სექსი, ნარკოტიკები და უოლ სტრიტი

სტანდარტული

მგლების ხროვა ადამიანური სოციუმის ცხოველური მოდელია. ვინც ყველაზე ძლიერია სწორედ ის ირჩევს გასამრავლებლად პარტნიორს, საუკეთსეო ნაწილს ჭამს ნანადირევიდან. ბელადის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს, იმთავითვე განწირულია ახალგაზრდა ცხოველი დამარცხებისათვის. ადამიანი ცხოველური ორგანიზმია და ევოლუციურად დამკვიდრებულ ბუნების კანონებს მისდევს მისდაუნებურად. რამდენადმე შეიცვალა გადარჩენისათვის ბრძოლის პრინციპები ათასწლეულების განმავლობაში. მაღალ სოციალურ ფენაში ფიზიკური სიძლიერე აღარ განაპირობებს ლიდერობას. აღნიშნული უპირატესობა მატერიალურმა კეთილდღეობამ ჩაანაცვლა, რახანია. ფული განაპირობებს ძალაუფლებას. ძალაუფლება გადარჩენის საწინდარია.

აღნიშნული ცხოველური სოციუმის ადამიანური მოდელი კარგად წარმოაჩინა მარტინ სკორსეზემ თავის უკანასკნელ ნამუშევარში, “უოლ სტრიტის მგელი”. ფილმის საფუძვლად რეჟისორმა ჯორდან ბელფორტის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოიყენა.

სიუჟეტის შემყურე ძნელია მიხვდე, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამოგონილ ისტორიას შორის, რა არის ჭეშმარიტება და რა თავად ბელფორტის ფანტაზიის (ან ნარკოტიკული საშუალებებით დაბინდული გონების ბოდვის) ნაყოფი.

541_1jordan_belfort

ჯორდან ბელფორტი, “უოლ სტრიტის მგელი”

ფაქტი ერთია, სკორსეზე-დიკაპრიოს ტანდემი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საოცრად პროდუქტიული აღმოჩნდა. რეჟისორისათვის “უოლ-სტრიტის მგელი” ყველაზე შემოსავლიანი პროექტი გამოდგა, რასაც ვერ ვიტყვით “ოსკარის” ნომინაციათა რაოდენობაზე. კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე ფილმი 5 ჯილდოსთვის იბრძოლებს. შედარებისათვის, “ავიატორი” 11 ნომინაციაზე გახლდათ წარდგენილი,  ხოლო “ნიუ იორკის ბანდები” 10–ზე. ორივე პროექტში მარტინ სკორსეზემ მთავარი როლი ლეონარდო დიკაპრიოს არგუნა.

WOWS_1Sheet_GG_LR

სექსი და ნარკოტიკები  წარმატებულად იყიდება კინოეკრანიდან. უბრალო მოკვდავებს სიამოვნებთ სხვის აღმასვლაზე დაკვირვება. სიმაღლიდან ვარდნასა და წარმატებული ადამიანის დაცემაზე საამური სანახაობა არ არსებობს. ეგოისტური კმაყოფილების განცდა გიპყრობს ამის ხილვისას. გულშიც ფიქრობ: “ახია შენზე! ეგრე მოგიხდება”

ერთგვარი პირდაპირპროპორციულობით დააკავშირა სკორსეზემ სექსისა და ნარკოტიკების თემა ფინანსურ მომხვეჭელობასთან. რაც უფრო მეტად პერვერსიული ხდება მთავარი პერსონაჟის სექსუალური მისწრაფებანი, მით უფრო იზრდება მისი სიხარბეც. აღნიშნულ სურათს ამძაფრებს გადამეტებული ლტოლვა, ლამის სიყვარული,  ნარკოტიკებისადმი, რომელიც საბოლოოდ შთანთქავს ბელფორტის გონებას.

“უოლ სტრიტის მგელმა” არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია კინოკრიტიკოსთა შორის. არცაა გასაკვირი. ზედმეტი მოუვიდა ალბათ მაესტროს. მეტისმეტად ღიად წარმოაჩინა ის, რაზეც არ საუბრობენ.

ახალგაზრდა მგლის დარად, ადამიანთა უმრავლესობა ყველაზე დაბალი, უმნიშვნელო სოციალური სტატუსით იწყებს ბრძოლას პირველობისთვის. აღნიშნული სამკვდრო-სასიცოცხლო რბოლა ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს. მეტოქეობა და აზარტი სისხლში გამჯდარი ცნებებია, რომლის გარეშეც პროგრესი არ იარსებებდა. სწორედ ამ ხაზის გაძლიერებამ მომხიბლა ფილმში. ზღვარგადასული აზარტულობა, რომელსაც საბოლოო დაცემამდე მიჰყავს ადამიანი– ეს სათქმელი კარგად მიიტანა მაყურებლამდე შემოქმედმა.

ამერიკული “99 ფრანკი”– ასეც შეიძლება ვუწოდოთ ფილმს, რომელიც ღრმად გვახედებს საბროკერო საქმის წიაღში. ფრანგული ფილმის მსგავსად, რამდენად რეალურია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ძნელი სათქმელია.

ფინანსური მაქინაციების სქემებში გარკვევა, ცოტა არ იყოს გამიჭირდა. ამიტომაც, ვვარაუდობ, რომ აღნიშნული ნამუშევარი ამ სფეროს მცოდნეებს დააინტერესებთ. სიმართლე ითქვას, მანიპულაციათა მექანიკას არ ჩაუღმავდა რეჟისორი და აქცენტი მაინც ადამიანური ბუნების სახეცვალებასა და დეგრადაციაზე გააკეთა. მარტინ სკორსეზემ საოცარი ნაზავი შექმნა ფიზიკური გარყვნილებისა და გონებრივი სიეშმაკის შეხამებით, რომელსაც ფონად მჭერმეტყველება, აღტკინებული პათეტიკა დაუყენა. ამ ყოველივეს ეკრანზე წარმოჩენა კი ლეონარდო დიკაპრიოს ფენომენალური არტისტიზმით მოხერხდა.

ფაქტია, ფილმში არსებულ ქაოტურ გარემოს ძნელია მომეტებული ემოციების გარეშე უყურო. რეჟისორის თხრობის სტილი გითრევს სურათში და ერთგავარად ეოფორიაშიც ვარდები გათამაშებულის შემხედვარე. ლეონარდოს ქარიზმა კი მაინც თავისას შვება. მიესეული გადმოცემის მანერულობა, საოცარი ენერგია და აზარტული თამაში შეუძლებელია არ მოგეწონოს. მსგავსი დინამიკა განაპირობებს სწორედ, რომ ფილმის განმავლობაში ყურადღების მოდუნებას ვერ ახერხებ. სურათის დიდმა ხანგრძლივობამ, სკორსეზეს საშუალება მისცა რობერტ ბელფორტის აღმასვლა და დაცემა საოცარი დეტალურობით გადმოეცა. დასასრულს არ გრჩება უკმარისობის განცდა, რადგანაც რეჟისორი არ ტოვებს უყურადღებოდ არცერთ ნიუანსს, თხრობის ყველა ხაზი ბოლომდე მიჰყავს, პასუხგაუცემელი კითხვები ფიზიკურად აღარ რჩება

რამდენად დააფასებენ მარტინ სკორსეზეს რეჟისურას და ლეონარდო დიკაპრიოს არტისტიზმს, ამას უახლოეს რამდენიმე დღეში ვიხილავთ. მანამდე კი 3 საათით თქვენც გაეხვიეთ უოლ სტრიტელი მგლის ტყავში.

Advertisements

4 responses »

  1. გამოხმაურება: სექსი, ნარკოტიკები და უოლ სტრიტი - ქართული ბლოგები

  2. საბოლოო ჯამში ფილმი მომეწონა. თუმცა, ერთ ორ სიტყვას მაინც ვიტყვი. სკორსეზემ ძალიან კარგად გვიჩვენა “დანაშაული”, თუმცა “სასჯელი” ვფიქრობ არასაკმარისად იყო გაშლილი. მე ძალიან მაინტერესებს როგორ აღიქვავს ამ ყველაფერს რიგითი მაყურებელი, განსაკუთრებით კი საქართველოში. ანუ, ცოტათი გაგლამურებული ცხოვრება, ხომ არ შეუწყობს ხელს იმას რომ ვიღაც თინეიჯერმა ამ მომხიბვლელობის უკან დაინახოს “სასჯელი”. შეძლებს კი იმის დანახვას რომ მთავარი პერსონაჟის ცხოვრება არ არის მაინცდამაინც “კაი პონტი” და ყველაფრისთვის ფასი გადასახდელი. ასე მაგალითად 90-იანებში მთელი თაობა ისე გაიზარდა რომ მაფიოზურ ფილმებში “კაი პონტის” გარდა, ვერავითარი სხვა აზრი ვერ გამოიტანა – “უყურე ბოლომდე, კაი პონტი რომაა, ბოლოში ტყვია ხვდება” – დაახლოებით ასეთი ფრაზა თქვა სადღაც აკა მორჩილაძემ. ფილმს გადავუხვიე, მაგრამ ალბათ სწორედ მაგიტომ ნათლიმამას მესამე ნაწილმა, რომელიც მონანიებას და სასჯელს ეხება, ვერ მოიპოვა პოპულარობა მაყურებელს შორის.
    დავუბრუნდეთ ფილმს, რამდენიმე ძალიან კარგი სცენაა, მაგალითად დი კაპრიოს და ფედერალის დიალოგი სადაც პირველი თავიდანვე ცდილობს მოკრთამოს მეორე, სცენა ფილმის დასასრულისკენ სადაც დი კაპრიო მოულოდნელად აცხადებს რომ არსად არ აპირებს წასვლას და მისი ოფისი პირველყოფილი წყობის მაგვარ საზოგადოებას უბრუნდება და ადამიანება ჩვეულებრივ “პრიმატებად” იქცევიან და ა.შ. თუმცა, ერთი ორი ცოტათი გადამლაშებული ეპიზოდის იყო, მაგალითად ნარკოტიკების მიღების და “ცოცვის” სცენა, მაგრამ ვპატიობ. მთლიანობაში, საყურებელი ფილმია, დანარჩენი კი ინდივიდუალური შეფასების თემაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s