილმი, „სახლი კოშკურით“ დღემდე კადრებად მიტრიალებს თავში.

ამგვარად ჩამთრევი და საინტერესო ფილმი იშვიათად მინახავს. ნამვილი არტ-კინო გახლდათ, მთელი თავისი დიდებულებით. ამგვარი განწყობით გახლდით უკრაინული ნაწარმის, „უსასრულო დაბრუნების“, საცქერადაც მომართული, მაგრამ…

ზოგადად, ერთგვარ საკვანძო პრობლემად მიმაჩნია დამოუკიდებელ კინოში არსებული სრული დამოუკიდებლობა… ამ შემთხვევაში აზრობრივ სიმსუბუქეს ვგულისხმობ. ალბათ, რეჟისორები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ნაკლოვანებები რეჟისურაში, ხარვეზები სცენარში თავისუფლად შეუძლიათ არტ-ჰაუსის სრულ თავისუფლებას გადააბრალონ. ამგვარი რამ პირველად მინდაძის ფილმში, “Отрыв”,  ვნახე და გაბრაზებულმა ხმოვანი პოსტიც ჩავინიშნე, „არტ-ჰაუსი სნობებისათვის“, ეგრე დავარქვი, მაგრამ საბოლოოდ გამოქვეყნება დამეზარა.

სულ სხვა განცდა დამეუფლა ბენ უიტლის ფილმის, „მინდორი ინგლისში“ ,ნახვისას.

ზოგადად, უიტლი მეტად არაპროგნოზირებადი რეჟისორია. ძალიან უყვარს ჟანრებში თამაში 90 წუთის განმავლობაში. მისი ფილმი „Kill List”, ამის ნათელი დასტურია. იმდენად შემოატრიალა ადამიანმა სურათი, რომ ბოლოს ტიტრებს გაშტერებული მივჩერებოდი. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მისი ბოლო ნამუშევარიც მეტად საინტერესო სანახავი იქნებოდა.

უნდა ითქვას, რომ იმედი არ გამცრუებია. ფსიქედელიური შუასაუკენეები დატრიალდა ეკრანზე „აპოლოში“. დანაწევრებული, თითქმის გაუგებარი სცენარი და ამავდროულად მეტად ლამაზი, უცნაურად დამღლელი კადრთა ცვლა. ფილმს დასაწყისში გაფრთხილებაც კი ჰქონდა, მოციმციმე კადრებს იხილავთო. მართალი შენიშნვნაც იყო. ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს უთუოდ კრუნჩხვა დაემართებოდა ფილმის შუაწელში. ჯანმრთელ ადამინებს კი თვალებისა და თავის ტკივილი გარანტირებულად ჰქონდათ გამოწერილი. აი, ამგვარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება გამომხატველობაში მეტად მომწონს. ეტყობა რეჟისორს, რომ ჯერ კიდევ საკუთარი კინოხელწერის ძიებაშია და თამამ ექსპერიმენტებს არ უშინდება.  შესაშური ენთუზიაზმია.

მეტად საინტერესო ებრაული პროექტი იყო წარმოდგენილი ასევე მხატვრული ფილმების სექციაში პირველ საკონკურსო დღეს. „შეავსე სიცარიელე“– ასე ერქვა რამა ბურნშტაინის ნაწარმოებს და იგი, ჩემი აზრით, იდეოლოგიურ-შემეცნებით ხასიათს უფრო ატარებდა.

რამაც რეჟისორის ხედვაში გამაღიზიანა, ეს გახლდათ რელიგიური დოგმების გაფეტიშება და ამის ფონზე ადამიანური ურთიერთობების უკანა პლანზე გადაწევა. ერთი გაფიქრება გამიელვა, შესაძლოა ეს მისეული მცდელობაა, რომ მაყურებლის ყურადღება მიმართოს რეალურად არსებული პრობლემის მიმართ და დააფიქროს იგი მის მანკიერებაზეთქო, მაგრამ ამგვარმა აზრმა მალევე გამიარა, რამდენადაც მე ვერ დავინახე რელიგიური დოგმატური მსოფმხედველობის ობიექტური, ჯეროვანი კრიტიკა. ფილმი ზედმეტად ზედაპირულად და უემოციოდ მიმდინარეობდა, ნაცვლად რეალური, ადამიანური დრამისა, რაც ძირითადად თამაშდება მორწმუნეობრივ-სოციალური სიძნელეების ერთმანეთთან შეჯახებისას.

ბრიტანული ფოკუსის ფილმებიდან  ჯულ ბიშოპის „ნასესხებ დროს“ გამოვყოფთი, რომელიც კინოფესტივალის პირველი საკონკურსო დღის განტვირთვის 86 წუთად მოგვევლინა.

მსუბუქად გამახვილდა ყურადღება სურათში სოციალურ და პიროვნულ პრობლემებზე, ხაზი გაესვა ასაკობრივ თავისებურებებს ადამიანთა წინ არსებული დაბრკოლებებისა და მისგან თავდახსნის გზების ძიებაში. რეჟისორს არ დაენანა მსუბუქი, შავი ბრიტანული იუმორიც, რომელიც მარილივით მოუხდა ფილმს. მოკლედ, მაყურებელი მეტად ასიამოვნა აღნიშნულმა სანახაობამ.

ფესტივალი უგვე გახურდა და გადამწყვეტ ფაზაში იწყებს შესვლას. ჯერ-ჯერობით, დინამიკა იმედისმომცემად გამოიყურება. გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის ინახავენ გურმანებიო, გამიგია. მეც ამის იმედად ვარ.

კადრი ფილმიდან "მინდორი ინგლისში"

კადრი ფილმიდან “მინდორი ინგლისში”

“კუ! ქინ-ძა-ძა” ანუ დაღლილი დანელია

სტანდარტული

ბათუმის წლევანდელი კინოფესტივალი გიორგი დანელიას ფილმმა, “კუ! ქინ-ძა-ძა” გახსნა.

სიმართლეს გეტყვით, დიდად არ მიყვარს თანამედროვე რუსული კინემატოგრაფი. ანიმაცია, მითუმეტეს. აღნიშნულს პოლიტიკური სარჩული ნამდვილად არ უდევს, როგორც მავანი იფიქრებს. უბრალოდ, საქმე ხარისხშია. სამწუხაროდ, თანამედროვე რუსული კინო ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვერ ამართლებს იმ დიდ მემკვიდრულ იმედს, რაც თავის დროზე საბჭოთა (რუსმა) რეჟისორებმა დატოვეს.

ნამდვილად არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ „ქინ-ძა-ძა“ ასეთი ფილმების კატეგორიაში გადის და მისი რეჟისორიც იმედგამცრუებელთა რიგებს მიეკუთვნება. მახსოვს, როცა პირველად სურათი ვიხილე, დიდად ვერც კი გავიგე, რისი თქმა უნდოდა შემოქმედს თავისი ნამუშევრით, სიმართლე გითხრათ, ეგ კი არა, თითქმის საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე… თუმცა გამოხდა ხანი და ფილმმა თავისი მოიტანა, თანაც საკმაოდ. ახლაც მიკვირს, როგორ მოახერხა დანელიამ შეექმნა ესეთი არაამქვეყნიური ფილმი 80-იანებში, თუმცა ალბათ „პერესტროიკის“ დასაწყისმა მაინც თავისი როლი ითამაშა და რეჟისორმაც საკუთარი ფანტაზია ნებაზე მიუშვა.

რაც შეეხება რიმეიქებს. ეს ჩემთვის საკმაოდ რთული თემაა. ერთხელ ნათქვამის მეორედ გადამღერება, სხვა რეჟისორის მიერ ყოველთვის ეჭვს იწვევდა ჩემში. ამჯერად მეტად საინტერესო ექსპერიმენტის მოწმე გავხდი. უცნაურია, მაგრამ დანელიამ საკუთარი ნაშრომის ანიმაციურ ვერსიაზე მუშაობა გადაწყვიტა და ამგვარად დაიბადა „კუ! ქინ-ძა-ძა“.

სიმართლე გითხრათ, ამგვარი ქმედება ხელოვანის მიერ ჩემგან, რიგითი მაყურებლისგან, დაღლილობის გამოხატვად აღიქმევა. თითქოს, სათქმელი აღარ დარჩა და ამჯერად ცდილობს წარმატებული პროექტი ახლებური გზით გადმოსცეს, რათა 80-იანების თაობა კვლავ უკან, საბჭოთა დროში დააბრუნოს და ის უდარდელი დრო გაახსენოს. მეტად რთულია, დამეთანხმეთ, უყუროთ ფილმს, რომლის მთლიანი შინაარსი თქვენთვის ცნობილია, ასევე კარგად იცით, როგორ დასრულდება სურათი. ამგვარი ცქერისას, ცდილობ ყურადღება უფრო სხვა დეტალებისკენ მიმართო. ამჯერად ჩემი ყურადღება ანიმაციის ხარისხმა მიიქცია. დიდად ვერ ვერკვევი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რუსულ ანიმაციაში, თუმცა აღნიშნული ნამუშევარი მომეწონა. ხაზს ვუსვამ: წმინდა ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით. რათქმაუნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰოლივუდურ ანიმაციურ ფილმებთან კონკურენცია ცოტა რთულია, მაგრამ ეკრანზე ნანახს, იაფფასიანსაც ვერ ვუწოდებდით.

ასევე მეორე, რაც თვალში მეცა… უფრო სწორი ფორმულირება რომ მოვახდინო: ყურში მეცა, ეს მუსიკა გახლდათ. რეჟისორი არ გაექცა ძველი ფილმის საოცარ მუსიკალურ გაფორმებას და კომპოზიტორად კვლავ გია ყანჩელი მოგვევლინა. მუსიკა ფილმს მართლაც გასაოცარი აქვს. მისი მარტივი, მაგრამ საოცრად ღრმა მელოდია, ნებისმიერი თაობის მუსიკის მოყვარულის გულს მოიგებს, ასე მგონია. ამჯერად, ამ ჰანგების მოსმენა კარგი აპარატურით იყო შესაძლებელი ჩემთვის, რაც დამატებითი სიამოვნების მომტანი გახლდათ. მოკლედ, გახსნის ფილმი მეტად ხალიასიანი და რაღაცნაირად ბავშვური გამოდგა. დანელია შეეცადა არ ჩამორჩენოდა დროს და ფილმში რამდენიმე თანამედროვე ხუმრობაც ჩააქსოვა. ისე, სასხვათაშორისოდ. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ: გაასწორა რა!

ამჯერად საკონკურსო ფილმების სექციის მოლოდინში ვარ, რადგანაც ჩემი მთავარი მოლოდინები ფესტივალის აღნიშნულ ნაწილშია. ვნახოთ, რამდენად გამართლედება ჩემი მოლოდინები.

რაც შეეხება დანელიას აღნიშნულ ფილმს, თუ დაგაინტერესებთ, კარგად იცით სად და როგორ უნდა მოძებნოთ 😉

კადრი ანიმაციური ფილმიდან "კუ! ქინ-ძა-ძა"

კადრი ანიმაციური ფილმიდან “კუ! ქინ-ძა-ძა”