არტ-კინოდან კომედიამდე

სტანდარტული

არის მომენტები, როცა ეკრანს მიშტერებული, გონების თვალს წამით აცილებ კადრების რბოლას და უფიქრები: “რა ჯანდაბაა? რა მაიძულებს ამას ვუყურო? ვინმე ხომ არ მადგას თავზე მათრახით?” ამგვარი რამ არ დამმართნია ბიაფზე. კი, იყო მომენტები, როცა ამ აზრთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი მეტად უაზრო ჩვეულება ვერ მოვიშალე ვერაფრით. უყურო მაინც ბოლომდე ყველაფერს და შეეცადო საბოლოოდ გაიაზრო ეკრანზე ნანახი ნონსენსი.

„უსასრულო დაბრუნება“ სწორედ ამგვარი კატეგორიის ფილმს განეკუთვნება.

ბოლო კადრის გაელვებამდე ვფიქრობდი: „ამის დედაც! 5 წუთიც და გავალ!“ თუმცა, მაინც ბოლომდე შევრჩი დარბაზს. იმედგაცრუებული დავრჩი. წინა წელს ნაჩვენები უკრაინული ფილმი, „სახლი კოშკურით“ დღემდე კადრებად მიტრიალებს თავში.

ამგვარად ჩამთრევი და საინტერესო ფილმი იშვიათად მინახავს. ნამვილი არტ-კინო გახლდათ, მთელი თავისი დიდებულებით. ამგვარი განწყობით გახლდით უკრაინული ნაწარმის, „უსასრულო დაბრუნების“, საცქერადაც მომართული, მაგრამ…

ზოგადად, ერთგვარ საკვანძო პრობლემად მიმაჩნია დამოუკიდებელ კინოში არსებული სრული დამოუკიდებლობა… ამ შემთხვევაში აზრობრივ სიმსუბუქეს ვგულისხმობ. ალბათ, რეჟისორები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ნაკლოვანებები რეჟისურაში, ხარვეზები სცენარში თავისუფლად შეუძლიათ არტ-ჰაუსის სრულ თავისუფლებას გადააბრალონ. ამგვარი რამ პირველად მინდაძის ფილმში, “Отрыв”,  ვნახე და გაბრაზებულმა ხმოვანი პოსტიც ჩავინიშნე, „არტ-ჰაუსი სნობებისათვის“, ეგრე დავარქვი, მაგრამ საბოლოოდ გამოქვეყნება დამეზარა.

სულ სხვა განცდა დამეუფლა ბენ უიტლის ფილმის, „მინდორი ინგლისში“ ,ნახვისას.

ზოგადად, უიტლი მეტად არაპროგნოზირებადი რეჟისორია. ძალიან უყვარს ჟანრებში თამაში 90 წუთის განმავლობაში. მისი ფილმი „Kill List”, ამის ნათელი დასტურია. იმდენად შემოატრიალა ადამიანმა სურათი, რომ ბოლოს ტიტრებს გაშტერებული მივჩერებოდი. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ მისი ბოლო ნამუშევარიც მეტად საინტერესო სანახავი იქნებოდა.

უნდა ითქვას, რომ იმედი არ გამცრუებია. ფსიქედელიური შუასაუკენეები დატრიალდა ეკრანზე „აპოლოში“. დანაწევრებული, თითქმის გაუგებარი სცენარი და ამავდროულად მეტად ლამაზი, უცნაურად დამღლელი კადრთა ცვლა. ფილმს დასაწყისში გაფრთხილებაც კი ჰქონდა, მოციმციმე კადრებს იხილავთო. მართალი შენიშნვნაც იყო. ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანს უთუოდ კრუნჩხვა დაემართებოდა ფილმის შუაწელში. ჯანმრთელ ადამინებს კი თვალებისა და თავის ტკივილი გარანტირებულად ჰქონდათ გამოწერილი. აი, ამგვარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება გამომხატველობაში მეტად მომწონს. ეტყობა რეჟისორს, რომ ჯერ კიდევ საკუთარი კინოხელწერის ძიებაშია და თამამ ექსპერიმენტებს არ უშინდება.  შესაშური ენთუზიაზმია.

მეტად საინტერესო ებრაული პროექტი იყო წარმოდგენილი ასევე მხატვრული ფილმების სექციაში პირველ საკონკურსო დღეს. „შეავსე სიცარიელე“– ასე ერქვა რამა ბურნშტაინის ნაწარმოებს და იგი, ჩემი აზრით, იდეოლოგიურ-შემეცნებით ხასიათს უფრო ატარებდა.

რამაც რეჟისორის ხედვაში გამაღიზიანა, ეს გახლდათ რელიგიური დოგმების გაფეტიშება და ამის ფონზე ადამიანური ურთიერთობების უკანა პლანზე გადაწევა. ერთი გაფიქრება გამიელვა, შესაძლოა ეს მისეული მცდელობაა, რომ მაყურებლის ყურადღება მიმართოს რეალურად არსებული პრობლემის მიმართ და დააფიქროს იგი მის მანკიერებაზეთქო, მაგრამ ამგვარმა აზრმა მალევე გამიარა, რამდენადაც მე ვერ დავინახე რელიგიური დოგმატური მსოფმხედველობის ობიექტური, ჯეროვანი კრიტიკა. ფილმი ზედმეტად ზედაპირულად და უემოციოდ მიმდინარეობდა, ნაცვლად რეალური, ადამიანური დრამისა, რაც ძირითადად თამაშდება მორწმუნეობრივ-სოციალური სიძნელეების ერთმანეთთან შეჯახებისას.

ბრიტანული ფოკუსის ფილმებიდან  ჯულ ბიშოპის „ნასესხებ დროს“ გამოვყოფთი, რომელიც კინოფესტივალის პირველი საკონკურსო დღის განტვირთვის 86 წუთად მოგვევლინა.

მსუბუქად გამახვილდა ყურადღება სურათში სოციალურ და პიროვნულ პრობლემებზე, ხაზი გაესვა ასაკობრივ თავისებურებებს ადამიანთა წინ არსებული დაბრკოლებებისა და მისგან თავდახსნის გზების ძიებაში. რეჟისორს არ დაენანა მსუბუქი, შავი ბრიტანული იუმორიც, რომელიც მარილივით მოუხდა ფილმს. მოკლედ, მაყურებელი მეტად ასიამოვნა აღნიშნულმა სანახაობამ.

ფესტივალი უგვე გახურდა და გადამწყვეტ ფაზაში იწყებს შესვლას. ჯერ-ჯერობით, დინამიკა იმედისმომცემად გამოიყურება. გემრიელ ლუკმას ბოლოსთვის ინახავენ გურმანებიო, გამიგია. მეც ამის იმედად ვარ.

კადრი ფილმიდან "მინდორი ინგლისში"

კადრი ფილმიდან “მინდორი ინგლისში”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s