მსუბუქი “გრავიტაცია”

სტანდარტული

მტანჯველი სიკვდილი შიშის მომგვრელია. მასზე  დაკვირვება კი ერთგვარი ეგოისტური აზარტია, რომელიც ქვეცნობიერად ბედნიერებასაც შესაძლოა ანიჭებდეს მაყურებელს. ბედნიერებას საკუთარი სიცოცხლისა… 

სიკვდილი კინოეკრანზე ყოველთვის კარგად იყიდება. გააჩნია, როგორ წარმოაჩენს მას რეჟისორი, რა მასშტაბებს შეეჭიდება. ალფოსნო კუარონმა ჯერ კიდევ 2006 წელს სცადა მთელი მსოფლიოს მოკვდინება. მისეულ სიკვდილს ნელი და მტანჯველი ელფერი დაჰკრავდა. 7 წლის შემდეგაც, მსგავსი ფორმით შეეცადა იგი აღნიშნული გაუცნობიერებელი განცდის მიტანას მაყურებლამდე.

როცა Children of Men ვნახე აღტაცებული დავრჩი.

საოცრად მომხიბლა ფილმის ფაბულამ, იმის გააზრებამ, რომ კაცობრიობამ საკუთარი უგუნურებით მოისწრაფა სიცოცხლე. მომეწონა ასევე ადამიანური ბუნების მანკიერებების მკაცრი გაშიშვლება გარდაუვალის წინაშე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღფრთოვანებული ვიყავი რელიგიური ტიპის რამდენიმე პასაჟით და მისი ავტორის გამბედაობით, როდესაც აფრო-ამერიკელი ორსული ქალი, რომელმაც მისი ნაყოფის მამის ვინაობაც კი არ იცოდა, მარიამ ღვთისმშობელთან გააგივა.

კადრი ფილმიდან “Children of Men”

სურათის ყურებისას დანტეს “ღვთაებრივი კომედია” გამახსენდა უნებურად. თითქოს, გაათანამედროვა ალიგიერისეული ჯოჯოხეთი და მთელი სიმკაცრით წარმოაჩინა მაყურებლის წინაშე. მცირედი უკმარისობის განცდამ კი მომიცვა ფილმის დასასრულს, მაგრამ იმედიანად გავიფიქრე: ყველაფერი წინაა, შეძლებს გამოსწორებასთქო…

“გრავიტაციის” ტრეილერის ნახვისას მივხვდი, ჩემს გამოუთქმელ იმედებს ასრულება არ ეწერა.

მივხვდი, აქ რეჟისორის ინტელექტუალურ მონოლოგს ვერ ვიხილავდი, არც ადამიანური ყოფის ამაობაზე დაგვაფიქრებდა მსახიობთა თამაში და კადრთა სვლა. თუმცა, იყო ერთი მომენტი… კვლავ მტანჯველი სიკვდილის წინაშე მდგომი ადამიანის ცქერის მიმზიდველობა…

მახსოვს, როდესაც “Buried” ვნახე, ლამის ცუდად გავხდი.

მთელი ფილმის განმავლობაში სუნთქვა მიჭირდა, გულმკერდზე ზეწოლას ვგრძნობდი, ჰაერს ხარბად ვყლაპავდი. სურათის დასასრულმა საერთოდ დამამუნჯა. ჩაკეტილ სივრცეში სიკვდილის წარმოდგენაზე ახლაც კი ჟრუანტელი მივლის. აი, უსასრულო სივრცეში გარდაცვალება კი მეტად საინტერესო გახლდათ ჩემთვის.

კუარონმა ამჯერად  გათვლა ჯორჯ კლუნისა და სანდრა ბალოკის სახელებზე გააკეთა. პოსტერზე ვარსკვლავური სახელებიც ასევე კარგად იყიდება. აღნიშნულს ერთი-ორად მომგებიანს გახდის, თუ ფილმის დასახელებას 3D-საც მივუმატებთ.

grav_rerls_blog_1000x1481 (1)

ამჯერადაც ასე მოხდა. ვინც აღნიშნული ნამუშევარი ამგვარ ფორმატში იხილა, იმედგაცრუებული არ დარჩენილა, როგორც ამბობენ. ამიტომაც, ცოტა არ იყოს მიჭირს სრულად შევაფასო ნამუშევარი. ტექნიკური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ რეჟისორმა დაივიწყა უმთავრესი, ფილმს სიღრმე არ მისცა. “შეიძლება არც დავიწყნიაო”, მომედავება მავანი. “ამგვარ სურათში არც უნდა ეძებდე ფილოსოფიურ კითხვებზე პასუხსო”, მეტყვიან. მართალნიც იქნებიან. ალფონსო კუარონი არაა ის კაცი, ვისი გონებაც ამგვარ სირთულეს შეეჭიდება. მცდელობა ჰქონდა, და არცთუ ცუდი, მაგრამ თითქოს მარილი დააკლო. არაა გამორიცხული, რომ მხოლოდ კომერციაზე გააკეთა გათვლა. Happy End-ზე მოთხოვნილება ხომ სინემის გაჩენის დღიდან არის.

არ დავუკარგავ, მცდელობა “გრავიტაციაშიც” დავინახე. რეჟისორმა მოინდომა ერთი ადამიანის დრამა წარმოეჩინა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად. თავისებური “გზაც” დაგვანახა, თითქოს. იმედის სხივის შენარჩუნებას ამჯერადაც რელიგიური სიმბოლიკით და მულტიკულტური ერთიანობით ეცადა, მაგრამ ეს იმდენად გამაღიზიანებელი და ამავდროულად ყალბი იყო, რომ სიცილად არ მეყო. ადამიანის ხელახლა დაბადების ჩვენებაც  ერთგვარად უფერული ჩანდა მისი წინა ნაშრომის ფონზე.

სამწუხაროდ, “გრავიტაცია” კინოთეატრში არ მინახავს. ამიტომაც, უკმარისობის და ამავდროულად გაურკვევლობის განცდა მაქვს. მიჭირს მივხვდე, რა უნდა ამ ფილმს “ოსკარის” ნომინანტ ნამუშევრებს შორის. ვცდილობ ახსნა მოვუძებნო ამ ფაქტს და იმ აზრამდე მივდივარ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ფილმი საოცრად ძლიერია. ოპერატორის არჩევა კუარონს არ ეშლება, დამტკიცებული ფაქტია. კომპიუტერული გრაფიკაც საკმაოდ დახვეწილი და მომხიბვლელი ჩანდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ იყო ეს სახლის პირობებში სანახავი ფილმი.

ვფიქრობ, ეს ის მომენტია, როდესაც მხატვრული სურათი აუცილებლად კინოეკრანზე, შესაბამისი აღჭურვილობით უნდა ნახო. უნდა განიცადო უწონადობაში ლევიტაცია, თავბრუსხვევა და თირკმელზედა ჯირკვალიც აიძულო, ადრენალინის შემცველობა მაღლა ასწიოს სისხლში. სხვა მხრივ აღნიშნულ ნამუშევარს, პირადად ჩემთვის, ფასი არ გააჩნია. იგი მხოლოდ თვალს ახარებს და გონებას არაფერს უტოვებს საზრდოდ. ზოგჯერ ესეც კი საჭიროა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ ჩემი პათეტიკა, აუცილებელიც კი.

დასასრულს, ცოტაოდენი ფიზიკა: გრავიტაცია მატერიალურ სხეულებს შორის უნივერსალური და ყველაზე სუსტი ურთიერთქმედება გახლავთ

Advertisements

8 responses »

  1. გამოხმაურება: მსუბუქი “გრავიტაცია” - ქართული ბლოგები

  2. “გრავიტაცია” სახლში ვნახე და ოსკარების ნომინაციაში “საუკეთესო ფილმი” ( ჯერ არ მინახავს “ამერიქან ჰასლა”, “ფილომენა” და “ის”) ჩემი ფავორიტია. ამ რეჟისორის არაფერი მაქვს ნანახი, ამიტომ მისი შემოქმდების ხაზიდან გამომდინარე ფილმს ვერ შევაფასებ.
    სიმართლე გითხრა, მე სულ არ მიმიქცევია ყურადღება რელიგიური სიმბოლიკისთვის და ის აღვიქვი, როგორც ჩვეულებრივი დამატება. მთელი ფილმი გატაცებული ვიყავი კოსმოსის შესწავლით. რა ხდება იქ, როგორ მოიაზრებს ადამიანი თავის თავს, რა ემართება, რაზე ფიქრობს. და მე რას გავაკეთებდი მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი. სწორედ ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება ვარკვლავურ სახელებს, ფილმის ჰეფი ენდს და სხვა ჰოლივიდურ მხარეებს.
    მომეწონა ის იდეა, რომ უწონადობა არის ერთადერთი სივრცე, სადაც ადამიანი ყველა დედამიწისეული სოციალური სტატუსისგან თავისუფლდება (ეროვნება, პროფესია, რწმენა…) და ბოლომდე შეიგრძნობს მარტოსულობას.

  3. ძალიან ცარიელი ფილმი იყო ჩემთვის, თუმცა მეც სახლში ვნახე და რა ვიცი… ოსკარი ნამდვილად არ ეკუთვნის :3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s