Category Archives: არა-კატეგორიული პოსტები

#weekplay Vol.2

სტანდარტული

#weekplay Vol.1– მა მიმახვედრა, რომ მუსიკის შესახებ კითხვა დიდად არავის უყვარს და მართალიცაა. მუსიკას მოსმენა უფრო შეშვენის. ასე რომ უსიტყვოდ გაჰყევით კვირის განწყობას.

LG_OLED_TV

1. João Donato – Chorou, Chorou

2. João Gilberto and Stan Getz – É Preciso Perdoar

3.Causa Sui: Homage

4. Fleet Foxes – White Winter Hymnal

5. Father John Misty – I Love You Honeybear

6. Andrew Bird- Heretics

7. The Shins-New Slang

Bonus Tracks

8. Fleet Foxes – Mykonos

9. The Shins- Caring is Creepy

10. Fleet Foxes – He Doesn’t Know Why

სიყვარული და სიკვდილი

სტანდარტული

“სისხლი საცეკვაო მოედანზე”- ასე ჰქვია მის ერთ-ერთ სიმღერას. თვითონაც ასეთია, სისხლის ბოლო წვეთამდე იცლება ლაივზე და იგივეს აიძულებს მსმენელს. ახლა კი სიყვარულისა და სიკვდილის რაობაზე ჩაფიქრდა.

რომა ლიტვინოვი, იგივე Mujuice, საკმაო ხანია მუსიკას აკეთებს. საკმაოდ ხარისხიანსაც, სხვათაშორის. “ელექტრონული მუსიკის ვიქტორ ცოი”- ასეც უწოდებენ ხოლმე და მომწონს ამგვარი შედარება. თვითონ რამდენად სიამოვნებს ეს გრძელი მეტსახელი ძნელი სათქმელია.

მისეულ ჟღერადობაში არის თითქოს რაღაც ნაცნობი და ბავშვური, ისეთი განცდა გრჩება. ამას ალბათ უფრო ისინი გაიგებენ, ვისაც 80-იანები და 90-იანები გამოუვლიათ. რატომ არ ვიცი, მაგრამ ამგვარ ასოციაციებთან იკვეთება მისი მუსიკა ჩემს თავში.

სულ პირველად კი იყო SuperQueer. კარგი პოსტ-საბჭოთა გლიტჩი- ასეც შეიძლება ეწოდოს დებიუტს

დიდად ელექტრონულ მუსიკაში ვერ ვერკვევი, ამიტომაც აღნიშნული ალბომის არქიტექტურაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ათვლის წერტილი ეს იყო რომას შემოქმედებაში.

ცოტა უფრო მოგვიანებით კი საკუთარ სიმღერებში ხმის ამოღებაც გაბედა და კლიპის გადაღებაც სცადა. პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, ამიტომაც სიმღერისთვის ვიდეო თავად ააწყო

ხმის ამოღება კი კარგად გამოუცადა.

 

შესაძლოა, მოგვიანებით მიხვდა, რომ კარგად გამოსდის სიმღერა, ამიტომაც უმატა ტრეკებში საკუთარი ვოკალის წარმოჩენას.

2011 წელს კი გარდატეხა მოახდინა საკუთარ მუსიკაში ალბომით “Downshifting”, ხოლო სიმღერამ “Выздоравливай скорей!” აღიარება აპოვნინა

ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენა, რომ აღნიშნული ვიზუალიზაციით ის შეეცადა გაქცეოდა მოსაწყენ, ერთფეროვან, დეპრესიულ საბჭოთა არქიტექტურას, რაც მისი ბავშვობის თანამევი იყო. სწორად მაშინ შესადარეს მისი მუსიკა ცოის შემოქმედებას. ალბათ ერთგვარი მელანქოლიურობის გამო.

სიმართლე ითქვას, რომა ცოცხლად ვერც თუ ისე კარგად მღერის. ამიტომაც საკუთარ ლაივებზე მხოლოდ ჩუმადაა, მაგრამ რასაც აკეთებს- ეს გასაოცარია! სხვათაშორის, ის პირველი იყო, ვინც Boiler Room-ისთვის ლაივ სეტი ჩაწერა რუსეთიდან

თბილისსაც ესტუმრა 2015 წელს და ბოლომდე დაიხარჯა სცენაზე. თუკი გქონდათ ბედნიერება მოგესმინათ და მასთან ერთად გეცეკვათ, ალბათ დამეთანხმებით.

#tbilisiopenair2015 💕

A post shared by Mujuice (@romalitvinov) on

პარალელურად მეტად საინტერესო პროექტებზე მუშაობს ეპიზოდურად. 2015 წელს გუგლის რუსეთის ბიუროს პროექტში მიიღო მონაწილეობა და II მსოფლიო ომის დროინდელ ფრონტიდან გამოგზავნილ წერილს ახალი სიცოცხლე აჩუქა

მანამდე კი იყო ბროდსკი და მისი პოეზია. აღნიშნული ნამუშევრის კომენტირება მიჭირს- სიტყვებს ვერ ვპოულობ უბრალოდ.

2 კვირაში კი ახალ ალბომს, “Amore e Morte”  გამოუშვებს. ამბობენ, ერთგვარად “Downshifting”-ის გაგრძელება იქნებაო.

დაველოდოთ.

 

მკვდარი სურათი

სტანდარტული

გარდაცვლილ ადამიანებს ხშირად იხსენებენ, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია, იმიტომ რომ გასახსენებელი არც არაფერია. მითუფრო მაშინ, როდესაც ამბის გამხსენებელთა მეხსიერებას უკვე ასაკმა დაასვა დაღი, შედარებით ახალგაზრდებს კი უფროსებისგან მოყოლილი ახსოვთ მხოლოდ

მამაჩემს 3 დედმამიშვილი ჰყავს: 2 ძმა და ერთიც და. მათი მეოთხე დედმამიშვილის შესახებ ერთხელ წამოსცდა ბებიას მხოლოდ. ეს ეპიზოდიც ძალზე ბუნდოვნად მახსოვს. 1 შვილი მაკლიაო, ასე თქვა. მიზეზი არც უთქვამს მისი გარდაცვალების. ეგეც კი არა, მისი სახელის დამახსოვრებაც ვერ შევძელი. რატომღაც ავთანდილი დავარქვი წარმოდგენაში. ეს ეპიზოდური მოგონებაც სადღაც შორს დამელექა ტვინის ხვეულებში…

ძველი ალბომების თვალიერება მიყვარს რატომღაც. შავთეთრ სურათებს, დაკბილული კიდეებით და წარწერით: “ფოტო- ხაიმო”- განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ისტორიის ნაწილია, მითუფრო რომ მასზე აღბეჭდილი ადამიანები უკვე ცოცხლები აღარ არიან. თითქოს მათი ერთადერთი კავშირი სიცოცხლესთან და ადამიანთა მოგონებებთან მხოლოდ ეს ფურცლის ნაგლეჯებია.

დღეს დედაჩემმა გადმოიღო ბებიას ძველი ალბომი, რომელშიც ფაქიზ ხელს წლების წინ ჩაუკრავს სურათები. ერთგვარი ფოტო-თაიმლაინია, არეული თარიღებით და ქრონომეტრაჟით. ალბომში გაზეთში გახვეული სურათების შეკვრა ერთგარად განცელკევებულად იყო მოთავსებული. თითქოს უფრო მნიშვნელოვანი იყო მფლობელისათვის.

სურათების ამ შეკვრაში ბებიას ბავშვობა, მისი მშობლების და ძმის გამოსახულებები აღმოჩნდა და ერთი, უწარწერო სურათი, მოულოდნელად დაკარგული თითქოს.  ეს ამბავი კიდე შორეულ 1950-იანებში მომხდარა.

დიმიტრი და ნაზიკო 1952 წელს დაქორწინდნენ. ბაბუა მაშინ პარტიულ სკოლაში სწავლობდა, ბებია კიდე საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ბინად კიდე ხაზეიკა სონიასთან ყოფილან, რომელიც წლების განმავლობაში სწერდა ნაზიკოს ვრცელ-ვრცელ წერილებს. თავიდან ბავშვი არ ეძლეოდათ და ექიმთან მისულან შველისთვის. დასტაქარს უთქვამს: შვილი რომც გეყოლოთ, საეჭვოა შეინარჩუნოთო. ამის გამგონე წყვილი ბედის ანაბარა დარჩენილა, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ. 1954-ში ნაზიკო ორსულად შექმნილა. იმ დროისათვის დიმიტრი ჯერ კიდევ პარტიული სკოლის სტუდენტი ყოფილა, ორსული მეუღლე კი ცაგერს გამოუგზავნია. 1955 წელს დაბადებულა ვახტანგი.

შემდეგ რა და როგორ იყო, ეს ბუნდოვანებით არის მოცული. ზოგნი ამბობენ- გაცივდაო, ვირუსიო, ზოგიც- პნევმონიაო. სიმართლის გაგება კი ფრიად გაძნელებულია. დროც ისეთი ყოფილა- ბავშვის ავად გახდომა და მოკვდინება რომ არად უკვირდათ რა.

რაღა გავაგრძელო და 4-5 თვისა მომკვდარა ვახტანგი. ეს სურათიც მაშინ გადაუღიათ

Jpeg

იმ დროს კიდე სურათის გადაღება ფუფუნება ყოფილა. იშვიათ შემთხვევებში თუ “ჩაკარტოჩკდებონენ” მხოლოდ. აქაც გაურკვეველია, ცოცხალია თუ არა პატარა ვახტანგი. მაშინ მკვდარსაც უღებდნენ სამასხსოვროდ ფოტოსო, დედამ დასძინა.

ამ სურათის ხილვის შემდეგ ძველი საოჯახო არქივი ამოვქექე- ძველ საქაღალდეებსა და ჩემოდნებში ჩალაგებული ფურცლები. ერთ  პატარა შავ ყუთში, ზემოდან “ველოაპტეჩკა” რომ ეწერა, მივაკვლიე ვახტანგის დაბადების მოწმობასა და დაბადებიდან მალევე გადაღებულ ფოტოს, სამგლოვიარო შავ არშიაზე დამაგრებულს.

Jpeg

Jpeg

ამგვარად დაიტია პატარა სიცოცხლე ორმა ფოტოსურათმა

Strawberry Fields Forever

სტანდარტული

“სამსახური მაქვს, ფულიც მაქვს და თავისუფალი დრო აღარ მრჩება, რაც ყველაზე მთავარია”- პაბიდან გამოსული ძმაკაცი მეუბნებოდა გაჩერებისკენ გზად

საქმეც ამაშია. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება პასუხისმგებლობა, დატვირთვა სამსახურში და სულ უფრო იშვიათად ვახერხებ საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამოძებნას. სამწუხარო რეალობაა, ვერაფერს გავახერხებ. რამდენიმე წლის უკან დღე ისე არ გავიდოდა, 1 ფილმი მაინც რომ არ მენახა. ახლა უკვე სხვაგვარადაა ყველაფერი. სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს ენერგია აღარ მყოფნის ამისთვის. იტყვით, ფილმის ყურებას რაღა დიდი ენერგია და მონდომება სჭირდებაო. არ არის ასე. თუ ძვირადღირებულ ჰოლივუდურ ნაგავს გულისხმობთ, ეგ ფილმად არც მიმაჩნია. უფრო დროის გამყვანი კადრთა სწრაფი ცვლაა. ნამდვილი კინო კი ისაა, რომ გაიძულებს ბევრი იფიქრო ტიტრების შემდეგ. ეს კი დაღლილი გონებისთვის რთულია.

***

ცხოვრების ამგვარი დინებით ნელ-ნელა ჩამოვშორდი ხელოვნებას. კვირაში 1-2-ჯერ ვახერხებ კარგი ფილმის ნახვას. სამაგიეროდ, მეგობრებს ვნახულობ უფრო ხშირად. ნორმალური ადამიანური ურთიერთობის დეფიციტს ამგვარად ვაკომპენსირებ. უფრო ხშირად ვსვამ, მაგრამ ზომიერად (იშვიათად უზომოდაც, თუ მეორე დღეს სამსახურში წასვლა არ მიწევს) ასე განსაჯეთ, დაძინების წინ წიგნის კითხვასაც დავეჩვიე.

***

კულინარიას მივეძალე სანაცვლოდ. ჩემდა გასაკვირად საკმაოდ დიდ სიამოვნებას ვიღებ კერძების მომზადების პროცესისგან. ნერვები და ფიქრები მილაგდება თითქოს. მართალია, ეს ყოველივე ჩემს წონაზე არ აისახა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ ჯერ.

***

ვცდილობ რელიგიასა და პოლიტიკაზე უფრო ნაკლებად ვისაუბრო (უფრო ფიქრს ვამჯობინებ ამ საკითხში)

***

სამაგიეროდ სამედიცინო ეთიკასა და პრობლემატიკაზე ბევრს ვსაუბრობ მეგობრებთან. ზოგადად, მედიცინაზე უფრო სულ ხშირად ვმსჯელობთ. არამედიკოსი ადამიანისთვის ამგვარი საუბრების მოსმენა თითქმის აუტანელია. ერთხელ ხერგიანმა გაგვიჭედა, რა არ მოგწყიდათ ამ საავადმყოფოზე ლაპარაკი, რით ვეღარ მორჩითო (სხვანაიად იტყოდა ეგ, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ)

უახლოესმა ძმაკაცმა მითხრა ამგვარი “სამედიცინო” საუბრის დროს: “გავიზარდეთ შეჩემა! ვზივართ და რეალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გადაწყვეტის გზების ძიებაში ვართო”. ცამდე მართალი იყო იმ მომენტში

***

რამდენიმე წლის უკან ზურიუსმა მითხრა (“ელვისში” ვიყავით, კარგად მახოსვს) : “გავა დრო და ხელახლა უკან მოუბრუნდები მუსიკას, თითქოს თავიდან აღმოაჩინე და ეს იქნება ყველაზე სასიამოვნო განცდა”. სიტყვა-სიტყვით ამიხდა მისი ეს ნათქვამი. რამდენიმე დღის უკან “ბითლზის” მოსმენისას ძალზე სწრაფად ამიძგერდა გული  და ასე ახლობელ/შორეულ, უდარდელ წარსულ ფიქრებში გადავეშვი

***

წლევანდელ Open Air-ზე მკითხმა ერთმა: “შენ ხომ ბლოგერი ხარ?”

გამეცინა. ეგ უკვე მეც კი აღარ მახსოვდა

უფერული აწმყოთი ვცხოვრობ, ბევრს ვფიქრობ წარსულზე და მომავლის იმედს ვკარგავ ნელ-ნელა

"ზამთრის ძილი" ნური ბილგე ჯეილანი

“ზამთრის ძილი”
რეჟისორი: ნური ბილგე ჯეილანი

ნაგავი Vol.7

სტანდარტული

ნაგავი- ასე ვეძახი მოგონებათა კასკადს, ჩემ თავში რომ გაიარეს, არაფერი დატოვეს და უბრალოდ ადგილს იკავებენ. ესაა ერთგვარი სცენები, კადრები, რომლებიც მოულოდნელად წამოტივტივდებიან, როცა მათ ყველაზე ნაკლებად ველოდები.  დროდადრო ნაგავი უნდა გაიტანო, გადაყარო ან სულაც საზოგადოდ წამოაჩინო.

P.S. ქვემოთ გამოყენებული უცენზურო ლექსიკისთვის ბოდიშს გიხდით. შევეცადე მაქსიმალურად რეალისტურად გადმომეცა ყოველივე.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

მეოთხე ნაწილი

მეხუთე ნაწილი

მეექვსე ნაწილი

***

–როგორ ხარ?

–არამიშავს

–და ისე?

–უჰ, პიზძეც!

***

გადაპარსულ თავზე ხელი გადავისვი და საკუთარ იდიოტიზმზე გამეღიმა. „საღოლ! Now what?”- ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს.

***

გამაღიზიანებელი მიმიკით საუბრობდა სრულიად უწყინარ თემაზე. ზედა ტუჩის მარცხენა კუთხეს ზემოთ ისე სწევდა, თითქოს რაღაც აუტანლად საზიზღარზე აქვს მსჯელობაო. ვუყურებდი და არ ვაცნობიერებდი რაზე საუბრობდა. ერთადერთი სურვილი მქონდა, მისი სიფათი ჩაქუჩით გამებრტყელებინა.

***

მუსიკა ჩავრთე და სკამის საზურგეზე გადავწექი.  უხეში, ცივი ბგერები შემოვიდა სხეულში. „ალბათ ეს არის თვითმკვლელობის საუნდტრეკითქო“– უნებურად გავიფიქრე.

***

–რამდენი წლის წინ დაგისვეს ეგ დიაგნოზი?

–შვილი რომ მომიკვდა მალევე, შვილო…

–და შვილი როდის მოგიკვდათ?

–26 წლის ბიჭი მომიკლეს სოხუმში– თქვა საოცრად ცისფერთვალება ბებომ და ტირილი აუტყდა.

ექიმმა ინანა კითხვის დასმა. წამიერად დაეტყო სახეზე. მე კი გუნებაში გამიელვა: „ზედმეტი, არაფრისმომცემი ინფორმაციაა“

***

საკუთარ ოთახში მატრასზე დაგდებული კედელზე გაკრულ სურათის ქსერო–ასლს ვუყურებდი და შინაგან ტკივილზე ვფიქრობდი. მერე ავდექი, ხილის არაყი გავურიე ჩაის. არ მიშველა.

***

საძილე არტერიიდან ჭავლურად გაასხა ალისფერმა სისხლმა. ქირურგს არ ეცალა ხალათზე ლაქების საყურებლად. მე კი ვუცქერდი და ვფიქრობდი: „მის ადგილას ახლა შეიძლება მე ვმდგარიყავი“

***

–კაი ჰო! კაი! ნუ გადარიე კაცი! რას იტყვის, ეგენი ძაღლები ყოფილანო!– კატასტროფის ბრიგადის ახალგაზრდა ექიმი ეუბნებოდა მეორეს

–ჰაჰ, კაი რა! თქვენ თუ ძაღლები ხართ, მე ყასაბი ვარ! ასე რომ, ვინ ვის– გამეღიმა მე

მძღოლი კი ამ დროს რაღაც რუსულ შანსონს აღრიალებდა რადიოში და კლინისკენ მიიკვლევდა გზას საცობში

***

– „ოსტრი“ აიღე!– მუცლის ღრუდან თავაუწევლად მითხრა ქირურგმა

–„ზუბჩატიე კალიოსა!“– დაუფიქრებლად ვუთხარი საოპერაციო ექთანს და ხელი გავუწოდე

острый

острый