Monthly Archives: ივლისი 2015

Strawberry Fields Forever

სტანდარტული

“სამსახური მაქვს, ფულიც მაქვს და თავისუფალი დრო აღარ მრჩება, რაც ყველაზე მთავარია”- პაბიდან გამოსული ძმაკაცი მეუბნებოდა გაჩერებისკენ გზად

საქმეც ამაშია. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობა, დატვირთვა სამსახურში და სულ უფრო იშვიათად ვახერხებ საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამოძებნას. სამწუხარო რეალობაა, ვერაფერს გავახერხებ. რამდენიმე წლის უკან დღე ისე არ გავიდოდა, 1 ფილმი მაინც რომ არ მენახა. ახლა უკვე სხვაგვარადაა ყველაფერი. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ენერგია აღარ მყოფნის ამისთვის. იტყვით, ფილმის ყურებას რაღა დიდი ენერგია და მონდომება სჭირდებაო. არ არის ასე. თუ ძვირადღირებულ ჰოლივუდურ ნაგავს გულისხმობთ, ეგ ფილმად არც მიმაჩნია. უფრო დროის გამყვანი კადრთა სწრაფი ცვლაა. ნამდვილი კინო კი ისაა, რომ გაიძულებს ბევრი იფიქრო ტიტრების შემდეგ. ეს კი დაღლილი გონებისთვის რთულია.

***

ცხოვრების ამგვარი დინებით ნელ-ნელა ჩამოვშორდი ხელოვნებას. კვირაში 1-2-ჯერ ვახერხებ კარგი ფილმის ნახვას. სამაგიეროდ, მეგობრებს ვნახულობ უფრო ხშირად. ნორმალური ადამიანური ურთიერთობის დეფიციტს ამგვარად ვაკომპენსირებ. უფრო ხშირად ვსვამ, მაგრამ ზომიერად (იშვიათად უზომოდაც, თუ მეორე დღეს სამსახურში წასვლა არ მიწევს) ასე განსაჯეთ, დაძინების წინ წიგნის კითხვასაც დავეჩვიე.

***

კულინარიას მივეძალე სანაცვლოდ. ჩემდა გასაკვირად საკმაოდ დიდ სიამოვნებას ვიღებ კერძების მომზადების პროცესისგან. ნერვები და ფიქრები მილაგდება თითქოს. მართალია, ეს ყოველივე ჩემს წონაზე არ აისახა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ ჯერ.

***

ვცდილობ რელიგიასა და პოლიტიკაზე უფრო ნაკლებად ვისაუბრო (უფრო ფიქრს ვამჯობინებ ამ საკითხში)

***

სამაგიეროდ სამედიცინო ეთიკასა და პრობლემატიკაზე ბევრს ვსაუბრობ მეგობრებთან. ზოგადად, მედიცინაზე უფრო სულ ხშირად ვმსჯელობთ. არამედიკოსი ადამიანისთვის ამგვარი საუბრების მოსმენა თითქმის აუტანელია. ერთხელ ხერგიანმა გაგვიჭედა, რა არ მოგწყიდათ ამ საავადმყოფოზე ლაპარაკი, რით ვეღარ მორჩითო (სხვანაიად იტყოდა ეგ, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ)

უახლოესმა ძმაკაცმა მითხრა ამგვარი “სამედიცინო” საუბრის დროს: “გავიზარდეთ შეჩემა! ვზივართ და რეალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტის გზების ძიებაში ვართო”. ცამდე მართალი იყო იმ მომენტში

***

რამდენიმე წლის უკან ზურიუსმა მითხრა (“ელვისში” ვიყავით, კარგად მახოსვს) : “გავა დრო და ხელახლა უკან მოუბრუნდები მუსიკას, თითქოს თავიდან აღმოაჩინე და ეს იქნება ყველაზე სასიამოვნო განცდა”. სიტყვა-სიტყვით ამიხდა მისი ეს ნათქვამი. რამდენიმე დღის უკან “ბითლზის” მოსმენისას ძალზე სწრაფად ამიძგერდა გული  და ასე ახლობელ/შორეულ, უდარდელ წარსულ ფიქრებში გადავეშვი

***

წლევანდელ Open Air-ზე მკითხმა ერთმა: “შენ ხომ ბლოგერი ხარ?”

გამეცინა. ეგ უკვე მეც კი აღარ მახსოვდა

უფერული აწმყოთი ვცხოვრობ, ბევრს ვფიქრობ წარსულზე და მომავლის იმედს ვკარგავ ნელ-ნელა

"ზამთრის ძილი" ნური ბილგე ჯეილანი

“ზამთრის ძილი”
რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი