Monthly Archives: დეკემბერი 2013

ნაგავი Vol.6

სტანდარტული

ნაგავი- ასე ვეძახი მოგონებათა კასკადს, ჩემ თავში რომ გაიარეს, არაფერი დატოვეს და უბრალოდ ადგილს იკავებენ. ესაა ერთგვარი სცენები, კადრები, რომლებიც მოულოდნელად წამოტივტივდებიან, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები.  დროდადრო ნაგავი უნდა გაიტანო, გადაყარო ან სულაც საზოგადოდ წამოაჩინო.

P.S. ქვემოთ გამოყენებული უცენზურო ლექსიკისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცადე მაქსიმალურად რეალისტურად გადმომეცა ყოველივე.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

***

YouTube-ვიდეო დამთავრდა და მივხვდი, რომ რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა გამართლდა. ქვეცნობიერად ამ აზრს უკვე შეგუებული ვიყავი. არ გამკვირვებია საკუთარი სიმშვიდე.

***

“ჰმ… რა ადვილი ყოფილა!”- გავიფიქრე და კმაყოფილმა ნიუსfიდი ჩამოვსქროლე.

***

მთის კალთაზე შეფენილ სოფელს გავყურებდი და რაღაცით მენანებოდა, რომ მხატვარი არ ვიყავი. შემდეგ ზიზღმა იმძლავრა ჩემში და მზერა იქვე მდარ კარალიოკის ხეზე გადავიტანე

***

– ადრიანა ლიმას სურათს რა უნდა ამ კედელზე?

– რატიმ გააკრა.

– რა პონტია?

– რონალდო ტყნავდა ამას და იმ პონტში

ადრიანა ლიმა

***

“მოკეტე! მოკეტე! მოკეტე! მოკეტე!”- ყვიროდა ხმა თავში. მაგრად მოკუმული ტუჩები კი არაფერს ამბობდნენ.

***

– აზრზე ხარ?

-ჰმ, მაგის დედაც მოვტყან!- ვთქვი ავტომატურად ისე, რომ არც კი მომისმენია რაზე მიდიოდა საუბარი

***

საუბრისას მოსმენილი

-კაი ხელ მქონდა, ყველაფერი გამომდიოდა. ერთხელ ტყავის ბუდეს ვკერავდი სასხლავი მაკრატლისთვის. მიყურა სიდედრმა, მიყურა და ასე მეუბნება: “უნდა წევიდე და დედაშენს უნდა ვუნახო! ამნაირი რო გაგაჩინაო”
მე ვუთხარი: “მაგი რა არი, შენ მამაჩემის უნდა გენახა, ამნაირი რო გამაკეთათქვა”
დიდებული კაი ქალია ჩემი სიდედრი, მარა სიდედრია მაინც რა!

***

-ტაბლეტი რა არი, კაცო! კაია ნემსი! აი, რო გაუკეთებ, მერე მთელი ტკივილი აი ასე… (შეკრული მუშტი ჰაერში ასწია დაგაშალა, შემდეგ კი გაშლილი ხელი სწრაფად დაისვა ბარძაყზე მუხლამდე ჩაასრიალა) ასე არაა, რანდო?- დაეკითხა დივანზე დამჯდარ ბიძაჩემს

ბიძაჩემმა არაფერი უპასუხა. თანხმობის მომლოდინე სტუმარს ჩემსკენ გამოექცა თვალი. კრიჭაშეკრულმა გადავაქნიე თავი. საშინლად მძულდა მისი პრიმიტიულობის გამო იმ მომენტში

***

-ალექს, შევებრძოლოთ სიფხიზლეს?

– აბა! არ მოვუდუნდეთ!

***

გამთენიისას, ქვედა სართულიდან, საოცრად მდარე მუსიკის ხმა პირდაპირ ტვინში მირტყამდა. წამით წარმოვიდგინე, როგორ შევდივარ მათ სახლში ყველას უკლებლივ ვხოცავ. ამ აზრმა საოცარი შვება მომგვარა.

God Bless America

***

– ვინ არიან, ეს ჯიშმოტყნულები, შეგნება არ აქვთ?

– რა ვიცი, მაგათი დედაც მოვტყან! ეტყობათ რამე ადამიანურობის?

– უნდა ჩახვიდე და სულ რკინის კეტი უნდა ურტყა დედის მუტლის გინებით!

***

– რადიკალიზმი, ასეთ ყლეობაში, დამღუპველია! – ვუთხარი გვერდითმჯდომს და პომიდვრის მჟავეს მივეტანე

***
– თინა ბებო, შენ მხედრიონელებს იცნობდი?

– აბა! აქ იყვნენ სულ და…

– ის თუ იცი, არველაძე რომ იყო?

– ვინ? გიგა? დედა, რა კაი ბიჭი იყო!

– აუჰ! შენ, მგონი, თვითონ მხედრიონელი ხარ და გვიმალავ!

***
-მოდი, ალექს?

-მივედი-მევედი, და მაინც ადგილზე ვარ!

-კარები ხარ?

***

– ზოგჯერ მარტო რწმენა განკურნავს ადამიანს, აბა!

– ასეთი სისულელის არ მჯერა მე, მითუმეტეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში

 

Advertisements

ამბავი ძველი ციგისა

სტანდარტული

იწერება გრაფინიასთვის, უნებურად მოპარული მოთხრობის სანაცვლოდ

***

-დაწერე რამე?

-არა

-რატომ მერე? ამინდის ბრალია?

დედაჩემთან ლაპარაკისას

***

ამინდიცაა და ამინდიც, როგორც სოფლად იტყვიან. დიდად არ მოქმედებს ჩემზე, ამას ვიმეორებ სულ. ერთი კია, ვერ ვიტან სიცივეს, პაპანაქება მირჩევნია. “სუნელი ხო არ ხარ, ბიოო”- დაუმატებდნენ ხოლმე ჩემ სიტყვებს ლეჩხუმელი სოფლის ბერიკაცები. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ხასიათი მაქვს ალბათ ასეთი. თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობსო, ზამთარი მაინც მიყვარდა. ზამთარში თოვლს ვგულისმობ, რათქმაუნდა. აბა, ზამთარი უთოვლოდ, ვის გაეგონა ბავშვობაში? სულ მიკვირდა მამაჩემის გამწარებული სახის შემხედვარეს, პირველი თოვლის მოსვლას რომ შეაგებებდა ხოლმე პირქუშად. ახლაც ასეა, ვერ მოიშალა. მე კი ამგვარად მქონდა დაცდილი. სანამ კოჭზე არ დადებდა, მანამდე “სანკას” ხელს არ ვახლებდი. ამინდი დაითარსებოდა, ასე მეგონა. შტერი ბავშვი ვიყავი, მოკლედ.

***

“რაკეტობანა” მიყვარდა თოვლის მოსვლისას. “რაკეტობანას” მე ვეძახდი, ისე არა მგონია სახელი ჰქონდეს. გავეტუზებოდი ფანჯრის წინ და ფიფქების ცვენას ავცქეროდი თბილი სახლიდან. რამდენიმე წუთი სჭირდებოდა ასე გულდაგულ ყურებას და მერე ასე მეგონა, ფიფქები ადგილზე გაყინულან ჰაერში და ეს მე მივფრინავ რაკეტით ცისკენ საოცარი სიჩქარითთქო. გეუბნებით, შტერი ბავშვი ვიყავითქო, ზოგს კი ალბათ ეჭვიც ეპარებოდა.

***

“სანკა” მყავდა, მამაჩემის გაკეთებული. ასეთი რა გაუკეთა, ვერ გეტყვით, მაგრამ ღორის ქონით რაოდენ მონდომებითაც არ უნდა გამეპოხა მის ფეხებზე დაჭედებული “ცინკა”, მაინც ერთნაირად დაჩანჩალებდა. “აგრანიჩიწელი” დაადო ალბათ, ბავშვი არ დამელეწოსო. ამგვარი უცნაურობის გამო ათვალწუნებული მყავდა ჩემი მომცრო ციგა. სხვის “სანკებზე” მეჭირა სულ თვალი. ამ ციგაზე იყო სწორედ, ნიკულანამ რომ დაიქადნა, წაქცეული ხის ქვეშ გავძვრებიო. ეტყობა ვერ მოზომა სიმაღლე და ხორხზე განივად გადაუჭრა კანი მერქანმა. ახლაც ამჩნევი შრამი მკრთალად. ავითვალწუნებდი, აბა რა იქნებოდა? ამიტომაც იყო, ალბათ, ერთხელ საკუთარ ეზოში მესერთან ახლოს დავტოვე მოღამებულზე. დილით კი აღარ დამხვდა.

“არაფრის ღირსი შენ არ ხარო”- მამაჩემმა.

უცნაური კი ის გახლდათ, რომ სანამ მყავდა, ვერ ვიტანდი. დავკარგე თუ არა- მაშინვე დამენანა საშინლად. მერე იკაკომ მითხრა, “ჩემ კლასელს უნდა ჰყავდეს შენი “სანკაო”. ლაშა ერქვა მის კლასელს. როგორღაც ჩამოვიტყუეთ ჩვენს სამოსახლოში. თავი გაიგიჟა, ვიპოვეო, მაგრამ მაინც დამიბრუნა. მას მერე ისეთი თოვლიც აღარ მოსულა, რომ გვეციგავა. “სანკაც” მალე დაიშალა და ოჯახის ღუმელში დაასრულა არსებობა.

***

ეს იკაკო და მე თანშეზრდილი ძმაკაცები ვართ. “სანკა” იქნებოდა, “დენდი” იქნებოდა, ძროხების გარეკვა რომაა, ისიც კი- ყველგან ერთად ვიყავით. ერთად დავიწყეთ მოწევა. ნაფაზებს არ ვურტყამდით, ოღონდაც. მერე მე ვუთხარი, “მიდი, ეგ ბოლი შეისუნთქეთქო” და კინაღამ დაიხრჩო ხველებით.

საწყალმა ბებიაჩემმა გამოგვიჭირა მე და იკაკო. “არა, რავა გეკადრება, არ მოგვიწევიათქვა”,- ვიძახდით. ბებიამ დათოს დაუძახა. დათო იკაკოს დეიდაშვილია, ჩვენზე 3 წლით უფროსი. წყალტუბოდან ჩამოდიოდა ზაფხულობით. “დათო, დედაშვილობას, ნახე აბა, სიგარეტის სუნი თუ ასდითო”-ბებიაჩემმა. “აუჰ, წასულია ჩვენი საქმეთქვა”,- გავიფიქრე. დათოიემაც, “კიო, სიგარეტის სუნი ასდითო”. მოკლედ, იმ დღეს ისეთი რამ დაგვმართეს ცალკე -მე, ცალკე- იკაკოს ჩვენმა მშობლებმა, რომ აქ არ ვიტყვი, “იუნისეფმა” არ ნახოს, მეშინია.

იკაკო და მე  ზაფხული. 2010 წ

იკაკო და მე
ზაფხული. 2010 წ

გამექცა აზრი…

***

კუთხის ამოსახვევში ვსრიალებდით. სულ ზევიდან ვეშვებოდით, მეზობლის ჭიშკრიდან. მეზობელს ერქვა ჟღვრიე. ჟორა ერქვა ისე, მაგრამ ყველა ასე ეძახდა მაინც. ჰოდა, ერთხელაც ჟღვრიე წაგვეჩხუბა, “სახლის გზას ნუ მიტრისავთ ამ სანკებით, აქედან ნუ სრიალებთო”. შეიძლება იმიტომაც გვითრა, რომ მისი სახლიდან განსაკუთრებით სწრაფად ვეშვებოდით. აბა, ბავშვისთვის აკრძალვა არსებობს?

ავედით ჟღვრიეს სახლთან და ვემზადებით დაშვებისთვის, მაგრამ რად გინდა? საღამო ხანი დგება და შუკაში ძროხები გახიმულან გზაზე. საწყალი ზურიკო იდგა იქვე. “ე, ბიჯო, გადოუტოე მა ძროხებსო!”- იკაკომ გასძახა. ხმა მოესმაო, გავხედე ჟღვრიემ დაგვინახა ეზოდან და სწარაფად წამოვიდა ჭიშკრისკენ. “ე, ბიჯო, მევიდა და დაგვცხებს ახლათქვა”- იკაკოს ვუთხარი და “სანკას” მოვახტი. დავიწყე დაშვება. ეგიც მომყვა. წინ კიდე ზურიკელა ძროხებს “ოჩი! ოჩის” ეძახის.  ვკრიფავთ სიჩქარეს და ვუყვირით “გადარეკე ე უპატრონო, გადარეკე!”

ამ ყვირილმა პირუტყვი დააფრთხო ეტყობა და ერთმა ძროხამ ისეთი ნახტომი გააკეთა, ტოლდოს შეშურდებუდა (ტოლდოზე მაგარი მეკარე არ გვეგულებოდა მაშინ ჩვენ). უკანა ფეხები ისე ახლოს ამიქნია სახესთან, ლამის მისი ჩლიქების სუნი ვიგრძენი. ავყირავდით. მეც და იკაკოც. ჩვენ თავს არ ვჩივით, ეს ძროხა დაეცა ისე უბედურად, რომ ადგომას ვეღარ შვება. დედა, რაღა ვქნათ?

ვეტაკე რქებში… აბა, გაგიგონია? ვერ ვშველით. იკაკო ზურგიდან აწვება- ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი. “ახლა რო რამე მოუვიდეს, ამ შობელძაღლს, სახლში მომკლავენთქვა”,- ვფიქრობ. გაგვდის სიმწრის ოფლი. აქეთ მე, იქეთ- იკაკოს. ამნაირ გაწამებულ ყოფაში ვართ და დაგვადგა თავზე ჟღვრიე. არ წაგვჩხუბებია, ერთი ჩასჭიდა ხელი ძროხას რქებში და წამოაგდო ფეხზე. დავტაცეთ ხელი “სანკებს” და გამოვიქეცით სახლისკენ.

***

დღეს კისერმოღრეცილი ვიჯექი სავარძელში და წვრილი ფიფქები ცვენას ვუყურებდი სარკმილდან. უაზრო ფიქრებმა წამიღო. ფანჯრებზე გისოსები და მთლიანად ოთახი ნამდვილ, თავისუფლების აღმკვეთ საკნად მომეჩვენა. ზამთარიც და თოვლიც შევიძულე, კარგახანია. ოთახში თბილოდა, მაგრამ მაინც სიცივემ დამიარა მთელ სხეულში. საშინლად დამეზარა ფეხზე წამოდგომა და “რაკეტობანას” თამაში. ეტყობა, ის შტერი ბავშვი აღარ ვარ.

კისერმოღრეცილი ხედი ფანჯარაში

კისერმოღრეცილი ხედი ფანჯარაში