ამბავი ძველი ციგისა

სტანდარტული

იწერება გრაფინიასთვის, უნებურად მოპარული მოთხრობის სანაცვლოდ

***

-დაწერე რამე?

-არა

-რატომ მერე? ამინდის ბრალია?

დედაჩემთან ლაპარაკისას

***

ამინდიცაა და ამინდიც, როგორც სოფლად იტყვიან. დიდად არ მოქმედებს ჩემზე, ამას ვიმეორებ სულ. ერთი კია, ვერ ვიტან სიცივეს, პაპანაქება მირჩევნია. “სუნელი ხო არ ხარ, ბიოო”- დაუმატებდნენ ხოლმე ჩემ სიტყვებს ლეჩხუმელი სოფლის ბერიკაცები. არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ხასიათი მაქვს ალბათ ასეთი. თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობსო, ზამთარი მაინც მიყვარდა. ზამთარში თოვლს ვგულისმობ, რათქმაუნდა. აბა, ზამთარი უთოვლოდ, ვის გაეგონა ბავშვობაში? სულ მიკვირდა მამაჩემის გამწარებული სახის შემხედვარეს, პირველი თოვლის მოსვლას რომ შეაგებებდა ხოლმე პირქუშად. ახლაც ასეა, ვერ მოიშალა. მე კი ამგვარად მქონდა დაცდილი. სანამ კოჭზე არ დადებდა, მანამდე “სანკას” ხელს არ ვახლებდი. ამინდი დაითარსებოდა, ასე მეგონა. შტერი ბავშვი ვიყავი, მოკლედ.

***

“რაკეტობანა” მიყვარდა თოვლის მოსვლისას. “რაკეტობანას” მე ვეძახდი, ისე არა მგონია სახელი ჰქონდეს. გავეტუზებოდი ფანჯრის წინ და ფიფქების ცვენას ავცქეროდი თბილი სახლიდან. რამდენიმე წუთი სჭირდებოდა ასე გულდაგულ ყურებას და მერე ასე მეგონა, ფიფქები ადგილზე გაყინულან ჰაერში და ეს მე მივფრინავ რაკეტით ცისკენ საოცარი სიჩქარითთქო. გეუბნებით, შტერი ბავშვი ვიყავითქო, ზოგს კი ალბათ ეჭვიც ეპარებოდა.

***

“სანკა” მყავდა, მამაჩემის გაკეთებული. ასეთი რა გაუკეთა, ვერ გეტყვით, მაგრამ ღორის ქონით რაოდენ მონდომებითაც არ უნდა გამეპოხა მის ფეხებზე დაჭედებული “ცინკა”, მაინც ერთნაირად დაჩანჩალებდა. “აგრანიჩიწელი” დაადო ალბათ, ბავშვი არ დამელეწოსო. ამგვარი უცნაურობის გამო ათვალწუნებული მყავდა ჩემი მომცრო ციგა. სხვის “სანკებზე” მეჭირა სულ თვალი. ამ ციგაზე იყო სწორედ, ნიკულანამ რომ დაიქადნა, წაქცეული ხის ქვეშ გავძვრებიო. ეტყობა ვერ მოზომა სიმაღლე და ხორხზე განივად გადაუჭრა კანი მერქანმა. ახლაც ამჩნევი შრამი მკრთალად. ავითვალწუნებდი, აბა რა იქნებოდა? ამიტომაც იყო, ალბათ, ერთხელ საკუთარ ეზოში მესერთან ახლოს დავტოვე მოღამებულზე. დილით კი აღარ დამხვდა.

“არაფრის ღირსი შენ არ ხარო”- მამაჩემმა.

უცნაური კი ის გახლდათ, რომ სანამ მყავდა, ვერ ვიტანდი. დავკარგე თუ არა- მაშინვე დამენანა საშინლად. მერე იკაკომ მითხრა, “ჩემ კლასელს უნდა ჰყავდეს შენი “სანკაო”. ლაშა ერქვა მის კლასელს. როგორღაც ჩამოვიტყუეთ ჩვენს სამოსახლოში. თავი გაიგიჟა, ვიპოვეო, მაგრამ მაინც დამიბრუნა. მას მერე ისეთი თოვლიც აღარ მოსულა, რომ გვეციგავა. “სანკაც” მალე დაიშალა და ოჯახის ღუმელში დაასრულა არსებობა.

***

ეს იკაკო და მე თანშეზრდილი ძმაკაცები ვართ. “სანკა” იქნებოდა, “დენდი” იქნებოდა, ძროხების გარეკვა რომაა, ისიც კი- ყველგან ერთად ვიყავით. ერთად დავიწყეთ მოწევა. ნაფაზებს არ ვურტყამდით, ოღონდაც. მერე მე ვუთხარი, “მიდი, ეგ ბოლი შეისუნთქეთქო” და კინაღამ დაიხრჩო ხველებით.

საწყალმა ბებიაჩემმა გამოგვიჭირა მე და იკაკო. “არა, რავა გეკადრება, არ მოგვიწევიათქვა”,- ვიძახდით. ბებიამ დათოს დაუძახა. დათო იკაკოს დეიდაშვილია, ჩვენზე 3 წლით უფროსი. წყალტუბოდან ჩამოდიოდა ზაფხულობით. “დათო, დედაშვილობას, ნახე აბა, სიგარეტის სუნი თუ ასდითო”-ბებიაჩემმა. “აუჰ, წასულია ჩვენი საქმეთქვა”,- გავიფიქრე. დათოიემაც, “კიო, სიგარეტის სუნი ასდითო”. მოკლედ, იმ დღეს ისეთი რამ დაგვმართეს ცალკე -მე, ცალკე- იკაკოს ჩვენმა მშობლებმა, რომ აქ არ ვიტყვი, “იუნისეფმა” არ ნახოს, მეშინია.

იკაკო და მე  ზაფხული. 2010 წ

იკაკო და მე
ზაფხული. 2010 წ

გამექცა აზრი…

***

კუთხის ამოსახვევში ვსრიალებდით. სულ ზევიდან ვეშვებოდით, მეზობლის ჭიშკრიდან. მეზობელს ერქვა ჟღვრიე. ჟორა ერქვა ისე, მაგრამ ყველა ასე ეძახდა მაინც. ჰოდა, ერთხელაც ჟღვრიე წაგვეჩხუბა, “სახლის გზას ნუ მიტრისავთ ამ სანკებით, აქედან ნუ სრიალებთო”. შეიძლება იმიტომაც გვითრა, რომ მისი სახლიდან განსაკუთრებით სწრაფად ვეშვებოდით. აბა, ბავშვისთვის აკრძალვა არსებობს?

ავედით ჟღვრიეს სახლთან და ვემზადებით დაშვებისთვის, მაგრამ რად გინდა? საღამო ხანი დგება და შუკაში ძროხები გახიმულან გზაზე. საწყალი ზურიკო იდგა იქვე. “ე, ბიჯო, გადოუტოე მა ძროხებსო!”- იკაკომ გასძახა. ხმა მოესმაო, გავხედე ჟღვრიემ დაგვინახა ეზოდან და სწარაფად წამოვიდა ჭიშკრისკენ. “ე, ბიჯო, მევიდა და დაგვცხებს ახლათქვა”- იკაკოს ვუთხარი და “სანკას” მოვახტი. დავიწყე დაშვება. ეგიც მომყვა. წინ კიდე ზურიკელა ძროხებს “ოჩი! ოჩის” ეძახის.  ვკრიფავთ სიჩქარეს და ვუყვირით “გადარეკე ე უპატრონო, გადარეკე!”

ამ ყვირილმა პირუტყვი დააფრთხო ეტყობა და ერთმა ძროხამ ისეთი ნახტომი გააკეთა, ტოლდოს შეშურდებუდა (ტოლდოზე მაგარი მეკარე არ გვეგულებოდა მაშინ ჩვენ). უკანა ფეხები ისე ახლოს ამიქნია სახესთან, ლამის მისი ჩლიქების სუნი ვიგრძენი. ავყირავდით. მეც და იკაკოც. ჩვენ თავს არ ვჩივით, ეს ძროხა დაეცა ისე უბედურად, რომ ადგომას ვეღარ შვება. დედა, რაღა ვქნათ?

ვეტაკე რქებში… აბა, გაგიგონია? ვერ ვშველით. იკაკო ზურგიდან აწვება- ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი. “ახლა რო რამე მოუვიდეს, ამ შობელძაღლს, სახლში მომკლავენთქვა”,- ვფიქრობ. გაგვდის სიმწრის ოფლი. აქეთ მე, იქეთ- იკაკოს. ამნაირ გაწამებულ ყოფაში ვართ და დაგვადგა თავზე ჟღვრიე. არ წაგვჩხუბებია, ერთი ჩასჭიდა ხელი ძროხას რქებში და წამოაგდო ფეხზე. დავტაცეთ ხელი “სანკებს” და გამოვიქეცით სახლისკენ.

***

დღეს კისერმოღრეცილი ვიჯექი სავარძელში და წვრილი ფიფქები ცვენას ვუყურებდი სარკმილდან. უაზრო ფიქრებმა წამიღო. ფანჯრებზე გისოსები და მთლიანად ოთახი ნამდვილ, თავისუფლების აღმკვეთ საკნად მომეჩვენა. ზამთარიც და თოვლიც შევიძულე, კარგახანია. ოთახში თბილოდა, მაგრამ მაინც სიცივემ დამიარა მთელ სხეულში. საშინლად დამეზარა ფეხზე წამოდგომა და “რაკეტობანას” თამაში. ეტყობა, ის შტერი ბავშვი აღარ ვარ.

კისერმოღრეცილი ხედი ფანჯარაში

კისერმოღრეცილი ხედი ფანჯარაში

Advertisements

8 responses »

  1. ვალი მოხდილია
    თავანი ჩაბარებულია და ა.შ.
    როგორ მიყვარს ასე ალალად რომ წერ ხოლმე :>
    ვფიქრობ კიდევ როგორ დაგავალო თუნდაც ჩანახატის დაწერა ❤

  2. მეც მყავდა “სანკა” და არც ჩემი “სანკა” სრიალებდა კარგად. არ ვიცი რისი ბრალი იყო :/ ერთადერთხელ გამოვიყენე. ძალიან ბევრი წლის წინ, თბილისში ისე მოთოვა რომ ციგა დამჭირდა, კიარადა, შესაძლებელი იყო გეციგავა. მაშინ მთაწმინდაზე ბომბორას პარკი არ იყო გახსნილი. მოკვდავებისთვის სამყოფელი პარკი იყო. რა თქმა უნდა იქ უფრო იდო თოვლი, ვიდრე დაბლა, ბარში. მე, მამაჩემმა და ჩემმა დამ მოვკიდეთ ციგას ხელი და წავედით. საბაგიროთი ავედით, ძველი საბაგიროები დადიოდა მაშინ ჯერ კიდევ. მთაწმინდის პარკში ბავსვებს უკვე გაკეთებული ჰქონდათ საციგაო ტრასა და თავინთი ციგებით რიგრიგობით სრიალდებოდნენ. მე ჩემს ციგაზე დავჯექი და მგონი, ფეხით უფრო ჩავსრიალდებოდი ვიდრე იმ ციგით :/ მერე იქვე მყოფმა ბავშვებმა მათხოვეს. მახსოვს ის ადრენალინი, გადასავარდთან ახლოს რომ ჩავსრიალდით და ძლივს რომ მოვუხვიეთ და ვიღაც ბიჭმა მისი ციგით.

    იმ დღის მერე მე ციგაზე აღარ ვმჯდარვარ. თბილისში არ მოსულა ისეთი თოვლი რომ ციგა დამჭირვებოდა :/

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s