Category Archives: ამელი

სიყვარულის მუსიკა

სტანდარტული

როცა პირველად “ამელი” ვნახე და იან ტიერსენს მოვუსმინე, მივხვდი, რომ სწორედ ესაა კომპოზიტორი, რომელიც ახალ სამყაროში გიღებს კარს. მას შემდეგ ფრანგულ მოტივებზე აწყობილი მუსიკა ჩემი თანამდევი გახდა. მისი შემოქმედების საწყისი კომპოზიციები, უბრალოდ საოცრებაა, თუმცა მათი მოსმენა გარკვეულ მდგომარეობაში შემიძლია, ანუ “ბიტლზი”-საგან განსხვავებით, რომელსაც ნებისმიერ დროს შემიძლია დავუგდო ყური, იანის მელოდიას განწყობა სჭირდება. ან ძალიან ბედნიერად უნდა გრძობდე თავს, ან უნდა გტკიოდეს რაღაც, ყრუდ, გულში. მისი კომპოზიციებიც შესაბამისად დავალაგე ჩემ Playlist-ში.

ამას რომ ვუსმენ, ვერც კი ვიტყვი, რას განვიცდი. ეს გრძნობა ყველაფერზე მაღლა დგება. ხან რას ვხედავ, ხან რას. ძირითადად მუსიკოსების მარში და ფერადი ფურცლების წვიმა მიდგება თვალწინ. ასევე მახსენდება შარშანდელი ზამთარი, თოვლის ფიფქებში რომ ვცეკვავდი ღამით ქუჩაში. ლამპიონების მოყავისფრო განათება, ჯანსაღი, წმინდა ჰაერი და სასიამოვნო ღრჭიალი ფეხებქვეშ. საოცარი განცდა იყო…

როდესაც ეს ვნახე და მოვისმინე, სიამოვნებისგან კანკალი ამივარდა. უცებ თითქოს დედამიწიდან გავფრინდი სადღაც შორს… ასეთი კი მხოლოდ “ხოჭოების” მოსმენისას მემართება.

ესეც მოწყენილობის ჟამს…

მე ტიერსენთან ერთად ვიყავი კიოლნში, მეც დავაბოტებდი კოჭამდე თოვლში უმიზნოდ…

მასთან ერთად გავიჭედე ტეხასში. და მაშინ იანმა მხოლოდ ჩემთვის იმღერა…

ოსტინში მეც ექსტაზში ჩავვარდი.

ეს გახლდათ მსოფლიო ტური, როცა წარადგინეს ახალი ალბომი Dust Lane. მინდა გითხრათ, რომ მე სხვანაირ მუსიკას ველოდი, ისეთს, როგორიც “ამელი”-შია, ან “Good Bye Lenin!”-ში. თუმცა, მივხვდი, რომ ეს კომერციული გათვლა იყო, რადგანაც წინანდელი მუსიკით Live გამოსვლები გაძნელებული იყო. გულისფანცქალით ველოდებოდი ახალ ალბომს “Skyline”,  თუმცა მანაც იმედები გამიცრუა…

მთელი ალბომიდან მხოლოდ რამდენიმე ტრეკი ამოვიჩემე.

წუხელ კი მოხდა საოცრება! ვიპოვე ისეთი ჯგუფი, რომელიც იანთან ერთად განაგრძობს ჩემ გაბედნიერებას…

სამწუხაროდ, ეს გენიალური შვედური ჯგუფი დაიშალა, მაგრამ მათ მიერ დატოვებული 3 ალბომი ჩემს ერთფეროვან ცხოვრებას კიდევ დიდხანს გააფერადებს…

ამჯერად  “დეტექტივებზე” მეტს არ დავწერ, მათ ცალკე პოსტი დაიმსახურეს:)

 

 

 

 

Advertisements

ერთი შეხედვით სისულელეები, ტკბილად რომ მახსენდება

სტანდარტული
  • ორიოდ წლის წინ ახალი წლის ღამეს ცხელ აბაზანაში ჩაწოლილი ვსვამდი შამპანურს პირდაპირ ბოთლიდან.

 

  • შარშან ახალი წლის ღამეს, ფეიერვერკების შემდეგ სახლში სინათლის ყოველგვარი წყარო გამოვრთე და მთელი ღამე ვცეკვავდი ვალსს ამ მელოდიაზე…

  • გასული წლის 25 ივნისს ბირლზის ლეგენდარულ სიმღერას All You Need Is Love-ს 43 წელი შეუსრულდა 🙂 ამის აღსანიშნავად აივანზე გამაძლიერებლები დავდგი და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ბოლო ხმაზე ჩართულ სიმღერას ვასმენინებდი სამყაროს.

  •  წელს იეჰოვას სექტის წარმომადგენლის გონებაგამაწყალებელი საუბარი რომ ამერიდებინა თავიდან, განვუცხადე, რომ ათეისტი ვარ (რაც რაღაც დოზით სიმართლეცაა). ხრიკმა მოლოდინი გაამართლა.

 

  • წინა სემესტრში ყველა საგანზე ერთი მეცადინეობა მაინც მეძინა. დამადასტურებელი დოკუმენტური მასალებიც არსებობს 🙂 🙂

 

  • 2011 წლის 2 მაისს, 01:59-ზე კომპიუტერთან ვზივარ და თქვენთვის ამ პოსტს ვწერ! 🙂

P.S. თუ კიდევ გამახსენდება რამე დავამატებ!  🙂

Yann Tiersen- მუსიკა, რომელიც გაკეთილშობილებს…

სტანდარტული

ჩემი მასთან გაცნობა მეტად უცნაურად მოხდა. ეს იყო 2003 ან 2004 წელი, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
მორიგი ჩვეულებრი დღე იყო, სანამ საღამოს ფილმის შესახებ რეკლამა არ ვნახე. ფილმს ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მუსიკა, რომელიც რეკლამას ფონად გასდევდა…

გვიან ღამემდე შემოვრჩი “ეშმაკის ყუთად” წოდებულ მოწყობილობას. ვგრძნობდი, რაღაც ახალი ხდებოდა ჩემს თავს… საკმარისი იყო ფილმის პირველი სცენა მენახა, მივხვდი: ეს ჩემი ფილმია! მას შემდეგ 7-8 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც “ამელი”-ს ყურებისას ყველაფერს ისე განვიცდი და ისევე ვტკბები, როგორც წლების წინ, გვიან ღამით ტელევიზორს მიშტერებული ბავშვი.
და მაინც, როგორი იქნებოდა ეს ფილმი იან ტიერსენის მუსიკის გარეშე? ექნებოდა ის მაგიური ძალა, რითაც დღესაც აჯადოებს მაყურებელს? ამ თემაზე მხოლოდ ვარაუდს თუ გამოვთქვამთ…
მუსიკალური გაფორმებას რომ უდიდესი როლი ენიჭება სინემატოგრაფიაში ეს უდავოა. წარმოიდგინეთ სცენა ტრილერიდან, სადაც მკვლელი მსხვერპლს ზურგიდან ეპარება, და ამ დროს კი ეპიზოდს დაახლოებით ასეთი მუსიკა ადევს:

ალბათ მიმიხვდით რისი თქმა მსურს…
Yann Tiersen-ის შესახებ მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა… ის გენიალურია!!!
ეს არის სიყვარულის მუსიკა,  საოცრად ფერადი, თბილი ჰანგები, რომელიც წაგიყვანს სადღაც შორს სიკეთისა და სათნოების ქვეყანაში. ამ, ერთი შეხედვით, მარტივი მელოდიების უკან საოცარი სიღრმეები გადაგეშლება თვალწინ. უსმენ და გიხარია რომ ცოცხალი ხარ, აქ ხარ ადამიანთა შორის და თან სადღაც სხვაგან დაფარფატებ. თითქოს მსუბუქი ხდები, ყველა და ყველაფერი გიყვარს და სიყვარულს უსურვებ. ოცნებობ, კუპიდონი ციდან დაეშვას და ცოტა ხნით გათხოვოს თავისი მშვილდი, რომ შენც შეძლო სიყვარულის გავრცელება.
იანის თითოეულ სიმღერაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, მაგრამ ამ პოსტში მხოლოდ “ამელი”-ს საუნდტრეკებს შევეხები.

ფილმის პირველივე კადრებიდან ვხედავთ ამელის მარტოსულ, მაგრამ მეტად საინტერესო ბავშვობას და მუსიკასაც გადავყავართ სხვა განზომილებაში. მელოდია ისეთია, რომ საოცრად მარტოსული გეჩვენება თავი. შეუძლებელია ამ დროს მელანქოლიამ არ შეგიპყროს და წარსულის სევდიანმა, მაგრამ ტკბილმა მოგონებებმა არ შეგახსენოს თავი…
იგივე მელოდია ადევს სურათს მუსიე ბრეტოდოსა და ამელის შეხვედრისასაც, ოღონდ ამჯერად კომპოზიცია სრული სახით წარმოგვიდგება…

უსმენ, და მთელი განცდით გრძნობ იმ სევდას და სიხარულს, რასაც შუა ხნის მამაკაცი განიცდის საკუთარ ბავშვობასთან შეხვედრისას. აღნიშნული სცენა საკვანძოა ამ ფილმში და ამ ჰანგების გარეშე სრულიად უფასური იქნებოდა…

როგორი უნდა იყოს მუსიკა, როცა მზად ხარ გიყვარდეს ყველა და დახმარება გაუწიო მათ?  მხოლოდ და მხოლოდ ასეთი:

ეს მელოდია ყოველთვის მეხმარება ძალების მოკრებაში და საოცრად დადებითი ემოციებით მმხუტავს. მის შესახებ ცალკე გიამბობთ მოგვიანებით…
საოცრად მრავალფეროვანია ტიერსენის მუსიკალური სამყარო და ის ამ ერთ პატარა პოსტში ნამდვილად ვერ ჩაეტევა. (მე არ ვაპატიებ ამას საკუთარ თავს!)
ფილმში გამოყენებული ყველა კომპოზიცია აქ რომ განვიხილო, ინტრესს დაკარგავთ, რაღაც ხომ უნდა დაგიტოვოთ, რომ დაინტერესდეთ. მხოლოდ ერთს გეტყვით, უსმინეთ მუსიკას სრულიად მშვიდ მდგომარეობაში, დახუჭეთ თვალები და ჩაიძირეთ იან ტიერსენის ჰანგთა საუფლოში, საიდანაც თავის დაღწევა არც იფიქროთ…

P.S. პოსტის დასაწყისში ფილმის ძირითადი საუნდტრეკია. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს  სურათი, აღნიშნული კომპოზიციის მოსმენისას უმალ გაიხსენებს ამელი პულენსაც. ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ იან ტიერსენის მუსიკა და “ამელი” განუყოფელი ცნებებია.

P.P.S. კინაღამ დამავიწყდა! იცნობდეთ, ადამიანი რომელიც სიკეთის და სიყვარულის მუსიკას ქმნის…

მე- "ამელი"-ს სტილში

სტანდარტული

რადგანაც “ამელი” ჩემი უსაყვარლესი ფილმია, ვფიქრობ ფილმის სცენარის ავტორი არ მიწყენს, იდეა რომ მისგან ავიღო. ალბათ გახსოვთ, სურათის დასაწყისში ყველა მოქმედი გმირის მოკლე დახასიათებაა: რა უყვარს, რა არ უყვარს და რითი ერთობა ესა თუ ის პერსონაჟი. მე არ ვამბობ ზოგადად მუსიკის, წიგნების და ა.შ. არამედ პატარა ეშმაკობებსა თუ გასართობებზე მინდა ვისაუბრო, რაც ცხოვრების გაფერადებაში გვეხმარება.

მაშ ასე, ვიწყებ:

დიმიტრი ლიპარტელიანი, ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის სტუდენტი.
   დიტოს უყვარს:

  • როდესაც დამტვერილ ფირფიტას სულ უბერვს და ფირსაკრავზე დებს.
  • როდესაც ხედავს, როგორ ეხება ნემსა ფირფიტას და ამ დროს გამაძლიერებლებში ( “დინამიკებში”) შიშინის ხმა ისმის.
  • დამტვერილი წიგნის ყდაზე ხელის გადასმა.
  • ძველი წიგნების უცნაური სურნელი.
  • მშრალი ხიდის ბაზრობაზე ეულად გასეირნება და ამ დროს Yann Tiersen-ის მოსმენა.
  • ამავე ბაზრობაზე საბრძოლო მედლებთან დახრა და მათზე ხელის გადასმა.
  • როდესაც უცნობთა ძველ საოჯახო ფოტოებს ათვალიერებს და თავს მათ ადგილას წარმოიდგენს.
  • ხმა, რომელსაც სახამებლის პარკი გამოსცემს ხელის მოჭერისას.
  • ლობიოს პარკში ხელის ჩაყოფა და მაღლა ისე ამოწევა, რომ მარცვლები მაჯაზე დაგორდეს.
  • ადუღებული რძის თავის კოვზით მოხდა და გადაყლაპვა
  • როდესაც ღამით თოვს და სრულიად მართო მიაბიჯებს ლამპიონების ქვეშ.
  • ფილმის ცქერისას ნაცნობი მსახიობის დანახვა და მისი სხვა როლების გახსენება.
  •  როცა კინოთეატრში, პოპკორნის ჭამისას, თითებს მალულად ილოკავს.
  • როცა მეტროს ვაგონში ხალხს სახეებზე აკვირდება.
  • არეული ნივთების უფრო მეტად არევა და ქაოსის შექმნა.
  • ძილი, როცა გარეთ წვიმს და სიცივეა.
  • საბნის თავზე გადაფარება, ისე, რომ გარეთ მხოლოდ ცხვირი დარჩეს.
  • ცივი ცხვირის მაჯაზე დადება.
  • ავტობუსში ჯდომისას წინა სკამზე მუხლების ისე მიდება , რომ ორივე ფეხი ჰაერში ქანაობდეს.
  • სამგზავრო ბილეთისაგან თვითმფრინავის გაკეთება.
  • უაზრო სიტყვათშეთანხმებების მოფიქრება.
  • საოპერაციოდან გამოსვლის შემდეგ ჩაჩის მოხდა და თმის გასწორება.

    დიტოს არ უყვარს:

  • როცა ფირფიტაზე ნაკაწრს პოულობს.
  • როცა ხედავს, რომ ფირფიტებს უდიერად ექცევიან.
  • როცა მუსიკის მოსმენას აწყვეტინებენ.
  • როცა ფილმის შინაარს ვერ ხვდებიან და მასზე საშინელებებს საუბრობენ.
  • როცა წიგნის გვერდს კეცავენ ჩასანიშნად.
  • როცა სოციალურ ქსელში ნახულობს სტატუსს: “ძაან მაგარი დღე იყოოოოო”
  • როცა ვინმეს მის თვალწინ დასცინიან.
  • როცა მათხოვარს ან ფსიქიურად გაუწონასწორებელს ამცირებენ.
  • როცა თმაზე ეხებიან.
  • როცა მას უყურებენ და ჩურჩულებენ.
  • როცა ლაპარაკისას ხმოვნებს წელავენ.
  • “ჯეოსტარი”-ს და “ნიჭიერი”-ს “პრიკოლების” ყურება.
  • როცა “აღვნიშნე”-ს ნაცვლად ამბობენ “ავღნიშნე”.
  • როცა უხერხულ სიტუაციებს წააწყდება ხოლმე.
  • სველ ტანზე მაისურის ჩაცმა.
  • როცა ფრჩხილს რამეს წამოჰკრავს.
  • ხმა, რომელიც ისმის რკინაზე ხის ნაფოტის გასმისას, ჩანგლის- თეფშზე გასმისას.
  • როცა მისი თანდასწრებით ვინმეს ეპირფერებიან.
  • როცა ფილმის ყურებისას ტირის და ამ დროს მას უყურებენ.

ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო. გაგრძელება იქნება… (?)