მკვდარი სურათი

სტანდარტული

გარდაცვლილ ადამიანებს ხშირად იხსენებენ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია, იმიტომ რომ გასახსენებელი არც არაფერია. მითუფრო მაშინ, როდესაც ამბის გამხსენებელთა მეხსიერებას უკვე ასაკმა დაასვა დაღი, შედარებით ახალგაზრდებს კი უფროსებისგან მოყოლილი ახსოვთ მხოლოდ

მამაჩემს 3 დედმამიშვილი ჰყავს: 2 ძმა და ერთიც და. მათი მეოთხე დედმამიშვილის შესახებ ერთხელ წამოსცდა ბებიას მხოლოდ. ეს ეპიზოდიც ძალზე ბუნდოვნად მახსოვს. 1 შვილი მაკლიაო, ასე თქვა. მიზეზი არც უთქვამს მისი გარდაცვალების. ეგეც კი არა, მისი სახელის დამახსოვრებაც ვერ შევძელი. რატომღაც ავთანდილი დავარქვი წარმოდგენაში. ეს ეპიზოდური მოგონებაც სადღაც შორს დამელექა ტვინის ხვეულებში…

ძველი ალბომების თვალიერება მიყვარს რატომღაც. შავთეთრ სურათებს, დაკბილული კიდეებით და წარწერით: “ფოტო- ხაიმო”- განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ისტორიის ნაწილია, მითუფრო რომ მასზე აღბეჭდილი ადამიანები უკვე ცოცხლები აღარ არიან. თითქოს მათი ერთადერთი კავშირი სიცოცხლესთან და ადამიანთა მოგონებებთან მხოლოდ ეს ფურცლის ნაგლეჯებია.

დღეს დედაჩემმა გადმოიღო ბებიას ძველი ალბომი, რომელშიც ფაქიზ ხელს წლების წინ ჩაუკრავს სურათები. ერთგვარი ფოტო-თაიმლაინია, არეული თარიღებით და ქრონომეტრაჟით. ალბომში გაზეთში გახვეული სურათების შეკვრა ერთგარად განცელკევებულად იყო მოთავსებული. თითქოს უფრო მნიშვნელოვანი იყო მფლობელისათვის.

სურათების ამ შეკვრაში ბებიას ბავშვობა, მისი მშობლების და ძმის გამოსახულებები აღმოჩნდა და ერთი, უწარწერო სურათი, მოულოდნელად დაკარგული თითქოს.  ეს ამბავი კიდე შორეულ 1950-იანებში მომხდარა.

დიმიტრი და ნაზიკო 1952 წელს დაქორწინდნენ. ბაბუა მაშინ პარტიულ სკოლაში სწავლობდა, ბებია კიდე საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ბინად კიდე ხაზეიკა სონიასთან ყოფილან, რომელიც წლების განმავლობაში სწერდა ნაზიკოს ვრცელ-ვრცელ წერილებს. თავიდან ბავშვი არ ეძლეოდათ და ექიმთან მისულან შველისთვის. დასტაქარს უთქვამს: შვილი რომც გეყოლოთ, საეჭვოა შეინარჩუნოთო. ამის გამგონე წყვილი ბედის ანაბარა დარჩენილა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ. 1954-ში ნაზიკო ორსულად შექმნილა. იმ დროისათვის დიმიტრი ჯერ კიდევ პარტიული სკოლის სტუდენტი ყოფილა, ორსული მეუღლე კი ცაგერს გამოუგზავნია. 1955 წელს დაბადებულა ვახტანგი.

შემდეგ რა და როგორ იყო, ეს ბუნდოვანებით არის მოცული. ზოგნი ამბობენ- გაცივდაო, ვირუსიო, ზოგიც- პნევმონიაო. სიმართლის გაგება კი ფრიად გაძნელებულია. დროც ისეთი ყოფილა- ბავშვის ავად გახდომა და მოკვდინება რომ არად უკვირდათ რა.

რაღა გავაგრძელო და 4-5 თვისა მომკვდარა ვახტანგი. ეს სურათიც მაშინ გადაუღიათ

Jpeg

იმ დროს კიდე სურათის გადაღება ფუფუნება ყოფილა. იშვიათ შემთხვევებში თუ “ჩაკარტოჩკდებონენ” მხოლოდ. აქაც გაურკვეველია, ცოცხალია თუ არა პატარა ვახტანგი. მაშინ მკვდარსაც უღებდნენ სამასხსოვროდ ფოტოსო, დედამ დასძინა.

ამ სურათის ხილვის შემდეგ ძველი საოჯახო არქივი ამოვქექე- ძველ საქაღალდეებსა და ჩემოდნებში ჩალაგებული ფურცლები. ერთ  პატარა შავ ყუთში, ზემოდან “ველოაპტეჩკა” რომ ეწერა, მივაკვლიე ვახტანგის დაბადების მოწმობასა და დაბადებიდან მალევე გადაღებულ ფოტოს, სამგლოვიარო შავ არშიაზე დამაგრებულს.

Jpeg

Jpeg

ამგვარად დაიტია პატარა სიცოცხლე ორმა ფოტოსურათმა

Advertisements

One response »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s